გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/37-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.03.2018წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ვ------ა ნ--------ძე
მოპასუხე - №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
წარმომადგენელი - ნ--- ა------შვილი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 2017 წლის 23 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N1----- განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. 2017 წლის 21 მარტის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N6 პენიტენციური დაწესებულების N2----- დირექტორის განკარგულების ბათილად ცნობა;
1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 01.05.2017 წლის N 1---------- და 15.05.2017 წლის N1---------- ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.
პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში მოსარჩელემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 თებერვალს ვ------ა ნ--------ძეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა (სატელეფონო საუბრის შეზღუდვა 2 თვით) N6 პენიტენციალური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით N 1-----.
როგორც მოსარჩელე უთითებს მისი კედელი არის სისველისგან დაზიანებული და ნესტიანი. მსჯავრდებულმა სოციალურ მუშაკს თხოვა აღნიშნულზე შეედგინა ოქმი (დაედასტურებინა კედლის მდგომარეობა), რაზედაც მიიღო უარი, აღნიშნულს კი მოჰყვა კონფლიქტი.
მსჯავრდებული მიიჩნევს რომ განკარგულება და სახდელი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, არ არის თანაზომიერი და არის დაუსაბუთებელი.
მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში მოსარჩელემ განმარტა, 2017 წლის 21 მარტს ვ------ა ნ--------ძეს ჩაბარდა N6 დაწესებულების დირექტორის განკარგულება N2----- მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლის საფუძველიც გახდა ვ------ა ნ--------ძის მიერ პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ”დ” და ”კ” ქვეპუნქტების და დაწესებულების დებულების 78-ემუხლის ”დ” და ”ი” ქვეპუნქტების დარღვევა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს რომ სისტემატიურად ხდება მის მიმართ უფლებების დარღვევა. კერძოდ 2017 წლის 18 მარტს მან მორიგეს მიაწოდა შარვალი იმ მიზეზით რომ არ იყო სუფთა, ამიტომ ვ------ა ნ--------ძემ მოითხოვა შენიშვნის შეტანა ოქმში თუმცა ამის უფლება არ მიეცა. მსჯავრდებულმა არაერთხელ მოითხოვა შენიშვნის შეტანა ოქმში, მაგრამ უშედეგოდ, რამაც გამოიწვია ვ------ა ნ--------ძის აგრესია. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს საშუალება შენიშვნის შეტანისა და მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადმოეცა ადმინისტრაციის წერილი სადაც აღნიშნულია რომ შარვალი მსჯავრდებულს გადაეცა ახალ მდგომარეობაში, რაც მოსარჩელის აზრით არ შეესაბამება სინამდვილეს.
ვ------ა ნ--------ძეს 2017 წლის 21 მარტს ჩაბარდა N6 დაწესებულების დირექტორის განკარგულება მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ ვ------ა ნ--------ძე 2016 წლიდან იხდის სასჯელს N6 დაწესებულებაში. აღნიშული პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა მისი კანონიერი უფლებები დაწესებულების მხრიდან, რაც გამოიხატება იმაში რომ არ ხდება სრულად საკვები პროდუქტების მსჯავრდებულისთვის მიწოდება იმ სახით, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი აქტით, კერძოდ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ ფორმაში ჩამოთვლილი მენიუს სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯავრდებულის მხრიდან არაერთხელ გაეგზავნა წერილი როგორც დაწესებულების დირექტორს ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველს.
როგორც მოსარჩელე განმარტავს, მას სასჯელის მოხდის პერიოდში განუვითარდა დიაბეტი, რომელიც მძიმე დაავადებაა. დიაბეტი რომ უფრო არ გამწვავდეს და უფრო რთული ფორმა არ განვითარდეს, ამისათვის აუცილებელია დიაბეტით დაავადებული ადამიანი იკვებებოდეს დროულად და სრულფასოვნად. მისივე განმარტებით,მსჯავრდებულისთვის გაცემულ პასუხებში საკვების მიწოდების დაგვიანების მიზეზებზე ადმინისტრაცია მიუთითებს დამტარებლებისა და მომსახურე კომპანიის ბრალეულობაზე, რითაც ცდილობს პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას და თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ - #6 პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, ვ------ა ნ--------ძეს 2017 წლის 23 თებერვალს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 1----- განკარგულებით მართლაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 2 თვის ვადით. მსჯავრდებული აღიარებს თავის სარჩელში, რომ განკარგულებაში მითითებულ ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი და მან შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალურ მუშაკს, ს--------------ძეს, თუმცა ასახელებს დაუდასტურებელ მიზეზებს, თითქოს აღნიშნული გამოწვეულია სოციალური მუშაკის მიერ ოქმის შეუდგენლობით.
მოპასუხე განმარტავს, რომ სოციალურ მუშაკთან კონფლიქტი არ მომხდარა იმ საფუძვლით, თითქოს N6 დაწესებულების პირველ სარეჟიმო კორპუსის პირველ დანაყოფზე განთავსებული N2 სპეციალური ადაპტირებული საკანი არის სველი და ნესტისგან დაზიანებული. მითითებულ საკანში მსჯავრდებულის გადაყვანა მოხდა მისივე თანხმობით, 2017 წლის 2 თებერვალს, N6 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის, ნანა გაბედავას N7---- წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად, ვ------ა ნ--------ძეს დადგენილი აქვს დიაგნოზი: რეინოს დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. პაციენტი ანგიოლოგის რეკომენდაციით საჭიროებს სითბური რეჟიმის დაცვას, რის გამოც მიზანშეწონილია განთავსდეს ადაპტირებულ საკანში. მითითებულ საკანში მსჯავრდებული უზრუნველყოფილია გათბობით, ცხელი წყლით და საკანი სრულად შეესაბამება საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი შეესაბამება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ -ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულის შენარჩუნებას. სწორედ ჯანმრთელობის პრობლემების გამო იქნა მოთავსებული მსჯავრდებული N2 საკანში, და მისი განცხადება თითქოს მითითებული საკანი ნესტიანია და კედლები კი სველი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამასთან მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელე ითხოვს N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 23 თებერვლის 1----- განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი. მოპასუხე მხარე მიიჩნევს რომ არ არსებობს აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულება განემარტება ნებისმიერ მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N108 ბრძანებით დამტკიცებული N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-16 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.
მსჯავრდებული იმყოფება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და 2017 წლის 11 იანვრის რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმის საფუძველზე განსაზღვრული აქვს საშიშროების მაღალი რისკი.
მოპასუხემ მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N 2----- განკარგულებით მართლაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი, მომდევნო კუთვნილი ერთი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა.
საგულისხმოა, რომ მსჯავრდებული აღიარებს თავის სარჩელში, რომ მოქმედებდა აგრესიულად დაწესებულების თანამშრომლების მიმართ. თითქოს მას არ მისცეს უფლება შენიშვნა შეეტანა შარვლის საწყობში ჩაბარების ოქმში. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ოქმი, სადაც მითითებულია შენიშვნის სახით, რომ ვ------ა ნ--------ძეს ჰქონდა შესაძლებლობა შენიშვნა შეეტანა ოქმში, თუმცა ამაზე უარი განაცხადა და არც ხელი მოუწერია.
მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ოქმი N2-----, სადაც აღნიშნულია, რომ ვ------ა ნ--------ძემ უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე.
დაწესებულებამ გამოიჩინა კეთილი ნება, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობა და ვინაიდან მას შარვლის შესაძენი სახსრები არ გააჩნდა, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცა იგი. შარვალი იყო სეზონის შესაფერისი და არ ლახავდა მსჯავრდებულის ღირსებას. პატიმრობის კოდექსის არცერთ მუხლში არ არის მითითება, რომ ტანსაცმელი ახალი უნდა იყოს. დაწესებულებას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მსჯავრდებული ტანსაცმლით, თუკი აღნიშნული მას არ გააჩნია, რაც შესრულდა კიდეც.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 21 მარტის განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც ვ------ა ნ--------ძეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რადგან განკარგულება აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულება განემარტება ნებისმიერ მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N108 ბრძანებით დამტკიცებული N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-16 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.
დაწესებულების დირექტორის მიერ, განკარგულების გამოცემამდე ასევე გათვალისწინებულ იქნა მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა. ვ------ა ნ--------ძე იმყოფება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და 2017 წლის 11 იანვრის რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმის საფუძველზე განსაზღვრული აქვს საშიშროების მაღალი რისკი, ვინაიდან მაღალი რისკის მსჯავრდებულები პატიმრობის კოდექსის 662-ე პრიმა მუხლის თანახმად მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფთ, საზოგადოებას, სახელმწიფოს და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.
გასათვალისწინებელი გარემოებაა ასევე ის ფაქტი, რომ 2017 წლის 18 მარტს მსჯავრდებულის მიმართ მოქმედებდა დირექტორის 2017 წლის 23 თებერვალს გამოცემული N1----- განკარგულებით გამოყენებული სახდელი, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 02 (ორი) თვის ვადით. მსჯავრდებულისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის აღნიშნული სახდელის გამოყენება და მცირე დროში, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
მოპასუხე განმარტავს, რომ ვ------ა ნ--------ძე 2016 წლის 24 თებერვლიდან მართლაც იხდის სასჯელს #6 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მსჯავრდებულის განცხადება, თითქოს დაწესებულების მხრიდან არაერთხელ მოხდა მენიუთი განსაზღვრული საკვების საერთოდ არ მიტანა, არ შეესაბამება სიმართლეს. 9.11.2016 წლის 9----- წერილთან დაკავშირებით წარმოდგენილია დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული კვების უზრუნველყოფის მომსახურე კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო მენიუთი დამტკიცებული კვების ულუფების სრულყოფილად მიწოდება. დაწესებულებას ამ შემთხვევაში სხვა არაფერი შეეძლო, შესაბამისი სამსახურისათვის რეაგირების მიზნით შეტყობინების გაგზავნის გარდა.
გარდა ამისა, #6 პენიტენციურ დაწესებულებაში, ყოველთვის მენიუს გათვალისწინებით რიგდება საკვები, ხოლო როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს კუთვნილ ულუფაზე, იწარმოება შესაბამისი ოქმი. ასეთი ოქმი შედგა 2016 წლის 18 დეკემბერს მსჯავრდებულ ვ------ა ნ--------ძის მიმართ, საიდანაც დასტურდება რომ მსჯავრდებულმა აიღო კუთვნილი ულუფა. წიწიბურას გარდა. შედგენილია ოქმი N1------, საგულისხმოა რომ მას მსჯავრდებულიც აწერს ხელს, ანუ ადასტურებს, რომ წიწიბურას გარდა აიღო ულუფით გათვალისწინებული ყველა პროდუქტი.
მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 21 ოქტომბრის წერილთან დაკავშირებით, მსჯავრდებულს განემარტა რომ 13 ოქტომბერს კვების უზრუნველყოფის მომსახურე ფირმაში მოხდა შეფერხება, რის გამოც მარტო ვ------ა ნ--------ძეს კი არა, დაწესებულებაში განთავსებულ არცერთ პატიმარს არ მიეწოდა მაწონი. შესაბამისად, მსჯავრდებულს ვერ მიეწოდა მხოლოდ მაწონი, ხოლო მისი განცხადება, თითქოს ვახშამი საერთოდ არ მოუტანიათ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
მოპასუხის განმარტებით, მსჯავრდებულის მიერ წარდგენილ 1 მაისის N3----- წერილთან დაკავშირებით, მას კიდევ ერთხელ განემარტა, რომ ულუფის დარიგება ხდება მენიუს გათვალისწინებით. სიმართლეს არ შეესაბამება მისი განცხადება, თითქოს 24 აპრილს 2 კვერცხის ნაცვლად მას მიაწოდეს 1 კვერცხი. იყო შემთხვევა როდესაც საუზმეზე მისატანი ყველის ულუფის მიტანა მართლაც საღამოს მოხდა, რაც გამოწვეული იყო დაწესებულების სამეურნეო ნაწილში ჩარიცხული მსჯავრდებულის ი-----------ს ძე პ-----------ის ბრალით, აღნიშნული მოხდა 7 მარტს და 18 აპრილს. პირველი შემთხვევის დროს, ი------------------ი და შპს ”ე-–----” მზარეული ე---------–---ძე გაფრთხილებულ იქნა, რათა აღარ განმეორებულიყო მსგავსი ფაქტი. აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულს ეცნობა 12 აპრილს N2---- წერილით. მსჯავრდებულს განემარტა რომ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები და დაფიქსირდა დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ულუფის დაგვიანებით მიტანის ფაქტი. სამწუხაროდ, 18 აპრილს, ი------------------ის მიერ კვლავ ჰქონდა ადგილი მსგავს ქმედებას, რის გამოც 2017 წლის 26 აპრილს დაწესებულების დირექტორის N730 ბრძანებით იგი ამორიცხულ იქნა სამეურნეო მომსახურების ნაწილიდან. აღნიშნულის შესახებაც წერილობით იქნა ინფორმირებული ვ------ა ნ--------ძე, კერძოდ 26 აპრილს N3----- წერილით. სამწუხაროდ შპს ,,ე-–----“ უფროსმა მზარეულმა ე-–----------–-–--ლმა დაუშვა შეცდომა, შესაბამისად, გამოეცხადა გაფრთხილება.
დაწესებულების სასადილოში არსებული პრობლემების გამო, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, დადგინდა სასადილოს მენეჯერის მიერ მოვალეობათა უხეშად დარღვევა, რის გამოც 2017 წლის 15 მაისს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით N1----- განიხილა საქმე მსჯავრდებულ ვ------ა ნ--------ძეს მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
2017 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 12:25 საათზე, პირველი სარეჟიმო კორპუსის პირველ დანაყოფს N2 სპეციალურ ადაპტირებულ საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ვ------ა ვ-–-ს ძე ნ--------ძემ მოითხოვა სოციალურ მუშაკთან შეხვედრა. მასთან გასაუბრების მიზნით მივიდა მისივე კორპუსის სოციალური მუშაკი ს--------------ძე, რომელსაც საუბრის დროს ვ------ა ნ--------ძემ უმიზეზოდ დაუწყო ხმამაღალი ყვირილი და შეაგინა დედისა და ახლობლების მისამართით. მორიგე განაწესის წევრებმა - სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გ--–-------------მ და ბ----------------–---მა, ამავე განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა ლ------------–-ძემ, მსჯავრდებულს მოუწოდეს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, მაგრამ ვ------ა ნ--------ძემ არ შეისმინა მოწოდება და კვლავ განაგრძო ყვირილი და გინება სოციალური მუშაკის მისამართით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განკარგულება N1-----
3.2 2017 წლის 21 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N6 პენიტენციური დაწესებულების N2----- დირექტორის განკარგულების შესაბამისად გამოირკვა რომ 2017 წლის 18 მარტს პირველი სარეჟიმო კორპუსის პირველი დანაყოფის N2 საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ვ------ა ნ--------ძემ საკნიდან თავისი სურვილით გამოაწოდა სპორტული შარვალი მორიგე განწესის წევრებს, რომელიც შენახულ იქნა დაწესებულების საწყობში. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გ-------------მ დაახლოებით 13:55 საათზე მსჯავრდებულს შეუტანა ოქმი, რომელზეც დასტურდებოდა აღნიშნული შარვლის საწყობში შენახვის ფაქტი. ოქმის მიტანის დროს, მოულოდნელად ვ------ა ნ--------ძე გახდა აგრესიული, მან დაიწყო საკნის კარზე ბრახუნი და ყვირილი. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გ-------------მ და ინსპექტორ კონტროლიორმა გ-----------------მ მოუწოდეს მსჯავრდებულს დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა ხმაური, მაგრამ ვ------ა ნ--------ძემ არ შეისმინა მორიგე განწესის მოწოდება, გახდა კიდევ უფრო აგრესიული და დაიწყო გიორგი ინაძის მიმართულებით ლანძღვა-გინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N2----- დირექტორის განკარგულება
3.3. 2017 წლის 01 მაისს #6 პატიმრობის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამ მსჯავრდებულ ვ------ა ნ--------ძეს მიწერა წერილი M---- 1----------, რომელშიც მითითებულია, რომ მას კუთვნილი ულუფა ეძლევა მენიუს გათვალისწინებით, რაც შეეხება დაგვიანებით ყველის მიტანის საკითხს, ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა ზომები და იმ პირთა მიმართ, ვინც ვერ უზრუნველყო დროული მიტანა კუთვნილი ულუფის რაზედაც ეცნობა წერილობით. ხოლო რაც შეეხებოდა მითითებას, იმაზე რომ 24 აპრილს ორი კვერცხის ნაცვლად მიიღო 1 კვერცხი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-წერილი M---- 1----------
3.4 2017 წლის 15 მაისს #6 პატიმრობის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამ მსჯავრდებულ ვ------ა ნ--------ძეს მიწერა წერილი M---- 1----------, რომელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 26 და 29 მარტს საუზმეზე გადაეცა კარაქი, აგრეთვე 2017 წლის 13 აპრილს არაჟანი - ხაჭოსთან ერთად შერეული სახით, ხოლო რაც შეეხება 02 მაისს ხაჭო-არაჟნის არ გადმოცემის ფაქტს, მასზე უკვე გაეცა პასუხი 2017 წლის 05 მაისს. წერილი # M---- 1-------. აღნიშნულ წერილში კი განმარტებულია, რომ 2017 წლის 02 მაისს დაწესებულების სასადილოდან მენიუს გათვალისწინებით მისთვის სრულყოფილად იქნა გაგზავნილი საუზმის კვების ულუდა, თუმცა სამეურნეო ნაწილში რიცხული მომსახურე მსჯავრდებულის დაუდევრობით მოსარჩელეს არ მიეწოდა მისთვის კუთვნილი ხაჭო- არაჟანი, რიც გამოც მას მიეცა გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-წერილი M---- 1----------, წერილი # M---- 1-------.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლო განმარტავს, საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი _ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.
6.2. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს მოსარჩელის სრულ განთავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების მითითების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს მსჯავრდებული, რომელსაც არ გააჩნია მტკიცებულებათა მოპოვების ფართო შესაძლებლობა, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების დროს.
6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ახსნა-განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით (დანართი N2) დამტკიცებულ ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებაზე”, რომლის 79–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე/მოსამსახურეები ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ, რომელშიდაც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.4 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
6.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებს საფუძვლად უდევს და იცავს კანონი. კანონის ღირებულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემა. ადამიანის ღირსების პატივისცემის საუკეთესო საზომია ის, თუ როგორ ექცევა საზოგადოება სწორედ მათ, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების, ანუ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული პრინციპი აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობითაც. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველა თავისუფლება შეზღუდულ ადამიანს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტების პირველივე წესი ითვალისწინებს იმავე მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ყველა პატიმარს უნდა მოექცნენ ადამიანისათვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ცნობს და აღიარებს ყველა ადამიანის უფლებას თავისუფლების ხელშეუვალობის შესახებ. კონსტიტუციის ამავე მუხლით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაშვებულია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი ავითარებს იმავე პრინციპებსა და დებულებებს. ამ მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გიორგი უგულავასა და ივანე მერაბიშვილის ერთ საკანში მოთავსების თაობაზე. შესაბამისად დავის არსის განხილვისას ასევე განხილულ და გამოკვლეულ უნდა იქნეს აღნიშნულთან მიმართებაში არსებული გარემოებები და შესაბამისად შეფასებული სასამართლოს მიერ.
6.7 საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის’’ მიხედვით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
6.8 სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ასეთ ქმედებად გათვალისწიებულია ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
ამავე კოდექსის 83-ე მუხლით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
6.9 სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6.10 მხარისათვის გასაჩივრების უფლების სათანადო რეალიზაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გაცნობა, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი პოზიციის და სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება სასამართლოსათვის მიმართვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი აღიარებს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ გარანტიებს ქმნის დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელებისათვის. სასამართლოს დაცვა კი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება.
6.11.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას.
6.12 საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი" განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
6.13 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად, ხოლო ამავე ნორმის 3.3. მუხლით დადგენილია, რომ ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოების თანამდებობების პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდის ვ------ა ნ--------ძე 2016 წლის 24 თებერვლიდან და ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაერთიანებულ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას, რომლის საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.
საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსის" პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზემოთხსენებული ნორმით გარანტირებული უფლებები.
6.14. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის" მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა.-ა.ბ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.
6.15 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე კოდექსის 331 მუხლის საფუძველზე სასამართლო 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, თუ ამ ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი ამ მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა (უმოქმედობა) იყოს უკანონო და ქმედების განხორციელებაზე უარის თქმით უშუალო და პირდაპირი ზიანი უნდა ადგებოდეს მოსარჩელე მხარეს. ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი მოქმედების განხორციელების თაობაზე დასაბუთებულია თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე არის უკანონო. ამასთან, ადმინისტრაციული ოგანოს ვალდებულება, განახორციელოს გარკვეული მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან.
6.16 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მოცემული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა არ შეესაბამება კანონს და აღნიშნული პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
6.17. საქართველოს კანონის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები მიღებული. კერძოდ, დაწესებულების სასადილოში არსებული პრობლემების გამო, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, დადგინდა სასადილოს მენეჯერის მიერ მოვალეობათა უხეშად დარღვევა, რის გამოც 2017 წლის 15 მაისს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
რაც შეეხება #6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 21 მარტის განკარგულების და 2017 წლის 23 თებერვალს გამოცემული N1----- განკარგულების ბათილად ცნობას, სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისთვისთვის დაწესებულების დირექტორს, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეუფარდოს მსჯავრდებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. ამასთან, დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული და თანაზომიერი.
6.18 სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
6.19 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც დაწესებულების დირექტორს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება, ამდენად არ არსებობს მეორე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და შეფარდებული დისციპლინური გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგბელობის ღონისძიებები სრულიად საკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ემსახურება პატიმრობის კოდექსით დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულებები, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას (სსკ-ის 47-ე მუხ.) ან შემცირებას (სსკ-ის 48-ე მუხ.). განსახილველი დავა არ განეკუთვნება იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებიც კანონმდებლობით (სსკ-ის 46-ე მუხ., ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ.) თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ დავის არსებითი განხილვისას კონკრეტულად მოცემული დავისათვის სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საკითხის მიზანშეწონილობაზე, გადასახადისგან გათავისუფლების პირობების არსებობაზე, მოსარჩელის ქონებრივ მდგომარეობაზე მსჯელობას, ვინაიდან სსკ-ის 47.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მოქალაქე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ამრიგად, მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ------ა ნ--------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება
მოსამართლე: ნინო ონიანი