გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
140210017001996744
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001996744

საქმე №2/962-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) გ------ი დ-------–---–ი

წარმომადგენელი ნ--ო თ---------ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) თ---რ თ----–---–ი

წარმომადგენელი კ--ა კ--–-----–--ე

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - განქორწინება

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელით) -ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. გ------ი დ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. შეწყდეს გ------ი დ-------–---–სა და თ---რ თ----–---–ს შორის 2009 წლის 25 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება.

 

მოსარჩელე გ------ი დ-------–---–ის განმარტებით, 2009 წლის 25 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე თ---რ თ----–---–თან. მეუღლეებს შორის ურთიერთობის შენარჩუნება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

მოპასუხე თ---რ თ----–---–ის პოზიცია;

 

1.2 გ------ი დ-------–---–ის სარჩელზე მოპასუხე თ---რ თ----–---–მა მოსამზადებელ სხომაზევე სასარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. თ---რ თ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1 მოპასუხე გ------ი დ-------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების- 2010 წლის 02 აპრილს დაბადებული ნ--ა დ-------–---–ის და 2011 წლის 16 მარტს დაბადებული ლ---- დ-------–---–ის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე თ---რ თ----–---–ის განმარტებით, მისი მეუღლე სამუშაოდ იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, საიდან დაბრუნებისთანავეც განუცხადა ოჯახიდან წასვლის შესახებ. მან ჩამოსვლისთანვე დაჩქარებული წესით გაასხვისა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, რის გამოც, მოსარჩელე იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო მშოლებთან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ არის უმუშევარი, არ მუშაობენ ასევე მისი მშობლებიც, მოპასუხეს კი გააჩნია სამუშაო როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, იგი იძულებულია მომართოს სასამართლოს ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით, ვინაიდან მოპასუხე თავს არიდებს კანონით დადგენილ მოვალეობას.

 

მოპასუხე გ------ი დ-------–---–ის პოზიცია

 

2.2 თ---რ თ----–---–ის სარჩელზე მოპასუხე გ------ი დ-------–---–მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი თანახმაა, ალიმენტის სახით, შვილებს - ნ--ა და ლ---- დ-------–---–ებს გადაუხადოს თითოეულს თვეში 100 ლარი, ჯამში 200 ლარი, ვინაიდან მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 25 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა №6---------6;

 

3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2010 წლის 02 აპრილს დაბადებული - ნ--ა დ-------–---–ი და 2011 წლის 16 მარტს დაბადებული - ლ---- დ-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნ--ა და ლ---- დ-------–---–ების დაბადების მოწმობები.

 

3.1.3. 2017 წლიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთას ახსნა-განმარტება

 

3.1.4 მოსარჩელე თ---რ თ----–---–ი შვილებთანთან, ნ--ა და ლ---- დ-------–---–ებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში ქარელის რაიონი, სოფ. ღვლევში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.2 საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, რომ გ------ი დ-------–---–ი დასაქმებულია და აქვს სტაბულური შემოსავლის წყარო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი დ-------–---–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხემ (თ---რ თ----–---–ი) ჯერ კიდევ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი.

 

რაც შეეხება თ---რ თ----–---–ის სარჩელს გ------ი დ-------–---–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე გ------ი დ-------–---–ის შვილების - ნ--ა და ლ---- დ-------–---–ების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 140-140 ლარის, ჯამში 280 ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის შეტანის დღიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე, ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში და ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

 

7.3. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში თ---რ თ----–---–მა მოსამზადებელ ეტაპზე ქორწინების შეწყვეტის ნაწილში ცნო სარჩელი და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას .

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

7.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.

 

7.10. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ალიმენტის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს გააჩნია გარკვეული შემოსავალი. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისთვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს მისი ინტერესების დაკმაყოფილებას, რათა მომავალში იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადატანილია მოსარჩელზე ანუ მოცემულ შემთხვევაში დედაზე - თ---რ თ----–---–ზე, ხოლო მამა, იმ დოზით, როგორც დედა, არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლობის გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე გ------ი დ-------–---–მა უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

რაც შეეხება თ---რ თ----–---–ის სარჩელს, არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ორივე ვავშვზე ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ნ--ა და ლ--- დ-------–---–ები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების ოჯახში, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვების დედა - არის უმუშევარი და ზრდის შვილებს, ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილების მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილებს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი და ალიმენტის იმ ოდენობას, რასაც მოსარჩელე ითხოვს, ვერ გადაიხდის, საფუძველს მოკლებულია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 140 (ას ორმოცი) ლარი სარჩელის აღძვრიდან - 2011 წლის 31 ივლისიდან ბავშების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ, თ---რ თ----–---–მა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (განქორწინების ნაწილში) და გ------ი დ-------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, გ------ი დ-------–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი ალიმენტის დაკისრების (ორივე ბავშვზე თვეში 200 ლარი) და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ (თვეში ორივე ბავშვზე 280 ლარი), გ------ი დ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით,რაც უნდა ჩაეთვალოს გადახდილად მის მიერ აღძრულ ძირითად სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანგარიშში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ------ი დ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1 შეწყდეს ქორწინება გ------ი დ-------–---–სა (პ/ნ 59001081861, დაბადებული 1989 წლის 04 სექტემბერს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - დ-------–---–ი) და თ---რ თ----–---–ს (პ/ნ 43001030516, დაბადებული 1989 წლის 07 აპრილს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - თ----–---–ი) შორის 2009 წლის 25 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №67200930937, მოწმობის გამცემი ორგანო - სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

 

2. თ---რ თ----–---–ის შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2.1 მოპასუხე გ------ი დ-------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 02 აპრილს დაბადებული ნ--ა დ-------–---–ის და 2011 წლის 16 მარტს დაბადებული ლ---- დ-------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით თვეში თითოეულისთვის 140 (ასორმოცი) ლარის, ჯამში -280 (ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის შეტანის დღიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

3. თ---რ თ----–---–ის სარჩელს დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე