გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210117002151437
№2-751-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 თებერვალი, 2018 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი, ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,კრედო ბანკი“
წარმომადგენელი გ------------–--ცი
მოპასუხეები ა-–---------------------------------------შვილები
ა-–--------------შვილის
წარმომადგენელი თ-------–----ძე
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ 10 721 (ათი ათას შვიდას ოცდაერთი) ლარი და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრი საიდანაც 8 370 (რვა ათას სამას სამოცდაათი) ლარი და 18 (თვრამეტი) თეთრი ძირი თანხაა, 1 836 (ერთი ათას რვაას ოცდათექვსმეტი) ლარი და 70 (სამოცდაათი) თეთრი - პროცენტი, 298 (ორას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 155 (ას ორმოცდათხუთმეტი) ლარი და 11 (თერთმეტი) თეთრი - პირგასამტეხლო, 61 (სამოცდაერთი) ლარი და 6 (ექვსი) თეთრი - საკომისიო;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელესა და ა-–--------------შვილს შორის დადებული ხელშეკრულებით, ა-–--------------შვილმა მიიღო სესხი 15 000 ლარი 36 თვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 2,43%-ს;
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევა, ასევე - პირგასამტეხლო ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ამასთან, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 2 ლარის დარიცხვით;
2015 წლის 6 ნოემბერს ი-----------------------------------შვილებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ა-–--------------შვილის დავალიანება, მაშინაც კი, თუ მის მიმართ ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას. ხელშეკრულებით მხარეეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა - მაქსიმუმ 23 850 ლარი;
მოპასუხე მხარეს 2017 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ გადაუხდია თანხა და აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ საქმე აღძრა მის წინააღმდეგ;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო 1 955 ლარისა და 11 თეთრის მოთხოვნის ნაწილში, საიდანაც 1800 ლარი თანხის ძირია, 155 ლარი და 11 თეთრი - პირგასამტეხლო. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ პროცენტი ზედმეტად გადაახდევინეს, რადგან გადახდის გრაფიკში აღნიშნულია ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 1,45%, გადახდა კი ხდებოდა ხელშეკრულების მიხედვით სადაც ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად მითითებულია 2,43% (შესაგებელი, 2018 წლის 25 იანვრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი:16:37:30-16:39:50; 16:41:20-16:41:30; 17:05:05-17:05-20);
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ 2017 წლის სექტემბრიდან - ხელშეკრულების შეწყვეტიდან, პროცენტი აღარ უნდა დარიცხულიყო (2018 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი: 14:41:10-14:42:30). აღნიშნა ასევე, რომ ძირი თანხის ოდენობა 8 370,18 ლარი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეობს, სწორად არის მითითებული, მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფით, რაც, შემდეგ, გაუქმდა, მიადგა ზიანი, რაც უნდა გამოაკლდეს ამ თანხას და გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს 1 800 ლარამდე (2018 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი: 15:01:15-15:04:20);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 ნოემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და ა-–--------------შვილს შორის დადებული ხელშეკრულებით, ა-–--------------შვილმა მიიღო სესხი 15 000 ლარი 36 თვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 2,43%-ს;
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევა, ასევე - პირგასამტეხლო ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ამასთან, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 2 ლარის დარიცხვით, ასევე - საკომისიო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2015 წლის 6 ნოემბერს ი-----------------------------------შვილებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ა-–--------------შვილის დავალიანება, მაშინაც კი, თუ მის მიმართ ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას. ხელშეკრულებით მხარეეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა - მაქსიმუმი 23 850 ლარი;
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“, გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,კრედო ბანკად“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.25-32);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.41-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ძირითად მსესხებელს 2017 წლის აგვისტოს შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია (ს.ფ.35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სარგებლის გადახდევინება არასწორად ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური 2,43%-ის ოდენობით, მაშინ როდესაც გადახდის გრაფიკში ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლად აღნიშნულია 1,45%;
3.2.2. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, რაც შემდეგ გაუქმდა, მოპასუხეს ზიანი მიადგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ა-–--------------შვილსა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ა-–--------------შვილის და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე ა-–--------------შვილს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და აღნიშნა, რომ ის ძირი თანხიდან - 8370,18 ლარიდან გამომდინარეა (2018 წლის 25 იანვრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 16:40:05-16:41:30). სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ძირი თანხის ოდენობა 8370,18 ლარიც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეა, მაგრამ ის უნდა შემცირდეს 1 800 ლარამდე, რადგან ამ საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, რაც შემდეგ გაუქმდა, განიცადა ზიანი დაახლოებით 6 000 ლარი - იძულებული გახდა ოქროს ნივთები გაეყიდა, ვეღარ აიღეს ხელფასი, პენსია - 2000 ლარი, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, ყადაღის მოხსნაში 300 ლარი გადაიხადა (2018 წლის 5 თებერვლის მთავარი სხდომის ოქმი: 15:01:15-15:04:20);
ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, არაფრით დადასტურებული განმარტება, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, არ გამოდგება მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად;
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 2,43%, რაც თანხის ყოველი შეტანისას უნდა შემცირებულყო და ბოლოს, დარჩებოდა 1,45% - რაც გადახდის გრაფიკშია აღნიშნული (ს.ფ.23) ამ გარემოებაზე მიუთითა მოსარჩელის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ გადახდის გრაფიკის მიხედვით, თანხის პირველი შეტანისას პროცენტის ოდენობაა 552 ლარი, ბოლო შეტანისას 1,45% - 14,94 ლარი, ამიტომაა მითითებული გადახდის გრაფიკში ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლად 1,45% (2018 წლის 5 თებერვლის მთავარი სხდომის ოქმი:15:07:10-15:08:30), რასაც სასამართლო იზიარებს, - გადახდის გრაფიკში მითითებული 1,45% გამომდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2,43%-დან, რომლის ოდენობაც სადავოდ არ გამხდარა. ამ მსჯელობის საწინააღმდეგო არგუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. გრაფიკში აღნიშნული ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 1,45%, ხელშეკრულებაში აღნიშნული ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთიდან - 2,43%- დან გამომდინარეა;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სარგებელს ზედმეტად ახდევინებდნენ - 2,43%-ს ოდენობით - როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არა - 1,45% ოდენობით - როგორც გრაფიკშია აღნიშნული, მაგრამ სადავოდ არ ხდის ძირი თანხის ოდენობას 8 370,18 ლარს, ეს თანხა კი დარჩა 2017 წლის სექტემბრამდე შეტანილი თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით განაწილებით;
მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნილი ძირი თანხის ოდენობას, - რომ ის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეა, აღნიშნულის, ხელშეკრულების შინაარსის, გადახდის გრაფიკის (ს.ფ.23), გადახდის ისტორიის (ს.ფ.35) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისია;
მხარეთა შორის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მოპასუხისაგან ყველა ვალდებულების ვადამდე შესრულება, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (იხ.ხელშეკრულება. ს.ფ.20-21);
მოცემულ შემთხვევაში, ა-–--------------შვილმა დაარღვია ხელშეკრულება 2017 წლის სექტემბრიდან, რაც უფლებას აძლევს მოსარჩელეს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან ვადამდე დაფარვა იმ თანხებისა, რაც ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი ვადისათვის იყო გათვალისწინებული და ზიანის ანაზღაურება;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 1955 ლარის და 11 თეთრის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 58 ლარი და 65 თეთრი ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს;
დანარჩენი თანხის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 262 ლარი და 99 თეთრი მოპასუხეებს უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ;
დანარჩენი ხარჯების - სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში განჩინების აღსრულების საფასურის 300 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული განჩინება გაუქმდა და მოსარჩელის განცხადება საჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ა-–----, ი-----------------------------------შვილებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ 10 721 (ათი ათას შვიდას ოცდაერთი) ლარი და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრი საიდანაც 8 370 (რვა ათას სამას სამოცდაათი) ლარი და 18 (თვრამეტი) თეთრი ძირი თანხაა, 1 836 (ერთი ათას რვაას ოცდათექვსმეტი) ლარი და 70 (სამოცდაათი) თეთრი - პროცენტი, 298 (ორას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 155 (ას ორმოცდათხუთმეტი) ლარი და 11 (თერთმეტი) თეთრი - ჯარიმა, 61 (სამოცდაერთი) ლარი და 6 (ექვსი) თეთრი - საკომისიო;
2. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,კრედო ბანკს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 10 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 ლარის და 64 თეთრის ნაწილი - 58 (ორმოცდათვრამეტი) ლარი და 65 (სამოცდახუთი) თეთრი;
2.1. ა-–----, ი-----------------------------------შვილებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ 262 (ორას სამოცდაორი) ლარი და 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) თეთრი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი