გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2018
საქმის ნომერი
170310517002010510
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170310517002010510

საქმე № 3/30-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 მარტი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

მოსარჩელე - ა---------–---–ი

წარმომადგენელი -დ--------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი - ლ---- ა--–--ის ძე ო------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის #2------------ გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება.

1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გასცეს ცნობა-დახასიათება ა--–-- ო------ისადმი თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-------------------------------–- მდებარე უძრავი ქონების ½ წილის კუთვნილების შესახებ.

 

სარჩელის საფუძველი:

მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა დ---------–--–-, კიროვის (თამარის) ქ---------–- მდებარე უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება, საიდანაც ირკვევა, რომ უძრავი ქონება 1964 წლის 23 ივლისის სააღრიცხვო მასალების მონაცემთა თანახმად აღრიცხულია ლ---- ა--–--ის ძე ო------ის სახელზე, თუმცა 1964 წლის 23 ივლისის შეფასების აქტში ლ---- ო------ის გვარი გადაშლილია და დარჩენილია მხოლოდ ა--–-- ო------ი. ტექბიუროს მასალების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ 1982 წლის მონაცემებით უძრავი ქონების თანაბარი წილის მფლობელები არიან ლ---- ო------ი და ა--–-- ო------ი. ასევე მოხსენებული 1970 წლის 9 თებერვლის ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომელიც საარქივო მასალებში არ ინახება. სანოტარო პალატიდან გამოთხოვილი იქნა ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რითაც დასტურდება, უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ფაქტი. 1985 წლის მონაცემების თანახმად, მოსარგებლეთა სიაში კვლავ ფიგურირებს ლ---- და ა--–-- ო------ები. 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ცნობა-დახასიათებაში უსწორობის შესწორების თაობაზე, რაზეც ეთქვა უარი. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საჯარო პუბლიკაციის შედეგად. მის მიერ შესაგებელი არ არის წარმოდგენილი და არც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ არის ცნობილი სასამართლოსთვის.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2016 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–---------------------, ფაქტიური ფართობი 1286 კვ.მ. მიწის ფართი უ.დ.დ-დ გარეშე 1994 წლამდე. ლიტერ „ა“ საცხოვრებელი სართული ერთი, 55,60 კვ.მ., ლიტერ „ბ“ დამხმარე - 12 კვ.მ., ლიტერ „ვ“ - დამხმარე 6,20 კვ.მ. მესაკუთრე 1964 წლის 23 ივლისის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ო------ი ლ---- ა--–--ის ძე.

 

შენიშვნა: სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 1985 წლის შეფასების აქტი, სადაც მფლობელად დაფიქსირებულია ლ---- ო------ი და ა--–-- ო------ი, ხოლო სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე ა--–-- ო------ი გადახაზულია უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა-დახასიათება - ს.ფ. 11;

-სააღრიცხვო ბარათი თავფურცელი, ს.ფ.86;

- ტექბიუროს მასალები - ს.ფ. 86-96

 

4.1.2 1982 წლის 6 სექტემბრის შეფასების აქტის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–-------------------- მდებარე შენობა ნაგებობის მესაკუთრეებად ფიქსირდება ა--–-- პ-----ეს ძე ო------ი და ლ---- ა--–--ის ძე ო------ი. საფუძველი 09.02.1970 წლის ჩუქების ხელშეკრულება, გაცემული თეთრიწყაროს სანოტარო კანტორის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების აქტი - ს.ფ. 163, 167;

 

4.1.3 1964 წლის 23 ივლისის შეფასების აქტის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–-------------------- მდებარე შენობა ნაგებობის მესაკუთრედ ფიქსირდება ა--–-- პ-----ეს ძე ო------ი. ლ---- ა--–--ის ძე ო------ი გადაშლილია /გაუქმებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1964 წლის 23 ივლსის შეფასების აქტის - ს.ფ. 164,168;

 

4.1.4. 1970 წლის 2 თებერვლის #69 ცნობის თანახმად, ა--–-- პ-----ეს ძე ო------ის საკუთრებას წარმოადგენს მ----–--–--------------------–- მდებარე ერთსართულიანი სახლი, ორი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი სასარგებლო ფართით 40 კვ.მ. სამზარეულო 10 კვ.მ. სარდაფი 13 კვ.მ. ვერანდა 11 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა #69 - ს.ფ.166, 170;

 

4.1.5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 10 აგვისტოს 1------ და 2017 წლის 28 სექტემბრის #1------- წერილის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ა--–-- პ-----ოსის ძე ო------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 სექტემბრის #1------- წერილი - ს.ფ. 171;

-2016 წლის 10 აგვისტოს 1------ წერილი, ს.ფ.57;

 

4.1.6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის #1------- წერილის თანახმად, ერთიან ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა--–-- პ-----ოსის ძე ო------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 სექტემბრის #1------- წერილი - ს.ფ. 172;

 

4.1.7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის #5-------- წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირი ლ---- ა--–--ის ძე ო------ი, რომელიც რეგისტრირებულია ან რეგისტრირებული იყო თეთრიწყაროს რაიონის დ---------–--–-, არ ფიქსირდება. ასევე საქართველოს უახლოესი ისტორიის ცენტრალური არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის მ----–---- ს/ს მმაჩის 1930-1935 წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა მონაცემები ლ---- ა--–--ის ძე ო------ის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის #5-------- წერილი - ს.ფ. 195-197;

 

4.1.8. 2017 წლის 16 ივნისის #1-------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად ა---------–---–ი წარმოადგენს რ----------------–-–---–ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრეს.

 

2018 წლის 10 იანვრის ა---------–---–ის განცხადება სამკვიდრო ქონების მიღებაზე. კერძოდ, ა---------–---–ი ითხოვს მისი დედის რ----------------–-–---–ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი, ამ უკანასკნელის მამის 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა--–-- ო------ის სამკვიდროს ქონებას.

 

ა---------–---–ი არის 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა--–-- ო------ის შვილიშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 10 იანვრის ა---------–---–ის განცხადება სამკვიდრო ქონების მიღებაზე - ს.ფ. 231-232;

- 2017 წლის 16 ივნისის #1-------- სამკვიდრო მოწმობა. - ს.ფ. 44-46;

- ქორწინების, დაბადების და გარდაცვალების მოწმობები - ს.ფ. 30-43;

 

4.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის #2------------ გადაწყვეტილებით, ა---------–---–ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ხარვეზის შესწორებაზე, ვინაიდან სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის #2------------ გადაწყვეტილება - ს.ფ. 50;

 

4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა---------–---–ის წარმომადგენელს დ--------------–---–ს #2-------- (04.05.2017) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილება - ს.ფ. 53-56;

 

4.1.11. 1970 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად, ა--–-- პ-----ეს ძე ო------მა თავის შვილს ლ---- ა--–--ის ძე ო------ს აჩუქა თავის საკუთრებაში არსებული სახლიდან ერთი მეორედი ნაწილი, მდებარე მისამართზე, მ----–---------------------, რომელიც მხარეთა მიერ შეფასებულია 2500 რუბლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-1970 წლის 9 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება - ს.ფ. 21-23;

- სანოტარო მასალები - 14-25;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თეთრიწყარო, დ---------–----------------------ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს ა--–-- ო------ი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებული არგუმენტაცია ფაქტობრივ და სამართლებრივ ნაწილში, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს.

 

საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

 

საკუთრების უფლების კონკრეტული გარანტია მოცემულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და ხელშეუვალია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, არამედ მითითებული მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1964 წლის 23 ივლისის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–---------------------, ფაქტიური ფართობი 1286 კვ.მ. მიწის ფართი უ.დ.დ-დ გარეშე 1994 წლამდე და საცხოვრებელი სახლი აღრიცხულია ლ---- ა--–--ის ძე ო------ის საკუთრებაში.

 

1964 წლის 23 ივლისის შეფასების აქტის თანახმად კი თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–-------------------- მდებარე შენობა ნაგებობის მესაკუთრედ ფიქსირდება ა--–-- პ-----ეს ძე ო------ი. ლ---- ა--–--ის ძე ო------ი გადაშლილია /გაუქმებულია.

 

1970 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად, ა--–-- პ-----ეს ძე ო------მა თავის შვილს ლ---- ა--–--ის ძე ო------ს აჩუქა თავის საკუთრებაში არსებული სახლიდან ერთი მეორედი ნაწილი, მდებარე მისამართზე, მ----–---------------------.

 

სააღრიცხვო მასალებში წარმოდგენილია 1985 წლის შეფასების აქტი, სადაც მფლობელად დაფიქსირებულია ლ---- ო------ი და ა--–-- ო------ი, ხოლო სააღრიცხვო მასალის თავფურცელზე ა--–-- ო------ი გადახაზულია უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, ერთიანი საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე უძრავი ქონების მიმართ უფლებების რეგისტრაცია ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურის ფუნქციებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები ახორციელებდნენ. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების კომპეტენციას მიეკუთვნებოდა უძრავ ქონებაზე, მათ შორის შენობა-ნაგებობაზე საკუთრებისა და სხვა უფლების რეგისტრაცია, მანამდე, სანამ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 10 იანვრის №2-5 ბრძანების თანახმად ამოქმედდა საჯარო რეესტრის სამსახური.

 

2017 წლის 26 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა---------–---–ის წარმომადგენლმა დ--------------–---–მა და მოითხოვა ხარვეზის გასწორება, მდებარე: თეთრიწყაროს რაიონის დ---------–----------------------------------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე და შესწორებული ცნობა დახასიათების გაცემა, რადგან ცნობა -დახასიათებაში მითითებულია ლ---- ა--–--ის ძე ო------ი, მასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ა--–-- ო------ი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 აპრილის #2------------ გადაწყვეტილებით, ა---------–---–ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ხარვეზის შესწორებაზე, ვინაიდან სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე "საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-61 მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ხარვეზის შესწორებაზე) უარის თქმის შესახებ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა---------–---–ის წარმომადგენელს დ--------------–---–ს #2-------- (04.05.2017) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, რომ:

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოს, ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა;

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტის თანახმად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა;

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და გასაცნობად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვისას, სამსახურის რეალაქტი (ინფორმაციის გაცემა) კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი სწორად ასახავს არქივში დაცული დოკუმენტაციის მონაცემებს. დაინტერესებული პირისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს უკანონო რეალაქტს;

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა;

 

მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი დავობს საინფორმაციო ხასიათის რეალაქტის - ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ №TT2------------ (26.04.2017) გადაწყვეტილების სისწორის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად კანონსაწინააღმდეგოა შესრულებული რეალური მოქმედება. სააგენტო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული რეალაქტი უნდა პასუხობდეს სამართლის ნორმით დადგენილ მოთხოვნებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოიცავს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მოქმედებას, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

 

დაინტერესებული პირის მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეალაქტის მოთხოვნას. საინფორმაციო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვისას, სამსახურის რეალაქტი (ინფორმაციის გაცემა) კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი სწორად ასახავს არქივში დაცული დოკუმენტაციის მონაცემებს. დაინტერესებული პირისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს უკანონო რეალაქტს;

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები ლიკვიდირებულ იქნენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულების საფუძველზე. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 იანვრის №21 ბრძანებულება. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულება გამოქვეყნდა 2004 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივის სახით გადმოეცა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალები, რომლებშიც ცვლილების შეტანა ან ტექნიკური ხარვეზის შესწორება არ ხდება. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ინფორმაციას გასცემს სააგენტოს საინფორმაციო სამსახური, მხოლოდ მასთან დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით და საინფორმაციო ხასიათის ცნობა-დახასიათება უნდა შეესაბამებოდეს არქივში დაცულ ინფორმაციას;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ მიიჩნია, რომ საინფორმაციო სამსახურის მიერ 2017 წლის 26 აპრილს #TT2------------ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ინფორმაცია შეესაბამება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ და სააგენტოში დაცულ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, არ დასტურდება დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანა, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა და, შესაბამისად, ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ №TT2------------ (26.04.2017) გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, გამოკვლევა-შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას. მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

 

მოპასუხე ადასტურებს, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ინფორმაციას გასცემს სააგენტოს საინფორმაციო სამსახური, მხოლოდ მასთან დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით და საინფორმაციო ხასიათის ცნობა-დახასიათება უნდა შეესაბამებოდეს არქივში დაცულ ინფორმაციას;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სააღრიცხვო მასალებში დაცულია 1970 წლის შეფასების აქტი (ს.ფ. 163, 167), რომელშიც თარიღი გადახაზულია და მითითებულია 1982 წელი, რომლის თანახმად თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–-------------------- მდებარე შენობა ნაგებობის მესაკუთრეებად ფიქსირდება ა--–-- პ-----ეს ძე ო------ი და ლ---- ა--–--ის ძე ო------ი, საფუძველი 09.02.1970 წლის ჩუქების ხელშეკრულება, გაცემული თეთრიწყაროს სანოტარო კანტორის მიერ. აღნიშნული სააღრიცხვო ჩანაწერით დასტურდება, რომ ა----– ო------მა და ლ---- ო------მა დაარეგისტრირეს 1970 წლის 09 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება, შესაბამისად თითოეულზე დამოუკიდებლად აღირიცხა თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–-------------------- მდებარე შენობა ნაგებობის ½ წილი.

 

სააღრიცხვო მასალებში დაცულია ასევე 1985 წლის 05 მარტის შეფასების ნაერთი აქტი შენობაზე, მიშენებაზე, ეზოს ნაგებობაზე და სხვა (ს.ფ.90, 92), სადაც მფლობელად დაფიქსირებულია ლ---- ო------ი და ა--–-- ო------ი. ხოლო ტექნიკური ბარათის თავფურცელზე (ს.ფ. 86), რომელიც შედგენილია 1964 წლის 23 ივლისს ა--–-- ო------ი გადახაზულია და მითითებულია ლ---- ა----–ის ძე ო------ი. ლ---- ა----–ის ძე ო------ის გასწვრივ მითითებულია 1970 წლის 09 თებერვალი, ჩუქების ხელშეკრულების დადების თარიღი, მაგრამ აღნიშნულ ტექნიკური ბარათის თავფურცელზე მითითებული არ არის ა--–-- ო------ის გადახაზვის- გადაშლის თარიღი, საფუძველი და ასევე მითითებული არ არის შესწორების გაკეთების თაობაზე რაიმე ჩანაწერი, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა შესწორების შეტანის შემთხვევაში. სასამართლო განმარტავს რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ინფორმაციის გაცემისას სრულყოფილად და ყოველმხრივ უნდა შეისწავლოს მასთან დაცული დოკუმენტები და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ ტექნიკური აღრიცხვის მასალების თავფურცელი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს (რომელზე დაყრდნობითაც იგი გასცემს შესაბამის ცნობა-დახასიათებას) არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კანონიერად.

 

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თეთრიწყარო, დ---------–----------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ა--–-- ო------ი, ხოლო 09.02.1970 წლის ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ იგი დარჩა აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ა--–-- ო------მა აღნიშნულ წილზე დაკარგა უფლება და მისი გადახაზვა ტექნიკური აღრიცხვის მასალების თავფურცელზე განხორციელდა კანონიერად. მარტო ის გარემოება რომ მისი სახელი გადახაზულია ვერ გახდება საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძველი. მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულფასოვნად არ იქნა გამოკვლეული და სწორად არ იქნა შეფასებული საქმის გარემოებები. მათ მიერ ცნობა-დახასიათება მომზადებული იქნა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თავფურცელზე მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათ მიერ არ მომხდარა ამავე ტექნიკური აღრიცხვის ბარათთან დაცული შეფასების აქტების გამოკვლევა, ურთიერთშედარება და მათში მითითებული ინფორმაციის იმგვარად შეფასება, რომ არ დარღვეულიყო დაინტერესებული მხარის კანონით დაცული ინტერესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე ა---------–---–ის კანონიერ უფლებას და ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2017 წლის 26 აპრილის #2------------ და 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილებები.

 

7.3. მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, სახეზეა მისი მოთხოვნის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ეს მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, გასცეს ცნობა დახასიათება ა--–-- ო------ის სახელზე თეთრიწყაროს რაიონის დაბა მ----–---- კიროვის (თამარის) ქ----- -ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის კუთვნილების შესახებ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1 საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხეს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისრო მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2017 წლის 26 აპრილის #2------------ და 2017 წლის 31 მაისის #1----- გადაწყვეტილებები.

3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გასცეს ცნობა დახასიათება ა--–-- ო------ის სახელზე თეთრიწყაროს რაიონის დაბა მ----–---- კ-------------------- ქ----- -ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის კუთვნილების შესახებ.

4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მდებარე თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N11) მეშვეობით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე