გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
051210018002260385
საქმე №2/2-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.03.2018 წ. ქ. დედოფლისწყარო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი დავით თეთრაული
მოსარჩელე: სსიპ ,,და–---–----------------------------ო"
წარმომადგენელი: თე--------------------–ი
მოპასუხე: შპს ,,სტ---------- A"
წარმომადგენელი: შა-–-----–-----–---–ი
დავის საგანი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,სტ---------- A" დაეკისროს მოსარჩელე სსიპ ,,და–---–----------------------------ოს" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1760,2 (ათას შვიდას სამოცი ლარი და ოცი თეთრი), რომლის გადახდაც უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე TRESGE22 (სახელმწიფო ხაზინა), ანგარიშის ნომერი 200122900 (ხაზინის ერთიანი ანგარიშე), ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300773270.
1.2. მოპასუხე შპს ,,სტ---------- A" დაეკისროს მოსარჩელე სსიპ ,,და–---–----------------------------ოს" სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადარიცხვა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე: TRESGE22 (სახელმწიფო ხაზინა), ანგარიშის ნომერი 200122900 (ხაზინის ერთიანი ანგარიშე), ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 707349921.
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებზე და გარემოებებზე:
2016 წლის 18 აგვისტოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ და–---–----------------------------ოსა და მოპასუხე შპს ,,სტ---------- A" შორის დაიდო ეტ-8 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი შპს ,,სტ---------- A"-მ აიღო ვალდებულება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ჰიგიენური კვანძების სამშენებლო სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში. შპს ,,სტ---------- A"-მ მასზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით 26 დღის დაგვიანებით 2016 წლის 09 ნოემბერს, რითაც დაარღვია მხარეთა შორის დადებული ეტ-8 ხელშეკრულებაზე თანდართული და მისი შემადგენელ ნაწილად მიჩნეული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები.
შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა: სამუშაოების შესრულების დაგვიანებისთვის - 460,20 ლარი, გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის - 1300 ლარი, სულ შპს ,,სტ---------- A"-ს დავალიანებამ შეადგინა 1760,20 ლარი. მოპასუხე დავალიანების ნებაყოფლობით გადახდაზე აცხადებს უარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,სტ---------- A"-ს წარმომადგენელმა (დირექტორი) შა-–-----–-----–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 460,20 ლარის ოდენობით სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ნაწილში.
მოპასუხის პოზიცია ემყარება შემდეგ ფაქტებზე და გარემოებებზე:
მოპასუხე ადასტურებს მასსა და სსიპ და–---–----------------------------ოს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების ლეგიტიმურობის ფაქტს. თუმცა არ ეთანხმება ხელშეკრულების თანდართული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, ვინაიდან როგორც გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული, ასევე ზოგადად სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით - სპეციფიკური მეტეოროლოგიური პირობებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები. 3.1.1. 2016 წლის 18 აგვისტოს, სსიპ და–---–----------------------------ოს და შპს ,,სტ---------- A“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ეტ-8, რომლის საგანს წარმოადგენდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ჰიგიენური კვანძების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სატენდერო წინადადების ფასი შეადგენდა 35400 ლარს. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ღირებულება გაწერილი იქნა შესასრულებელ სამუშაოების დეტალურ ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც დაერთო ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა, რომელმაც შეადგინა არაუმეტეს 60 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ხელშეკრულების 13.1. და 13.2 პუნქტებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05% ოდენობით. ხოლო წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი" ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,მიმწოდებელი" დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეულია ,,შემსყიდველის" მიზეზით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nეტ-8 (ს.ფ. 17-23); - შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (ს.ფ. 24); - მხარეთა ახსნა-განმარტება. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები. 3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოავლინა ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მან იკისრა ვალდებულება გადაეხადა შესაბამისი პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. დადგენილია და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ,,მიმწოდებელი" შპს ,,სტ---------- A" ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით არაუგვიანეს 2016 წლის 14 ოქტომბრისა. ასევე დადგენილია, რომ სამუშაოები შესრულდა 26 დღის ვადაგადაცილებით 2016 წლის 9 ნოემბერს. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რასაც უკავშირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ერთ-ერთი კომპონენტის - სამშენებლო ნარჩენების გატანის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 50 ლარის დაკისრების, ჯამში 1300 ლარის მოთხოვნის არაკანონიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მითითებული პირობა წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 18 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების არსებით ნაწილს და ასახავს მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტში გამოხატულ ნებას. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევის გამომწვევ მიზეზად მეტეოროლოგიური პირობების მითითების შესახებ, კერძოდ ჩასატერებელი სამუშაოების ერთ-ერთ ეტაპის - შენობის კედლების გალესვა და შეღებვა განხორციელდა რამდენჯერმე, სამუშაოების ჩატარების ტერიტორიაზე ხშირი ნალექების (წვიმის სახით) გამო, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ხოლო მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება ვერ დაედებოდა საფუძვლად სასამართლოს დასკვნას აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 208-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2016 წლის 18 აგვისტოს, სსიპ და–---–----------------------------ოს და შპს ,,სტ---------- A" შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nეტ-8, რომლის საფუძველზე სსიპ ,,და–---–----------------------------ომ“ შპს ,,სტ---------- A"-სგან შეისყიდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ჰიგიენური კვანძების სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოები დასრულებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. სატენდერო წინადადების ფასი შეადგენდა 35400 ლარს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე მხარემ მართალია შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იქნა შეთანხმებული ვადის დარღვევით, კერძოდ 26 დღის დავიანებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების ძალით მოპასუხემ იკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (სამუშაოს შესრულება) შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში. ამის გარდა დაეთანხმა ხელშეკრულების იმ პორობასაც, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების დანართის სახით არსებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაშიც. ასევე მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გაანგარიშების და გადახდის წესზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა მოპასუხის მიერ 18.08.2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის დარღვევის ფაქტი, რაც საფუძველია მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის მხარეტა მიერ შეთანხმებული ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ცნო სარჩელი 460,20 ლარის ნაწილში, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 13,80 ლარის ოდენობით. ხოლო მოპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 36,10 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სსიპ ,,და–---–----------------------------ოს" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,სტ---------- A"-ს მოსარჩელე სსიპ ,,და–---–----------------------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს 1760,20 (ერთი ათას შვიდას სამოცი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელეს სსიპ ,,და–---–----------------------------ოს" დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 13,80 (ცამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;
4. მოპასუხეს შპს ,,სტ---------- A"-ს მოსარჩელე სსიპ ,,და–---–----------------------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 36,10 (ოცდათექვსმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. N2) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი