გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/3878-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018წ. ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - ბ-----ი კ------ე
მოპასუხე - ს------–---------–-----------------–-----------------ს #- პ-------–----------–-------–--ა
წარმომადგენლები - ე-----ი შ-----–--, მ---- ც---------ე
დავის საგანი : სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს, ს------–---------–-----------------–-----------------ს #- პ-------–----------–-------–--ას დაეკისროს ბ-----ი კ------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3800 ლარის ოდენობით.
სარჩელში მითითებულია შემდეგი: 2010 წლის 27 ნოემბრიდან იხდიდა სასჯელს ქ--------- #- პ-------–---------–-------–--აში. დაწესებულების დირექტორის მ/შ-ის 2011 წლის 08 ივლისის #42 ბრძანებით ჩარიცხული იქნა #- დაწესებულების სამეურნეო ნაწილში მუშა პატიმრად, თუმცა კუთვნილი გასამრჯელო არცერთხელ არ მიუღია. ,,პატიმრობის კოდექსის’’ 110-ე და 1121 მუხლების თანახმად ეკუთვნოდა ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია კანონით და შეადგენს 200 ლარს. ვინაიდან საქმიანობას ახორციელებდა 2011 წლიდან, მოპასუხეს მის მიმართ აქვს 3800 ლარის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო სხდომაზე ბ----- კ------ემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, ასევე მოითხოვა შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ. მანვე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე ბ----- კ------ე 2010 წლის 27 ნოემბრიდან 2013 წლის 27 თებერვლამდე სასჯელს იხდიდა #- პ-----------------------------–--------------ს დაწესებულებაში, ამასთან 2011 წლის 08 ივლისიდან ჩარიცხული იყო დაწესებულების სამეურნეო მომსახურებაში ულუფის მიმწოდებლად მისივე განცხადების საფუძველზე. #- დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 08 ივლისის ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას მას ანაზღაურება მიეცემოდა და ვერც იქნებოდა, რადგან ,,პატიმრობის კოდექსის’’ არცერთი ნორმა ამის საშუალებას არ იძლეოდა. მოსარჩელისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ის არ ეწეოდა ანაზღაურებად სამუშაოს. რის გამოც უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა, რადგან 2014 წლის 16 აპრილს ,,პატიმრობის კოდექსში’’ შესული ცვლილება 1121 მუხლში, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამეურნეო სამუშაოების შესრულება იქნებოდა ანაზღაურებადი, ვერ გავრცელდება იმ დროზე, როცა მოსარჩელე ეწეოდა სამუშაოს.
2014 წლის 16 აპრილამდე მოქმედი ,,პატიმრობის კოდექსის’’ 48-ე მუხლის საფუძველზე ხდებოდა მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე ჩარიცხვა. მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით, შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული უფლებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში. მასზე ვრცელდებოდა ამ დაწესებულებისთვის არსებული პირობები, რომლებითაც სრულად სარგებლობდა მოპასუხე. ის რომ არ ჩარიცხულიყო სამეურნეო მომსახურებაში, ვერ ისარგებლებდა შესაბამისი შეღავათებით, რადგან მას სასჯელი განსაზღვრული ჰქონდა დახურული ტიპის დაწესებულებაში. არსებული შეღავათები იყო მოტივაცია მსჯავრდებულებისათვის, რომ საკუთარი სურვილითა და განცხადებით ჩარიცხულიყვნენ სამეურნეო მომსახურებაში (იხ. შესაგებლები, ს/ფ 23-91; 93-105 ).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ შესაგებლებში მითითებულ გარემოებებს და ითხოვეს, უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ბ----- კ------ე 2010 წლის 27 ნოემბრიდან 2013 წლის 27 თებერვლამდე სასჯელს იხდიდა #- პ-----------------------------–--------------ს დაწესებულებაში.
-მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება (ს/ფ -123-136).
3.1.2. ბ----- კ------ე პირადი განცხადების საფუძველზე #- დაწესებულების დირექტორის მ/შ-ის 2011 წლის 08 ივლისის #42 ბრძანებით ჩარიცხულ იქნა სამეურნეო მომსახურებაში ულუფის მიმწოდებლად.
-მტკიცებულებები:
-ბ.კ------ის განცხადება (ს/ფ -102),-მხარეთა ახსნა-განმარტება (ს/ფ123-136),-ბრძანება (ს/ფ -103).
3.1.3. 2011 წლის 08 ივლისიდან 2013 წლის 26 თებერვლის ჩათვლით ბ----- კ------ე ირიცხებოდა რა დაწესებულების სამეურნეო მომსახურებაში, სარგებლობდა როგორც რამდენიმე სატელეფონო საუბრის უფლებით, ასევე რამდენიმე პაემნის უფლებით. ის ასევე შეუზღუდავად გადაადგილდებოდა შიდა ტერიტორიაზეც.
-მტკიცებულებები:
-#- პ-------–----------–-------–--ის წერილი (ს/ფ-36),-სატელეფონო საუბრებისა და პაემნის განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალი (ს/ფ 38-91),-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ბ----- კ------ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ უნდა მოხდეს მისთვის სამეურნეო მომსახურებაში გაწეული სამუშაოს ანაზღაურება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ადმინისტრაციის ვალდებულება მისთვის შრომითი ანაზღაურების გაცემის თაობაზე არ დასტურდება. ასევე გაზიარებული ვერ იქნება ის პოზიცია, რომ მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს გაცდენილი ვადა, რადგან სარჩელი აღძრა მას შემდეგ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ პატიმრის მიერ შესრულებული მსგავსი სამუშაო ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
3.2.2. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ბ----- კ------ის მოთხოვნას მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების 3800 ლარის ანაზღაურებისა და ყოველი დაყოვნებული დღისათვის ანაზღაურების 0.07%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულება, რაც შესრულებული მომსახურების ანაზღაურებას ითვალისწინებდა, არ გაფორმებულა. ამასთან მან სასამართლოს სარჩელით მომართა მოთხოვნის წარმოშობიდან 4 წლის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბ----- კ------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი და მეორე, მე-6 მუხლები,,,პატიმრობის კოდექსი’’, 48-ე, 110-ე, 111-ე, 1121-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზებული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ, დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით ანუ ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ასევე წესრიგდება სპეციალური კანონით, ,,პატიმრობის კოდექსით’’, რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს’’.
6.3. ,,პატიმრობის კოდექსის’’ 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, ,,მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული უფლებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მათი დასაქმების შესაძლებლობა. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე.
ხოლო მე-3 ნაწილით - ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6.4. ,,პატიმრობის კოდექსის’’ 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.
6.5. ,,პატიმრობის კოდექსის’’ 1121 მუხლის თანახმად, რომელიც კოდექსს დაემატა 2014 წლის 16 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებით:
,,1. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება.
3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
4. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით’’.
იხდიდა რა სასჯელს დახურული ტიპის დაწესებულებაში, ბ----- კ------ემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვა (სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით), რაც მას შესაძლებლობას მისცემდა ესარგებლა შესაბამისი შეღავათებით, რაც მოიცავს როგორც სატელეფონო საუბრების განსხვავებულ ოდენობას, ასევე პაემნების ოდენობას და დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
ზემოაღნიშნულ მუხლთა (110-111-ე მუხლები) შინაარსი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მათი მოქმედება ვრცელდებოდა იმ ბრალდებულებზე და მსჯავრდებულებზე, რომლებიც დასაქმებული იყვნენ დაწესებულების ტერიტორიაზე ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საწარმოებში და არა სამეურნეო მომსახურებაში რიცხულ მსჯავრდებულებზე. ამ უკანასკნელთა სამუშაოს ანაზღაურების საკითხი კანონმდებელმა განსაზღვრა 2014 წლის აპრილში კოდექსში შესული ცვლილებით (1121 მუხლი). რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მსგავს რეგულირებას კოდექსი მანამდე არ ითვალისწინებდა და სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის პატიმარს ხელფასი არ აუნაზღაურდებოდა.
,,პატიმრობის კოდექსის’’ 1121 მუხლის შინაარსი (რომელიც კოდექსს დაემატა 2014 წლის 16 აპრილს), და მისი მოქმედება შესაბამისად ვერ გავრცელდება მის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებზე. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ პერიოდისათვის მოსარჩელე უკვე განთავისუფლებული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან (2013 წლის 27 თებერვალს).
გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე ბ----- კ------ესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, მე-2 ნაწილით - ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. რომლის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოსარჩელე ბ----- კ------ე 2010 წლის 27 ნოემბრიდან 2013 წლის 27 თებერვლამდე სასჯელს იხდიდა #- პ-----------------------------–--------------ს დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2013 წლის 27 თებერვალს, ხოლო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 18 დეკემბერს (4 წლის შემდეგ). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 27 თებერვლიდან, რაც დასრულდა 2016 წლის 27 თებერვალს.
ამდენად, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს მოსარჩელე ბ----- კ------ის მოთხოვნას მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის არ ყოფილა დადებული შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით და შესაბამისად არც მისი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ წარმოშობია. ასეთი ვალდებულება კიდეც რომ ჰქონოდა მოპასუხეს, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
6.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა, ის ამავე დროს ხანდაზმულიცაა, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
6.8. ვინაიდან პირველი სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ხანდაზმულია, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა- ყოველი დაყოვნებული დღისათვის ხელფასის 0.07%-ის გადახდის დაკისრების შესახებ - უშუალოდაა დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან, შესაბამისად არ არსებობს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელე ბ----- კ------ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 102-ე, 105-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6, 31-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ----- კ------ის სარჩელი ს------–---------–-----------------–-----------------ს #- პ-------–----------–-------–--ის მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებისა და ყოველი დაყოვნებული დღისათვის ხელფასის 0.07%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ----- კ------ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე