გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017001683573 (2-29/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი. 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - (მოპასუხე მეორე სარჩელით) შპს ,,ა-–---ფ”
წარმომადგენელი - ან-----------–--ე. და----------------ძე
მოპასუხე - (მოსარჩელე მეორე სარჩელით) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ამჟამად მერია)
წარმომადგენელი ავ--------–---------ძე, ჯი-–-------–-ძე
დავის საგანი შპს ,,ა-–---ფ“-ის სარჩელით: თანხის დაკისრება
დავის საგანი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელით: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ა-–---ფ“-ის სარჩელით:
1.1.1. მოპასუხე სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული შუახევის მუნიციპალიტს“ მოსარჩელე შპს ,,ა-–---ფ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 5439.84 ლარის გადახდა.
1.1.2. მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების გადახდა.
1.2.სასარჩელო მოთხოვნა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელით:
1.2.1.შპს ,,ა-–---ფს“ დაეკისროს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 15 აპრილიდან შუახევის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა-–---ფს“ შორის 2015 წლის 10 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით (ერთ დღეში 47,43 ლარი) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე
მოსარჩელე შპს ,,ა-–---ფ“-ი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე :
2016 წლის 08 აგვისტოს სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტისა“ და შპს ,,ა-–---ფ“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---ფ“-მა იკისრა ვალდებულება დაბა შუახევში გ-----------–-- უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5439,84 ლარი. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდი. ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლის თანახმად შესრულებული სამუშაოებისთვის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე. ასევე საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 2016 წლის 06 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,ა-–---ფ“-მა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეასრულა 100%-ით და შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5439,84 ლარი ამავე მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველმა ჩაიბარა შპს ,,ა-–---ფი“-ს მიერ შესრულებული სამუშაო და მას პრეტენზია არ გამოუთქვამს მის მიმართ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შპს ,,ა-–---ფ“-მა ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველს 2016 წლის 08 სექტემბერს გაუგზავნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მოითხოვა შემსყიდველისაგან ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის ანაზღაურება. შუახევის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ სრულდება დღემდე და ის ნებაყოფლობით არ იხდის თანხას მიუხედავად მრავალგზის სიტყვიერი და წერილობითი მოთხოვნისა გამომდინარე აქედან გვაქვს ვარაუდი იმისა, რომ შემსყიდველი ნებაყოფლობით არ აპირებს მომავალშიც თანხის ანაზღაურებას, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრისა.
მოსარჩელე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე :
2015 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ა-–---ფთან“ დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1, ხელშეკრულება რომლითაც გათვალიწინებული იყო დაბა შუახევში გ-----------–-- უბანში წყალსადენი სისტემის მშენებლობა ღირებულებით 94860 ლარი. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 1 აპრილამდე. 2016 წლის 3 მარტის შეთანხმებით (თან ერთვის) გამგეობამ გაითვალისწინა შემსრულებლის თხოვნა და სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელა 2016 წლის 15 აპრილამდე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების მოცულობა რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. შემსრულებელმა 2016 წლის 4 მაისს წარმოადგინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნა N00239971, გაცემული 2016 წლის 24 აპრილს, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელშეკრულების ღირებულებაზე ნაკლები იყო 572,12 ლარით რადგანაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 94860 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად შპს ,,ა-–---ფის“ მიერ შესრულებული იყო 94287,88 ლარის ღირებულების სამუშაოები. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებამდე შემსყიდველი უფლება მოსილია შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს მიღება-ჩაბარება, ხოლო 5.5 პუნქტის თანახმად თუ საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მოცულობა და რაოდენობა არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ან ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა შესრულებული სამუშაოები შეაფასა წუნით, მაშინ სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად წუნდების აღმოფხვრამდე და შესაბამისად არ მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. აღნიშნულის გამო ხელშეკრულების 5.5 პუნქტიდან გამომდინარე სამუშაოები არ ჩაითვალა დასრულებულად 9.1 პუნქტის შესაბამისად კი დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 7588,8 ლარის ოდენობით, რომელიც მას გაექვითა სხვა, ასევე 2016 წლის 8 აგვისტოს მასთან დადებული N184 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მისი დაკისრების დღისათვის, მაგრამ ვინაიდან მიუხედავად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი შეტყობინებებისა შემსრულებლის მიერ ნაკლი დღემდე არ აღმოფხვრილა, მისი დაკისრება უნდა მოხდეს აღმოფხვრის დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%- ის ოდენობით, ერთი დღისათვის შეადგენს 47,43 ლარს 17.03.2017 წლის მდგომარეობით კი არის 15936,5 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მიცემული განმარტებებით შპს ,,ა-–---ფ“-ის სარჩელის მოთხოვნას არ ცნობენ და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე :
2015 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელესთან დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1 ხელშეკრულება რომლითაც გათვალიწინებული იყო დაბა შუახევში გ-----------–-- უბანში წყალსადენი სისტემის მშენებლობა ღირებულებით 94860 ლარი. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების მოცულობა უნდა დადასტურებულიყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ, რომლის 2016 წლის 26 აპრილის N5002222616 დასკვნით შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელშეკრულების ღირებულებაზე ნაკლები იყო 572,12 ლარით. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულების 5.5 პუნქტიდან გამომდინარე სამუშაოები არ ჩაითვალა დასრულებულად და 9.1 პუნქტის შესაბამისად კი დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 7588,8 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელემ არ გადაიხადა დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე წარმოადგენდა მის ვალდებულებას, გამგეობამ N184 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გაუქვითა და ჩაუთვალა პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდად. აღნიშნული ქმედების განხორციელებისას გამგეობა ხელმძღვანელობდა N347-1 ხელშეკრულებით, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეთა შეთანხმებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ასევე 417-ე და 418-ე მუხლებით.
2.1. მოპასუხე შპს ,,ა-–---ფ“-ის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელის მოთხოვნას. წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
შპს ა-–---ფის მიერ სრულად იქნა შესრულებული 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. გ-----------–-- უბანში წყალსადენი სისტემის მშენებლობა შპს ,,ა-–---ფმა“ განახორციელა შეთანხმებული პირობებით. წყალსადენის გამართული მუშაობა შემოწმებული და მოწონებული გამგეობის იქნა კომისიის მიერ. აღნიშნული დასტურდება სარჩელში აღნიშნული სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 26 აპრილის N5002222616 დასკვნითაც. აღნიშნულ დასკვნაში მითითებული იყო რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელშეკრულების ღირებულებაზე ნაკლები იყო 572,12 ლარით. შემსყიდველს ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე მირება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შეეძლო უკან მოეთხოვა სხვაობის ოდენობის თანხა 572,12 ლარი. სხვა მხრივ ის ვალდებული იყო ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები და მის მიერ სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობა არის უკანონო. შპს ა-–---ფის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემსყიდველის ასეთი მოქმედება გამომდინარეობს გამგეობის წარმომადგენელთა კერძო, არასწორი ინტერესებიდან მათი მოთხოვნა უკანონოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ა-–---ფ“-სა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1, ხელშეკრულება რომლითაც გათვალიწინებული იყო დაბა შუახევში გ-----------–-- უბანში წყალსადენი სისტემის მშენებლობა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 94860 ლარს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 1 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულება.
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.2. 2016 წლის 31 მარტს შპს ,,ა-–---ფ“-სა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა შეთანხმება N1, რომლითაც სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 15 დღით, 2016 წლის 15 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 31 მარტის შეთანხმება
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.3. 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად შესრულებული სამუშაოების მოცულობა რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. 4.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაკლები იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებული იქნება მიღება ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში უკან დააბრუნოს სხვაობის ოდენობის თანხა შემსყიდველის მიერ გადაცემულ ანგარიშზე ჩარიცხვით. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს 6.2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5% -ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულება.
3.1.4. 2016 წლის 12 აპრილს შპს ,,ა-–---ფ“-მა მიმართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დაედგინა 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულები. 2016 წლის 24 აპრილს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა N00239971-ს მიხედვით წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტების გათვალსწინებით, ხილული სამუშაოების მოცულობების აზომვის შედეგად დადგენილ მოცულობათა და წარმოდგენილ ფორმა N2-ებსა და წარმოდგენილ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში -გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებთან შედარების საფუძველზე მიღებული შედეგებით- დაბა შუახევში, გ-----------–-- უბანში ახალი წყალსადენის სისტემის მოწყობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94287,88 ლარი, რაც წარმოდგენილ ფორმა N2-ზე 94860.0 ლარის ღირებულებაზე 572,12 ლარით ნაკლებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 24 აპრილის N00239971 ექსპერტიზის დასკვნა.
3.1.5. შემსყიდეველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ანაზღაურებული იქნა სრულად, ამასთანავე შემსყიდველმა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესრულებული სამუშაოები არ ჩათვალა დასრულებულად, შესაბამისად არ მოხდა მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება და განსაზღვრა პირგასამტეხლო 7588.8 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელზე შპს ,,ა-–---ფ“-ის დირექტორის გაგზავნილი წერილები.
-შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილები შპს ,,ა-–---ფ“-ზე.
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.6. 2016 წლის 08 აგვისტოს სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტისა“ და შპს ,,ა-–---ფ“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---ფ“-მა იკისრა ვალდებულება დაბა შუახევში გ-----------–-- უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5439,84 ლარი. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 08 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184, ხელშეკრულება.
3.1.7. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184, ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლის თანახმად შესრულებული სამუშაოებისთვის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე. ასევე საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 08 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184, ხელშეკრულება.
3.1.8. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა დროულად და 2016 წლის 6 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაბა შუახევის გ-----------–-- უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის სამუშაო შესრულებულია 100 %-ით, თანხით 5439,84 ლარი.
შპს ,,ა-–---ფ“-მა ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველს 2016 წლის 08 სექტემბერს გაუგზავნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მოითხოვა შემსყიდველისაგან ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის ანაზღაურება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს ,,ა-–---ფ“-ს 2016 წლის 08 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის ასანაზღაურებელი თანხა 5439,84 ლარი არ ჩაერიცხა იმ საფუძვლით, რომ მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 6 სექტემბრის მიღება ჩაბარების აქტი.
-საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა.
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემსყიდველის მიერ 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულების სრულად შესრულების საკითხი და შესაბამისად სადავოა ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა 15 დღით გაგრძელდა, მხარეები სადავოდ არ ხდიან.
მოსარჩელე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები განმარტავენ , რომ მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. იმის მიუხედავად, რომ სამუშაოთა შესრულების ვადა გაგრძელდა, მიმწოდებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების სამუშაოები, არ შედგა მიღება ჩაბარების აქტი და შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლოც. ამ მიზეზით არ ჩაერიცხა მიმწოდებელს მეორე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხა.
მოპასუხე შპს,,ა-–---ფ“-ის წარმომადგენელები საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად იქნა შესრულებული. შემსრულებლის ხარჯებით ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო სრულად, მაგრამ 572 ლარით ნაკლები ღირებულებით. გამგეობის კომისიამ შეამოწმა და ჩაიბარა შესრულებული სამუშაობი, თუმცა მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, არ გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი იმ დროინდელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის კერძო ინტერესიდან გამომდინარე.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შესუსრულებლობის ფაქტის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს კანონიერებისა და შემდგომში ამის საფუძველზე სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის თანხის გადაუხდელობის კანონიერების დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
გარდა თავიანთი ახსნა განმარტებებისა, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა თავიანთი არგუმენტების დასადასტურებლად მიუთითეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 აპრილ3ს N00239971 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, დაბა შუახევში, გ-----------–-- უბანში ახალი წყალსადენის სისტემის მოწყობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94287,88 ლარი, რაც წარმოდგენილ ფორმა N2-ზე 94860.0 ლარის ღირებულებაზე 572,12 ლარით ნაკლებია. მოსარჩელის მტკიცებით, მხარემ არ შეასრულა ვალდებულება, არ აღმოფხვრა დარღვევები, შესაბამისად არ შედგა მიღება -ჩაბარების აქტი და განისაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო. ასევე მიუთითეს გამგეობის მიერ შპს ,,ა-–---ფ“-ის დირექტორის სახელზე გაგზავნილ წერილებზე, რომლითაც ეცნობა, რომ 572 ლარით ნაკლები შესრულებული სამუშაოების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო, რადგანაც არ აღმოფხვრა ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ნაკლოვანებები და არ წარადგინა ახალი ექსპერტიზის დასკვნა.
მოსარჩელის ზემო დასახელებული არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე შპს ,,ა-–---ფ“-ის წარმომადგენლებმა გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, მიუთითეს წარმოდგენილ მტკიცებულებეზე: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 აპრილის N00239971 დასკვნაზე და განმარტეს, რომ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ აღნიშნული ობიექტი არ მიიღება და არ გაიშვება ექსპლოატაციაში. მოცულობების აზომვის დროს გამოიკვეთა, რომ ჩამხშობი ჭის მოწყობისათვის ბეტონის მოცულობა იყო შემცირებული, თუმცა პროექტით არ იყო განსაზღვრული რა ზომის ჭა უნდა მოწყობილიყო. აღნიშნული ჩამხშობი ჭა სრულად აკმაყოფილებდა წყლის მიწოდებისათვის საჭირო პირობებს, მაგრამ გამოიწვია თანხის შემცირება. მოპასუხეს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემსყიდველს უნდა გამოექვითა აღნიშნული თანხა და ოფიციალურად ჩაებარებინა წყალსადენი, რომელიც ფაქტობრივად ჩაბარებული და მოწონებულ იქნა რაიონის ხელმძღვანელობის მიერ. წარმოადგინეს ფოტომასალა და განმარტავენ, რომ ფოტოზე ასახულია თუ როგორ არის შესრულებული სამუშაო და ამას ესწრება გამგებლის პირველი მოადგილე ავ--------–---------ძე. მიუთითეს მათ მიერ გამგეობაზე გაგზავნილ წერილებზე, რომლითაც ითხოვენ მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმებას.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–---ფ“-ის მხრიდან ადგილი აქვს 2015 წლის 10 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N347-1, ხელშეკრულების გარკვეული პირობების შეუსრულებლობას, რაც არის პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი, ამასთანავე მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, გონივრულ ოდენობამდე, რაც იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
-ექსპერტიზის დასკვნა.
-ფოტომასალა
-შპს ,,ა-–---ფ“-ისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–---ფ”-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტსი გამგეობის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 10 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1, ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 08 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184, ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მარტს შპს ,,ა-–---ფ“-სა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა შეთანხმება N1, რომლითაც 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 15 დღით, 2016 წლის 15 აპრილამდე. ანუ, ვალდებულება არ იქნა დროულად შესრულებული. ამასთანავე, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 აპრილ3ს N00239971 დასკვნის მიხედვით, დაბა შუახევში, გ-----------–-- უბანში ახალი წყალსადენის სისტემის მოწყობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 94287,88 ლარი, რაც წარმოდგენილ ფორმა N2-ზე 94860.0 ლარის ღირებულებაზე 572,12 ლარით ნაკლებია. ანუ მიმწოდებლის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკლები ღირებულების სამუშაოები.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 08 აგვისტოს სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტისა“ და შპს ,,ა-–---ფ“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მიმწოდებლის მიერ შესრულდა დროულად და 2016 წლის 6 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N184, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაბა შუახევის გ-----------–-- უბნის წყალსადენი სისტემის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის სამუშაო შესრულებულია 100 %-ით, თანხით 5439,84 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს- შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე შპს ,,ა-–---ფ"-ისათვის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრული თანხა არ გადაუხდია, ანუ ვალდებულება მოპასუხის მხრიდან არ არის შესრულებული. შესაბამისად შპს ,,ა-–---ფ"-ის სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.~
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.3. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 10 დეკემბრის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347-1, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შპს ,,ა-–---ფ“-მა შეასარულა 15 დღის დაგვიანებით, ასევე შესრულებულია ღირებულებაზე 572,12 ლარით ნაკლები სამუშაოები. დასახელებული გარემოებები წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–896–846–2015 აღნიშნულია, რომ ,,სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ {სსკ-ის 8.3 მუხლი}. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები“ {სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი}. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.“
უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973–914–2012 აღნიშნა, რომ “პირგასამტეხლოს ოდეობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები”. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოები ფაქტობრივად იქნა შესრულებული, წყალსადენი სისტემის მშენებლობა დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში და 15 დღის ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად, მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფს, რომ წყალსადენი სისტემა ამოქმედდა და სოფელს მიეწოდებოდა წყალი, თუმცა სამუშაოთა დასრულებიდან რამდენიმე დღეში სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა, რაც ახალი სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე აღდგენილი იქნა იმავე პირის მიერ. ახალი ხელშეკრულების გაფორმება მიანიშნებს რომ შემსყიდველს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას პრეტენზია არ ჰქონდა შპს ,,ა-–---ფ“-ის მიმართ. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დაანგარიშება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%- ის ოდენობით, რაც ერთი დღისათვის შეადგენს 47,43 ლარს, სასამართლოს შეუსაბამოდ მიჩნია. გასათვალისწინებელია ის გარემობაც, რომ მოსარჩელე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ითხოვს პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოხდეს ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. ამასთანავე დადგენილია, რომ აღნიშნული წყალსადენი სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა და დასრულებიდან რამდენიმე თვეში ახალი ხელშეკრულება გაფორმდა მის აღსადგენად, შესაბამისად ვერ მოხდებოდა დარჩენილი 572 ლარის სამუშაოების სრულად შესრულება.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სარჩელში მითითებული, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაანგარიშებული პრგასამტეხლო 15936,5 ლარი ათჯერ შემცირდეს და განისაზღვროს 1593 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს შპს ,,ა-–---ფს“. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე მასვე უნდა დაეკისროს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების სხვაობის ოდენობის თანხის 572,12 ლარის გადახდა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.
ამავე კოდექსის 444-ე მუხლის მიხედვით, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
მოცემულ შემთხვევაში რამდენადაც ორივე მხარეს აქვთ ურთიერთმოთხოვნები, შესაძლებელია გამოიქვითოს შპს ,,ა-–---ფ“-ზე დაკისრებული თანხა 2165.77 ლარი და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს დანარჩენი თანხის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში –განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელე შპს ,,ა-–---ფ’-ს სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 164 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება.
ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელით დაკმაყოფილებულდა ნაწილობრივ, შპს ,,ა-–---ფ“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე შპს ,,ა-–---ფ’-ს გადახდილი აქვს ადვოკატის მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენებოთ, რაც დადგენილია სს ,,საქართველოს ბანკში“ საგადასახადო დავალება N5 ქვითრით. სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შპს ,,ა-–---ფის “-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერიას) შპს „ა-–---ფ“-ის (სადენტ. N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს მათ შორის 2016 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N184 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებეული სამუშაობისათვის ასანაზღაურებელი თანხის - 5439.84 (ხუთიათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი 72 თეთრი) ლარის გადახდა.
3. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მერია) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს ,,ა-–---ფ“-ს (სადენტ. N4--------) შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს მათ შორის 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N347 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1593.65 ლარისა და შეუსრულებელი სამუშაოს 572.12 ლარის გადხდა.
5. ვალდებულების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე გამოიქვითოს შპს ,,ა-–---ფ“-ზე დაკისრებული თანხა 2165.77 ლარი და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას საბოლოოდ შპს ,,ა-–---ფ“ის სასარგებლოდ დაეკისროს 3274.07 (სამიათას ორას სამოცდა თოთხმეტი ლარი 07 თეთრი) ლარის გადახდა.
6. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას (მერიას) (საიდენტ. N 247865145) მოსარჩელე შპს ა-–---ფ“-ის (სადენტ. N 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 164 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის 200 ლარის ანაზღაურება.
7. შპს ა-–---ფ“-ს (სადენტ. N 4--------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (ეს წესი არ მოქმედებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად გადაეგზავნება გადაწყვეტილება) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე