გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2018
საქმის ნომერი
140210017001856872
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001856872

საქმე №2/448-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - კ-------–-----–--ე

მოპასუხე - სს „ინტურისტი“

წარმომადგენელი - ბ--------------–---–ი

 

დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული ჰონორარის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ინტურისტს მოსარჩელე კ-------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2010 წელს კ-------–-----–--ე იცავდა სს „ინტურისტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ი-–----------ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულისა გამო. სს „ინტურისტს“ საქმიანობა მოიცავდა სასტუმროს და რესტორნის ფუნქციონირებას. ი-–----------ე იყო აქციების უმრავლესობის მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სააქციო საზოგადოების ფაქტობრივი მმართველი, ხოლო დირექტორი გახლდათ მისი შვილი დ-------------ე. 2010 წელს კ-------–-----–--ე ი-–----------ის ინტერესებს იცავდა მისი დაკავებიდან საქმის წარმოების დამთავრებამდე. 2010 წლის დეკემბერში პროკურატურასა და ი-–----------ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების პარალელურად პროკურატურის მხრიდან მოთხოვილი იქნა სასტუმრო „ინტურისტის“ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. კ-------–-----–--ის მონაწილეობით და აქტიური მუშაობით სს „ინტურისტის“ საგადასახადო ურთიერთობების მოგვარება შემოსავლების სამსახურთან, გასწორდა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, შეიქმნა შესაბამისი დოკუმენტები და ხელშეკრულებები, მოეწყო შეხვედრები და ვიზიტები პროკურატურაში, შემოსავლების სამსახურში, ხოლო სამეწარმეო რეესტრში, მიმდინარეობდა მუშაობა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებისათვის და ა.შ. ანუ ი-–----------ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გარდა, მან სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ განახორციელა გარკვეული საქმიანობა, რაზეც მიუთითა, რომ დაადასტურებდა თავად დ-------------ე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მასა და სს „ინტურისტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვითაც სს „ინტურისტი“, საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, კისრულობდა ვალდებულებას, ადვოკატისათვის გადაეხადა ჰონორარი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებაში მოიაზრებოდა ი-–----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება, სს „ინტურისტის“ ქონების შენარჩუნება და ჩამორთმევის შემთხვევაში, მისი დაბრუნება. თავიდანვე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაფორმების დროს ჩადებული იყო ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც და რამდენიმე წლიანი გამოძიების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ აღნიშნული ქონება, როგორც უკანონოდ ჩამორთმეული, დაუბრუნდა სააქციო საზოგადოებას, რის შესახებაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში უნდა არსებობდეს შესაბამისი საქმის მასალები. 2016 წლის მაისის თვეში სს „ინტურისტს“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოებას დაუბრუნა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. ქონების დაბრუნების დროსაც და გამოძიების მიმდინარეობის დროს კ-------–-----–--ის განმარტებით, მან მოაწესრიგა გარკვეული დოკუმენტაცია, აწარმოა პირადი მოლაპარაკებები საგამოძიებო ორგანოებთან, განახორციელა არაერთი ვიზიტი, რის შემდეგაც 2010 წლის დეკემბერში ი-–----------ესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო 2016 წლის მაისში ინტურისტის ქონება დაუბრუნდა მესაკუთრეს, თუმცა ი-–----------ის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა და უარი განაცხადა ჰონორარის გადახდაზე.

 

მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვისას, ახსნა-განმარტების ეტაპზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სს „ინტურისტმა“ იკისრა ვალდებულება, რომ ი-–----------ის დაცვისა და ამ ქონების დაბრუნების შემდეგ ადვოკატისათვის გადაეხადა საადვოკატო მომსახურებისათვის ჰონორარი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა 2016 წლის მაისში მოპასუხის მხრიდან, მიუხედავად ქონების დაბრუნებისა, თანხის გადახდის პირობა არ შესრულდა. რაც შეეხება სს „ინტურისტისათვის“ სახელმწიფოს მხრიდან უძრავი ქონების დაბრუნებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში სავალდებულო პირობად, რომ მაინცდამაინც კ-------–-----–--ე უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი ამ ქონების დაბრუნების პროცესში, ასეთი პირობა გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა მას მონაწილეობა აქვს მიღებული სს „ინტურისტის“ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, რაც ამ ქონებას ეხებოდა, კერძოდ, რეგისტრაციის ნახაზების დაზუსტებაში და ა.შ., ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული, რაც საჯარო რეესტრის მასალებში ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მისი მონაწილეობით განხორციელდა, მაგრამ დ-------------ის ხელმოწერებით. მოსარჩელის მითითებით, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას უძრავი ქონების დაბრუნებაში, კუთვნილი ჰონორარი მაინც უნდა მიეღო. მისი განმარტებით, ხელშეკრულებაში ჰონორარის ანაზღაურების ორი პირობა იყო ჩადებული; პირველი - ნებისმიერი სამართლებრივი საფუძვლით ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლება, მეორე პირობა სს „ინტურისტისათვის“ უძრავი ქონების შენარჩუნება, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში ქონების დაბრუნების შემდეგ უნდა აენაზღაურებინათ ჰონორარი (იხ. სარჩელი და 15.01.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15:30:56; 16:10:42).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს „ინტურისტის“ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მოსარჩელეს რაიმე ფორმით მონაწილეობის ან წარმომადგენლობის უფლებამოსილება არ გააჩნდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მის სახელზე მინდობილობა არ გაცემულა, დავაში ჩართული იყვნენ ადვოკატი ვახტანგ ძიძიგური, ასევე სს „ინტურისტის“ წარმომადგენელი ვასილ ბუთხუზი და კ-------–-----–--ეს ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, თითქოს მან შემოსავლების სამსახურთან მოაგვარა სს „ინტურისტის“ პრობლემები, ხოლო პროკურატურაში განახორციელა ვიზიტები, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან სს „ინტურისტს“ შემოსავლების სამსახურთან ისევ აქვს იმდროინდელი პრობლემები, პროკურატურაში ვიზიტები კი უკავშირდებოდა მის მოწმედ დაკითხვას. გარდა ამისა, სს „ინტურისტის“ დირექტორი არ იყო უფლებამოსილი სს „ინტურისტის“ უძრავი ქონების გასხვისებასა ან კაპიტალდაბანდებაზე დაედო ხელშეკრულება სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე. მოსარჩელე შეპირდა მოპასუხეს, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გია მადუაშვილსაც მოაწრინებდა ხელს, მაგრამ პირობა არ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულებას არ აქვს იურიდიული ძალა. იმის გამო, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, მოპასუხემ ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულება გაუქმებული იყო. ამასთან, ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასური უნდა ანაზღაურებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხელშეკრულება დადებულია 2010 წელს და მიუხედავად იმისა, რომ თვე და რიცხვი არ არის მითითებული, ხელმოწერილია არა საპროცესო შეთანხმების მიღწევამდე, არამედ, ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლების (21 დეკემბერი) შემდეგ და 31 დეკემბერსაც რომ გაფორმებულიყო ხელშეკრულება, სარჩელის შეტანისას გასულია 6 წელზე მეტი. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი და 15.01.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15:33:56-15:44:17).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა გორის რაიონულ პროკურატურასა და ი-–----------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ი-–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა , რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სსარგებლოდ, დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და ი-–----------ე გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენი

 

3.2.2. ი-–----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ი-–----------ის ინტერესებს იცავდა ადვოკატი კ-------–-----–--ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.2.3. მოსარჩელეს კ-------–-----–--ესა და მოპასუხე სს „ინტურისტს“ შორის 2010 წელს (თვე და რიცხვი არ არის მითითებული) გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების თაობაზე, ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლების და ასევე სს „ინტურისტის“ მიერ უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის ჩუქების (2006 წლის 21 დეკემბერი) შემდეგ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2010 წლის (თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ხელშეკრულება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

2010 წლის ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ სს „ინტურისტსა“, მისი დირექტორს დ-------------ის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს: ი-–----------ის და გია მადუაშვილის სახით, შემდეგში „კლიენტი“ და მეორეს მხრივ ადვოკატი კ-------–-----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:

 

იურიდიული მომსახურების გაწევა ი-–----------ის სისხლის სამართლის საქმეზე და სს „ინტურისტის“ საქმეებზე პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საგადასახადო ორგანოებსა და სასამართლოში (საქმის დასახელება, მომსახურების სახე, საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოსა თუ სხვა ორგანოს დასახელება) (ხელშეკრულების მე-2 პუნქტი).

 

კლიენტი ვალდებულია დროულად და სრულად გადაუხადოს ადვოკატს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი)(ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტი).

 

ხელშეკრულებით ჰონორარის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრება ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით, სააქციო საზოგადოების ქონების სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დარჩენის (ან ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნების) შემთხვევაში. ადვოკატის და კლიენტის შეთანხმების შემთხვევაში ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს ნატურად: სს „ინტურისტის“ საკუთრებაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახის საკუთრებაში გადაცემის გზით. გადახდა უნდა განხორციელდეს სს „ინტურისტის“ ქონების საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი).

 

იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. აღნიშნული შეთანხმება დანართის სახით უნდა დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 4.2. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან.

 

3.2.4. 2010 წლის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების თაობაზე არ არის ხელმოწერილი მხარეთა მიერ

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2010 წლის (თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ხელშეკრულება

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ სს „ინტურისტის“ დირექტორი დ-------------ე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ი-–----------ე და გია მადუაშვილი და მეორეს მხრივ კ-------–-----–--ე, ხელშეკრულება კი არ არის ხელმოწერილი გია მადუაშვილის მიერ.

 

3.2.5. 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებით, ს--------------მა“ და შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, სტალინის ქ. 26, ს/კ: 66.45.20.069, რომელზედაც გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 21.12.2010 წ. ხელშეკრულება ჩუქების შესახებ

 

3.2.6. 2012 წლის 30 ოქტომბრიდან სს „ინტურისტმა“ აწარმოა არაერთი დავა მის მიერ 21.12.2010 წელს გაჩუქებული ქონების დაბრუნების მიზნით, კერძოდ, მან სარჩელი შეიტანა გორის რიონულ სასამართლოში, შემდეგ დავა გაგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რა დროსაც მის ინტერესებს იცავდა ვასილ ბუთხუზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ადმინისტრაციული სარჩელი და კერძო საჩივარი;

- გორის რაიონული სასამართლოს 31.10 2012 წ. განჩინება;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.12.2012წ. განჩინება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2013წ.განჩინება;

 

3.2.7. 2016 წლის 25 მაისს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „ინტურისტს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს--------------ს“ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, სტალინის ქ. 26, ს/კ: 66.45.20.069, რომელზედაც გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 25.05.2016 წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება პირობებით

 

3.2.8. 2012 წლის 18 ოქტომბრიდან სს „ინტურისტის“ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდნენ სს „ინტურისტის“ თანამშრომელი ვასილ ბუთხუზი და ვახტანგ ძიძიგური

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 18.10.2012წ. მინდობილობები;

- ადმინისტრაციული სარჩელი და კერძო საჩივარი;

- გორის რაიონული სასამართლოს 31.10 2012 წ. განჩინება;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.12.2012წ. განჩინება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2013წ.განჩინება;

 

3.2.9. მოთხოვნა არის ხანდაზმული

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე კ-------–-----–--ის სარჩელი სს „ინტურისტის“ მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 68-ე, 69-ე, 99-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე, 183-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 102-ე, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულია პირის მიერ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მან მოპასუხეს გაუწია იურიდიული მომსახურება, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, კერძოდ არ გადაიხადა მომსახურების საფასური.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა, მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების მიღება, მოპასუხემ კი თავის მხრივ მოსარჩელის მოთხოვნას დაუპირისპირა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დასადგენია რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, უფლებამოსილია თუ არა კრედიტორი მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება და ეკისრება თუ არა მოვალეს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება კრედიტორის წინაშე.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების არსებობის საფუძველია მხარეთა შორის არსებული ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულება. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შინაარსის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-646-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - შემკვეთსა და მენარდეს გააჩნიათ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულების მხარეებს შორის სადავოა საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურება და ასევე ადვოკატის მხრიდან სრულყოფილი მომსახურების გაწევა, კერძოდ, ადვოკატი (მენარდე) ამტკიცებს, რომ მან გაუწია სრულყოფილი მომსახურება, თუმცა შეთანხმებული ჰონორარი მას არ გადაუხადეს, ხოლო მენარდე ამტკიცებს, რომ არ არსებობს ხელშეკრულება, მითუმეტეს ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაო (მომსახურება) ადვოკატს არ შეუსრულებია და ამასთანავე მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად, მას ჰონორარის გადახდის ვალდებულება არ გააჩია.

 

ამდენად, მხარეებს შორის სადავოა, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე ხელშეკრულების პირობები.

 

6.5. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. აღნიშნული გულისხმობს გარიგებისთვის სპეციალურად შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას.

 

რაც შეეხება ამავე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირებას - „კანონით დადგენილი ფორმა“, მასში იგულისხმება ყველა სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა აწესებდეს ფორმის სავალდებულოობას. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებისთვის დადგენილია სავალდებულო ფორმა, მაშინ ხელშეკრულების დადებაზე განაცხადს (ოფერტს) და მასზე აქცეპტს სჭირდებათ დადგენილი ფორმის დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ფორმის სავალდებულოობას მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენის მიმართ აწესებს. როგორ წესი, მთლიანი გარიგება საჭიროებს ფორმის დაცვას, როდესაც მასში დარეგულირებულია ის სამართლებრივი ურთიერთობა და მისგან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც საჭიროებს ფორმის დაცვას. მაშასადამე, სავალდებულო ფორმის დაცვას ექვემდებარება ყველა სახის ნების გამოვლენა, რომელიც მხარეთა წარმოდგენით ხელშეკრულების შინაარსი უნდა გახდეს. შესაბამისად, ფორმასავალდებულოა არა მხოლოდ ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილები მაშასადამე, მხარეები და მათი (ძირითადი) ვალდებულებები, არამედ ვალდებულების შესრულების პირობები, ვადები, გადახდის შესახებ დათქმები და დამატებითი შეთანხმებებიც. ფორმის სავალდებულოობა ვრცელდება ასევე მოგვიანებით დადებულ დამატებით, გარიგების ცვლილების ან გაუქმების შეთანხმებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, გარდა ადვოკატის მომსახურებისათვის ჰონორარის ანაზღაურებას ფულადი თანხით, ასევე სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებაზე, რომლითაც შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, ჰონორარი აანაზღაუროს ნატურით, კერძოდ, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით, რაც სავალდებულო ფორმის დაცვას ექვემდებარება, ვინაიდან სამოქალაქო ქოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება. ამასთან, სს „ინტურისტის“ წესდების 7.8. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს უძრავი ნივთის გასხვისება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, კი თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, ნამდვილად (დადებულად) ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი არ ადგენს სავალდებულო ფორმას და შესაძლებელია ხელშეკრულება გაფორმდეს ზეპირი ფორმით, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია უძრავი ქონების გასხვისების შესაძლებლობა, ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა სავალდებულოა. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, თუ როგორ არის შედგენილი თავად წერილობითი დოკუმენტი, ვინაიდან ფორმის სავალდებულოობის მიზანი მასში ჰპოვებს ასახვას. წერილობითი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მასში დარეგულირებული გარიგების აუცილებელ პირობებს (მაგ. ხელშეკრულების მხარეები, გარიგების საგანი, ფასი და ა.შ.). თუ რა სიტყვები უნდა იქნეს გამოყენებული დოკუმენტის შედგენისას, კანონში არ არის მოცემული, თუმცა, წერილობით დოკუმენტში მითითებები ზეპირ შეთანხმებებზე არასაკმარისია. დოკუმენტის მიმართ მოქმედებს სისრულისა და სისწორის პრეზუმცია, იმისგან დამოუკიდებლად, შედგენილია იგი საკანონმდებლო თუ მხარეთა მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. ვარაუდი ვრცელდება მხარეთა შეთანხმებაზე, მაშასადამე, დოკუმენტში ასახული გარიგების შინაარსზე და გულისხმობს, რომ მასში მოცემული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება სრულად და სწორად არის გადმოცემული.

 

6.7. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლში მითითებული ნორმა 68-ე მუხლთან კავშირში ქმნის ერთიან საფუძველს გარიგების ფორმის თავისუფლების პრინციპის განსამტკიცებლად იგი ამასთანავე განსაზღვრავს გარიგების ფორმის სახეებს. ნორმის პირველი ნაწილი ეხება უშუალოდ გარიგების ფორმის სახეებს („ზეპირი“ და „წერილობითი“). ნორმის მეორე ნაწილი აზუსტებს 68-ე მუხლის დანაწესს, კერძოდ, იგი განმარტავს 68-ე მუხლში მოცემულ „კანონით დადგენილ ფორმას“ და მოიაზრებს მასში წერილობით ფორმას. მეორე ნაწილი განამტკიცებს ასევე გარიგების ფორმის თავისუფლების პრინციპს - მხარეებმა თვითონ განსაზღვრონ გარიგების ფორმის სახე, ანუ ზეპირის ნაცვლად გარიგება გააფორმონ მარტივი ან რთული წერილობითი ფორმით, ან გამოიყენონ სხვა ფორმა. ნორმის მე-3 ნაწილი ეხება გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარის/მხარეების მიერ მათი ნების გამოვლინების დადასტურების მექანიზს, ანუ წერილობითი ფორმის კონსტიტუციურ ატრიბუტს - ხელმოწერას. ანუ აღნიშნული ფორმულირება გვაძლევს იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ წერილობითი ფორმა მოითხოვს დოკუმენტის არსებობას, რომელზეც უნდა განთავსდეს მხარეთა ხელმოწერები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინიდან გარიგება არის წერილობითი ფორმით და ამ გარიგების მხარედ სს „ინტურისტის“ დირექტორ დ-------------ის გარდა ასევე მითითებული არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ი-–----------ე და გ--------–---–ი, ხელშეკრულებას ეს უკანასკნელიც უნდა აწერდეს ხელს, თუნდაც რომ ეს ხელშეკრულება, როგორც მოსარჩელემ მიუთითა, ვალდებულების არსებობის აღიარება იყოს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება და შესაბამისად, მასზე ხელმოწერა. ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულების ერთ ერთი პირობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა იყო, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულო იყო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა (აღნიშნული წესი დაცული იყო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების დადებისას).

 

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შეფასება მიეცეს თავად ხელშეკრულებას, მის შინაარსს და მასში მითითებულ პირობებს.

 

6.8. ხელშეკრულების შინაარსთან და მხარეთა ვალდებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენა უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ფაქტის ადეკვატური უნდა იყოს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა თავად ხელშეკრულების პირობები, ხელშეკრულების საგანი, გაწეული მომსახურების ხარისხი, კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეკითხვების ეტაპზე მიუთითა, რომ მას ი-–----------ის ინტერესების დაცვა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე ევალებოდა, თუმცა იგი სს „ინტურისტს“ სხვა საქმეებშიც დაეხმარა და ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს ჰონორარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც სს „ინტურისტი“ თავის ქონებას დაიბრუნებდა, რასაც არ დაეთახმა მოპასუხე მხარე.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

6.11. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ და როგორც უკვე აღინიშნა ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:

 

- იურიდიული მომსახურების გაწევა ი-–----------ის სისხლის სამართლის საქმეზე და სს „ინტურისტის“ საქმეებზე პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საგადასახადო ორგანოებსა და სასამართლოში (საქმის დასახელება, მომსახურების სახე, საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოსა თუ სხვა ორგანოს დასახელება) (ხელშეკრულების მე-2 პუნქტი); ხელშეკრულებით ჰონორარის ანაზღაურების წესი და პირობები განსაზღვრა შემდეგნაირად:

 

კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრება ი-–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით, სააქციო საზოგადოების ქონების სააქციო საზოგადოების საკუთრებაში დარჩენის (ან ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნების) შემთხვევაში. ადვოკატის და კლიენტის შეთანხმების შემთხვევაში ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს ნატურად: სს „ინტურისტის“ საკუთრებაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული ორი ოთახის საკუთრებაში გადაცემის გზით. გადახდა უნდა განხორციელდეს სს „ინტურისტის“ ქონების საკუთრებაში დარჩენის შემთხვევაში ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნებიდან ორი თვის განმავლობაში (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი)

 

იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. აღნიშნული შეთანხმება დანართის სახით უნდა დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 4.2. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ ი-–----------ის მიმართ ბრალდების საქმეზე ადვოკატის მოვალეობის შესრულება, ვინაიდან ხელშეკრულებაში (4.1. პუნქტი) ნათლადაა მითითებული, თუ რა მოიაზრება საქმის წარმატებით დამთავრებაში მითუმეტეს, რომ მოსარჩელე თავად სარჩელში მიუთითებდა, რომ საქმის წარმატებით დამთავრებად მოიაზრებოდა ი-–----------ის მიმართ წარმოებულ ს.ს. საქმეზე საპროცესო შეთანხმების მიღწევა, სს „ინტურისტის“ ქონების შენარჩუნება და ჩამორთმევის შემთხვევაში დაბრუნება, თუმცა აღნიშნული პირობა თავიდანვე გაუგებრობას და ბუნდოვანებას იწვევს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა მას შემდეგ, რაც ი-–----------ე გათავისუფლდა პატიმრობიდან, სს „ინტურისტმა“ კი სახელმწიფოს აჩუქა უძრავი ქონება, ე.ი. ხელშეკრულება გაფორმდა უკვე შესრულებულ მომსახურებაში და არარსებულ უძრავ ქონებაზე.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც გარდა იმისა, რომ არ არის დათარიღებული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი, ძალაში შესული და მოსარჩელის მხრიდან არ არის შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად, მოსარჩელე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს (სარჩელში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე მიცემულ განმარტებებთან), ე.ი. მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა სათანადო სტანდარტით მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მომსახურების მიმღების ვალდებულებას, გადაიხადოს ამ მომსახურების ფასი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში თვე და რიცხვი არ არის მითითებული, სასამართლოს სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც ი-–----------ესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გათავისულფლდა პატიმრობიდან, ანუ 2010 წლის 21 დეკემბრის შემდეგ. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდა არა უშუალოდ ადვოკატსა და იმ პირს შორის, რომლის ინტერესებსაც იცავდა ადვოკატი, არამედ იურიდიულ პირს, სს „ინტურისტს“ შორის და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა დადებულად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ ადვოკატი კ-------–-----–--ე და მეორეს მხრივ სს „ინტურისტის“ დირექტორი დ-------------ე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ი-–----------ე და გ--------–---–ი, ხელს არ აწერს გ--------–---–ი, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევდა სასამართლო, ადვოკატს თანხის ანაზღარების შესახებ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ხელშეკრულების დადებისთანავე, ანუ მაქსიმუმ 2010 წლის 31 დეკემბრიდან, ვინაიდან ამ ხელშეკრულების 4.2. პუნქტში პირდაპირაა მითითებული, რომ თანხის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში, რომელიც დანართის სახით უნდა დართვოდა ხელშეკრულებას, მითითებული დანართი კი არც ხელშეკრულებას ერთვის და არც მხარეს წარმოუდგენია დამატებით სასამართლოსთვის. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰონორარი უნდა მიეღო მხოლოდ უძრავი ქონების დაბრუნების შემდეგ, ვინაიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტის დანაწესი ეხება ჰონორარის ნატურით ანაზღაურებას და მოსარჩელის პოზიციას იმთავითვე გამორიცხავს ხელშეკრრულების 4.2. პუნქტი.

 

ამდენად, მოსარჩელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2010 წლის ბოლოდან, მან კი სასამართლოს მიმართა 2017 წლის 09 მარტს, ანუ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით, კ-------–-----–--ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სს „ინტურისტს“ აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქნების, მდებარე ქ. გორი, სტალინის ქ. 26 ს/კ: 66.45.20.069 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. კ-------–-----–--ის სარჩელი მოპასუხე სს „ინტურისტის“ მიმართ, საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ სს „ინტურისტისათვის“ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორი, სტალინის ქ. 26 ს/კ: 66.45.20.069 გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი