გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2426-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.03.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კ-------”
წარმომადგენელი - ნ----- კ--------ე, ქ------- ყ---–----
მოპასუხეები - მ-----–ი კ----ე, ა------ი კ----ე, ა---------–ი გ---–-----ი
მოპასუხეების წარმომადგენელი - ხ----- კ----ე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მ-----–ი კ----ეს, ა------ი კ----ეს, ა---------–ი გ---–-----ს მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კ-------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ არსებული დავალიანების 2955.44 (ორიათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი დოლარი და 44 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე მ-----–ი კ----ეს ინდივიდუალურად, მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კ-------ს” სასარგებლოდ, დაეკისროს 2014 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულებით საქონლის განვადებით შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 427.37. ლარის გადახდა. მასვე დაეკისროს ინდივიდუალურად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახბაჟის თანხა -100 ლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2014 წლის 07 მაისს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და მ-----–ი კ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 2900 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. 1.51% თვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.8. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკის ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).
მსესხებელმა 2015 წლის თებერვლიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.
2014 წლის 07 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ა------ კ----ემ და ა---------– გ---–-----მა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა ხსენებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ არაერთხელ ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე პირგასამტეხლოს ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება’’.
მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 2955.41 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1784.38 აშშ დოლარი, პროცენტი -349.31 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 81.24 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.84 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა ძირზე - 722.67 აშშ დოლარი.
2014 წლის 17 მარტს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და მ-----– კ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, საქონლის განვადებით შეძენის შესახებ. ნივთის ღირებულებამ შეადგინა 599.99 ლარი. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა.
ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით(მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან). მ-----– კ----ეს 2015 წლის 16 თებერვლის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია.
შესაბამისად, 2016 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მ-----– კ----ის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: 427.37 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა -233.36 ლარი, პროცენტი - 79.38 ლარი, დაზღვევის თანხა - 10.15 ლარი და ჯარიმა - 104.48 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელის მოთხოვნები და მიუთითეს, რომ მათ მოსარჩელისთვის სულ გადახდილი აქვთ 1895.67 აშშ დოლარი, ხოლო მ-----– კ----ეს 509.39 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა კვლავ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, ძირითადი თანხის, სარგებლის და დაზღვევის თანხის ნაწილში. პირგასამტეხლოს და სხვა ხარჯების ნაწილში- არ ცნო და მიუთითა, რომ გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების დროს არსებული კურსით და არა საქმის განხილვის დროს არსებული კურსით, რადგან აღნიშნული მითითებულია ხელშეკრულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 17 მარტს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და მ-----–ი კ----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 2900 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 1.51% თვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ - 120-126),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ - 22-23 ).
3.1.2. მსესხებელმა მ-----– კ----ემ აითვისა შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ - 120-126),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ - 24-25),-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 45-46).
3.1.3. მსესხებელმა 2015 წლის თებერვლიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ - 120-126),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 24-25).
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 45-46 ).
3.1.4. მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ - 120-126),-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.33-34 ).
-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.35-36 ).
-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.37-40 ).
3.1.5. მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 2955.41 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1784.38 აშშ დოლარი, პროცენტი -349.31 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 81.24 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.84 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა ძირზე - 722.67 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ - 120-126),ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 24-25 ).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 45-46).
3.1.6. 2014 წლის 17 მარტს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და მ-----– კ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, საქონლის განვადებით შეძენის შესახებ. ნივთის ღირებულებამ შეადგინა 599.99 ლარი. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა.
სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).
მ-----– კ----ეს 2015 წლის 16 თებერვლის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია.
2016 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მ-----– კ----ის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური დავალიანება შეადგენს: 427.37 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა -233.36 ლარი, პროცენტი - 79.38 ლარი, დაზღვევის თანხა - 10.15 ლარი და ჯარიმა - 104.48 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ - 120-127),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 22-23).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2. მუხლის მიხედვით, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას მსესხებელს ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 3.5%-ს, სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გრაფიკით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან ერთად მსესხებელი იხდის იმ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ - 120-127),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 22-23).
3.2.2. ამავე სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.8. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკის ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ - 120-127),-სესხის ხელშეკრულება №(ს/ფ 22-23.).
3.2.3. 2014 წლის 7 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ა------ი კ----ემ და ა---------– გ---–-----მა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ - 120-126),-თავდებების განცხადებები და
-თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 27; 29 ).
3.2.4. 2014 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით. ასევე სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ - 120-126),სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 22-23).
3.2.5. 2014 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხების 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს/ფ - 120-126),სესხის ხელშეკრულება №20140317MKAXI (ს/ფ 23 ).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 07 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 2955.44 (ორიათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი დოლარი და 44 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა (სესხის ძირი თანხა - 1784.38 აშშ დოლარი, პროცენტი - 349.31 აშშ დოლარი, დაზღვევის - 81.24 აშშ დოლარი, საკომისიოს - 17.84 აშშ დოლარისა და სასამართლოს მიერ შემცირებული ჯარიმის (პირგასამტეხლო) – 144.53 აშშ დოლარის გადახდა.
4.2. მოთხოვნა 2014 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ-----–ი კ----ეს ინდივიდუალურად უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 233.36 ლარის, პროცენტის - 79.38 ლარის, დაზღვევის -10.15 ლარისა და სასამართლოს მიერ შემცირებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) – 20,90 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხების, პროცენტის, საკომისიოსა და დაზღვევის თანხების დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და მოპასუხე მ-----– კ----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე მ-----– კ----ეს კრედიტორის სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 2014 წლის 07 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხაა 1784.38 აშშ დოლარი, პროცენტი - 349.31 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 81.24 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.84 აშშ დოლარი; ხოლო 2014 წლის 17 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ-----– კ----ეს ინდივიდუალურად - ძირითადი თანხა - 233.36 ლარი, პროცენტი - 79.38 ლარი, დაზღვევის თანხა - 10.15 ლარი. კრედიტორი სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------” უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალე მ-----– კ----ისაგან ვალდებულების შესასრულებლად ამ თანხის გადახდის დაკისრება.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა” და მ-----– კ----ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.054%-მდე, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2014 წლის 07 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 144.53 აშშ დოლარით, 2014 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 20.90 ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს”, ა------ კ----ეს და ა---------– გ---–-----ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს კრედიტორის წინაშე მ-----–ი კ----ის ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც გამომდინარეობს 2014 წლის 07 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან.
ამდენად, თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების 2377.30 აშშ დოლარის გადახდევინება მოითხოვოს სოლიდარულად თავდებების ა------ კ----ისა და ა---------– გ---–-----ისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს მ-----–ი კ----ეს, ა------ი კ----ეს, ა---------–ი გ---–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 12,93 ლარის, ხოლო მოპასუხე მ-----–ი კ----ეს ინდივიდუალურად - 3,04 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 190,28 ლარი, ხოლო 50,16 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეებს მ-----–ი კ----ეს, ა------ი კ----ეს, ა---------–ი გ---–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ა------ი კ----ის სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს: 1. მარკა - MOSKVICH 407, სახ. ნომერი D-----, ტექ.პასპორტი - D--------, გამოშვების წელი - 1961, შასი - 2-----, ფერი თეთრი, რეგისტრაციის თარიღი - 28.07.1998 წ. 2. მარკა - VAZ 2102, სახ. ნომერი R------, ტექ.პასპორტი - D-------2, გამოშვების წელი - 1975, ფერი თეთრი, რეგისტრაციის თარიღი - 05.02.2007 წ. 3. მარკა - SKIF 81061, სახ. ნომერი B-----, ტექ.პასპორტი - D--------, გამოშვების წელი - 1988, შასი - 2-----, ფერი რუხი 3/8, რეგისტრაციის თარიღი - 07.10.2014 წ.. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს მ-----–ი კ----ეს, ა------ი კ----ეს და ა---------–ი გ---–-----ს სოლიდარულად მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” სასარგებლოდ 2377.30 (ძირი თანხა - 1784.38 აშშ დოლარი, პროცენტი - 349.31 აშშ დოლარი, საკომისიო - 17,84 აშშ დოლარი, დაზღვევა - 81.24 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 144.53 აშშ დოლარი) აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე მ-----–ი კ----ეს მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” სასარგებლოდ 343,79 (ძირითადი თანხა- 233.36 ლარი, პროცენტი- 79.38 ლარი, დაზღვევა- 10.15 ლარისა და პირგასამტეხლო- 20.90 ლარი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” სასარგებლოდ 12.93 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” 2016 წლის 04 ოქტომბრის №080 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 206.40 ლარიდან 190.28 ლარი (გადამხდელი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22);
4. დაეკისროს მოპასუხე მ-----–ი კ----ეს მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” სასარგებლოდ 3.04 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” 2016 წლის 04 ოქტომბრის №084 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50.00 ლარი (გადამხდელი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22);
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ა------ი კ----ის სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს: 1. მარკა - MOSKVICH 407, სახ. ნომერი D-----, ტექ.პასპორტი - D--------, გამოშვების წელი - 1961, შასი - 2-----, ფერი თეთრი, რეგისტრაციის თარიღი - 28.07.1998 წ. 2. მარკა - VAZ 2102, სახ. ნომერი R------, ტექ.პასპორტი - D-------2, გამოშვების წელი - 1975, ფერი თეთრი, რეგისტრაციის თარიღი - 05.02.2007 წ. 3. მარკა - SKIF 81061, სახ. ნომერი B-----, ტექ.პასპორტი - D--------, გამოშვების წელი - 1988, შასი - 2-----, ფერი რუხი 3/8, რეგისტრაციის თარიღი - 07.10.2014 წ. - დარჩეს უცვლელად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე