გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002036595
N2/775-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე სს ,,ე------------------------’’
წარმომადგენელი ა------------–----ია
მოპასუხე ა-------–------ა
წარმომადგენელი თ-------ია
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ა-------–------ას მოსარჩელე სს ,,ე------------------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ელექტროენერგიის დავალიანების - 185,77 ლარის დაკისრება
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოპასუხე ა-------–------ამ მოსარჩელე სს ,,ე------------------------საგან’’ მიიღო ელექტროენერგია, თუმცა არ გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური. მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 185,77 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხლშეკრულებიდან. სს ,,ე------------------------ს” მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, რაც გამოიხატა აბონენტზე ელ. ენერგიის მიწოდებაში. მოპასუხემ კი არ შეასრულა მასზე დაკისრებული ძირითადი ვალდებულება და არ გადაიხადა მიწოდებული ელ. ენერგიის საფასური. 6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლით და 2018 წლის 31 იანვრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ე------------------------’’-ს მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 50 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს მოპასუხის მიერ მომზადების ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1.სს ,,ე------------------------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.მოპასუხე ა-------–------ას მოსარჩელე ,,ე------------------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ელექტროენერგიის დავალიანების - 185,77 ლარის გადახდა.
3.მოსარჩელე სს ,,ე------------ ჯ--------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 2017 წლის 01 აგვისტოს №26630005 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარი, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,თ------------’, სახაზინო კოდი: 300423150, ბანკის კოდი: TRESGE22.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე