გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2018
საქმის ნომერი
010210016001637087
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001637087

# 2-3828/2016

გადაწყვეტილება

საქართველოსსახელით

30/06/2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: შპს ,,მ-------------’’ (დირექტორი ავ--------– ა--–--ე)

წარმომადგენელი: ალექსანდრე ბერაია

მოპასუხე: შპს ,,ბა-----------’’

წარმომადგენელი: მუ-------------ე, ავ--------– ბუსხრიკიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

- მოპასუხეს დაეკისროს 20 732 ლარის გადახდა, ძირითადი ვალდებულების სახით - 10 725 ლარი, პირგასამტეხლოს სახით - 10 007 ლარი.

- მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2012 წლის 5 ნოემბერს შპს ,,ბა-----------’’-სა და შპს ,,მი-----------’-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდეს, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N------ში უნდა განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო შემკვეთი ღებულობდა ვალდებულებას გადაეხადა მენარდისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოებისთვის.

- შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე 58.75 ლარი. შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტი მხარეთა შორის შედგა 2013 წლის 26 მარტს, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 69 375 ლარი.

- დამკვეთის მიერ ეტაპობრივად იქნა გადახდილი თანხების ნაწილი, აქტის შედგენიდან 2013 წლის 26 მარტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით დამკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა დარჩენილი 10 725 ლარი, რაც მის მიერ არ გადახდილა.

- 2013 წლის 13 სექტემბრიდან (დამკვეთის მიერ ბოლო გადახდის დღე) გასულია 940 დღე და მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.5%-ისა, მოსარჩელე ამცირებს პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში 0.1%-მდე, რაც დღეში შეადგენს 10.72 ლარს.

- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ არაერთჯერ მოითხოვა მოსარცელემ დარჩენილი დავალიანების გადახდა, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.

- მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,ბა-----------’’-ს ნაცვლად შპს ,,ბა----------"-ის მითითება ტექნიკური შეცდომაა, საიდენტიფიკაციო ნომერი ერთიდაიგივეა (შპს ,,ბა-----------’’-ის) და ხელსაც შპს ,,ბა-----------’’-ის დირექტორი აწერს ხელს.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის აწარმომადგენლის ხსნა-განმარტება, 21.06.2017წ. სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. კერძოდ:

- მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მას პირობები არ დაურღვევია, თუმცა არ მიუთითებს, თუ რატომ არ ეთანხმება დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რას ემყარება მისი შესაგებელი და არც რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია.

- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს წერილობით არ მიუმართავს თანხის გადახდის თაობაზე, რაც სავალდებულოა ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ასევე მოთხოვნა არის ხანდაზმული, მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს არა შპს ,,ბა-----------’’-ს დირექტორი, არამედ შპს ,,ბა----------"-ის დირექტორი და შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 21.06.2017წ. სხდომის ოქმი).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უდავოა, რომ 2012 წლის 5 ნოემბერს შპს ,,ბა-----------’’-სა და შპს ,,მი-----------’-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდეს, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N------ში უნდა განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო შემკვეთი ღებულობდა ვალდებულებას გადაეხადა მენარდისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოებისთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2012 წლის 05 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე 58.75 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2012 წლის 05 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა:

- მოპასუხემ შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხე განმარტავს, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. თუმცა არ უარყოფს, რომ მის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებითა და შესრულებული სამუშაოების აქტით განსაზღვრული თანხიდან დარჩენილი 10 725 ლარის გადახდა.

- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სადავოდ გახადა მოთხოვნის ხანდაზმულობა, მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა, ასევე მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს სრულად შესრულებას, მეორე მხარე უარყოფს მას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სამუშაოების ხელშეკრულების მიხედვით შესრულების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სრულყოფილად. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მხოლოდ მისთვისაა შესაძლებელი.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე სადავოდ არ გაუხდია მოთხოვნის ხანდაზმულობა, მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა, ასევე ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე და 219-ე მუხლების თანახმად, სასამრთლოს მთავარ სხდომაზე მხარეები შეზღუდული არიან წარადგინონ ახალი მტკიცებულებები და მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებ არ იყო მითითებული სარჩელში და შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობდა საპატიო მიზეზი. სარჩელი აღძრულია 2016 წლის 08 დეკემბერს, ხოლო მოპასუხეს შესაგებელი შემოტანილი აქვს 2017 წლის 30 იანვარს. 2017 წლის 21 ივნისის სხდომამდე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხანდაზმულობა, არც მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა, არ მიუთითებია, რომ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე. ამდენად, სასამართლო მოპასუხის მიერ მითითებულ ამ გარემოებებს ვერ გაიზიარებს, თუმცა სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, ისე რომ არ დაირღვეს შეჯიბრებითობის პრინციპი, მაინც იმსჯელებს მასზე.

 

3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.3. მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,მი-----------’-მ შეასრულა სრულყოფილად, მაგრამ მოპასუხემ არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ან არ გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად. საკითხი, ფაქტის დასადგენად რამდენად ვარგისია წარმოდგენილი მტკიცებულება, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.

ზოგადად ფაქტის არ არსებობის მტკიცებულება არარსებობს.

 

როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, რომ არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მან შეასრულა სამუშაოები.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტი მხარეთა შორის შედგა 2013 წლის 26 მარტს, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 69 375 ლარი.

 

დასახელებული გარემოებების გამორკვევის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,მ-------------’’ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება შპს ,,ბა-----------’’-თან, მენარდეს, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N------ში უნდა განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო შემკვეთი ღებულობდა ვალდებულებას გადაეხადა მენარდისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური შესრულებული სამუშაოებისთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2012 წლის 05 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება;

- შესრულებული სამუშაოების შესახებ 2013 წლის 26 მარტის აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.4. საქმეში წარმოდგენილია სამუშაოების დასრულების შესახებ აქტი, რომელიც მხარეებს შორის შედგა 2013 წლის 26 მარტს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 69 375 ლარი, დამკვეთის მიერ ეტაპობრივად იქნა გადახდილი თანხების ნაწილი, აქტის შედგენიდან 2013 წლის 26 მარტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით, დამკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა დარჩენილი 10 725 ლარი, რაც მის მიერ არ გადახდილა.

 

ფაქტიურად, მოპასუხე არც შესაგებლით და არც ზეპირი ახსნა-განმარტებით არ უარყოფს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, დარჩენილი 10 725 ლარის გადაუხდელობის ფაქტს, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, მთავარ სხდომაზე სადავოდ არ გახადა ხანდაზმულობა, მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა, ასევე, რომ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლის მქონე.

 

საქ. სსკ-ის 137-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,, მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები“. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ მთავარ სხდომაზე გახადა ეს გარემოება სადავოდ, ასეც რომ არ იყოს, ცალსახად დასტურდება, რომ 2013 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,ბა-----------’’-ს ნაცვლად შპს ,,ბა----------"-ის მითითება ტექნიკური შეცდომაა, საიდენტიფიკაციო ნომერი ერთიდაიგივეა (შპს ,,ბა-----------’’-ის) და ხელსაც შპს ,,ბა-----------’’-ის დირექტორი აწერს ხელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და წარუდგინოს დამკვეთს. მოპასუხის მოვალეობაა მიიღოს შესრულება. მოპასუხეს უფლება აქვს თავად მიიღოს ან ვინმეს მიანიჭოს უფლება სამუშაოთა მიღებაზე. რათქმაუნდა, სასამართლოს განმარტება არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ შპს ,,ბათუმი-2012’’-მა სამუშაო უპირობოდ უნდა მიიღოს. ის შეამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხის, შეადარებს ხელშეკრულების პირობებს და შესრულებული სამუშაოს შესწავლის შემდეგ მიიღებს შესრულებას ან მოითხოვს მის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მოყვანას. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შედგა სამუშაოების დასრულების შესახებ აქტი, შესაბამისად მოპასუხე ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაეხადა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოპასუხეს შესრულებული სამუშაოების ნაკლის სესხებ, მისი არსებობის შემთხვევაში, პრეტენზია უნდა წაეყენებია მენარდისათვის, რაც არ განახორციელა. მხოლოდ 3 წლის სემდეგ, ისიც მთავარ სხდომაზე აცხადებს ამის შესახებ, თან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, არ წარმოუდგენია. რათქმაუნდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ არგუმენტაციებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2012 წლის 05 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება;

- შესრულებული სამუშაოების შესახებ 2013 წლის 26 მარტის აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.5. ამდენად დადგენილია მენარდის-მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო დამკვეთის - მოპასუხის მხრიდან მხრიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის - 10 725 ლარის გადაუხდელობის ფაქტი. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ვალდებულების არსებობას, რაცმოსარჩელემ შეამცირა 0.1%-მდე და რაც დღეში შეადგენს 10.72 ლარს, - სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივი სეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილად მიჩნეულ გარემოებას სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ:

- მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 10 725 ლარის გადახდა;

- მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2001,4 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 8005,6 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნაზე უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 .საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შპს ,,ბა-----------’’-ის დაკვეთით შეასრულა სამუშაოები. კერძოდ: შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N----- განახორციელა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დასახელებული სამუშაოების შესრულებისათვის მას ერგება მისი ღირებულების მიუღებელი ნაწილ10725 ლარი.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს ,,ბა-----------’’-ს სურდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ამ მიზნით მან დადო ხელშეკრულება შპს ,,მ------------’’-სთან, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მოსარჩელე განახორციელებდა ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა გადაეხადა 69375 ლარი, რომლის ნაწილიც გადაიხადა და დარჩენილი 10725 ლარი მის მიერ არ გადახდილა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელეს შპს ,,ბა-----------’’-ისათვის უნდა გადაეცა შესრულება. მოპასუხე კი მას აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. სამუშაოები ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ გადახდის სერთიფიკატის, მიღება-ჩაბარების აქტისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. შესაბამისად მხარეებს შორის შედგენილ იქნა სამუშაოების დასრულების შესახებ აქტი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. შპს ,,მ------------’’-ს ვალდებულებაა სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ შპს ,,მ------------’’-მ სამუშაოები შეასრულოს ხელშეკრულების პირობების დაცვით. შპს ,,ბა-----------’’-მა კი მიიღოს შესრულება და აანაზღაუროს მისი ღირებულება. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.

 

მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ბა-----------’’ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 10 725 ლარის ოდენობით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუმცა, მიუხედავად, აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც, მხარეებს აქვთ უფლება ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი და აქცესორული ხასიათის საშუალებანი. სწორედ ამგვარ უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

6.7. კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის, თუ მენარდე შესრულების ვადას გადააცილებდა, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მ------ა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრებას 10 007 ლარის ოდენობით და ვადაგადაცილების პერიოდი 3 წელს შეადგენს. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას, პერიოდს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში, ნაცვლად 10 007 ლარისა, უნდა შემცირდეს 5-ჯერ და დადგინდეს 2001,4 ლარის ოდენობით. სასამართლო კვლავ მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოსარჩელეს სეეძლო უფრო ადრე აღეძრა სარჩელი, არ დალოდებოდა დაახლოებით 3 წლის გასვლას და არ დაეგროვებინა პირგასამტეხლოს თანხა, რაც ნამდვილად არ არის გონივრული და სამართლიანი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 622 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ბა-----------’’-ს მოსარჩელის შპს ,,მი-----------’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ნაწილის - 421,83 ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს ,,მი-----------’-ს 240,17 ლარი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მ-----------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ,,ბა-----------’’-ს მოსარჩელის შპს ,,მ------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ნარდობის საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 10 725 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ,,ბა-----------’’-ს მოსარჩელის შპს ,,მი-----------’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2001.4 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე შპს ,,მი-----------’-ს პირგასამტეხლოს სახით 8005.6 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

5. მოპასუხე შპს ,,ბა-----------’’-ს მოსარჩელის შპს ,,მი-----------’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ნაწილის - 421,83 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოსარჩელეს შპს ,,მი-----------’-ს სახელმწიფო ბაჟი 240,17 ლარის ოდენობით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან, ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30)

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე