განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002255819
№1/242-2017
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ჩაჩიბაია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნ----- პ---------,ბრალდებული: ზ------- გ-----–---,მამის სახელი: მ-----–ი,დაბადებული: 2-.0-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–--ი,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლეობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ხობი, სოფ. პ------–- მ---- მე-12 ქუჩა, N81.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის პ------–- მ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა ზ------ გ-----–---მ, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, თავის დას ი----- გ-----–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, დაახლოებით 18:30 საათზე, ზ------ გ-----–---მ, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი----- გ-----–---ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ზ------ გ-----–---მ ი----- გ-----–---ს რამდეჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა და დაამცირა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ზ------ გ-----–---ს ბრალდებულის სახით დაკავებამდე, 2017 წლის 10 დეკემბრის 17:25 საათამდე.
1.2. 2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის პ------–- მ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა ზ------ გ-----–---მ, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში თავის დას ი----- გ-----–---ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ი----- გ-----–---მ დასახმარებლად უხმო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებიც დაახლოებით 17:10 საათზე გამოცხადდნენ ხობის მუნიციპალიტეტის პ------–- მ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზ------ გ-----–---ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც პოლიციის მუშაკების გამოცხადების გამო განაწყენებულმა ზ------- გ-----–---მ, კვლავ დარტყა ერთხელ ხელი სახის არეში ი----- გ-----–---ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ბრალდებულმა ზ------ გ-----–---მ, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით. ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ გ-----–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ი----- გ-----–---ს, რ----–--ი გ-----–--ს, გ---- ჯ----------ს, გ--------ი გ-----–---ს გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ------ გ-----–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
ამდენად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ზ------ გ-----–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატიურ შეურაცხყოფაში რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ზ------ გ-----–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ გ-----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ზ------ გ-----–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, ამ ქმედების მონანიებას, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (აქვს შეულახავი წარსული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას, მის ხანდაზმულ ასაკს, 63 წლისაა.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების, მათ შორის ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ------ გ-----–---ს მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ზ------- გ-----–---ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------- გ-----–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ------ გ-----–---ს საბოლოო მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ზ------ გ-----–---ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი.
4. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, მსჯავრდებულ ზ------ გ-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, 2017 წლის 10 დეკემბრის 17:25 საათიდან, 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით, 43 (ორმოცდასამი) დღე.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ------ გ-----–---ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. მსჯავრდებულ ზ------ გ-----–---ს ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
7. ზ------ გ-----–---ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2018 წლის 20 თებერვლიდან.
8. ზ------ გ-----–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით ზ------ გ-----–---ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც საქმის გამომძიებელთან აქვს მიბარებული.
9. საქმეზე დართული სისხლის მაგვარი ლაქა, რომელიც ინახება შსს ხობის რაიონულს სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
10. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე