გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2018
საქმის ნომერი
010210017001949161
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001949161

2-1921/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07/02/2018 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ნ-------- ტ----ე

წარმომადგენელი: ვ-–-----------–---–-

მოპასუხე: შპს მისო ‘’რ-------------ი’’

წარმომადგენელი: ნ--------–---–---–-

დავის საგანი: ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

ნ-------- ტ----ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ბათილად იქნას ცნობილი შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის 2017 წლის 14 მარტს დადებული №1265168 სესხის ხელშეკრულება;

- ძალაში დარჩეს მხარეებს შორის 2016 წლის 15 დეკემბერს დადებული №1198859 სესხის ხელშეკრულება.

- გადახდილად ჩაითვალოს 2017 წლის 15 იანვარს გადახდილი სარგებელი 60 აშშ დოლარი;

- გაუქმდეს მასზე დაკისრებული საურავი 400.92 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2015 წლის 16 დეკემბერს შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის დაიდო №1265168 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ექვსი თვის ვადით, სარგებელის სახით თვეში 1 %-ის დარიცხვის პირობით, შპს ,,მისო რ-------------მა“ ნ-------- ტ----ეს ასესხა 3 000 აშშ დოლარი. ნ-------- ტ----ეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაეხადა სესხზე დარიცხული ყოველთვიური სარგებელი - 30 აშშ დოლარი. ნ-------- ტ----ე საქართველოს ფარგლებს გარეთ აპირებდა წასვლას. მან იცოდა, რომ შესაძლებელი იყო თებერვალში საქართველოში არ ყოფილიყო, ამიტომ თავი დაიზღვია და 2017 წლის 15 იანვარს ერთდროულად გადაიხადა იანვრისა და თებერვლის თვის სარგებელი, ჯამში 60 აშშ დოლარი. მარტის თვის სარგებელის გადახდისას გაარკვია, რომ მის მიერ გადახდილი 60 აშშ დოლარიდან 30 აშშ დოლარით დაიფარა იანვრის თვის სარგებელი. დარჩენილი 30 აშშ დოლარი დააკლდა ძირ თანხას და არ გაიქვითა 2017 წლის თებერვლის სარგებელი. სამაგიეროდ 2017 წლის 15 თებერვლიდან მას დაერიცხა პირაგასამტეხლო, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 386.07 აშშ დოლარი. მან მოპასუხეს მოსთხოვა 30 აშშ დოლარი ჩაეთვალა თებერვლის სარგებელში და გაეუქმებინა დარიცხული საურავები, მაგრამ მისი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან ერთად სესხს ყოველდღიურად ერიცხებოდა საურავი და იზრდებოდა ზიანი. შემდგომი გადასახდელი თანხის ოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, ის დასთანხმდა ახალი ხელშეკრულების დადებას, რომელშიც ძირ თანხასათან ერთად, ასევე შესული იქნებოდა თებერვლის სარგებელის გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული საურავებიც. აღნიშნულის შემდეგ 2017 წლის 14 მარტს გააფორმეს №1265168 სესხის ხელშეკრულება, როლის მიხედვითაც მას სესხად დაუდგინა 3370 აშშ დოლარი. დასახელებულ თანხაში 2970 აშშ დოლარი 2016 წლის 15 დეკემბრის №1198859 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხაა, ხოლო 400.92 აშშ დოლარი დარიცხული სურავია. მიაჩნია, რომ 2017 წლის 14 მარტის №1265168 სესხის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კანონს. ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი და უნდა აღსდგეს 2016 წლის 15 დეკემბერს დადებული №1198859 სესხის ხელშეკრულების მოქმედება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

შპს ,,მისო რ-------------ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს მას, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს შპს ,,მისო რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის დაიდო №1265168 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ექვსი თვის ვადით, სარგებელის სახით თვეში 1 %-ის დარიცხვის პირობით, შპს ,,მისო რ-------------მა“ ნ-------- ტ----ეს ასესხა 3 000 აშშ დოლარი. ნ-------- ტ----ეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაეხადა ყოველთვური სარგებელი 30 აშშ დოლარი. განმარტავს, რომ ნ-------- ტ----ემ სესხის დასაფარად 2017 წლის 15 იანვარს გადაიხადა 60 აშშ დოლარი. აქედან 30 აშშ დოლარი მიმართული იქნა ვადამოსული გადასახადის გადასახდელში, ხოლო დარჩენილი 30 აშშ დოლარი მიმართული იქნა ძირის დასაფარად. 2017 წლის 15 იანვარს მოსარჩელეს სხვა ვალდებულება შესასრულებელი არ ჰქონდა, რის გამოც მის მიერ გადახდილ 30 აშშ დოლარს სხვა მიმართულებით ვერ წარმართავდენ. 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ არ გადაიხადა კუთვნილი გადასახდელი 30 აშშ დოლარი, რის გამოც ამ დღიდან მას დაერიცხა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს თანხები. საბოლოო ჯამში მხარეები შეთანხმდენ და გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, რომელითაც ნ-------- დაბიძეზე სესხად გაიცა 3370 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა ძველი დავალიანების როგორც ძირი თანხა, ასევე მასზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლოს თანხები. მიიჩნევს, რომ გარიგება სრულად შეესაბამება კანონის მოთხონებს, რის გამოც სარჩელი მისი ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 16 დეკემბერს შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის დაიდო №1265168 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს მისო ,,რ-------------მა“ ნ-------- ტ----ეს სარგებელის სახით თვეში 1 %-ის დარიცხვის პირობით, ექვსი თვის ვადით ასესხა 3 000 აშშ დოლარი. ნ-------- ტ----ეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაეხადა სესხზე დარიცხული ყოველთვიური სარგებელი 30 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 16 დეკემბრის №1265168 სესხის ხელშეკრულება. ს.ფ.16-20.

 

3.1.2. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ნ-------- ტ----ემ 2017 წლის 15 იანვარს შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ის“ ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატით ერთდროულად ჩარიცხა 60 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. ნ-------- ტ----ის მიერ გადახდილი 60 აშშ დოლარიდან 30 აშშ დოლარით დაიფარა იანვრის თვის სარგებელი, ხოლო დარჩენილი 30 აშშ დოლარი დაექვითა ძირ თანხას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. ნ-------- ტ----ეს 2017 წლის 15 იანვრიდან 2017 წლის 12 მარტამდე შუალედში სარგებელი არ გადაუხდია. შპს მისო ,,რ-------------მა მიიჩნია, რომ ნ-------- ტ----ემ 2017 წლის 15 თებერვლამდე სარგებელის სახით 30 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაარღვია, რის გამოც მას დაერიცხა პირგასამტეხლოს თანხები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. ნ-------- ტ----ემ საურავების დარიცხვის შესახებ გაიგო 2017 წლის 12 მარტს, ანუ მაშინ, როცა გადაწყვიტა მარტის თვის სარგებელის გადახდა. მან მოპასუხეს განცხადბებით აცნობა, რომ 2017 წლის 15 იანვარს გადაიხადა იანვრისა და თებერვლის თვის სარგებელი და მოითხოვა გადახდილი თანხის სარგებელის ანგარიშში ჩათვლა და პირგასამტეხლოს თანხებისაგან გათავისუფლება. მოპასუხემ მისი მოთხოვა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

ნ-------- ტ----ის განცხადებები. ს.ფ. 25-28

3.1.6. 2017 წლის 14 მარტს შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის დაიდო №1265168 სესხის ხელშეკრულება, როლის საფუძველზეც შპს ,,რ-------------მა“ მოსარჩელეს სესხად გადასცა 3370 აშშ დოლარი. დასახელებულ თანხით დაიფარა 2016 წლის 15 დეკემბრის №1198859 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ დაიფარა ამ ხელთეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ძირი თანხა 2970 აშშ დოლარი და 400.92 აშშ დოლარი დარიცხული სურავი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 14 მარტის №1265168 სესხის ხელშეკრულება.ს.ფ.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არის. სადაოა შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის 2017 წლის 14 მარტს დადებული №1265168 სესხის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 15 დეკემბერს დადებული №1198859 სესხის ხელშეკრულების ბუნება. №1265168 სესხის ხელშეკრულება არის თუ არა ბათილი გარიგება და მის ნაცვლად უნდა ამოქმედდეს თუ არა 2016 წლის 15 დეკემბრის №1198859 სესხის ხელშეკრულება, აღნიშნული მოითხოვს დადგენილი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. სწორედ მასზეა დამოკიდებულია სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი და მასზე სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2017 წლის 14 მარტს დადებული №1265168 სესხის ხელშეკრულება 400.92 აშშ დოლარის ნაწილში ბათილი გარიგებაა. სწორედ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-- საქართველოს კონნსტიტუცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2017 წლის 14 მარტს დადებული №1265168 სესხის ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა. ამტკიცებს, რომ ბათილი გარიგება არღვევს მის კანონიერ უფლებებს, რის გამოც წარმოადგინა სარჩელი და წინამდებარე სარჩელით მიზნად დაისახა დარღვეული უფლების აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი, დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა და მათი გაბათილების გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. ამ საკითხის გარკვევისათვის აუცილებელია გაირკვევეს გარიგების დადების სამართლებრივი საფუძვლები და მათი შესაბამისობა კანონით დადგენილ წესსთან.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და ახორციელებს ფულად ოპერაციებს. 2016 წლის დეკემბრის თვეში ნ-------- ტ----ეს სურვილი ჰქონდა თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე 2016 წლის 15 დეკემბერს შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს მისო ,,რ-------------მა“ ნ-------- ტ----ეს სარგებელის სახით თვეში 1 %-ის დარიცხვის პირობით, ექვსი თვის ვადით ასესხა 3 000 აშშ დოლარი. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შპს ,,რ-------------მა“ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ნ-------- ტ----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ნ-------- ტ----ე, როგორც თანხის დამსესხებელი, ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით გადაეხადა სარგებელი 30 აშშ დოლარი და საერთო ჯამში 6 თვეში მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა სრულად. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ გამსესხებლის მიერ თანხის გადაცემას უნდა მოჰყვეს მსესხებელის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ნ-------- ტ----ემ ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 15 იანვარს გადაიხადა 60 აშშ დოლარი. უდაო გარემოებაა, რომ შპს ,,რ-------------მა“ 30 აშშ დოლარი მიიღო, როგორც იანვრის თვის სარგებელი, ხოლო 30 აშშ დოლარი გამოაკლო ძირ თანხას. ნ-------- ტ----ეს ეგონა, რომ მის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა, როგორც იანვრის თვის, ისე თებერვლის თვის სარგებელი, ამიტომ მან დამატებით აღარ გადაიხადა თებერვლის თვის სარგებელი. თავის მხრივ შპს ,,რ-------------მა“ ნ-------- ტ----ეს 2017 წლის 15 თებერვლიადან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაარიცხა პირგასამტეხლო, რამაც 2017 წლის 14 მარტამდე შეადგინა 400.92 აშშ დოლარი. მოპასუხემ არ გაიზიარა ნ-------- ტ----ის განმარტება, მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას მასში, რომ ფიქრობდა თებერვლის თვის სარგებელი გადახდილი ჰქონდა. მხარეთა კომუნიკაციის შედეგად 2017 წლის 14 მარტს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც დაიფარა ძველი დავალიანების ძირი თანხა, სარგებელი და 400.92 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს თანხა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა სასამართლომ, საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის (უდაო ფაქტობრივი გარემოებებში) პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა გარიგების გაბათილების საფუძველს და ქმნის თუ არა მის ნაცვლად 2016 წლის 15 დეკემბერს დადებული №1198859 სესხის ხელშეკრულების ამოქედების შესაძლებლობას. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ გამოიყენა დომინანტური მდგომარეობა და აიძულა ახალი ხელშეკრულება დაედო, რომლითაც მას გადასახდელად დაეკისრა 400.92 აშშ დოლარი, ასევე გადახდილად არ ჩაეთვალა უკვე გადახდილი 60 აშშ დოლარი. მართალია ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ მასში არაა მისი თავისუფალი ნება. დასახელებული არგუმენტები ქმნის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების გაბათილების საფუძველს. დასახელებული ნორმით ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”. ნამდვილი გარიგება დადებული უნდა იყოს მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. ყველა გარიგება, რომელიც დადებულია ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლენის გარეშე, ეწინააღმდეგება კანონს, ზნეობას და საჯარო წესრიგს, ბათილია.

 

6.6. საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის პირველ რიგში უნდა შემოწმდეს და შეფასდეს 2017 წლის 14 მარტს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბუნება. გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. იმავდროულად გამოვლენილი ნება კანონის, ზნეობისა და საჯარო წესრიგის შესაბამისი უნდა იყოს. სესხის ხელშეკრულების მონაწილე მსესხებელმა მხარემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ისესხოს თანხა და გამსესხებელს დაუბრუნოს შეთანხმებულ ვადაში. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია. ის შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ მას სესხის ნება არ გამოუვლენია. ის იძულებული იყო ხელი მოეწერა გარიგებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ემატებოდა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს თანხები. სწორედ ახალი გარიგებით თავი დააღწია პირგასამტეხლოს დარიცხვებს და წინამდებარე სარჩელით ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას.

 

6.7. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განმარტებული იქნას კეთისინდისიერების პრინციპი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებში კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის შედეგად კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე (№ას-1338-1376-2014 ). საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ბოროტად გამოიყენა თუ არა კრედიტორმა (კომერციულმა ბანკმა) სესხის ხელშეკრულებით მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის უფლება მესამე პირისაგან (სხვა კომერციული ბანკისგან) აღნიშნული ვალდებულების შესრულების შეთავაზების უპასუხოდ დატოვებით, რითაც მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი, არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. საკასაციო პალატის განმარტებით, კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,რ-------------ი“ ვალდებული იყო გამოეჩინა კეთისინდისიერება და ნ-------- ტ----ისათვის ხელი შეეწყო ნაკისრი მოვალეობის ჯეროვან შესრულებაში. ასევე მისგან მიეღო ის შესრულება, რაც ნ-------- ტ----ემ განახორციელა მის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. ბუნებრივია 2017 წლის 15 იანვარს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ვერ მიხვდებოდა ზედმეტად გადახდილი 30 აშშ დოლარის დანიშნულებას. აღნიშნული გარკევულ წილად ნ-------- ტ----ის ,,დამსახურებაცაა“. მასაც მოეთხოვებოდა წინდახედულობა, რაც გამოიხატება მასში, რომ სარგებელი წინსწრებით უნდა გადაეხადა მოპასუხის ოფისში, სადაც სიტყვიერადაც მიუთითებდა და დანიშნულებაშიც ჩაწერდა, რომ 30 აშშ დოლარით წინსწრებით იხდიდა თებერვლის თვის სარგებელს. მან გადასახადი გადაიხადა სწრაფი გადახდის აპარატით, სადაც არ არის ოპერატორი და ასევე, სადაც შეუძლებელია დანიშნულების მითითება. სწორედ ეს იყო ნ-------- ტ----ის შეცდომა, მაგრამ თავის მხრივ მოპასუხეც უნდა დაინტერესებულიყო თუ რის გადასახადი გადაიხადა ნ-------- ტ----ემ. შეეძლო მოპასუხის წარმომადგენელი დაკავშირებოდა ტელეფონით, ან სხვა საშუალებით და გაერკვია აღნიშნული. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ გადასახადების გადახდა წარმოებს პროგრამულად და 15 იანვარს გადახდილი თებერვლის გადასახადი, დანიშნულების გარეშე პროგრამულად ვერ აისახებოდა თებერვლის თვის გადასახდელ სარგებელის ანგარიშში, მაგრამ ამ საკითხის გამოსწორება შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, როდესაც მოსარჩელემ 2017 წლის 13 მარტს მიმართა წერილობით და აცნობა, რომ მას წინსწრებით ჰქონდა გადახდილი თებერვლის თვის სარგებელი. მოპასუხეს უნდა გამოეჩინა კეთილსინდისიერება და გამოესწორებინა მდგომარეობა. მას ახალი ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს თანხაზე და ძირ თანხაზე გარიგების დადების ნაცვლად, უნდა გაეუქმებინა დარიცხული საურავები და სარგებელში მიეთვალა 15 იანვარს წინსწრებით გადახდილი 30 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, მან ახალი გარიგება დადო და 400.92 აშშ დოლარი შეიტანა ახალ გარიგებაში და ნ-------- ტ----ეს დაუდგინა ახალი გრაფიკი.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით გარიგება მაშინ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ- ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი დადებული ხელშეკრულებიდან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. გარიგება ასევე ამორალურია, თუ ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-------- ტ----ის მოქმედება 2017 წლის 15 იანვრს მიმართული იყო ნაკისრი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისაკენ. მან იცოდა, რომ თებერვლის თვეში ობიექტური თუ სუბიექტური (მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს) ვერ გადაიხდიდა სარგებელს, ამიტომ მან იზრუნვა შპს ,,რ-------------ის“ ინტერესის დაცვაზე და წინასწარ გადაიხადა თებერვლის თვის სარგებელი. მან გადახდა განახორციელა სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, შესაბამისად ვერ მიუთითა დანიშნულების შესახებ. სწორედ ამიტომ შპს ,,რ-------------მა“ ვერ შეძლო მისი თებერვლის სარგებელის გადასახადში ასახვა. მას შემდეგ, რაც გაერკვა რეალურ სიტუაციაში, მას აღარ უნდა ეზრუნვა ნ-------- ტ----იდან დამატებით ჯარიმების მეშვეობით თანხების ამოღებაზე. ასეთი მოქმედება არ შეესაბამება კეთისინდისიერ ქმედებას. სასამართლო პატივს სცემს ნებისმიერი სუბიექტის მისწრაფებას კომერციული საქმიანობით მიიღოს მოგება, მაგრამ ეს მოგება გამართლებული უნდა იყოს ზნეობრივად გამართლებული. ისეთ სიტუაციაში, როცა მოსარჩელემ რეალურად წინასწარ გადაიხადა თებერვლის თვის სარგებელი, მოპასუხეს უნდა გაეუქმებინა დარიცხული პირგასამტეხლოს თანხები და ახალი შეთანხებით აღედგინა თანასწორობა. ამის ნაცვლად ახალი გარიგება და მასში 400.92 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს შეტანა და ნ-------- ტ----ისათვის გადასახდელად დაწესება, ეწინააღმდეგობა ზნეობის ნორმებს. იგი უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის 2017 წლის 14 მარტს დადებული №1265168 სესხის ხელშეკრულება 400.92 აშშ დოლარის ნაწილში. აღნიშნული გამოიწვევს მხარეთა თანასწორობის აღდგენას. სხვა დანარჩენი მოთხოვნები ბუნდოვანია და არ გამოიწვევს მოსარჩელის ინეტესების დაკმაყოფილებასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა გათანაბრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 244.4 ლარს. მოსარჩელის ბაჟის თანხა გადახდილი აქვს ნაწილობრივად. სარჩელი ნაწილობრივად. დაკმაყოფილდა, რის გამოც სახ. ბაჟის თანხა მხარეებს შორის უნდა გადანაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 209.4 ლარის , ხოლო მოპასუხეს 35 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. ნ-------- ტ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------სა“ და ნ-------- ტ----ეს შორის 2017 წლის 14 მარტს დადებული №1265168 სესხის ხელშეკრულება ბათილად იქნას ცნობილი 400.92 აშშ დოლარის სესხად გაცემის ნაწილში.

3. სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. მოსარჩელეს დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 209.4 ლარის გადახდა. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

5. შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ს“, ნ-------- ტ----ის სასარგებლოს დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 35 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე