გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017002067795 (2-479/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - თე-------------ძე
მოსარჩელის წარმომადგენელი - მი--------–--–-–---–ი
მოპასუხე: - ბე–-------------ე
წარმომადგენელი- ჟუ–------–-------------ძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ-–-- დ------ძის უკანონო მფლობელობიდან მოხდეს თე-------------ძის საკუთრებაში არსებული ნივთის, უძრავი ქონების, მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართის N0-- (საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0---) გამოთხოვა და აღნიშნული ქონება მესაკუთრეს თე-------------ძეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
1.2. გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყონებლივ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე თე-------------ძეს 2014 წლიდან საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართი 44.88. კვ მეტრი, საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0--- აღნიშნულ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს ბ-–-- დ------ძე, რომლეც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებს ქონებას და მესაკუთრეს არ აძლევს სარგებლობის საშუალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ბ-–-- დ------ძე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
სადავო უძრავი ქონება მის მიერ არის შეძენილი აუქციონზე 2011 წელს, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამომ შემძენად დააფიქსირა მისი მეგობარი ან------ დ--------. შეძენის თანხა თვითონ გადაიხადა და აქვს შესაბამისი ქვითრები. ფართი კეთილმოაწყო და ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოსარჩელეს არასოდეს უნახავს ფართი, უბრალოდ მეუღლის ან------ დი------ის გარდაცვალების შემდგომ გადაიფორმა თავის სახელზე.
მოპასუხე და მისი წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 12 აგვისტოს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართი 44.88. კვ მეტრი, საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0-- დარეგისტრირდა მოსარჩელე თე-------------ძის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. საქმის განხილვის მომენტისათვის უძრავი ქონება მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართი 44.88. კვ მეტრი, საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0-- წარმოადგენს თე-------------ძის საკუთრებას, რომელსაც ფლობს და სარგებლობს ბ-–-- დ------ძე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1..მოპასუხე მხარე სადავოდ მიიჩნევს თე-------------ძის საკუთრების კანონიერებას უძრავ ქონებაზე, რომლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას ითხოვს მოსარჩელე. აცხადებს, რომ ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას, შეძენილია მის მიერ, თავისი ხარჯებით მოიყვანა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში და ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს 2011 წლიდან უძრავი ქონება ფორმალურად იქნა გაფორმებული მის მეგობარ ან------ დ--------ზე, და შესაბამისად უკანონოდ არის რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს თე-------------ძის საკუთრებას, მაგრამ მოპასუხის ხელშეშლის გამო ვერ ახერხებს საკუთრებით სარგებლობას.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სადაო საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი ფაქტის დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. წინამებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს თანაბრად. მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მას არ გაუყიდია აღნიშნული უძრავი ქონება, ანუ არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართი 44.88. კვ მეტრი, საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0-- წარმოადგენს თე-------------ძის საკუთრებას.
მოპასუხე მხარემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულებისათვის, გარდა ზეპირი განმარტებისა წარმოადგინა საბანკო ქვითრები, რითაც დგინდება, რომ 2011 წლის 29 სექტემბერს ბ-–-- დ------ძემ სს ,,ლიბერთი ბანკის მეშვეობით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე გადაიხადა 3200 და 4716 ლარი. მოპასუხის და მისი წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული თანხა გადახდილია სადავო ფართის მის მიერ შესყიდვისათვის. სხვა მტკიცებულება, რიტაც დადგინდებოდა მის მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მყარი და დამაჯერებელია, ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო ქონება ამჟამად წარმოადგენს თე-------------ძის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ქვითრები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შუა უძრავი ქონება მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართი 44.88. კვ მეტრი, საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0--, მისი საკუთრებაა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, უძრავი ქონება მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართი 44.88. კვ მეტრი, საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0-- თე-------------ძის საკუთრებადაა რეგისტრირებული. საქმის განხილვის მომენტისათვის ის ქონების მესაკუთრეა და ამ საკუთრების უფლების რეგისტრაციას აქვს სისრულისა და უტყუარობის დანიშნულება.
მოპასუხე აცხადებს, რომ ქონება მის მიერაა შეძენილი და მოსარჩელეს არ აქვს უფლება მოითხოვოს მისი გამოსახლება. ამასთანავე ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მის გარდა ბინაში ცხოვრებენ ოჯახის სხვა წევრებიც, რომელთა გამოსახლება არ მოუთხოვია მოსარჩელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნის განსაზღვრა მოსარჩელის საპროცესო უფლებაა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებით განხორციელდება მისი დარღვეული უფლების აღდგენა. რაც შეეხბა საკუთრებას, ზემოთ აღინიშნა, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6.4. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ ქონებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს მოპასუხე და არ აძლევს საშუალებას ამ ქონებით ისარგებლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. თე-------------ძე მესაკუთრეა და მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხე ბ-–-- დ------ძე ოჯახის წევრებთან ერთად ფლობს და სარგებლობს თე-------------ძის სახელზე რეგიტრირებულ უძრავ ქონებას. მოპასუხე არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც გამოსახლებული უნდა იქნეს მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი კუთვნილი ქონების სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. რაც შეეხება მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავრ სხდომაზე საქმის განხილვისას დააყენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი. მოსარჩელეს გადაევადა ბაჟის გადახდა. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, დასახელებული თანხის ანაზღაურება საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თე-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბ-–-- დ------ძის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან მოხდეს თე-------------ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული ნივთის, უძრავი ქონების, მდებარე შუახევი, ხი-–--–---–-ს ქუჩა N--ში, არასაცხოვრებელი ფართის N0-- (საკადასტრო კოდი 24.02.34.018.0--0---) გამოთხოვა და აღნიშნული ქონება მესაკუთრეს თე-------------ძეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
3. თე-------------ძის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ბ-–-- დ------ძეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე