გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2018
საქმის ნომერი
010210017002072394
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002072394

№2-3380/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს ”ე-–------”

წარმომადგენელი ა------------

მოპასუხე შპს “ჯ----------”

წარმომადგენელი ა-------–-–--–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს შპს “ჯ----------ს”-ს მოსარჩელე შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ გაწეული მომსახურებიდან გადასახდელად დარჩენილი დავალიანება 18 531 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

1.2. დაეკისროს შპს “ჯ----------ს”-ს მოსარჩელე შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 12 972 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში და პირგასამტეხლოს გადასახდელად დარიცხვა დღეში 92 აშშ დოლარის ოდენობით გაგრძელდეს დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 სექტემბერს შპს „ჯ----------ს“ (დამკვეთი) და შპს „ე-–------ს“ (შემსრულებელი) შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 30 სექტემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელ შპს ,,ე-–------ს’’ დამკვეთი შპს ,,ჯ----------ისათვის’’ საკუთარი მასალით უნდა შეესრულებინა ქ. ბათუმში, ქათამაძის ქ. N11-ში არსებული ინფექციური საავადმყოფოს შენობაში ელექტრო, სანტექნიკური, ჟანგბადის, სათვალთვალო და სუსტი დენის სამონტაჟო სამუშაოები 30.09.26 წლიდან 30.12.16 წლამდე პერიოდში.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, რაც უნდა გადახდილიყო ოთხ ეტაპად, კერძოდ: საერთო ღირებულების 15%-ი, ანუ 26 086.95 აშშ დოლარი დამკვეთს უნდა გადაეხადა ავანსის სახით ხელშეკრულების დადებიდან 05 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან 05 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

 

ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში დამკვეთს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 30.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დამკვეთმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ავანსის სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ის გადახდასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, თუმცა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მენარდე მხარემ, მიუხედავად ამისა, ნაკისრი ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად.

 

მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 124 000 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით 310 000 ლარი (1$=2.50ლ), საიდანაც მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით საერთო ჯამში გადახდილი აქვს 83 150 აშშ დოლარი გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ლარში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 30.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.

- ანგარიშის ბარათი.

 

3.2.3. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მიწოდებული აქვს სხვადასხვა სახისა და ღირებულების საქონელი: 1). 04.02.17 წელს გათბობის ქვაბი და საკვამური ღირებულებით 26 104.80 ლარი (შესაბამისი კურსით 10 786 აშშ დოლარი) 2). 07.02.17 წელს გათბობის ხელსაბანი - ტუალეტი ღირებულებით 27 260 ლარი (შესაბამისი კურსით 10 203 აშშ დოლარი) 3). 13.03.17 წელს 230/50 საცირკულაციო ტუმბო ღირებულებით 1 720 ლარი (შესაბამისი კურსით 685 აშშ დოლარი) 4). 18.03.17 წელს ტუმბო ღირებულებით 1 600.00 ლარი (შესაბამისი კურსით 645 აშშ დოლარი). საერთო ჯამში მიწოდებული აქვს 22 319 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.

 

ამდენად მოპასუხემ მოსარჩელეს, ფულადი თანხითა და მიწოდებული საქონლის ღირებულებით საერთო ჯამში გადაუხადა 105 469 აშშ დოლარი. გამომდინარე აქედან დავალიანების თანხამ შეადგინა 18 531 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 30.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.

- ანგარიშის ბარათი.

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

- შპს „ჯ----------ის“ ელ. წერილი დავალიანების განსაზღვრაზე.

-საინკასო დავალება.

- ანგარიშის ბარათი გადახდის განვადებით საქონლის შეძენაზე.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან დამკვეთმა ავანსის სახით საერთო ღირებულების 15%-ი არ გადაიხადა, მოსარჩელემ ვერ შეძლო საჭირო მასალების დროული შეძენა, რის გამოც გათვალისწინებული სამონტაჟო სამუშაოების დასრულება ნაცვლად 2016 წლის 30 დეკემბრისა, დასრულდა 2017 წლის მარტის თვეში.

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო მოპასუხეს არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად და მას დარჩენილი აქვს გადასახდელად სამუშაოს ღირებულება 18 531 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 30.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.

- ანგარიშის ბარათი.

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

- შპს „ჯ----------ის“ ელ. წერილი დავალიანების განსაზღვრაზე.

-საინკასო დავალება.

- ანგარიშის ბარათი გადახდის განვადებით საქონლის შეძენაზე.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები მათ შორის 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით თავიდანვე შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობაზე. კერძოდ ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში (ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქმედების შეუსრულებლობის ან/და ეტაპობრივი მომსახურების თანხის გადაუხდელობა) „დამკვეთს“ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად აღნიშნული შეთანხმებით პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 1739,13 აშშ დოლარს (მთლიანი ღირებულების 173913 აშშ დოლარის 1%).

 

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამცირებს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს 0.5%-მდე და მის გაანგარიშებას ახდენს არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ დარჩენილი დავალიანების თანხიდან, ანუ 18 531 აშშ დოლარიდან, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 92.00 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 30.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.

 

3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მხარეებს შორის არ შემდგარა მიღება-ჩაბარების აქტები, შესაბამისად მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ვერ დადასტურდება შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რადგანაც არ არის წარმოდგენილი მომსახურების გაწევის უტყუარი მტკიცებულება, ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამასთან სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად შეასრულა სამუშაო, მოპასუხემ მიიღო შესრულებული სამუშაო და დაადასტურა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა სრულად არ აუნაზღაურებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 30.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.

- ანგარიშის ბარათი.

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

- შპს „ჯ----------ის“ ელ. წერილი დავალიანების განსაზღვრაზე.

-საინკასო დავალება.

- ანგარიშის ბარათი გადახდის განვადებით საქონლის შეძენაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ”ე-–------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე შპს “ჯ----------ს“ დაეკისროს შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 18 531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს შპს “ჯ----------ს”-ს მოსარჩელე შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ სარჩელის შემოტანამდე, 2017 წლის 4 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 12 972 აშშ დოლარი ოდენობით გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში და პირგასამტეხლოს გადასახდელად დარიცხვა გაგრძელდეს დღეში 92 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელ შპს ,,ე-–------ს’’ დამკვეთი შპს ,,ჯ----------ისათვის’’ საკუთარი მასალით უნდა შეესრულებინა ქ. ბათუმში, ქათამაძის ქ. N11-ში არსებული ინფექციური საავადმყოფოს შენობაში ელექტრო, სანტექნიკური, ჟანგბადის, სათვალთვალო და სუსტი დენის სამონტაჟო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, რაც უნდა გადახდილიყო ოთხ ეტაპად, კერძოდ: საერთო ღირებულების 15%-ი, ანუ 26 086.95 აშშ დოლარი დამკვეთს უნდა გადაეხადა ავანსის სახით ხელშეკრულების დადებიდან 05 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი წილის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან 05 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური სრულად, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შპს ”ე-–------ის“ მიმართ შეადგენს 18531 აშშ დოლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების ძირითადი თანხის ანუ 18531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა ღირებულების დაგვიანებით გადახდის შემთხვევებში მოპასუხეზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას. კერძოდ მხარეები ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში (ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქმედების შეუსრულებლობის ან/და ეტაპობრივი მომსახურების თანხის გადაუხდელობა) „დამკვეთს“ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამცირებს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს 0.5%-მდე და მის გაანგარიშებას ახდენს არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ დარჩენილი დავალიანების თანხიდან, ანუ 18 531 აშშ დოლარიდან, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 92 აშშ დოლარს. ამასთან მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე 141 დღის ვადაგადაცილებისათვის, რაც შეადგენს 12 972 აშშ დოლარს და ასევე მოითხოვს პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების გაგრძელებას სარჩელის აღძვრის შემდეგ, ანუ 2017 წლის 4 სექტემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გონივრულ შესაბამისობაშია სარჩელით მოთხოვნილ დავალიანებასთან და მხარეთა თავდაპირველ შეთანხმებასთან. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2250 ლარის ოდენობით, ასევე გაწეული იქნა იურიდიული მომსახურეობის ხარჯი 3000 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2250 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ”ე-–------ის” სასარჩელო მოთხოვნა შპს “ჯ----------ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

 

1.1. მოპასუხე შპს “ჯ----------ს“ დაეკისროს შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 18 531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს “ჯ----------ს” მოსარჩელე შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ სარჩელის შემოტანამდე, 2017 წლის 4 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 12 972 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში და პირგასამტეხლოს გადასახდელად დარიცხვა გაგრძელდეს დღეში 92 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.

1.3. მოპასუხე შპს “ჯ----------ს” მოსარჩელე შპს ”ე-–------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2250 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე