გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2457-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 თებერვალი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ს----------–--------ი"
წარმომადგენელი ნოდარ სარჯველაძე
მოპასუხე ი----- ნ-------ა
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი----- ნ-------ასათვის 9520.30 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 15 სექტემბერს სს „ს----------–--------სა“ და ი----- ნ-------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 8500 ლარი 36 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.1%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%. 2017 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ი----- ნ-------ას დავალიანება სესხზე შეადგენს 9520.30 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა 6020.89 ლარი, სარგებელი 747.35 ლარი, საკომისიო 119.81 ლარი, პირგასამტეხლო 2632.25 ლარი.
2016 წლის 1 სექტემბერს სს ს----------–--------მა აღსრულებს ეროვნულ ბიუროს მიმართა განცხადებით ი----- ნ-------ასათვის გამარტივებული წესით სესხის დაკისრების შესახებ მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა. ასეთ შემთხვევაში ხარჯების სააღსრულებო ბიუროს მიერ არ უბრუნდება, რის გამოც ეს ხარჯები უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი----- ნ-------ამ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს მოთხოვნას, რადგან იგი შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელია ასევე მისი შვილი თეიმურაზ ნ-------ი, რომელიც მოპასუხედ მითითებული არ არის. სესხი ფაქტობრივად მან მიიღო, თუმცა სესხს არ აბრუნებდა და სესხის დაბრუნება საკუთარი ხელფასიდან უხდებოდა. თუმცა მცირე ხელფასის გამო ვერ შეძლო გრაფიკის მიხედვით თანხის დაბრუნება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 სექტემბერს ერთის მხრივ სს „ს----------–--------სა“ და მეორეს მხრივ ი----- ნ-------ასა და თეიმურაზ ნ-------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლებმა მიიღეს კრედიტი 8500 ლარი 36 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.1%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%. სესხის გაცემულია ორ ტრანშად: 2014 წლის 15 სექტემბერს გაცემულია 5500 ლარი, ხოლო 2014 წლის 18 სექტემბერს 3000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-17)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6)
- შესაგებელი (ს.ფ. 34-38)
3.1.2. მსესხებლებმა ი----- ნ-------ამ და თეიმურაზ ნ-------მა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულეს. 2015 წლის 18 აგვისტოს შემდეგ მსესხებლებს თანხა არ დაუბრუნებიათ. 2017 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 9520.30 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6020.89 ლარი, სარგებელი 747.35 ლარი, საკომისიო 119.81 ლარი, პირგასამტეხლო 2632.25 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, სააღსრულებო ბიუროსადმი მიმართვის დღემდე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 24.)
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 18-19)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6)
- მოპასუხის განმარტება (26.01.2018წ და 01.02.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი )
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (26.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი )
3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 24 თებერვალს გამოცემულია N160912329/240144 ბრძანება, რომლის თანახმად, თეიმურაზ ნ-------ს დაეკისრა სს „ს----------–--------ისათვის“ 9555.3 ლარის გადახდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ გამარტივებული წარმოება განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ 2016 წლის 1 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს 2014 წლის 15 სექტემბერს დადებული N2033769 საკრედიტო ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 78)
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 3 თებერვალს გამოცემულია ბრძანება N160912329/231147, რომლითაც აპლიკანტს სს „საქართველოს ბანკს“ უარი ეთქვა ი----- ნ-------ას მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. სს „ს----------–--------ი“ მოითხოვდა ი----- ნ-------ასათვის 2014 წლის 15 სექტემბერს დადებული N2033769 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების დაკისრებას. გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარს თქმის საფუძველი გახდა მოვალის მიერ პროტესტის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 21)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 463–ე, 464-ე, 465-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლებს სოლიდარულად ეკისრებათ მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ერთის მხრივ სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და მეორეს მხრივ მსესხებლებს ი----- ნ-------ასა და თემურაზ ნ-------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით. კრედიტის დაბრუნების შესახებ მსესხებლების ვალდებულება სოლიდარულია, რადგან მათ ერთობლივად ეკისრებათ მიღებული კრედიტის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
ამ ნორმების შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება არის რამდენიმე პირის საერთო პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია რამდენიმე მოვალის არსებობა, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან ვალდებულნი. კრედიტორის მოთხოვნა სხვადასხვა მოვალეთა მიმართ არის მიმართული. კრედიტორს საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერი მოვალისაგან თანაბრად შეუძლია ვალდებულების მთლიანი ან/და ნაწილობრივი შესრულების მოთხოვნა. სოლიდარულ პასუხისმგებლობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზეა ვალდებული.
საკრედიტო ხელშეკრულება სს „ს----------–--------თან“ დადებულია ორი მსესხებლის მიერ, რომელთა ვალდებულება სოლიდარულია, რადგან მათ ერთობლივად იკისრეს ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს სს „ს----------–--------ს“ შეუძლია ნებისმიერ მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. კრედიტორს უფლებს აქვს მოვალის მიმართ მოთხოვნა წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, როცა სხვა მოვალის მიმართ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების შედეგად მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში, მოვალე თეიმურაზ ნ-------ის მიმართ გამოტანილია გადახდის ბრძანება სადაო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რის მიუხედავად კრედიტორის უფლებამოსილია სხვა სოლიდარულ მოვალესაც მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, რადგან თეიმურაზ ნ-------ის მიერ ვალდებულება შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. 2015 წლის 16 სექტემბრის შემდეგ კრედიტი მსესხებლებს არ დაუბრუნებიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი. მოპასუხემ ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის, სარგებლსი და საკომისიოს გადახდის ნაწილში.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. სარჩელის ცნობა ნიშნავს მოპასუხის მიერ თანხმობის განცხადებას დაეკისროს მოთხოვნილი ვალდებულების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ი----- ნ-------ასათვის სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის, ასვე საკომისიოს 6887,16 ლარის დაკისრების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების გადახდა, საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს, რის გამოც მოპასუხემ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლოც.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ს, რაც შეადგენს დღეში შეადგენს 30.10 ლარს. სესხის დაბრუნების ვადა დარღვეულია 2015 წლის 16 ოქტომბრიდან, ხოლო პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, სააღსრულებო ბიუროსადმი მიმართვის დღემდე, რაც შეადგენს 348 დღეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია ერთ დღეში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის გამო. მოსარჩელე მოითხოვს საერთო ჯამში 2632.25 ლარის დაკისრებას, რაც ყოველდღიურად 7.56 ლარია. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ეს თანხაა მაღალია თავად ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, რადგან მოთხოვნილია სესხის დავალიანების მესამედი თანხა. ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია პირგასამტეხლოს ძირითადი არსია ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის სანქციის დაკისრება, მაგრამ მისი მიზანი მარტოოდენ მოვალის დასჯა არ არის, პირგასამტეხლოს კრედიტორისთვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მინიმალურად ანაზღაურების მნიშვნელობაც აქვს, რის გამოც მოვალეს უნდა დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლო, რაც ვალდებულების შესრულებას არ გაართულებს და კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის დავალიანების 0,02%-ით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.20 ლარს, ხოლო ვადაგადაცილების 348 დღეში შეადგენს 419 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასმატეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურების და მოვალისათვის სანქციის დაკისრების ფუნქციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის ანაზღურება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2016 წლის 1 სექტემბრის განცხადებით სს "ს----------–--------მა" მოითხოვა ი----- ნ-------ას მიმართ გამარტივებული წარმოების გზით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. მოსარჩელეს ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მოთხოვნაზე პროტესტი წარადგინა ი----- ნ-------ამ.
სს „ს----------–--------ის“ მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2016 წლის 6 სექტემბერს გადახდილია სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „ს----------–--------მა“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხის პროტესტი საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯები.
სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა საერთო ჯამში 9520.30 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხისათვის დაკისრებული 7307 ლარი არის მოთხოვნის 79%.
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 288.61 ლარი, რომლის 79% - 228 ლარი არის მხარეებს შორის გასანაწილებელი სახელმწიფო ბაჟი. დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი 6888.17 ლარის ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 93%. 228 ლარის 93% არის 212.04 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 15.96 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს----------–--------ის“ სარჩელი;
1.1. ი----- ნ-------ას დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ 7307 ლარის გადახდა;
1.2. ი----- ნ-------ას დაეკისროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 2213.25 ლარის დაკისრების ნაწილში;
2. ი----- ნ-------ას დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 15.96 ლარის გადახდა;
3. სს „ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 30 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 212.04 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N1);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი