გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210117002217822
№2------017წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი 2018 წელი ქ. ზეტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე
მოსარჩელე - ლ------ ს---–--ე;
წარმომადგენელი -კ--- შ------–-ძე;
მოპასუხე - ნ-------- კ------ე, ი--- კ------ე;
წარმომადგენელი_ ე----- ტ--–---ძე;
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
ნ-------- კ------ესა და ი--- კ------ეს თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილების _ 2----–-–----------- დაბადებული ნ-------- კ------ისა და 2----–-–--------------- დაბადებული თ------ კ------ის რჩენა-აღზრდისათვის სოლიდარულად დაეკისროთ ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 15 დეკემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე.
სარჩელის გარემოებები: მოპასუხეები არიან მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების მამის მშობლები. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვების მამას- რ---- კ------ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის თანხის გადახდა 150-150 ლარის ოდენობით. რ---- კ------ე შეგნებულად თავს არიდებს შვილებისათვის ალიმენტის გადახდას, მთელი თავისი ქონება სხვის სახელზე გადააფორმა და შეგნებულად მალავს შემოსავლებს. ფაქტობრივად მამისაგან ვერ ხდება ალიმენტის თანხის მიღება, ხოლო მარტო დედას უჭირს შვილების შენახვა. ამასთან, უფროსი შვილი ავად არის, სჭირდება ოპერაციები და მკურნალობა, მამა კი შვილს არ ეხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მამისგან ვერ ხდება ალიმენტის თანხის მიღება, ბებია- პაპა ვალდებულია შვილიშვილებს გადაუხადოს ალიმენტის თანხა. ბებია-პაპას აქვთ საკმარისი შემოსავლები, ისინი დასაქმებულები არიან, პაპა მუშაობს შპს ,,ჯ-------------------ში’’, ხოლო ბებია სავაჭრო საქმიანობითაა დაკავებული და სრული შესაძლებლობა აქვთ შვილიშვილებს გადაუხადონ ალიმენტი, ხოლო ამ სარჩელის აღძვრიდან მამის მიმართ საალიმენტო მოთხოვნაზე უარს აცხადებს.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი იმისა, რომ შვილიშვილებს გადაუხადონ ალიმენტი. ბავშვებს ჰყავთ შრომისუნარიანი მშობლები და სწორედ მათ უნდა არჩინონ შვილები. ბავშვების მამას დაკისრებული აქვს კიდეც ალიმენტი, ეს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და მის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და საქმე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია. გარდა ამისა, მათ საკმარისი შემოსავლებიც არ აქვთ, ვინაიდან ნ-------- კ------ე დაავადებულია მძიმე დაავადებით და მკურნალობისათვის სერიოზული თანხები ეხარჯება, რის გამოც ოჯახს აღებული აქვს ვალები სხვადასხვა ბანკებიდან, ხოლო ი--- კ------ე უმუშევარია და არავითარი შემოსავალი არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. 2----–-–----------- დაბადებული ნ-------- კ------ე და 2----–-–--------------- დაბადებული თ------ კ------ე არიან ნ-------- კ------ისა და ი--- კ------ის შვილიშვილები, კერძოდ, მათი შვილის რ---- კ------ის შვილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ბავშვების დაბადების მოწმობები.
3.1.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით რ---- კ------ეს არასრუწლოვანი შვილების -2----–-–----------- დაბადებული ნ-------- კ------ისა და 2----–-–--------------- დაბადებული თ------ კ------ის სასარგებლოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------- განჩინებით დაკისრებული ალიმენტი 100 ლარი გაეზარდა 50 ლარით და მისი ოდენობა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან -2013 წლის 16 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, 2----–-–------------------- გადაწყვეტილება.
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. რ---- კ------ეს შვილებისათვის ალიმენტის თანხა 2016 წლის იანვრიდან აღარ გადაუხდია. ამჟამად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და რ---- კ------ის დავალიანება საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე შეადგენს 4 815 ლარს ( საიდანაც 4500 ლარი წარმოადგენს ალიმენტის თანხას, ხოლო 315 ლარი არის აღსრულების საფასური). აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო ბიურო იძიებს მოვალე რ---- კ------ის ქონებებსა და შემოსავლებს. 2017 წლის 26 სექტემბერს მოვალის მისამართზე დაყადაღდა მოძრავი ქონება, ქონების რეალიზაცია შეჩერებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ს განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------------- წერილი.
3.2.2. თავად მოსარჩელე ლ------ ს---–--ეს რ---- კ------ის მიმართ აქვს საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანება და ის შეადგენს 1081.50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა- განმარტებებს, აღსრულების ეროვნული ბიუროში განცხადების მიღების ბარათს.
3.2.3. ლ------ ს---–--ე არის შრომისუნარიანი და 2018 წლის 3 იანვრიდან მუშაობს ქ.ზესტაფონში, ფ----------------------ში მდებარე მაღაზიაში გამყიდვლად და მისი ხელფასი თვეში შეადგენს 100 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა- განმარტება, 2----–-–---------------–-- ცნობა, 2----–-–------------- შრომითი ხელშეკრულება.
3.2.4. რ---- კ------ე არის შრომისუნარიანი და 2017 წლის 1 დეკემბრიდან მუშაობს შპს ,,პ-----------–ში’’ მცხობელად და მისი ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 80 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა- განმარტება, 2----–-–----------------------- ბრძანება, 2----–-–--------------–--------- ცნობა, შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------------------------------------- წერილი.
3.2.5. ნ-------- კ------ე მუშაობს შპს ,,ჯ-------------------ში’’, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ--------------------–----------------- ელ -მონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–--------------–------- ცნობას.
3.2.6. ი--- კ------ეს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რაიმე შემოსავალი არ მიუღია. ასევე, მის მიერ წარდგენილი დეკლარაციებით მას 2015 წელს და 2016 წელს შემოსავალი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის ცნობას და 31 იანვრის N-------------------------- წერილს.
3.2.7. ნ-------- კ------ე ონკოლოგიური ავადმყოფია, დაავადებულია სისხლის სისტემური დაავადებით -ს----–----------------–------- და იმყოფება ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხის ახსნა- განმარტება, ონკოლოგური ცენტის 2----–-–---------------------- ცნობა.
3.2.8. მკურნალობის გამო ნ-------- კ------ემ 2017 წლის 25 ნოემბერს სს ,,თ-------------გან’’ აიღო სესხი 8600 ლარის ოდენობით, რისი გადახდის მიზნითაც 2017 წლის 18 დეკემბერს ხელფასიდან დაფარა 275 ლარი, ხოლო 2017 წლის 20 დეკემბერს 215 ლარი და 85 თეთრი, ჯამში 490 ლარი და 85 თეთრი. 2018 წლის 5 იანვრისათვის მისი ჯამური დავალიანება შეადგენდა 8285 ლარს 36 თეთრს, რისი დაფარვის მიზნით 2018 წლის 20 იანვარს ანაგარიშზე შეიტანა 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ნ-------- კ------ის ანგარიშიდან, დავალიანების ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. ს---–--ის სარჩელი არ უნდა დაკმყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 354-ემუხლები ; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1225-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
დადგენილია, რომ 2----–-–----------- დაბადებული ნ-------- კ------ე და 2----–-–--------------- დაბადებული თ------ კ------ე არიან ნ-------- კ------ისა და ი--- კ------ის შვილიშვილები, კერძოდ, მათი შვილის რ---- კ------ის შვილები.
დადგენილია, რომ ლ. ს---–--ემ იმ მოტივით, რომ მის შვილებს მათი მამა არ უხდის ალიმენტს და თავად არ აქვს საკმაო სახსრები ბავშვების სარჩენად, სარჩელი აღძრა ბებია- პაპის მიმართ, კერძოდ, მხოლოდ ბავშვების მამის მშობლების - ნ. კ------ისა და ი. კ------ის მიმართ. ასეთი მოთხოვნა დედის მხრიდან ბებია- პაპის მიმართ მოსარჩელეს არ წარუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთაღნიშნული მუხლის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი შვილიშვილისათვის ალიმენტის დაკისრება თუ მას არ შეუძლიათ სარჩო მიიღოს საკუთარი მშობლებისაგან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პაპასა და ბებიას მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროთ ალიმენტი, თუ შვილიშვილს მშობლები არ ჰყავს ან ისინი შრომისუუნარონი არიან და არ აქვთ შემოსავალი ( იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის N2/ბ-1074-2013 განჩინება). ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები პაპისა და ბებიის საკმაო სახსრების შესახებ.
დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- გადაწყვეტილებით რ---- კ------ეს არასრუწლოვანი შვილების -2----–-–----------- დაბადებული ნ-------- კ------ისა და 2----–-–--------------- დაბადებული თ------ კ------ის სასარგებლოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------- განჩინებით დაკისრებული ალიმენტი 100 ლარი გაეზარდა 50 ლარით და მისი ოდენობა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან -2013 წლის 16 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ რ---- კ------ეს შვილებისათვის ალიმენტის თანხა 2016 წლის იანვრიდან აღარ გადაუხდია. ამჟამად მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და რ---- კ------ის დავალიანება საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე შეადგენს 4 815 ლარს ( საიდანაც 4500 ლარი წარმოადგენს ალიმენტის თანხას, ხოლო 315 ლარი არის აღსრულების საფასური). აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო ბიურო იძიებს მოვალე რ---- კ------ის ქონებებსა და შემოსავლებს. 2017 წლის 26 სექტემბერს მოვალის მისამართზე დაყადაღდა მოძრავი ქონება, ქონების რეალიზაცია შეჩერებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ს განჩინებით.
დადგენილია, რომ თავად მოსარჩელე ლ------ ს---–--ესაც რ---- კ------ის მიმართ აქვს საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანება და ის შეადგენს 1070 ლარს.
დადგენილია ასევე, რომ ბავშვების მშობლები რ---- კ------ე და ლ------ ს---–--ე შრომისუნარიანები არიან. ლ------ ს---–--ე 2018 წლის 3 იანვრიდან მუშაობს ქ.ზესტაფონში, ფ----------------------ში მდებარე მაღაზიაში გამყიდვლად და მისი ხელფასი თვეში შეადგენს 100 ლარს, ხოლო რ---- კ------ე 2017 წლის 1 დეკემბრიდან მუშაობს შპს ,,პ-----------–ში’’ მცხობელად და მისი ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 80 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტი უკვე დაკისრებული აქვს მამას, გარკვეულ დრომდე კიდეც უხდიდა მათ ამ თანხებს. ამჟამად კი მამის რ---- კ------ის საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და სააღსრულებო ბიურო იძიებს მოვალე რ---- კ------ის ქონებებსა და შემოსავლებს. ასევე, დადგენილია, რომ ბავშვების ორივე მშობელი შრომისუნარიანი, ჯანმრთელი ადამიანია და მიუხედავად მათი მცირე შემოსავლებისა ისინი მაინც დასაქმებულები არიან და ნათელია, რომ შესწევთ უნარი შრომისა და ანაზღაურების გამომუშავებისა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვების მშობლებმა, კონკრეტულად მამამ, როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელმა, შრომისუნარიანმა ახალგაზრდა ადამიანმა, უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ასეთი კი მისთვის სავსებით ხელმისაწვდომია და ობიექტურადაც შესაძლებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ბავშვებს სარჩოს მიღება მშობლებისგან არ შეუძლიათ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლების შესაბამისად სწორედ მშობლები არიან ვალდებული არჩინონ არასრუწლოვანი შვილები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პაპისა და ბებიის მიმართ ალიმენტის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
6.2. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 1225-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს ის გარემოება, რომ პაპასა და ბებიას გააჩნიათ საკმაო სახსრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება შვილიშვილებისათვის ალიმენტის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლით _ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის დანაწესით, მოცემულ საქმეზე სასამართლომაც თავისი ინიციატივითაც გამოითხოვა მტკიცებულებები.
საქმის განხილვისას, მოპასუხეთა შემოსავლებთან დაკავშირებით მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მხოლოდ ნ-------- კ------ე მუშაობს შპს ,,ჯ-------------------ში’’, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ--------------------–----------------- ელ -მონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს, ხოლო ი--- კ------ეს რაიმე შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხეთა სხვა შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულები საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა. ასევე, დადგინდა, რომ ნ-------- კ------ე ონკოლოგიური ავადმყოფია, დაავადებულია სისხლის სისტემური დაავადებით -ს----–----------------–------- და იმყოფება ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე, რისთვისაც ნ. კ------ემ 2017 წლის 25 ნოემბერს სს ,,----------------ნ ‘’აიღო სესხი და რომლის დასაფარად სახელფასო ანგარიშიდან ყოვეთვიურად უკავდება გარკვეული თანხები, კერძოდ, დეკემბრის თვეში დაუკავდა 490.85 ლარი, ხოლო 2018 წლის იანვარში ნ. კ------ემ სესხის დასაფარად შეიტანა 500 ლარი.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მოყვანილი გარემოება, რომ მოპასუხეებს საკმაო სახსრები და შემოსავლები გააჩნიათ, რაც პაპასა და ბებიასთვის ალიმენტის დაკისრების ერთ-ერთი პირობაა.
7. პროცესის ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო მოპასუხის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხიდან მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 144 ლარის (დავის საგნის 4%-ის) ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ------ ს---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ლ------ ს---–--ეს (პ/ნ 1----------) მოპასუხეების ნ-------- კ------ისა და ი--- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატისათვის გადახდილი თანხიდან 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე