გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002109526
N2/955-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე სს „თ-----------“,წარმომადგენელი გ---------------------ე,მოპასუხე ნ---------ე,დავის საგანი თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე ნ---------ეს, სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1342,59 ლარის, 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2057,20 ლარის, 2011 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1739,28 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2011 წლის 08 ნოემბერს სს "თ------------" და ნ---------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ბარათის ტიპი განვადების ბარათი ინსტალმენტ ქარდ, განვადების ბარათის მოქმედების ვადა 4 წელი, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 42%, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: თითოეული ტრანში უნდა დაიფაროს თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველი კალენდარული თვის 18 რიცხვში. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1739,28 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 999,92 ლარი, პროცენტი - 139,36 ლარი, პირგასამტეხლო - 600 ლარი.
2012 წლის 25 სექტემბერს სს "თ------------" და ნ---------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებეით: ბარათის ტიპი საკრედიტო ბარათი პრაიმ ქარდი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 12264 კალენდარული დღე (24.04.2046 წლამდე), საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 360 ლარი. შემდგომში ბანკის მიერ ცალმხრივად მოხდა ლიმიტის გაზრდა, რასაც მოპასუხე დაეთანხმა გაზრდიი ლიმიტით თანხის გატანით და ძირმა თანხამ შეადგინა 1049,93 ლარი. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო), დღიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "თ-----------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2057,20 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1049,93 ლარი, პროცენტი - 800,99 ლარი, პირგასამტეხლო - 206,28 ლარი.
2014 წლის 04 ივლისს სს " თ------------" და ნ---------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ბარათის ტიპი - საკრედიტო ბარათი პრაიმ ქარდი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 11617 კალენდარული დღე (24.04.2046 წლამდე). საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 680 ლარი, გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო), დღიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "თ-----------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1342, 59 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 678,65 ლარი, პროცენტი - 496,33 ლარი, პირგასამტეხლო - 167,61 ლარი.
მოსარჩელის სს "თ-----------ს" წარმომადგენელმა გ---------------------ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1050 ლარის, 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 680 ლარის, 2011 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარისა და პროცენტის 1440 ლარის ნ---------ისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცი:
მოპასუხე ნ---------ემ სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში, ხოლო პროცენტის ნაწილში ცნო ნაწილობრივ, განმარტა, რომ ცნობს 1440 ლარის მხოლოდ 50%-ს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2011 წლის 08 ნოემბერს სს "თ------------" და ნ---------ეს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ბარათის მოქმედების ვადა განისაზრვრა 4 წლით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1000 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 42%-ით.
3.1.2. 2012 წლის 25 სექტემბერს სს "თ------------" და ნ---------ეს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12264 კალენდარული დღით (24.04.2046 წლამდე), საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 360 ლარით.
3.1.3. 2014 წლის 04 ივლისს სს " თ------------" და ნ---------ეს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 11617 კალენდარული დღით (24.04.2046 წლამდე). საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 680 ლარით, გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო), დღიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "თ-----------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2011 წლის 08 ნოემბრის, 2012 წლის 25 სექტემბრის და 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეებზე დარიცხული სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სს „თ-----------ს“ სარჩელი ნ---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე ნ---------ეს, სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1050 ლარის, 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 680 ლარის, 2011 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარისა და პროცენტის 1440 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხე ნ---------ემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ სს „თ------------“ და ნ---------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------'' უფლებამოსილია მოითხოვოს 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1050 ლარის, 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 680 ლარის და 2011 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქმეში არსებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2011 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%-ით, 2012 წლის 25 სექტემბრის და 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნ---------ეს პროცენტის სახით უნდა დაეკისროს - 1440 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სს „თ----- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 154,18 ლარიდან მის მიერ ზედმეტად გადახდილი 29,08 ლარი (გადახდის თარიღი: 30.06.2017 წ. საგადასახადო დავალება N10), 21,60 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 103,50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „თ-----------ს“ სარჩელი ნ---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ---------ეს, სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 04 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1050 ლარის, 2012 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 680 ლარის, 2011 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარისა და პროცენტის 1440 ლარის გადახდა.
3. სს „თ----- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 154,18 ლარიდან მის მიერ ზედმეტად გადახდილი 29,08 ლარი (გადახდის თარიღი: 30.06.2017 წ. საგადასახადო დავალება N10), 21,60 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 103,50 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე