გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210015001202589
# 2-4329/2015
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივლისი, 2017 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - შპს ,,ლ-----”
წარმომადგენელი - ირ---–------------ე
მოპასუხე - შპს ,,l-------"
წარმომადგენელი - ამ------–-–--–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,L-------''-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს არსებული დავალიანების 100 723.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 52 584.20 ლარი, პირგასამტეხლო - 48 139.7 ლარი
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- 2013 წლის 18 მარტს შპს ,,ლ-----''-სა და შპს ,,L-------''-ის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლ-----'' იღებდა ვალდებულებას მიეწოდებინა სასაქონლო ბეტონი B-25 (M330), მოპასუხეს კი თავის მხრივ უნდა მიეღო მოთხოვნილი საქონელი და გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება ყოველი 750 მ3-ს მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2% ოდენობით. საქონლის მიწოდება დაიწყო 2013 წლის 20 მარტიდან და ხორციელდებოდა 2013 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
- შპს ,,ლ-----'' 2013 წლის 20 მარტიდან 2013 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით ახორციელებდა მოთხოვნილი საქონლის მიწოდებას მოპასუხის სახელზე.
- 2013 წლის 18 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით მყიდველის დავალიანება შეადგენს 52 584.20 ლარს, ასევე მისი გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობაა 48 139.7 ლარი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხულ პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- შპს ,,ლ-----''-ს მიერ მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები დავალიანების არსებობისა და მისი დაფარვის შესახებ. მიუხედავად ამისა, დავალიანება დღემდე დაფარული არ არის.
(იხ. სარჩელი, შუამდგომლობა/განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შესაგებლებით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს:
- მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს იქედან გამომდინარე, რომ თუ არ არის ძირითადი მოთხოვნა, ვერ იარსებებს დამატებითი - პირგასამტეხლოს მოთხოვნაც. ასევე სადავოს ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიუთითებს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის სწორად გაანგარიშებული. კერძოდ, 2013 წლის 18 მარტის ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრება მხარეთა პასუხისმგებლობა, ამავე მუხლის 7.2 პუნქტის თანხმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.3. და 2.3.1 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შემსყიდველი ვალდებული იქნება გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლო 0,2% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხიდან, რაც აშკარად მაღალი და შეუსაბამო პროცენტია განსაზღვრული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს მხოლოდ დაზარალებული მხარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, თუკი არ იარსებებს ასეთი წერილობითი მოთხოვნა, მოიაზრება რომ ზიანი არ დამდგარა. დასახელებული ხელშკრულების მუხლის შინაარსის თანახმად, რომელიც შეთანხმებული იყო მხარეთა მიერ, მოსარჩელე მხარეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აღარ აქვს, ვინაიდან მან მხოლოდ 2015 წლის 05 სექტემბერს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მოპასუხე მხარეს არსებული დავალიანების შესახებ, მაშინ როდესაც, როგორც მოსარჩელე ამტკიცებს, მოპასუხე 2013 წლის აგვისტოს თვითან არ იხდის დავალიანებას. ამდენად დასახელებული მუხლის თანახმად, მოსარჩელე კარგავს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რადგან ფაქტიურად, მოსარჩელე მხარეს წერილობითი მოთხოვნა არ განუხორციელებია მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაღაურების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა საქმეში არსებული 2015 წლის 05 სექტემბერის წერილობითი შეტყობინებით არ დგინდება პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ამიტომ მოთხოვნა აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ არ ზუსტდება პირგასამტეხლოს მოთხოვნის პერიოდი, ასევე მისი ოდენობა აშკარად უსამართლოა. მოსარჩელემ ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლამდე ბოლო დღეს აღძრა სარჩელი, რითაც დააგროვა პირგასამტეხლოს ოდენობა.
- მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნა.
(იხ. შესაგებლები, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 18 მარტს მხარეებს შორის დაიდო საქონლის (ბეტონის) ნასყიდობის ხელშეკრულება. საქონლის მიწოდება დაიწყო 2013 წლის 20 მარტიდან და ხორციელდებოდა 2013 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები;
3.1.2. 2015 წლის 05 სექტემბერს მოსარჩელემ გაუგზავნა ბოლო წერილობითი შეტყობინება მოპასუხე მხარეს არსებული დავალიანების შესახებ, წერილი ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 07 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ შპს „ლ-----“ წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაციას. შპს „ლ-----ს“ და შპს ”L-------”-ს შორის 2013 წლის 18 მარტს დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდა მოსარჩელისაგან შეეძინა პროდუქცია შემდგომი გადახდის პირობით. „შემსყიდველი“ ვალდებულია საქონლის ყოველი 750 მ3-ს მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სრულად უნდა გადაეხდა საქონლის ღირებულება, ასევე მიუხედავად იმისა, თუ ფაქტიურად რა რაოდენობის საქონელს მიაწვდიდა მოსარჩელე, მოპასუხე ვალდებული იყო საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელებინა 2013 წლის 31 აგვისტომდე. ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაერიცხებოდა საურავი (პირგასამტეხლო) 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები;
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე შპს ”L-------”-ის მართლაც მიაწოდა საქონელი. მოპასუხე შპს ”L-------” ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი ანუ სრული ანგარიშსწორება განეხორციელებინა 2013 წლის 31 აგვისტომდე. თუმცა დადგენილია, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური და სარჩელის აღძვრის დროისათვის, ანუ 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხე შპს ”L-------”-ის ძირითადი დავალიანება შედგენდა 52 584. 20 ლარს.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის მართებულობა და გონივრულობა - წამოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ლ-----''-ს სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე შპს ,,l-------"-ს მოსარჩელე შპს ,,ლ-----"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი დავალიანების - 52 584.20 ლარის და პირგასამტეხლოს - 9 627.94 ლარის, ჯამში 62 212.14 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით 38 511.76 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებმა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად, საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს ქონება, მაგრამ მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე შპს ”L-------“-ის მიერ არ გადახდილა ნასყიდობის საფასური და სარჩელის აღძვრის დროისათვის, ანუ 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხე შპს ”L-------”-ის ძირითადი დავალიანება შედგენდა 52 584. 20 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ”L-------“ მიმართ 52 584. 20 ლარის ოდენობით ძირი დავალიანების დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.
მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადა ნასყიდობის თანხა შეთანხმებულ ვადაში. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს მხარეთა მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. კერძოდ, ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაერიცხებოდა საურავი (პირგასამტეხლო) 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე შპს ”L-------“-ის წერილობით ბოლოს მიმართა და ჩაბარდა წერილი 2015 წლის 09 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად მას პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება წარმოეშობოდა მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, ამიტომ არ არსებობს მანამდე პერიოდისათვის მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს სახით მყიდველის დავალიანება შეადგენს 48 139.7 ლარს, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხულ პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს თითოეულ გადაცილებულ დღეზე 0,2%-ს. მოსარჩელე მოითხოვს 48 139. 7 ლარის გადახდას.
როგორც უკვე აღინიშნა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს შეუსაბამო თანხას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ,,სუსტი" მხარე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 01 სექტემბრიდან, სარჩელი კი აღძრა 2015 წლის 28 დეკემბერს, ანუ 2 წლისა და დაახლოებით 3 თვის შემდეგ, პირდაპირ მიუთიტებს უფლების ბოროტად გამოყენებაზე.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისა და მისი დაკისრების დროს სასამართლო მხედველობაში ღებულობს შემდეგ გარემოებას - მოპასუხეს არ აქვს გადახდილი თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 5-ჯერ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 9 627.94 ლარის გადახდა.
6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე შპს ,,ლ-----’’-ს სასარგებლოდ შპს ,,L-------’’-ს უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის კერძოდ: ძირითადი დავალიანების 52584,20 ლარისა და პირგასამტეხლოს 9627,94 ლარის, ჯამში 62212,14 ლარის გადახდა.
6.4. რაც შეეხება მოპასუხე მხარის წარმომადგენელის მითითებას, რომ მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლო განმარატვს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან სარჩელში საკუთარი მოთხოვნის მითითება, ამავე კოდექსის 83-ე მუხლი კი, ადგენს მხარეთა საპროცესო უფლებების ჩამონათვალს და ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად, მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 08 აპრილის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2016 წლის 24 ივნისს, მოსარჩელემ კი მოთხოვნა გაზარდა 2016 წლის 25 მაისს და მისთვის უცნობი იყო, რომ დანიშნული იყო სასამართლოს მთავარი სხდომა. ამდენად, მას მოთხოვნის გაზრდა არ უნდა ჩაეთვალოს, როგორც მტავარ სხდომაზე მოთხოვნის გაზრდად, რათა ამას მოპასუხის თანხმობა დასჭირდეს.
8. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ და მოთხოვნის გაზრდის დროს გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1862,55 და 1199,17 ლარის ოდენობით. საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყდეს მხარეთა მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის გადაწყვეტილების შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციით. კერძოდ: მოპასუხე შპს ,,l-------"-ს მოსარჩელე შპს ,,ლ-----"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1986,36 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟი 1175,36 ლარის ოდენობით მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ლ-----“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „L-------” -ის (ს/კ 4--------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-ს ქუჩა, #--ა / ქ. ბათუმი, ტ---–-----------ის ქუჩა, #--ა, ს--------–----, ბინა #---, ა ბლოკი, ს/კ 05.24.08.111.01.2---
იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლო არ აუქმებს 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე შპს ,,ლ-----ს” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ,,l-------"-ს მოსარჩელე შპს ,,ლ-----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების - 52 584.20 ლარის და პირგასამტეხლოს - 9 627.94 ლარის, ჯამში 62 212.14 ლარის გადახდა.
3. შპს ,,ლ-----ს" სარჩელზე პირგასამტეხლოს სახით 38 511.76 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.
4. მოპასუხე შპს ,,l-------"-ს მოსარჩელე შპს ,,ლ-----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1986,36 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟი 1175,36 ლარის ოდენობით მოსარჩელეს ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. სარჩელზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 აპრილის განჩინებით (საქმე #126-უზრ/2016) გამოყენებული უზრუნევლყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში უცვლელად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე