გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2018
საქმის ნომერი
010210116001578712
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210116001578712

საქმე №2-3484/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2018წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ხ-------------–--ე, თ------------–--ე

წარმომადგენელი - რ---------------ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ნ--------------–--ე

მოპასუხე - გ------------–--ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ-----------–--–--ის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) შავი ფერის ტელევიზორი ,,LG’’ (1 ცალი), 2) თეთრი ფერის მაცივარი ,,INDESI’’ (ერთი ცალი), 3) სარეცხი მანქანა ,,BOSCH’’ (1 ცალი) 4) ყავისფერი ნაჭრის ოთხეული (1 ცალი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. სარჩელს არ ცნობს მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე გ------------–--ემ შესაგებლით სარჩელი ცნო, მთავარ სხდომაზე კი არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 06 ოქტომბერს გაცემული №158/15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გ------------–--ე უნებართვოდ განხორციელებული ხის (ფიცრული) დამხმარე ფართის მშენებლობის გამო დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით. ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 24 ნოემბერს გაცემული №301/15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გ------------–--ეს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა საურავი 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მ-----------–--–--ემ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2016 წლის 14 სექტემბრს მოვალე გ------------–--ის საცხოვრებელ მისამართზე მისვლით, მდებარე ქ. ბათუმი, შესახვევი აფსაროსის გზატკეცილი III, №10, ბინა N32, შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც მოახდინა იქ არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების დაყადაღება: 1) შავი ფერის ტელევიზორი ,,LG’’ (1 ცალი), 2) თეთრი ფერის მაცივარი ,,INDESI’’ (ერთი ცალი), 3) სარეცხი მანქანა ,,BOSCH’’ (1 ცალი) 4) ყავისფერი ნაჭრის ოთხეული (1 ცალი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სააღსრულებო ფურცელი.

- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.2. სასამართლო უდაოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ქ. ბათუმში, შესახვევი აფსაროსის გზატკეცილი III №10, ბინა N32-ში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ მოსარჩელეები ხ-------------–--ე და თ------------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.3. არსებული მდგომარეობით სადაო ნივთები არ არის რეალიზებული და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონი დაყადაღებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილობითი პასუხი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მათ საკუთრებას.

 

სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით: როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა მოსარჩელეების მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას. ასევე მოპასუხე გ------------–--ე აღნიშულ მისამართზე წლების მანძილზე აღარ ცხოვრობს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელეთა მიერ დაყადაღებული ნივთების როგორც შეძენის, ასევე მათი ფლობის ფაქტსაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ქ. ბათუმში, შესახვევი აფსაროსის გზატკეცილი III №10, ბინა N32-ში, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელე თ------------–--ის საკუთრებას, სადაც ამჟამად ცხოვრობენ მოსარჩელეები ხ-------------–--ე და თ------------–--ე. ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვალე გ------------–--ე აღნიშნულ მისამართზე წლებია არ ცხოვრობს და სადაო ნივთები არ არის შეძენილი მოვალის მიერ, იგი შეძენილია მოსარჩელეების ხ-------------–--ის და თ------------–--ის მიერ.

 

აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღდა სადაო მოძრავი ქონება, არ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას. მოსარჩელეებმა, გარდა იმისა, რომ დაადასტურეს იმ საცხოვრებელი ბინის კუთვნილების ფაქტი, სადაც აღიწერა და დაყადაღდა სადაო მოძრავი ნივთები, მათ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ასევე დაადასტურეს, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენენ მათ საკუთრებას. ამიტომ კომპლექსურად უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სხდომის ოქმი).

- მოწმეთა ჩვენებები.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ მოსარჩელეების ხ-------------–--ის და თ------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ყადაღისაგან უნდა განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ-----------–--–--ის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) შავი ფერის ტელევიზორი ,,LG’’ (1 ცალი), 2) თეთრი ფერის მაცივარი ,,INDESI’’ (ერთი ცალი), 3) სარეცხი მანქანა ,,BOSCH’’ (1 ცალი) 4) ყავისფერი ნაჭრის ოთხეული (1 ცალი).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, სადაო ნივთებს ფლობენ და სარგებლობენ მოსარჩელეები, ისინი შეძენილია მათ მიერ და მოვალე გ------------–--ეს არანაირი შეხება არ გააჩნია მათთან. ამდენად მოსარჩელეები წარმოადგენენ სადაო მოძრავი ნივთების მესაკუთრეებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამდენად სხვა პირის უკანონო მოქმედებისაგან საკუთრების დაცვა, მესაკუთრის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი თანხების გადახდა დაეკისრა მოვალე გ------------–--ეს და მისი აღსრულებაც უნდა განხორციელდეს მისგან ან აღსრულება მიქცეული იქნას მისი ქონების მიმართ და არა მესამე პირის ქონების მიმართ.

 

6.3. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორს წარმოადგენენ გ------------–--ე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ სარჩელი სწორად არის დაყენებული.

 

6.4. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება რომ ნივთები რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.

 

ამ ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაშვებია აღიწეროს და დაყადაღდეს მოვალის ქონება და არა სხვა მესამე პირის ქონება. ამ შემთხვევაში კი დაყადაღებულია მოსარჩელეების ხ-------------–--ის და თ------------–--ის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული ნივთები. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა კეთილსინდისიერ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული სადაო მოძრავი ნივთები უნდა განთავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრიციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტლებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

გარდა აღნიშნულისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო სწორედ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში მოიპოვება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც ხ-------------–--ის და თ------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს სადაო მოძრავი ნივთები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 170 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და გ------------–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ მოსარჩელეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 170 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-მე-8, მე-10, 52-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ხ-------------–--ის და თ------------–--ის სასარჩელო განცხადება;

 

1.1. ყადაღისაგან განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ-----------–--–--ის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) შავი ფერის ტელევიზორი ,,LG’’ (1 ცალი), 2) თეთრი ფერის მაცივარი ,,INDESI’’ (ერთი ცალი), 3) სარეცხი მანქანა ,,BOSCH’’ (1 ცალი) 4) ყავისფერი ნაჭრის ოთხეული (1 ცალი).

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და გ------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების ხ-------------–--ის და თ------------–--ის სასარგებლოდ 170 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახემლწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე