განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100117002084878
№1-227/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - დ----- ხ------–---–ი
ბრალდებული - რ----–-- ზ-------ე
ადვოკატი - კ----- ნ----–------ე, დ----- კ------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173300617001 საქმე
ბრალდებულ რ----–-- ზ-------ის მიმართ
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 20.06.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური;
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ნასამართლობის არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული ქ. ბათუმი, დ---------- ქ. N19
ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, დ---------- ქ. N21
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში ტ---- ქ. №10-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე, რ----–-- ზ-------ემ, პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, ხელის სახეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა ნ------- ზ-------ეს და რ----- ზ-------ეს.
2. 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში ტ---- ქ. №10-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე, რ----–-- ზ-------ემ, პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, მჩხლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, ბ---–--- ა----–--ეს გულმკერდის მარცხენა წინა გვერდის ზედაპირზე, მეათე ნეკნთაშუა სივრცეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გულის პარკუჭის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება. შემთხვევის შემსწრე პირების მიერ მოხდა გაშველება, რითაც ბრალდებულს ხელი შეეშალა თავისი მიზნის ბოლომდე შესრულებაში, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ბ---–--- ა----–--ე გადაურჩა სიკვდილს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. ორი პირის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი
4..ბრალდებულმა რ----–-- ზ-------ემ გამოიყენა დუმილის უფლება.
5.. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ------- ზ-------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, მასთან სახლში მივიდნენ მისი ძმა ზ------ ზ-------ე და ძმისშვილი რ----–-- ზ-------ე და მათი შეხვედრა მოხდა ეზოს გარეთ, ქუჩაში. რ----–-- ზ-------ემ მისვლისთანავე დაუწყო მას გინება და დაარტყა ხელი თავის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მისი შვილი, რ----- ზ-------ეც, რომელიც ჩაუდგა შუაში და რ----–-- ზ-------ემ მასაც დაუწყო ცემა.
6.. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ----- ზ-------ემ ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, იგი შეესწრო რ----–-- ზ-------ის მიერ ნ------- ზ-------ის ცემას, იგი ჩაუდგა შუაში და რ----–-- ზ-------ემ მასაც დაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
7. მოწმის სახით დაკითხულმა უ---- წ-----–--ემ და ლ------ ა----–--ემ ასევე დაადასტურეს რ----–-- ზ-------ის მხრიდან რ----- და ნ------- ზ-------ეების ცემის ფაქტი.
8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 ივლისის №004142317 დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, რ----- ზ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა რ----–-- ზ-------ემ ჩაიდინა ორი პირის- ნ------- და რ----- ზ-------ების ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განზრახ მკვლელობის მცდელობა.
10. ბ---–--- ა----–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 30 ივნისს იგი იმყოფებოდა დის ქმარის, რ----- ზ-------ის ოჯახში სტუმრად და შეესწრო რ----–-- ზ-------ესა და რ----- ზ-------ეს შორის მომხდარ ჩხუბს, იგი ამ დროს იჯდა საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ ავტომანქანაში და დაინახა, რომ რ----- ზ-------ე ჩაიკეცა, ამიტომ მივიდა მათ გასაშველებლად, გააშველა და რ----–-- ზ-------ეს ჩაუდგე წინ. ამ დროს გაიგონა რ----- ზ-------ის ყვირილი ფრთხილად რ----–--ის ხელში დანა აქვსო, მაგრამ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, რ----–-- ზ-------ემ ისე სწრაფად დაარტყა მას გულმკერდის არეში და დაჭრა.
11. მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ზ-------ემ დაადასტურა, რომ ბ---–--- ა----–--ე დაჭრა რ----–-- ზ-------ემ. მისი განმარტებით მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახია, თუმცა რ----–-- ზ-------ეს დაუნახა ხელში მეტალის სისხლიანი საგანი, მისივე განმარტებით ბ---–--- ა----–--ის დაჭრა მოხდა იმ დროს, როდესაც იგი გაშველების მიზნით ჩაუდგა წინ რ----–-- ზ-------ეს.
12. მოწმის სახით დაკითხულმა უ---- წ-----–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ბ---–--- ა----–--ე დაჭრა რ----–-- ზ-------ემ. მისი განმარტებით არც მას დაუნახავს დანის დარტყმის მომენტი , თუმცა რ----–-- ზ-------ეს დაუნახა ხელში მეტალის საგანი და ამ დროს დაიძახა ბ---–--- ა----–--ემაც ვაიმე დამჭრესო. მისივე განმარტებით ბ---–--- ა----–--ე არ მონაწილეობდა ჩხუბში და მხოლოდ ცდილობდა გაშველებას.
13. მოწმის სახით დაკითხულმა ლ------ ა----–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ბ---–--- ა----–--ე დაჭრა რ----–-- ზ-------ემ. მისი განმარტებით მართალია მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა რ----–-- ზ-------ეს დაუნახა ხელში მეტალის საგანი-სავარაუდოდ დანა, მისივე განმარტებით მისმა დედამთილმა დაინახა პირველად დანა და დაიძახა ფრთხილად რ----–-- ზ-------ეს დანა აქვსო და ამას მოჰყვა ბ---–--- ა----–--ის დაჭრა.
14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ივლისის №004251517 სამედიცინო დასკვნით, ბ---–--- ა----–--ეს აღენიშნებოდა გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა პარკუჭის დაზიანებით, ჰემოპერიკარდიუმი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე, როგორცსიცოცხლისათვის სახიფათო.
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 აგვისტოს №004667517 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სეროლოგიური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ტ---- ქ. №15-ის მიდებარედ აღებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე რ----–-- ზ-------ის მოკლემკლავებიან პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და ბ---–--- ა----–--ის პერანგზე, ქვედა საცვალზე და მოკლე შორტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომლებიც ეკუთვნის ბ---–--- ა----–--ეს.
12. ბრალდებულმა რ----–-- ზ-------ემ გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება, ხოლო ბრალდებულის ადვოკატებმა განმარტეს, რომ რ----–-- ზ-------ეს ბ---–--- ა----–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რის გამოც იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე რ----–-- ზ-------ის ქმედების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით გადაკვალიფიცირება.
13. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ჩადენილი ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანების არამარტო სიმძიმე, არამედ მისი ლოკალიზაცია და ის თუ რატომ ვერ შეძლო რ----–-- ზ-------ემ თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა.
14. სასამართლოში დაკითხული მოწმეების ნ------- და რ----–-- ზ-------ეების, ლ------ ა----–--ის, უ---- წ-----–--ის ჩვენებებით დგინდება, რომ რ----–-- ზ-------ემ ბიძას -ნ------- ზ-------ეს და ბიძაშვილს რ----- ზ-------ეს, მათ ოჯახებს შორის არსებული სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით თვითონ დაუწყო ჩხუბი და ბ---–--- ა----–--ე მასში ჩაერია გასაშველებლად, შესაბამისად იგი ხსენებულ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ ბ---–--- ა----–--ე, მას შემდეგ რაც გააშველა ისინი, წინ გადაუდგა რ----–-- ზ-------ეს, რომელიც მიიწევდა რ----- ზ-------ის მიმართულებით, რა დროსაც რ----–-- ზ-------ემ ბ---–--- ა----–--ეს განზრახ დაარტყა ხელთ მომარჯვებული მჩხვლეტავ-მჭრელი საგნი გულმკერდის არეში, და მიაყენა სხეულის მძიმე, როგორცსიცოცხლისათვის სახიფათო გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა პარკუჭის დაზიანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ისიც, დანის დარტყმისთანავე რ----–-- ზ-------ე ძალით განარიდა შემთხვევის ადგილს იქ მყოფმა რ----–-- ზ-------ის მამამ, ზ------ ზ-------ემ. დადგენილია ისიც, რომ რ----–-- ზ-------ეს, როგორც კი მან დაჭრა ბ---–--- ა----–--ე, დაედევნენ იქ მყოფი პირები, მათ შორის ლ------ ა----–--ე, მაგრამ რ----–-- ზ-------ე გაიქცა. შესაბამისად დაცვის მხარის ადვოკატების განცხადება, რომ რ----–-- ზ-------ეს ბ---–--- ა----–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან რ----–-- ზ-------ემ განზრახვა-ბ---–--- ა----–--ის მკვლელობა, ვერ მიიყვანა ბოლომდე სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. გარდა იმისა, რომ მას ხელი შეუშალეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა, მათ შორის ზ------ ზ-------ემ, რომელმაც ძალით გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, ამავდროულად შემთხვევის შემსწრე პირების ნაწილი დაედევნა რ----–-- ზ-------ეს და იგი იძულებული გახდა გაქცეულიყო,ხოლო ბ---–--- ა----–--ეს კი დროულად გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რის გამოც არ დადგა შედეგი-ბ---–--- ა----–--ის სიკვდილი.
15. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
16. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
17. ბ---–--- ა----–--ისთვის რ----–-- ზ-------ის მიერ მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობა ადასტურებს იმას, რომ, რ----–-- ზ-------ე არამარტო ითვალისწინებდა შესაძლო შედეგს (მხედველობაშია ადამიანის სიკვდილი), არამედ სურდა ბ---–--- ა----–--ის მოკვლა, ანუ რ----–-- ზ-------ე ქმედების განხორციელებისას მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, მან ნ------- ზ-------ესთან ფიზიკური დაპირისპირების დროს საშველად მოსულ ბ---–--- ა----–--ეს, პირდაპირი განზრახვით დაარტყა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნი სხეულის სასიცოცხლო ორგანოებში, რის შემდეგ რ----–-- ზ-------ე შემთხვევის ადგილიდა გაიქცა, ხოლო ბ---–--- ა----–--ე დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს და შედეგი არ დადგა რ----–-- ზ-------ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----–-- ზ-------ემ ჩაიდინა ბ---–--- ა----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სამართლებრივი შეფასება:
19. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- ზ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
და განზრახ მკვლელობის მცდელობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით;
20. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
22. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. საქართველოს სსსკ-ის კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
23. სასამართლომ როგორც აღნიშნა იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება რ----–-- ზ-------ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი მკვლელობის განზრახვის ნაწილში სრულიად ესადაგება ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.
24. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
25. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- ზ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაულები - გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 19.108-ე მუხლით და
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
26. რ----–-- ზ-------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
28. ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----–-- ზ-------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის ფარგლებში, ( სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მას აპატია დაზარალებულმა, ასევე ჰყავს ავადმყოფი მშობლები) რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ----–-- ზ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული რ----–-- ზ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით -თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და რ----–-- ზ-------ეს დანაშაულთ ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
2.მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 ივლისიდან;
3.რ----–-- ზ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4.ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოწითალო ლაქის ნიმუშები - განადგურდეს; მობილური ტელეფონი და ნაბეჭდი ქაღალდი, სათვალე, პატარა ზომის ქსოვილი, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან ამოღებული ბ---–--- ა----–--ის ტანისამოსი (პერანგი, საცვალი, მოკლე შარვალი), ზ------ ზ-------ის შარვალი, რ----–-- ზ-------ის პერანგი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირებს; ბ---–--- ა----–--ის სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, სამი ცალი კომპაქტდისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი