განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002289141
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/48-18 1 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი კ----------------------
2.დაცვის მხარე:
2.1. ქ-----------------------–-------–-–---–---------------–-------–-–------------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–----------–-----------–-------------------------–------------------------------------------------------–-------------------------------------------------------–------–---------------------------------.
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
2.2. ადვოკატი ბ-------------–---–-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებთ 07 საათსა და 40 წუთზე ქ. ზუ------–----------------ს ქუჩაზე რ---------–ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ,,--–----–-’’-ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, რომელსაც ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მართავდა ქ-------------–-–---–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ლ----------–---ას, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევის შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც ზოგადად მიუთითებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე, თუმცა კონკრეტულად არ ჩამოთვლის მათ. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის 276-ე მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში რელევანტური სხვა ნორმატიული აქტი არის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის ნორმების დაცვაც ევალებოდა ავტომობილის მძღოლს. აღნიშნული კანონის 33.1 მუხლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება, ხოლო ამავე კანონის 33.2 მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
ის, რომ ბრალდებული ქ-------------–-–---–ი მართავდა ავტომობილს, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლის მოთხოვნები, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულ ქ-------------–-–---–ის, დაზარალებულ ლ----------–---ას, მოწმეების: ა---------–-------–-ას, დ---------------ს, თ-----------–----ს, ლ--–--------ას, გ-------------ას, ლ-------------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ-------------–-–---–ი მართავდა სატრანსპორტო საშუალებას და დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნები.
2.2. რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოითხოვს შედეგს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლ----------–---ას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულ ქ-------------–-–---–ის, მოწმეების: ა---------–-------–-ას, დ---------------ს, თ-----------–----ს, ლ--–--------ას, გ-------------ას, ლ-------------ას ჩვენებებით, დაზარალებულ ლ----------–---ას ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლ----------–---ამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ქ-------------–-–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ქ-------------–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ქ-------------–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ქ-------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, საგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთა შორის ბრალდებულის უყურადღებობის ნაკლები ხარისხი, ბრალის მინიმალური ხარისხი.
ქ-------------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ავტომობილით მოძრაობისას არასაკმარისი ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენა, გარემო პირობების გათვალისწინების და ამის მიხედვით საფრთხის თავიდან აცილების, სიჩქარის შენელების მოთხოვნისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, შეზღუდული მხედველობის მიუხედავად სიჩქარის დაურეგულირებლობა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთა შორის ბრალდებულის ბრალეულობის ნაკლები ხარისხი), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (არასრული ხილვადობის პირობებში შეუნელებელი სიჩქარით მოძრაობა და ადამიანზე შეჯახება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაზარალებულის მკურნალობის აუცილებლობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს, განიცდის და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების, ბრალის ხარისხის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომის ძირითადი სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, საქმის გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა მოითხოვს, ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენებულ იქნეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ძირითადი სასჯელის ტოლი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ,,--–----–-’’-ს მარკის ავტომობილი, რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბრალდებულ ქ-------------–-–---–ს; დვდ დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის - უფლება 2 წლის ვადით.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ქ-------------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება: მიცუბიშის მარკის ავტომობილი, რომელიც იმყოფება შსს ზუგდიდის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს; დვდ დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია