გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2018
საქმის ნომერი
190310017001878179
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/79-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.02.2018 წელი ქ.რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ლ-–----------–---–ი

წარმომადგენელი - მ-----ა ტ------ე

 

მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციური დაწესებულება

წარმომადგენელი - ნ--ა ა------–---–ი

 

დავის საგანი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის #2----- განკარგულების ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეჩერება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულება #2----- მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე; შეჩერებული იქნეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულების #2----- მოქმედება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა განიხილა საქმე ლ-–----------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და გამოსცა #2----- განკარგულება, რომლის მიხედვითაც მან ჩაიდინა განზრახ ქმედება - დაარღვია წესრიგი, გამოიწვია ხმაური და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, რის გამოც პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სახე სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განკარგულება გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოსა და პირის მიერ კანონის დარღვევით. ამასთან მიაჩნია, რომ გამოყენებული დისციპლინური სახდელი შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 31მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ ნამდვილად მიღებული იქნა განკარგულება #2-----, როლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახე სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით. მოპასუხე განმარტავს, რომ აღნიშნული განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის შემდგომ და სწორედ ამ პროცედურის გავლის შემდგომ იქნა მიღებული განკარგულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 2017 წლის 31მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული იქნა განკარგულება #2-----, როლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახე - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განკარგულება #2-----

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის სატელეფონო საუბრის შეზღუდვის უფლების შესახებ 2017 წლის 31 მარტის №2----- განკარგულება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლოში არ წარმოდგენილა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2017 წლის 30 მარტს ლ-–----------–---–ის მხრიდან განზრახი ქმედების ჩადენას, კერძოდ კი წესრიგის დარღვევის, ხმაურის და დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,პატიმრობის კოდექსი”;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი _ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.

 

6.2. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს მოსარჩელის სრულ განთავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების მითითების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს მსჯავრდებული, რომელსაც არ გააჩნია მტკიცებულებათა მოპოვების ფართო შესაძლებლობა, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების დროს.

 

6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ახსნა-განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით (დანართი N2) დამტკიცებულ ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებაზე”, რომლის 79–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე/მოსამსახურეები ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ, რომელშიდაც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.4 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

 

6.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებს საფუძვლად უდევს და იცავს კანონი. კანონის ღირებულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემა. ადამიანის ღირსების პატივისცემის საუკეთესო საზომია ის, თუ როგორ ექცევა საზოგადოება სწორედ მათ, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების, ანუ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული პრინციპი აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობითაც. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველა თავისუფლება შეზღუდულ ადამიანს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტების პირველივე წესი ითვალისწინებს იმავე მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ყველა პატიმარს უნდა მოექცნენ ადამიანისათვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ცნობს და აღიარებს ყველა ადამიანის უფლებას თავისუფლების ხელშეუვალობის შესახებ. კონსტიტუციის ამავე მუხლით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაშვებულია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი ავითარებს იმავე პრინციპებსა და დებულებებს. ამ მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გიორგი უგულავასა და ივანე მერაბიშვილის ერთ საკანში მოთავსების თაობაზე. შესაბამისად დავის არსის განხილვისას ასევე განხილულ და გამოკვლეულ უნდა იქნეს აღნიშნულთან მიმართებაში არსებული გარემოებები და შესაბამისად შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

6.7 საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის’’ მიხედვით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

6.8 სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ასეთ ქმედებად გათვალისწიებულია ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

 

ამავე კოდექსის 83-ე მუხლით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

 

6.9 სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

 

მხარისათვის გასაჩივრების უფლების სათანადო რეალიზაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გაცნობა, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი პოზიციის და სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება სასამართლოსათვის მიმართვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი აღიარებს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ გარანტიებს ქმნის დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელებისათვის. სასამართლოს დაცვა კი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება.

 

6.10 სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

6.11 მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია ყველა დეტალი, რათა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ გაუარესებულიყო მოსარჩელის მდგომაროება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს არ ჩაუტარებია საჩივართან დაკავშირებული წარმოება და არ შეუსრულებია კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება, რაც სწორედ, საქმესთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევას ემსახურება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო - მოპასუხე ვალდებული იყო მოქმედებები კანონით დადგენილ ფარგლებში განეხორციელებინა.

 

2017 წლის 31 მარტის #2----- განკარგულებით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ლ-–----------–---–მა ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის "კ" ქ/პუნქტით, დაწესებულების დებულების 78-ე მუხლის "ი" ქ/პუქნტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს რაც გამოიხატა შედეგში: 2017 წლის 30 მარტს, პირველი სარეჟიმო კორპუსის მეორე დამაყოფის #-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ-–----------–---–ი დაახდლოებით 13:35 საათზე გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა მიმდებარე საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულებს. მის საკანთან მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები და მოუწოდეს შეეწყვიტა ხმამაღალი გადაძახილი და ხმაური, მაგრამ ლ-–----------–---–მა გააგრძელა იგივე ქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 30 მარტის საკნის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერებით დგინდება, რომ ლ-–----------–---–ი კადრში ჩანს 13:35:54 წუთიდან. კერძოდ, მიდის ფანჯარასთან 13:35:58 – 13:36:02 საათზე და ფანჯრის რაფაზე რაღაც ნივთს ეხება.. ჩანაწერში არ ჩანს ფანჯრის მთლიანი ხედი. მართალია ვიდეო ჩანაწერს ხმა არ აქვს, მაგრამ საკნის ჩანაწერით, დგინდება, რომ იგი ვარჯიშობს, შემდეგ იგი კვლავ მიდის ფანჯარასთან 13:37:32 საათზე და კვლავ ასწორებს რაღაც ნივთს.

 

6.12 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულება #2----- მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელისწსასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-–----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულება #2----- მსჯავრდებულ ლ-–----------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი