გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210017002202956
N 2/902-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.03.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ფატმან ჭანტურიძე, ნათია ლუტიძე,მოსარჩელე: შპს ,-ე--- კ---------'',წარმომადგენელი: შპს ,- ჯ---–---,წარმომადგენელი: მ--ა გ------ე,მოპასუხე: ა---------– ხ-------–---–ი,დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დავალიანების თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ს'' სასარგებლოდ 2014 წლის 24 ოქტომბრის საბანკო კ---------ს N69361 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების თანხის -742.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი 112.67 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო 275 ლარი.
მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 42 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღურება.
მოსარჩელის პიზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მ--ა გ------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს და შპს ,-ე--- კ---------'' შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომრით 6936, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 400 ლარის ოდენობით, 2017 წლის 07 დეკემბრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 400 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 112.67 ლარი დაებრუნებინა 43 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 %-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 667.33 ლარი.
2018 წლის 12 თებერვლის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის -742.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი 112.67 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო 275 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---------– ხ-------–---–მა როგორც წერილობით წარმოდგენილი შესაგებელით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს ნამდვილად გაიცა სესხი 400 ლარი, ერთი თვით და არა 2014 წლის 07 დეკემბრამდე, სესხი იყო უპროცენტო, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 24 ნოემბერს, დღის 17:00 საათის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის 24 ნოემბერს, საღამოს 17:00 საათიდან ხელშეკრულების 7.7 პუნქტის თანახმად. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ანუ 2014 წლის 24 ნოემბერს 17:00 საათის შემდგომ და ამოიწურა 2017 წლის 24 ნოემბერს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სესხი გაცემული იქნებოდა 43 დღის ვადით, ამოიწურებოდა 2017 წლის 05 დეკემბერს. სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა 2017 წლის 06 დეკემბერს - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. მოთხოვნა არის ხანდაზმული და იგი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხე ა---------– ხ-------–---–სა და შპს ,-ე--- კ---------'' შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომრით 6936, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 400 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება ნომრით 6936
- მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა,- გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი;
- მხარეთა განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 400 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 112.67 ლარი დაებრუნებინა 43 დღის ვადაში. მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს არც სესხის ძირი თანხა და არც მასზე დარიცხული სარგებელი არ დაუბრუნებია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა.
- მხარეთა განმარტება.
3.2.2. ა---------– ხ-------–---–ს დაერიცხა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.3. ა---------– ხ-------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და სარჩელის შეტანის დროისათვის მისი დავალიანება შეადგენს 1200 ლარს. მოსარჩელის მიერ შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა 742.67 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინტერნეტ სესხის ხელშეკრულება
- მოსარჩელის განმარტება.
3.2.4 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის 24 ნოემბერს, საღამოს 17:00 საათის შემდეგ და სარჩელი ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინტერნეტ სესხის ხელშეკრულება
-მოპასუხის ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,-ე--- კ---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 123-ე, 128-131-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 403-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე , 623-ე , 625-ე, მუხლები
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 53-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ა“ და მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით. განისაზღვრა სარგებელი 112.67 ლარი. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 43 დღით.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ა“ და მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოპასუხის მიერ დაირღვა და არ შესრულდა.
6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა, მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელესთან დადებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესრულების ვადა განსაზღვრული იყო 30 დღით, ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, მაგრამ არ იქნა გამოყენებული მათ მიერ კანონით დადგენილ ვადაში და სარჩელი ხანდაზმულია, ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული სესხის ხელშეკრულების პირველი მუხლის ,-ს“ და ,-ტ“ ქვეპუნქტების და 2014 წლის 24 ოქტომბერს დადებული N69361 სასესხო განაცხადის თანახმად დადგენილია, რომ სესხი უნდა დაებრუნებინა მოპასუხეს სარგებელთან ერთად 43 დღის ვადაში, სესხის დაფარვის დღედ კი მიიჩნევა სესხის დაფარვის ვადის ბოლო დღე ანუ 2014 წლის 06 დეკემბერი. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეთანხმა მოპასუხე და სესხი მიიღო. რაიმე პრეტენზია და საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 121-ე, 122-ე მუხლების და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილებებში და გარიგებებში გამოიყენება მეოთხე კარის პირველი თავით დადგენილი ვადები. თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. ხოლო დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.
ხელშეკრულების 7.7 მუხლის თანახმად ვინაიდან მოპასუხის მიერ სესხის გადახდა არ განხორციელდა სესხის დაბრუნების დღის 2014 წლის 06 დეკემბრის 17 საათამდე, აღნიშნული დროის შემდეგ ანუ 17 საათის შემდეგ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ამავე ხელშეკრულების 8.3 მუხლით დადგენილი წესით თანხის მიღება განეხორციელებინა მოპასუხის ანგარიშებიდან, თუკი ასეთი აღმოჩნდებოდა. როგორც მხარეთა განმარტებით დადგინდა მოპასუხეს საბანკო ანგარიშებზე თანხა არ გააჩნდა, მოსარჩელემ ვერ შეძლო 8.3 მუხლით დადგენილი წესით მიეღო გაცემული სესხი, შესაბამისად მოპასუხის მიერ ვალდებულებაც არ შესრულდა და სარჩელი აღძრა სასამართლოში.
სესხის ხელშეკრულების 7.7 მუხლით დადგენილი დრო 17 საათი მიუთითებს არა მოსარჩელის ვალდებულებას მოსთხოვოს მოპასუხეს სესხის ანაზღაურება, არამედ 2014 წლის 06 დეკემბრის 17 საათის შემდეგ მოსარჩელეს ენიჭება უფლებამოსილება ამ ხელშეკრულების 8.3 მუხლის შესაბამისად მოპასუხის თანხმობის გარეშე აწარმოოს თანხების მიღება მოპასუხის ანგარიშიდან, თუკი ასეთს აღმოაჩენს.
სესხის ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად სესხი გაცემულად ითვლება გადარიცხვის მომენტიდან. წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოპასუხეს გადაერიცხა მოთხოვნილი სესხი 2014 წლის 24 ოქტომბერს და სესხის ვადა განისაზღვრა 43 დღე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 43 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება სესხის ვადის ბოლო 43-ე დღეს, ანუ 2014 წლის 06 დეკემბრის ღამის 12 საათამდე პერიოდში. 2014 წლის 07 დეკემბრიდან კი მოსარჩელე უფლებამოსილია სამი წლის განმავლობაში მოსთხოვოს მოპასუხეს ვალდებულების შესრულება.
6.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები.
როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვადების გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა და დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა და სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 43 დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 06 დეკემბრის 12 საათის ჩათვლით, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 07 დეკემბრიდან და სამი წლის განმავლობაში, 2017 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით უფლებამოსილი იყო აღეძრა სარჩელი სასამართლოში და მოეთხოვა მოპასუხისაგან ვალდებულების შესრულება. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ის მიმართ 2017 წლის 06 დეკემბერს, შესაბამისად სარჩელი ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალის მიერ არ შესრულებულა. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოპასუხეს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.
ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი და საჭიროებს შემცირებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან შემცირებული უნდა იქნეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჟებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ შეამცირა, კერძოდ 667.33 ლარის ნაცვლად მოითხოვა 275 ლარი, შესაბამისად შემცირებული სარჩელის 457.33 ლარის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 19 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა 560.17 ლარის ნაწილში შესაბამისად ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 23.50 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ 247.50 ლარის ნაწილში ამის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7.50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მოთხოვნა იურიდიული მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 205-ე, 230-ე, 234-237-ე, 243- 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,-ე--- კ---------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ს'' (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის- 560.17 (ხუთას სამოცი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 400 ლარს, სარგებელი 112.67 ლარს, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარს, პირგასამტეხლო 27.50 ლარს.
1.2 მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ს'' (ს/კ 4--------) სასრგებლოდ დაეკისროს იურიდული მომსახურების ხარჯის 42 (ორმოცდაორი) ლარის ანაზღაურება.
2 მოპასუხე ა---------– ხ-------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,-ე--- კ---------ს'' (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 23.50 (ოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
2.1. მოსარჩლე შპს ,-ე--- კ---------ს'' (ს/კ 4--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 07.50 (შვიდი თეთრი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2.2. მოსარჩლე შპს ,-ე--- კ---------'' (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 19 (ცხრამეტი) ლარი, ბაჟის გადახდის თარიღი 2017 წლის 25 ოქტომბერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე