გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
190210018002260521
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/137-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თ----- კობაიძე

მოსარჩელე შპს "ს---–-ა"

წარმომადგენლები ვერიკო ბაზალი, თორნიკე კოჭლამაზაშვილი

მოპასუხე თ----- ხ----–--–ი

წარმომადგენელი კახა ჩიდრაშვილი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თ----- ხ----–--–ისათვის 2943.04 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 28 ნოემბერს შპს „ს---–-ასთან“ თ----- ხ----–--–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N22N14420_2 მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1500 ლარი. სესხი გაიცა 201 დღის ვადით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 120.45%-ს. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება ყოველთვიური გადახდებით – ყოველთვიურად 364.18 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასმატეხლოა გადასახდელი სესხის დავალიანების 0.41%.

მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 24 იანვრიდან დაარღვია სესხის დაბრუნების გრაფიკი. მოპასუხე იხდიდა გადავადების საკომისიოს, ხოლო ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 18 ივლისს.

 

მოპასუხის დავალიანებაა 2943.04 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1500 ლარი, სარგებელი 246.87 ლარი, პირგასამტეხლო 1196.17 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს გადავადების საკომისიო და სესხის დასაბრუნებლად თანხა სულ 832.91 ლარის ოდენობით, რაც არ არის გათვალისწინებული დავალიანების დაანგარიშების დროს და სესხის ძირითად თანხას არაფერი მოკლებია. მოპასუხე ცნობს საპროცენტო სარგებლის დავალიანებას, ხოლო პირგასამტეხლოს მაღალ თანხად მიიჩნევს და მოითხოვს შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 28 ნოემბერს შპს „ს---–-ასთან“ თ----- ხ----–--–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N22N14420_2 მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1500 ლარი. სესხი გაიცა 201 დღის ვადით, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 120.45%-ს. გრაფიკით გათვალისწინებულია თანხის დაბრუნება ყოველთვიური გადახდებით – ყოველთვიურად 364.18 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს ყოველდღიურად გადასახდელი სესხის დავალიანების 0.41%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-30. ტომი 1)

– სარჩელი და შესაგებელი (ს.ფ.3-6, 44-51. ტომი 1 )

 

3.1.2. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით თანხა არ დაუბრუნებია. თ----- ხ----–--–ს გადახდილი აქვს ჯამურად გადავადების საკომისიოს დანიშნულებით 748.26 ლარი, ხოლო სესხის დაფარვის დანიშნულებით 84.65 ლარი. სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი 84.65 ლარი მოსარჩელის მიერ ჩათვლილია პირგასამტეხლოს ანგარიშში. მოპასუხის მიერ გადახდილია

2017 წლის 17 იანვარს 35.28 ლარი.

2017 წლის 26 იანვარს 34.65 ლარი

2017 წლის 01 თებერვალს 35.65 ლარი

2017 წლის 09 თებერვალს 34.65 ლარი

2017 წლის 21 თებერვალს 34.65 ლარი

2017 წლის 25 თებერვალს 50 ლარი (სესხის დაფარვა)

2017 წლის 1 მარტს 35.65 ლარი

2017 წლის 7 მარტს 34.65 ლარი

2017 წლის 14 მარტს 34.65 ლარი

2017 წლის 21 მარტს 34.65 ლარი

2017 წლის 29 მარტს 34.65 ლარი

2017 წლის 5 აპრილს 34.65 ლარი

2017 წლის 13 აპრილს 34.65 ლარი

2017 წლის 19 აპრილს 34.65 ლარი

2017 წლის 26 აპრილს 34.65 ლარი

2017 წლის 5 მაისს 34.65 ლარი

2017 წლის 12 მაისს 34.65 ლარი

2017 წლის 19 მაისს 34.65 ლარი

2017 წლის 30 მაისს 34.65 ლარი

2017 წლის 5 ივნისს 34.65 ლარი

2017 წლის 23 ივნისს 35.28 ლარი

2017 წლის 13 ივნისს 34.65 ლარი (სესხის დაფარვა)

2017 წლის 4 ივლისს 39.40 ლარი

2017 წლის 18 ივლისს 49.25 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 32-33. ტომი 1 )

- სარჩელი და შესაგებელი (ს.ფ.3-6, 44-51. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გადავადების და სესხის გადახდის დანიშნულებით გადახდილი თანხით უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის დავალიანება და უნდა შემცირდეს მოთხოვნილი არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 325-ე, 347-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით

– «მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით ესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი წლიური 120.45% ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, მსესხებელს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის დაცვით სესხად მიღებული თანხა და დარიცხული სარგებელი. მოპასუხე სარგებლის დავალიანებას ცნობს, ხოლო ძირითადი თანხის დავალიანებას არ ეთანხმება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების მოთხოვნის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების დანიშნულებით თანხა გადახდილია ორჯერ, ჯამურად ამ მიზნით გადახდილია 84.65 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მან ეს თანხა ჩათვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, რადგან სესხის გადავადებას მოსარჩელე ყოველ ჯერზე მოითხოვდა 7 დღით, რიგ შემთხვევაში კი გადავადების შემდგომი 7 დღის ვადაში არ მოუთხოვია გადავადება და ამ პერიოდში გადააცილა სესხის დაბრუნების ვადა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობებს.

 

კერძოდ, ხელშეკრულების 5.4 პუნქტის მიხედვით, სესხის გადავადება დასაშვებია სესხის დაფარვის დღეს (სასესხო ხელშეკრულების ვადის ბოლო დღე) ან შემდეგომ პერიოდში. ამდენად, ხელშეკრულებით მსესხებელს მინიჭებული აქვს უფლება სესხის გადავადება მოითხოვოს როგორც სესხის ხელშეკრულების შესრულების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელებულად ითვლება.

 

მოპასუხემ სესხის დაფარვის მიზნით თანხა 50 ლარი გადაიხადა 2017 წლის 25 თებერვალს, ხოლო მანამდე მხარეთა შეთანხმებით მსეხებელს გადავადებული ჰქონდა სესხის დაბრუნების ვადა 4-ჯერ, ბოლოს 2017 წლის 21 თებერვალს 7 დღით – 2017 წლის 28 თებერვლამდე. ამდენად, ეს თანხა გადახდილია იმ დროს, როცა სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელებული იყო. ამდენად, სესხის ნაწილი დაბრუნებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

2017 წლის 13 ივნისს სესხის დაფარვის დანიშნულებით გადახდილია 34.65 ლარი, რაც ასევე გადახდილია იმ დროს, როცა არ იყო ამოწურული მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა, რომელიც 2017 წლის 5 ივნისს გაგრძელდა 7 დღით. ამასთან, სესხის ხელშკრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 23 ივნისს, ამ თანხის გადახდის შემდგომაც.

 

ორივე შემთხვევაში სესხის გადახდის დანიშნულებით თანხის გადახდის შემდგომ სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა, რის შედეგად საბოლოოდ სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 24 ივლისი.

 

ამდენად, სესხის გადავადების მოთხოვნა მსესხებელს შეეძლო არა მარტო სესხის დაბრუნების დღეს, არამედ მომდევნო პერიოდშიც, რის გამოც ისეთ პირობებში, როცა სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა შეთანხმებით სისტემატიურად გრძელდებოდა, მსესხებელი ვერ ჩაითვლება შესრულების ვადის დამრღვევ მხარედ და დაუშვებელია მას ამ პერიოდში დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინენებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის, 84.65 ლარი მსესხებელმა გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, რადგან ეს თანხა გადახდილია მას შემდეგ, რაც მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა სესხის დაბრუნების ვადა. შესაბამისად, ეს თანხა უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილ სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას უნდა გამოაკლდეს ასევე სესხის გადავადების დანიშნულებით გადახდილი საკომისიო შემდეგი საფუძვლების გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტის ე.წ არასაოპერაციო შემოსავლის ერთერთი სახეა მომსახურების საკომისიო, რომელსაც საფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ მომხმარებელი იხდის გაწეული მომსახურებისათვის. თავისი არსით საკომისიო არის გამსესხებლის მიერ სესხის დამტკიცებისა და გაცემისთვის, ასევე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული სხვა მომსახურებისათვის გამოყენებული რესურსის საფასური.

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის N2/04 ბრძანების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ფინანსური ხარჯი განმატებულია, როგორც ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნებისა და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში.

 

ამ ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, ამ ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთი ხარჯია მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები.

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში არსებობს ამ ნორმის გამოყენების საფუძველი. დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ, რომელმაც პირობები უნდა განსაზღვროს სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ამდენად, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების სახით.

 

ამდენად, მიკროსესხის სამართლებრივ ურთიერთობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს სასესხო ურთიერთობის პირობებს, ხოლო მეორე მხარეს ამ პირობების შემუშავების ან შეცვლის შესაძლებლობა არა აქვს.

 

სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ითვალისწინებს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 420-ე (პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა) მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017)

 

მოპასუხეს გადახდილი აქვს 748.26 ლარი სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის. ამ დანიშნულებით თანხა გადახდილია 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში – 7 თვის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე მოპასუხე საკომისიოს იხდიდა თვეში რამდენჯერმე. გადავადების საკომისიოს სახით გადახდილი თანხა 748.26 ლარი არის სესხის ძირითადი თანხის ნახევარი. სესხის ხელშეკრულება სარგებლიანი ხელშეკრულებაა, იგი დადებულია 201 დღით – 6 თვის ვადით, სესხის სარგებელია წლიური 120.45%, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადასახდელი სარგებელია თვეში 150.56 ლარი, ჯამურად 903,36 ლარი.

 

სესხის ხელშეკრულების 5.8 პუნქტის მიხედვით, სესხის ვადის გადავადების შემთხვევაში მოქმედებს ამ ხელშეკრულების პირველადი სესხისათვის გათვალისწინებული პირობები. ხელშეკრულების ამ დებულების საფუძველზე, სესხის გადავადების შედეგად არ შეცვლილა სესხის დაბრუნების პირობები - სესხი მსესხებელს უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად 364.18 ლარის გადახდით 6 თვის განმავლობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება).

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ სესხის დროულად დაუბრუნებლობა თავისთავად გამსესხებლისათვის ზიანის მომტანი გარემოებაა, გამსესხებელს ფინანსური დანაკარგის წინაშე აყენებს. მაგრამ გამსესხებლის ამ ინტერესის დაცვას ემსახურება პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და რომელიც ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც მოიცავს. მსესხებელს პირგასმატეხლოსთან ერთად აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვის უფლებაც (სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის ჯამურად სესხის 50%-ის ოდენობით მომსახურების საფასურის გადახდევინება სასამართლოს არასამართლიანად მიაჩნია, რადგან ხელშეკრულებიდან არ ირკვევა რა სახის ფინანსურ რესურსი დახარჯა სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისათვის მოსარჩელემ, რაც უნდა ანაზღაურდეს ასეთი ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. მოსარჩელემ სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი თანხა მიიჩნია პირგასამტეხლოს გადახდად ისეთ პირობებში, როცა მხარეთა შეთახმებით არაერთხელ გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა. შესაბამისად, კრედიტორმა არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება მსესხებლის სახელშეკრულებო ინტერესების მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება).

 

სასესხო ურთიერთობაში საკომისიო არის თანხა, რომლის მიზანია ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების საფასურის ანაზღაურება, რის გამოც ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე ასეთი ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრულობის პრინციპის საფუძველზე იმ ფიზიკურ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლებიც სესხის იღებენ არასამეწარმეო მიზნებისათვის. ამ ნორმის საფუძველზე სადაო შემთხვევაში გადახდილი გადავადების საკომისიოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რადგან დაუსაბუთებელია სესხის თანხის ნახევარი რა მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის იყო საჭირო.

 

აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სესხის გადავადებისათვის გადახდილი 748.26 ლარი, ასევე სესხის დაფარვის დანიშნულებით გადახდილი 84.65 ლარი (ჯამურად 832.91 ლარი) უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას და იგი უნდა განისაზღვროს 667.09 ლარით, რადგან მოპასუხე ცნობს სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნას და სარგებლის ოდენობა მხარებს შორის სადაო არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.

 

სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმების საგანი, მათ მიერ შეთანხმებული ოდენობით განისაზღვრება, მაგრამ ამავდროულად 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირგასმატეხლოს ოდენობა სასამართლო შეფასების საგანი გახდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობისათვის.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში სესხად მიღებული ძირითადი თანხა 1 500 ლარი, სარგებელი 42.90 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 1196.17 ლარი. სასამართლომ უკვე იმსჯელა, რომ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 913,96 ლარი, რასაც აღემატება მოთხოვნილი პირგასამტეხლო. სასამართლო ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგინვრულად მაღალია როგორც სესხის ძირითადი თანხის დავალინაბესთან (667,09 ლარი) მიმართებაში, ასევე სესხად მიღებულ თანხის ოდენობასთან შედარებითაც, რაც სეადგენს 1500 ლარს. მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას, 2017 წლის 18 ივლისის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

სესხის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 26 ივლისიდან (2017 წლის 18 ივლისს სესხის გადავადდა 7 დღით). პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რაც მოიცავს ვადის გადაცილების 166 დღეს. დღეში დარიცხული პირგასამტეხლოა 7.20 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ იგი ასევე იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება. პირგასამტეხლო არ უნდა იყოს იმ ოდენობის, რომ დაამძიმოს და გაართულოს ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს მეტისმეტად მკაცრი სანქციის დაკისრებას და არ ემსახურება ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის პრევენციას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსესხებელმა სესხის ხელშეკრულების შესრულების საკითხში გამოავლინა გულისხმიერება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გასწია ფინანსური ხარჯი სესხის გადავადებისათვის, საერთო ჯამში გადაიხადა სესხის თანხის ნახევარი, რის გამოც მოპასუხის მიერ გადასახდელ პირგასამტეხლოდ უნდა განისაზღვროს 150 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია თ----- ხ----–--–ს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 667.09 ლარის, სარგებლის 246.87 ლარის და პირგასამტეხლოს 150 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 1063.96 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ და უნდა განაწილვადდეს სესხის გადახდა 10 თვის მანძილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 19 ოქტომბრის N01/250887 გადაწყვეტილებით, თ----- ხ----–--–ს მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი არასრულწლოვანი შვილის დ-------- ხ----–--–ის (დაბ 2----–-–----- ივლისს) მიმართ. ამდენად, მოპასუხეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მხოლოდ მოპასუხის კმაყოფაზე, რადგან მას მინიჭებული აქვს მარტოხელა დედის სტატუსი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 1063.96 ლარი, რომლის 10 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 106.39 ლარი. დაკისრებული თანხის მოცულობიდან გამომდინარე მისი 10 თვის მანძილზე გადახდა არ მიაყენებს ზიანს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისთვის მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის და სადაო თანხის ერთდროულად გადახდის თუნდაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მისი რეალურად აღსრულების გარანტიას არ ქმნის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნის მიღწევისათვის უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რაც გულისხმობს დაკისრებული თანხის 10 თვეზე განწილვადებას ყოველთვიურად 106.36 ლარის გადახდით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

 

ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თავის არსით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება ნიშნავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების იძულებით აღსრულების დაწყებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდის შესახებ აღსრულების დაწყებას. გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა დაკისრებული თანხის გადახდის წესი - თანხის განწილვადებით გადახდა, რის გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 37%, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის 37% შეადგენს 37 ლარს, რომელიც მოპასუხემ უნდა აუნაზღუროს მოსარჩელეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ს---–-ას“ სარჩელი;

1.1. თ----- ხ----–--–ს დაეკისროს შპს "ს---–-ასათვის" 1063.96 ლარის გადახდა.

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 1879.08 ლარის ნაწილში;

 

2. თ----- ხ----–--–ს დაეკისროს შპს "ს---–-ასათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 37 ლარის გადახდა;

 

3. დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და შპს "ს---–-ასათვის" 1063.96 ლარის გადახდა თ----- ხ----–--–ს დაეკისროს 10 თვეზე განწილვადებით ყოველთვიურად 106.39 ლარის გადახდით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი