გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001274188
№2-627/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელეები - ზ----------------ა, შ---------------ა, თ--------------ე, ჯ------------------ე
წარმომადგენელი - დ-------------
მოპასუხეები - გ---------------–---–ი, თ-------–------ე
წარმომადგენელი - ნ-------------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს გ---------------–---–სა და თ-------–------ეს მოსარჩელეების ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ის, ჯ------------------ის სასარგებლოდ 1550 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს და მოპასუხეებს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებს ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ეს, ჯ------------------ეს უნდა ჩაეტარებინათ სამშენებლო სამუშაოები მოპასუხეების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქN111, ბინა 74.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ 2015 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ნამდვილად იქნა ჩატარებული სამშენელო სამუშაოები მოპასუხეთა საცხოვრებელ მისამართზე. კერძოდ მათ მიერ ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქN111-ში მდებარე N74 ბინაში, რომელიც მდებარეობს საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულზე ჩატარებული იქნა ბინის ოთახებად დაყოფის დაგეგმარების სამუშაოები, აზიდული იქნა სამშენებლო მასალები, ქვიშა და საჭირო რაოდენობის ცემენტი. ასევე აწარმოეს სამოთახიან ბინაში შიდა ტიხრების ამოშენება, შელესეს მთლიანი ბინის კედლები, მოჭიმეს იატაკი. ზეპირი შეთანხმების თანახმად შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხეებს სულ უნდა გადაეხადათ 2050 ლარი, საიდანაც ნახევარი, ანუ 1025 ლარი უნდა გადაეხადათ სამუშაოების დასრულებისთანავე, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დაეფარათ 2015 წლის 30 აპრილამდე.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მოპასუხეებმა გადაიხადეს მხოლოდ 250 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მათ მიერ დღემდე არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ის, ჯ------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეებს გ---------------–---–ს და თ-------–------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ 1550 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებმა აიღეს ვალდებულება ჩაეტარებინათ სამშენებლო სამუშაოები მოპასუხეების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქN111, ბინა 74-ში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ შესრულებული იქნა შეთანხმებით ნაკისრი სამუშაოები, ხოლო მოპასუხეების მიერ არ გადახდილა უკვე შესრულებული სამუშაოების საზღაური სრულად, რის გამოც მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელეების მიმართ შეადგენს 1550 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეეებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების სახით 1550 ლარის დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ასევე მათ მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის 2ე-3 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემული დავა წარმოადგენს მაგისტრ მოსამართლის განსახილველ დავას, შესაბამისად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს, მოსარჩელეების მიერ კი წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება, მათვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ის, ჯ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა გ---------------–---–ის და თ-------–------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
1.1. მოპასუხეებს გ---------------–---–ს და თ-------–------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ის, ჯ------------------ის სასარგებლოდ 1550 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს გ---------------–---–ს და თ-------–------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ის, ჯ------------------ის სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება, მათვე დაეკისროთ მოსარჩელეების მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელეებს ზ----------------ას, შ---------------ას, თ--------------ეს და ჯ------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ მათ მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე