გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002014550
N2/2729-2017
საქართველოს სახელით
გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება
16 მარტი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი მადლენა შანთაძე
მოსარჩელე - შპს „მი--ა“
წარმომადგენელი - მი----ა ალ--–-–---–ი
მოპასუხე - შპს „ბილდ მე---------ი“, რო----ტ ქო----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
სასამართლოს მთავარ სხდომაზე განიხილა გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2017 წლის 18 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „მი--ას“ წარმომადგენელმა, მოპასუხეებზე თანხის დაკისრების მოთხოვნით. მისი განმარტებით, კომპანიას ბათუმში გააჩნია საბითუმო მაღაზია, რომელიც ვაჭრობს სხვადასხვა სახის ელექტრო საქონლით. 2016 წლის ივნისიდან-სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხეებმა მოსარჩელისგან კონსიგნაციით შეისყიდეს სხვადასხვა დასახელების ელექტრო საქონელი. აღნიშნულზე შედგა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის მიღებაც დადასტურებულია მოპასუხე შპს „ბილდ მე---------ის“ მიერ. მოპასუხეებმა სრულად არ გადაიხადეს ნასყიდობის საფასური და დღეის მდგომარეობით დარჩენილია დავალიანება 13250 ლარი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე შპს „ბილდ მე---------ს“ და რო----ტი ქო----ეს შპს „მი--ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 13250 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს შპს „ბილდ მე---------ის“ დირექტორს და ფიზიკურ პირს რო----ტი ქო----ეს სარჩელი, თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდათ 2017 წლის 14 აგვისტოს. შესაგებლის წარმოსაგენად მათ განსაზღვრული ჰქონდათ 10 დღის ვადა, თუმცა შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთ-ერთი მოპასუხის, რო----ტი ქო----ის მიმართ, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება - საგადასახადო ანგარიშფაქტურები გამოწერილია შპს „ბილდ მე---------ის“ სახელზე, სხვა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ რო----ტი ქო----ემ პირადად აიღო პასუხისმგებლობა შპს „ბილდ მე---------ის“ ვალდებულებების შესრულებაზე, შპს „მი--ას“ მიმართ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სახეზე არ იყო მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება თანახმად სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლისა.
სასამართლომ დანიშნა სხდომა, სადაც მოსმენილი იქნა მოპასუხის სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლომ განიხილა რა სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მოპასუხე შპს „ბილდ მე---------ს“ სარჩელი, თანდართული დოკუმენტებით, ჩაბარდა 2017 წლის 14 აგვისტოს, შესაგებლის წარმოსაგენად მას განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, თუმცა შესაგებელი არ წარმოუდგენია. ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოპასუხე „ბილდ მე---------ის“ ნაწილში იურიდიულად სრულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მეორე მოპასუხის რო----ტი ქო----ის ნაწილში იურიდიულად არ ამართლებდა სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 328-ე, 361-ე, 463-ე მუხლების მოთხოვნებს, სოლიდარული ვალდებულების არსებობის შესახებ.
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული დასკვნა ემყარება მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომლის მიხედვით, იგი ეთანხმება სარჩელში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მან არა მხოლოდ, როგორც შპს „ბილდ მე---------ის“ წარმომადგენელმა-დირექტორმა, არამედ როგორც ფიზიკურმა პირმა, აიღო პასუხისმგებლობა მოსარჩელისგან შესყიდული საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე და ვალდებულების შესრულებაზე.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია განხორციელებული სასაქონლო ოპერაცია-ნასყიდობის ხელშეკრულება, ერთის მხრივ შპს „მი--ასა“ და შპს „ბილდ მე---------ს“ შორის, რომელიც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ჩაითვალა მოპასუხის, შპს „ბილდ მე---------ის“ მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და მეორეს მხრივ, მოსარჩელესა და მოპასუხე რო----ტ ქო----ეს შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულება, რომლის არსებობა მან დაადასტურა თავის ახსნა-განმარტებაში.
სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოცემული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მხარეებმა რაიმე ფორმა განსაზღვრეს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ფორმით. სასამართლო, ასევე დადასტურებულად თვლის იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დავალიანება შეადგენს 13250 ლარს. სამოქალაქო კოდექსი 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსი----სიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 463-ე მუხლიდან გამომდინარე თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურებულია, რომ რო----ტი ქო----ემ, შპს „ბილდ მე---------თან“ ერთად გააფორმა ხელშეკრულება შპს „მი--ასთან“ და აიღო პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებაზე. ასევე, დადასტურებულია, რომ მას ხელშეკრულების პირობები არ შეუსრულებია და მოცემულ შემთხვევაში ერიცხება მოსარჩელის დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 397.5 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 17), რომლის გადახდაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
მოსარჩელე ითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებას მოპასუხეებზე. ამასთან, საქმეში არაა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება ასეთი ხარჯების რაოდენობისა და გაწევის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მხარის ამ შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-8, 53-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „მი--ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროთ შპს „ბილდ მე---------ს“ და რო----ტი ქო----ეს, შპს „მი--ას“ სასარგებლოდ 13250 ლარი;
3. დაეკისროთ შპს „ბილდ მე---------ს“ და რო----ტი ქო----ეს 397.5 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს, შპს „ბილდ მე---------ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს, რო----ტი ქო----ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე