განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002079548
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/590-17 12 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე
1.1. პროკურორი ლ------------
2. დაცვის მხარე
2.1. ბრალდებული ვ----–-----------------–---------------------------–-------–-–---------------------------–----------–-------–----–----------–------------------–------------------–---------------------------------------------–----------------------------.
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 108-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა
2.2. ადვოკატი ზ------------–---
3. თარჯიმანი თ------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2017 წლის 4----–--ს ქ. ფოთი, 9-------–-----------------ში მცხოვრებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ----–----------------მ თავის საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამზარეულო დანის გამოყენებით განზრახ მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ზ-------–-----–-ა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. მკვლელობა
მოწმე ი----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 4----–--ს ზ-------–-----–-ა დაუკავშირდა და სთხოვა სასმელი წამოეღო, რადგან ნაბახუსევზე იყო. ნახევარლიტრიანი კონიაკი წაიღო, რომელიც თვითონ, ზ-------–-----–-ამ, ვ----–----------------მ და მისმა შვილმა რ-------მა დალიეს. ზ------თან ერთად სახლი უნდა შეეღება, რის გამოც ზ-------–-----–-ა მეორე ოთახში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. იქ ზ-------–-----–-ამ და ვ----–----------------მ ჩხუბი დაიწყეს. ვ----–---------------- შევარდა სამზარეულოში, აიღო დანა და შევარდა ისევ იმ ოთახში. თვითონაც გაყვა მას. ბრალდებულმა დანა დაარტყა მკერდში ზ-------–-----–-ას და უკან გამობრუნდა. ზ-------–-----–-ას მარჯვენა ხელი ჭრილობაზე ედო, მარცხენათი შარვალი ეჭირა, შარვლის ჩაცმა არ ჰქონდა დასრულებული. ვ----–----------------ს დანა გამოართვა და სამზარეულოში შეაგდო. რ-------მა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. პოლიცია მომენტალურად მოვიდა, სასწრაფო დახმარებას ძალიან დააგვიანდა. ბრალდებულს დანა რომ გამოართვა, რ-------მა ნახა. ბრალდებული შოკში იყო, ვერ ხვდებოდა რა ქნა. რ-------მა დაიყვირა, დედა, ზედმეტი მოგივიდაო. მანამდე - სხვა დღეებში რამდენიმე მცირე ჩხუბი იყო ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის. რომ დალევს ადამიანი, ხან თანხა აქვთ ცოტა, ხან სხვა მიზეზია ჩხუბის. 100-120 გრამი ალკოჰოლი მიიღეს იმ დღეს, ფხიზლები იყვნენ. ბრალდებულმაც იგივე დალია და არც ის იყო მთვრალი, მაგრამ ნასვამი იყო. ექსპერტთან ერთად ახსნა, დანა სად იყო, როგორ მოხდა ყველაფერი. თარჯიმანი არ ესწრებოდა ექსპერიმენტს, რუსულად საუბრობდა ყველა. მის დაკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა.
მოწმე მ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდა ქალი, იატაკზე კაცი იწვა, სისხლის გუბე იყო ირგვლივ, ქალს ხელი ჰქონდა სისხლიანი და ცდილობდა დახმარებოდა, იძახდა, დაჭრილია და მალე მოდითო. ჭრილობა მკერდის ძვალთან იყო. იქვე იდგნენ კაციც, ბიჭიც, პოლიციელებიც. დაჭრილი უგონოდ იყო, ჯინსის შარვალი და პერანგი ეცვა. ქალი დაჭრილის დახმარებას ცდილობდა, ჩქარა, ჩქარაო ამბობდა. დანა ახალოს არ იყო. ჭრილობის სიგანე იყო 4 სანტიმეტრი, მაგრამ იყო ღრმა. ადგილზე სუნთქვა ერთეული იყო და მანქანაში გაქრა სუნთქვა და პულსი.
მოწმე ხ--------–--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ ბრალდებული, ი----------------, რომელმაც უთხრა, რომ ბრალდებულმა მოკლა ზ-------–-----–-ა. ი---------------ს სისხლის ლაქები არ ჰქონდა. ბრალდებული ნასვამი იყო. შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ცნობილი იყო, რომ ქალს ჰყავდა დაჭრილი მამაკაცი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ ი------------ის ჩვენების თანახმად, ბიოლოგიური კვალი რჩება ბიოლოგიური მასალის საგანთან კონტაქტით. დანაზე სხვა პირების კვალი რომ აღმოჩენილიყო, ეს აღინიშნებოდა ექსპერტიზის დასკვნაში. რადგან მხოლოდ ბრალდებულის იდენტურობა დადგინდა, ამიტომ მხოლოდ ბრალდებულის შესახებ არის მითითება დასკვნაში. მდედრობითი მასალა მამრობითი სქესის ბიოლოგიურ მასალას ვერ დაემთხვევა. დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადმიანის სისხლს და ეკუთვნის ზ-------–-----–-ას. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ----–----------------ს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ გ--------------ის ჩვენების მიხედვით, სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარჯვენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. გვამზე არსებული სიცოცხლისდროინდელი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში ლავიწის შუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის საპროექციო მიდამოში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და გამომძიებელ აბ----–---------------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ფოთი, 9 ა-----–---------------–-. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ჯინსის შარვალი, მოწითალო ფერის ზეწარი, პურის საჭრელი დანა, რაც დაილუქა.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ადვოკატ ზ------------–---ს და თარჯიმან ს-----–----------ს მონაწილეობით ბრალდებულ ვ----–----------------სგან მისივე თანხმობით ექსპერტ ლ-----–-----ს მიერ აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდის ნიმუში, ფრჩხილის ანაჭრელები, რომლებიც ადგილზე დაილუქა.
ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტ გ--------------ის მეშვეობით ზ-------–-----–-ას გვამიდან აღებულ იქნა ფრჩხილების ანაჭრელები, თმის ნიმუშები, სისხლის ნიმუში.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, 2 წელი ზ-------–-----–-ასთან ერთად ცხოვრობდა, როგორც მისი მეუღლე და ამ ხნის განმავლობაში მათ არ უჩხუბიათ არასდროს. ზ-------–-----–-ამ ი---------------ს სთხოვა სასმელის მიტანა, რადგან დალევა უნდოდა. ი---------------მა მოიტანა ნახევარლიტრიანი კონიაკი. თვითონ საჭმელს აკეთებდა. ზ-------–-----–-ა და ი---------------- მეორე ოთახში გავიდნენ სასაუბროდ. ი----მ უთხრა, კიდევ მოვიტანო არაყს. თვითონ პურის მოსატანად წავიდა მაღაზიაში, მაგრამ ფული არ ეყო და ი----ს უთხრა ეს. ი----მ უთხრა, რომ თვითონ მოიტანდა პურსაც, მაგრამ გააგრძელა ზ-------–-----–-ასთან საუბარი. ისინი სამუშაო ინსტრუმენტებზე დაობდნენ, მაგრამ არ იცის, თუ რაზე. საჭმლის კეთება დაასრულა და სამზარეულოდან შევიდა მათთან ოთახში. ამ დროს დანა არ ეჭირა. ზ-------–-----–-ა შარვალს იცვამდა. გაუბრაზდა მას, სად მიდიხარო. პურს მოვიტანთო ერთად, უპასუხა, წამოდგა, მაშინვე დაეცა და სისხლი წამოუვიდა. ი---- იქ უკვე არ იდგა, ეძახდა მას. ზ-------–-----–-ა თვალდახუჭული იყო და ვერაფერს ამბობდა. შვილს დაუძახა. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, ი---- იდგა ოთახში და იძახდა, ეს ამან გააკეთა, არაფერ შუაში ვარო. ზ-------–-----–-ას მშვიდი ხასიათი აქვს სიმთვრალეში, ი---------------- კი სიმთვრალეში ბევრს ლაპარაკობს, ყვირის. კონიაკი თვითონაც დალია, თუმცა არც ისე მთვრალი იყო. როცა არის სასმელი, თვითონაც სვამს. მას არ უნახავს, რომ ი----მ მოკლა ზ------ი. მისი შვილი იმ ოთახში არ იყო. როცა სასმელი უნდოდა ზ-------–-----–-ას, მაშინ მეგობრობდნენ ზ------ი და ი----. ისინი ერთად ხშირად სვამდნენ. 2 თვეა, რაც გადმოვიდენ ცალკე სახლში. მანამდე ი---------------თან ერთად ბინაში ცხოვრობდნენ. გამომძებელმა დაკითხა იმავე დღეს, თუმცა რა თქვა, არ ახსოვს. ზ-------–-----–-ას დაცემის შემდეგ შვილი გამოვიდა და თქვა, რა მოხდა, რა გააკეთეთო. არ უნახავს დანა ვინ ჩაარტყა ზ-------–-----–-ას. როცა ოთახში შევიდა, ი---------------- იდგა ზ-------–-----–-ა იჯდა და შარვლის ჩაცმა უნდოდა. ზ------ი რომ დაეცა, ი---- მაშინ გამოვიდა ოთახიდან. ი---------------ს დანა არ ეკავა. დანა არ უნახავს იქ. მამაკაცებმა სამზარეულოში რამდენი ჭიქაც მიაწოდეს, იმდენი დალია. სასმელი რომ ამოწურეს, 10-15 წუთი მეორე ოთახში გავიდნენ მამაკაცები. შორს იყო წასასვლელი და ალბათ ვალად უნდა აეღოთ დამატებით სასმელი, რადგან თანხა არ ჰქონდათ. ზ-------–-----–-ას ყველგან ვალი ჰქონდა და ვერ აიღებდა დასალევს ვალად. ფული არც თვითონ ჰქონდა. მასაც ვალები ჰქონდა. როცა დალევს, ჩხუბი იცის თუ რამე არ ყოფნის ან როცა რამე გადასახდელი აქვს.
სასამართლო აფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა პირდაპირი მტკიცებულება: მოწმე ი----------------ს ჩვენება, რომელიც მიუთითებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმაზე. ასევე წარმოდგენილ იქნა დანაშაულის იარაღი - დანა, რომელსაც აღენიშნება სისხლის ლაქები. გამოკვლეულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დანის პირზე არსებული სისხლი ეკუთვნის გარდაცვლილს, ხოლო დანის სახელურზე არის მხოლოდ ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის კვალი. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ დანის ტარზე მამაკაცის ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა, მასზე მხოლოდ ერთი ადამიანის ბიოლოგიური მასალა იქნა ნანახი და ეს არის ბრალდებული.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თუმცა ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხნენ მხოლოდ ი---------------- და გამომძიებელი. აღნიშნულთაგან ი---------------მა უარყო ექსპერიმენტში თარჯიმნის მონაწილეობა. საყურადღებოა, რომ თავად თარჯიმანი, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე სხვა პირები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან, რის გამოც მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოება სასამართლო სხდომაზე სხვას არავის დაუდასტურებია. ასეთ ვითარებაში, იმ პირობებში, როცა ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, ხოლო საგამძიებო ექსპერიმენტში თარჯიმნის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე არავის დაუდასტურებია, ბრალდების მხარემ კი თარჯიმნისა და ექსპერიმენტში მონაწილე სხვა პირის დაკითხვაზე უარი განაცხადა, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ გასაზიარებელია დაცვის მხარის პოზიცია საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა დაარტყა დანა დაზარალებულს, რომელიც ადგილზევე წაიქცა და ჭრილობიდან სისხლი წამოვიდა.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მკვლელობა შეეძლო ჩაედინა როგორც ბრალდებულს, ასევე ი---------------ს, თუმცა ეს მოსაზრება არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ, გარდა თავად ი----------------ს ჩვენებისა, რომელიც უარყოფს მის მიერ მკვლელობის განხორციელებას, აღნიშნული უარყოფილია ასევე ბრალდებულის ჩვენებითაც, რომელსაც, მიუხედავად ოთახში არსებული სივიწროვისა და ი---------------თან ახლოს დგომისა, ი----------------ს ხელში დანა არ უნახავს, ამბობს, რომ ი---------------ს არ დაურტყამს დაზარალებულისთვის, მასთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. ბრალდებული აღნიშნავს, რომ ოთახში დაზარალებულთან მხოლოდ თვითნ და ი---------------- იმყოფებოდნენ. ამდენად, იმ ვითარებაში, როცა ბრალდებული თავად გამორიცხავს ი----------------ს მიერ მკვლელობის განხორციელებას, ხოლო ოთახში სხვა არავინ იყო, ი---------------- კი პირდაპირ უთითებს ბრალდებულის მიერ დანის დარტყმაზე, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის გამართლების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული. ამ დასკვნას აძლიერებს ასევე ბრალდებულის სიტყვები, რომ იყო ნასვამი და მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს დაკითხეს, არ ახსოვს, თუ რა ჩვენება მისცა. მნიშვნელოვანია ასევე მისივე სიტყვები, რომ როცა დალევს, დაზარალებულისაგან განსხვავებით ხდება აგრესიული, იწყებს ჩხუბს თუ რამე აკლია. შემთხვევის დღეს ბრალდებული ნასვამი რომ იყო და მას სასმელი, ასევე პური, მათი საყიდელი ფული რომ დააკლდა, ეს მისივე ჩვენებით დასტურდება.
დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ი----------------ს ჩვენებას, თუმცა აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ი---------------მა თქვა, რომ დანა გააგდებინა ბრალდებულს და სამზარეულოში შეაგდო, თუმცა მას არ უთქვამს, რომ დანა ტარით ხელში ეჭირა იმდაგვარად, რომ მასზე გადავიდოდა მისი ბიოლოგიური მასალა. მოწმის ჩვენება არ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ექსპერტის ჩვენებას და მის მიერ გაცემულ დასკვნას, რის გამოც პოზიცია, რომ ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობაშია ი----------------ს ჩვენებასთან, ვერ იქნება გაზიარებული.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების, განსაკუთრებით კი მოწმე ი----------------ს ჩვენების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - დანით ზ-------–-----–-ასთვის ჭრილობის მიყენება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ზ-------–-----–-ას სიკვდილთან, ვინაიდან ცივი იარაღის დარტყმა გულმკერდის არეში წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც სიკვდილი ამჯერად ამ სახით არ დადგებოდა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ვ----–----------------ს მიერ მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება.
2.2. განზრახვა
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.
ბრალდებულის მიერ განზრახ მოქმედებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა:
მოწმე ი----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული შევარდა სამზარეულოში, აიღო დანა და დაარტყა მკერდში დაზარალებულს.
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, ზური შარვალს იცვამდა დაზარალებული, როცა გაუბრაზდა, სად მიდიხარო, ჰკითხა, რის შემდეგაც დაზარალებული წამოდგა, მერე დაეცა და სისხლი წამოუვიდა.
ამდენად, ირკვევა, რომ ვ----–---------------- გაბრაზებული იყო დაზარალებულ ზ-------–-----–-აზე, თან იყო ნასვამი, შევიდა ზ-------–-----–-ასთან ოთახში, რის შემდეგაც, მისი სიცოცხლის მოსპობის განზრახვით ვ----–---------------- გამოვიდა ოთახიდან, შევიდა სამზარეულოში, აიღო დანა და ისევ შევიდა ზ-------–-----–-ასთან, რასაც მოჰყვა პურის საჭრელი დიდი ზომის დანის დარტყმა პირდაპირ მკერდში - გულის არეში.
განსახილველ შემთხვევაში გაბრაზებული, ნასვამი ვ----–----------------ს მიერ ზ-------–-----–-ას სასიცოცხლო ორგანოებისა და ფუნქციების ხელყოფისთვის ყველაზე მოწყვლად ადგილას - გულმკერდის მიდამოში დიდი ზომის დანის გამოყენებით ღრმა ჭრილობის მიყენება, მიუთითებს, რომ ბრალდებული ითვალისწინებდა, რომ დაზიანების მიყენება წარმოადგენდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით აკრძალულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი და, როგორც მინიმუმ, შეგნებულად უშვებდა ასეთი შედეგის დადგომას.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაჭრის შემდეგ, როცა ი---------------- ჩაერთო, დანა გამოსტაცა, ბრალდებულის შვილმა გაიგო რაც მოხდა და გამოვიდა ოთახიდან, დაზარალებული წაიქცა და სისხლისგან იცლებოდა, ბრალდებულმა დაიწყო ყვირილი, უშველეთო და ცდილობდა მის დახმარებას. აფასებს რა სასამართლო ამ გარემოებას, აღნიშნავს, რომ განზრახვა წარმოშობის დროის და არსებობის ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს რამდენიმე სახის. მათ შორის - წინარე განზრახვა (როცა განზრახვა არსებობს ქმედების ჩადენამდე), შემგდომ წარმოშობილი განზრახვა (როცა განზრახვა წარმოიშობა ქმედების შემდეგ). განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ქმედების ჩადენისას მოქმედებდა განზრახ, თუმცა ვინაიდან მისი განზრახვა გულისხმობდა სიკვდილის შეგნებულად დაშვებას, ვითარების გამძაფრების შემდეგ აღნიშნული განზრახვა გაქრა და ბრალდებული შეეცადა გამოეხატა პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას სიკვდილი არ სურდა. აღსანიშნავია, რომ სიკვდილის სურვილის არსებობა არ დასტურდება არც დანის დარტყმის მომენტში, თუმცა ასეთი შედეგი შეგნებულად იყო დაშვებული, ხოლო უკვე ქმედების დასრულების შემდგომ ეს გარემოებაც გაქრა და ბრალდებული გამოხატავდა სიკვდილის თავიდან აცილების სურვილს, თუმცა ეს მან ვერ მოახერხა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ----–----------------მ ზ-------–-----–-ას სიცოცხლე მოუსპო განზრახ.
2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თავად ბრალდებულის, ასევე მოწმე ი----------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებული და ზ-------–-----–-ა, მართალია, რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა, ცხოვრობდნენ ერთად, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ზ-------–-----–-ა იყო ბრალდებულისა და მისი შვილის მარჩენალი, ბრალდებულის თქმით, ისინი მეუღეები იყვნენ. ამდენად, თავად დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ ბრალდებული და ზ-------–-----–-ა იყვნენ ოჯახის წევრები და აღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დადასტურებულია. ე.ი. ბრალდებულის ქმედება წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს, რის გამოც მისი ქმედების კვალიფიკაციას უნდა მოხდეს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება. სამართლის მიერ სიცოცხლის უფლების დაცვა ხდება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. მათ შორის ერთ-ერთია სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა. მართალია, აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ე.წ. მარტივი შემადგენლობის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლების მოშველიებით შესაძლებელია ამ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს სუბიექტური მხრივ, სხვისი სიცოცხლის მოსპობის (ნებისმიერი ფორმის) განზრახვა, ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება, სასიკვდილო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და სიკვდილს შორის. სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე. მისი ხელყოფა გამოიხატება თავის ტვინის ნერვული ელექტრონული აქტივობის უკუუბრუნებელ შეწყვეტაში. მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს როგორც მოქმედებას, ასევე უმოქმედობას. სსკ-ის 108-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულებს, რის გამოც მის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია შედეგი. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ სსკ-ის 108-ე მუხლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ. ამასთან, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი (ევენტუალური) განზრახვით. მკვლელობისთვის დამახასიათებელია როგორც წინასწარ მოფიქრებული, ასევე უეცრად წარმოშობილი განზრახვა. ამასთან, მნიშვნელოვანია უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს არსებული განზრახვა და არა წინმსწრები ან ქმედების შემდგომი სუბიექტური მდგომარეობა ქმედების სუბიექტისა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გულმკერდის არეში დაარტყა დანა ზ-------–-----–-ას, რითაც განახორციელა აქტიური მოქმედება. ის აცნობიერებდა, რომ საკუთარი ქმედებით არღვევდა მისთვის დაკისრებულ, სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის დაცვის მოვალეობას და ამ მოვალეობის დარღვევით ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ზ-------–-----–-ას სიკვდილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგნებულად უშვებდა ასეთ შედეგს, ე.ი. მოქმედებდა განზრახ.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ვ----–----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ვ----–---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ----–----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, ვ----–----------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ქმედების ჩადენა მცირე მიზეზის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის პირობებში, ნასვამობაში ბრალდებულის აგრესიული ხასიათის საფუძველზე.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის წევრის უმაღლესი ღირებულების - სიცოცხლის ხელყოფა მთვრალ მდგომარეობაში), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (დანის დარტყმა გულმკერდის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სიცოცხლის მოსპობა სისხლისგან დაცლით), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, უპირველესად უნდა შეფასდეს, საკმარისია თუ არა სასჯელის მიზნების მისაღწევად სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის, დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საქმის ყველა გარემოება: დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულამდე შექმნილი ვითარება და მასში ბრალდებულისა და დაზარალებულის მონაწილეობის ხარისხი, უშუალოდ ქმედების განხორციელების ხერხი, საშუალება, პირობები, პოსტდანაშაულებრივი ქცევა და სხვა. სასჯელის ზომის შერჩევისას სათანადოდ უნდა შეფასდეს როგორც შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა რაოდენობა, ასევე თითოეული მათგანის ხარისხი. ამ პროცესში აუცილებელია ასევე ზოგადად შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა სრული მოცულობის საორიენტაციო გაანალიზება და კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვეთილი გარემოებების მათთან შედარება, რათა დადგინდეს, რამდენად სრულად მოიცავს ბრალდებულის მიმართ დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულ ყველაზე მსუბუქ ან ყველაზე მძიმე შემთხვევას და რამდენად უნდა აღემატებოდეს ბრალდებულისთვის შეფარდებული სასჯელი სანქციის მინიმუმს.
ყოველივე აღნიშნულის კომპლექსური გაანალიზების შედეგად, იღებს რა მხედველობაში საქმის ყველა გარემოებას, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ძირითადი სასჯელის დანიშვნასთან ერთად სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისთვის, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. სასამართლო, ჩადენილი ქმედების, მისი წინაპირობების, შედეგის გათვალისწინებით მიდის დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ქონების - დანაშაულის იარაღის - დანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რადგან ეს აუცილებელია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია გარდაცვლილის, ასევე სხვა პირის კუთვნილი ნივთები, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და მესაკუთრეებს. რაც შეეხება საქმეზე დართულ, რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს, ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაეკისროს ქონების - დანაშაულის იარაღის - დანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
ვ----–----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4----–--იდან.
ნივთმტკიცებები: სისხლისმაგვარი ლაქა, ნერწყვის, თმის, ფრჩხილების, სისხლის ნიმუშები, ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; როდიონ ხოშტარიას, ვ----–----------------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს როდიონ ხოშტარიას; ი----------------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს ი---------------ს; ჯინსის შარვალი, ზეწარი, საცვალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს ანასტასია შენგელიას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია