გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2270391-2/065-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - შპს ,,უ---------–-’’
წარმომადგენელი - რ-----------------ე
მოპასუხე - ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ----------–---–ი, ზ------------ე
დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბ----------ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის დადებული 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 0.3% შემცირდეს 0.02%-მდე, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო 12037.68 ლარიდან შეცირდეს 802 ლარამდე.
1.2. ბ----------ს მუნიციპალიტეტს შპს ,,უ---------–-ს'' სასარგბელოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით წაღებული 12037.68 ლარიდან 11235.68 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ----------ს მუნიციპალიტეტსა და შპს "უ---------–ს" შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1--. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს ,,უ---------–მა’’ იკისრა ვალდებულება ჩაეტარებინა ქ. ბ---------–- მდებარე ე.წ. "დიდი ხიდის" სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოსარჩელის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2017 წლის 12 სექტემბერს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 68345·58 ლარს, ხოლო 2017 წლის 16 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი. ბ----------ს მუნიციპალიტეტმა ჩატარებული სამუშაოები მიიჩნია ხელშეკრულების მოთხოვნის შესაბამისად.
ხელშეკრულებით დადგენილ განსაზღვრულ დროსთან შედარებით მოხდა 24 დღე ვადაგადაცილება. ვადაგადაცილება გამოწვეული იყო თვითმართველი ერთეული ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამო. მუნიციპლიტეტი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა ყველა საკითხი, რათა სამუშაოების ჩატარებისათვის მოსარჩელეს ხელი არ შეშლოდა. ბ----------ს მუნიციპალიტეტმა არ/ან ვერ გაათიშინა საქართველოს რკინიგზას ელექტრო ენერგია, რის გამოც მოსარჩელე ფიზიკურად ვერ ასრულებდა სამუშაოებს. ელექტრო ენერგია გაითიშა მოსარჩელის ზეპირი მოთხოვნის შემდგ მე-14 დღეს. ასევე მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ აცნობეს ხიდის ბურჯების, მალებისა და მოაჯირის შეღებვისათვის რა ფერის საღებავი უნდა გამოყენებულიყო.
შპს "უ---------–მა" ე.წ. დიდი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 11 აგვისტოს, მაგრამ მუაშობის პერიოდში აღმოჩნდა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რაც არ შედიოდა ხელშეკრულებაში: 1) თვალამრიდების ალუმინის კუთხოვანებით გასწორება, 2) ხიდის სავალი ნაწილის სტანდარტული დახაზვა, 3) ხიდის მიმდებარედ ნაგვის ურნების დასაყენებლი ჯიბის მოწყობა, 4) ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მისასვლელის 6 გრძივი მეტრის (12 კვ/მ) გრუნტის დამუშავება, ბორდიურის მოწყობა და ასფალდბეტონის დაგება, რაც მუნიციპალიტეტის თხოვნით შეასრულეს და დაასრულეს 2017 წლის 05 სექტემბერს. აღნიშნული ფაქტი საერთოდ არ მიიღო მუნიციპალიტეტმა მხედველობაში და ისე დაიანგარიშა 24 დღე ვადაგადაცილება. ვადაგადაცილების გამო მუნიციპალიტეტმა მოსარჩელე დღიურად დააჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% ოდენობით ანუ დღეში 501,57 ლარის ოდენობით, რამაც 24 დღის განმავლობაში შეადგინა 12037,68 ლარი.
აღნიშნული პირგასამტეხლო არის არაპროპორციულად მაღალი, პრაქტიკულად მიზნად ისახავს არა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, არამედ როგორც მიმწოდებლის ფინანსურ გაკოტრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის არა ხელშეკრულების მხარის დასჯის მექანიზმი, არამედ ხელშეკრულების შესრულების დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სრულად, ხოლო საჯარიმო სანქციები, რომელიც განახორციელა ბ----------ს მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დასრულების შემდგომ შეუსაბამოდ მაღალია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესრულებული სამუშაოების საბოლოო ანგარიშსწორებისას შპს ,,უ---------–ს’’ სრულად ჩაერიცხა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს საფასური, პირგასამტეხლოს გამოკლებით. ხელშეკრულების თანახმად, დაუკავდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.3%, რაც ჯამში შეადგენს 12037.68 ლარს. შპს ,,უ---------–-’’ ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს, მის ყველა დანართს, მათ შორის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 27 ივლისს და აღნიშნული ვალდებულება მან არ შეასრულა, შპს ,,უ---------–-ს’’ მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 12037.68 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა სამუშაოების დასრულების, ასევე აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაცია შპს ,,თ---------------------------ს’’ დასკვნის შემდგომ. აქტის შედგენის მომენტისათვის უკვე დამდგარი იყო მიმწოდებლის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. შპს ,,უ---------–ს’’ ჩაერიცხა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს სრული ოდენობა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ვერ იქნება ჩარიცხული, ვინაიდან იგი წარმოადგენს სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვას, შპს „უ---------–-ს“ დირექტორმა მომართა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას ელექტროენერგიის გათიშვის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხზე იმსჯელა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ, რის შემდეგაც 11.08.2017 წელს სს „ს-----------------------ს“ გაეგზავნა წერილი და 16.08.2017 წელს მოხდა სარკინიგზო გადასარბენი საკონტაქტო ხაზის გათიშვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 მაისს თვითმმართევლი ერთეული ბ----------ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------–- ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 167193 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით - 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით.
3.1.3. 2017 წლის 11 ივლისს შპს ,,უ---------–-ს’’ დირექტორმა მიმართა ბ----------ს მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 29.05.2017წ. გაფორმებული N1-- ხელშეკრულების თანახმად, ასრულებს ქ. ბ---------–- ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს, პროექტით გათვალისწინებულია ხიდის ბურჯებისა, მილებისა და მოაჯირის შეღებვა, სადაც საღებავის ფერი არის შესარჩევი და ითხოვა საკითხის გადაწყვეტა.
3.1.4. 2017 წლის 12 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------–- ე.წ. ,,დიდი ხიდის’’ რეაბილიტაციის სამუშაოები, თნხით 167193 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 68345.58 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
3.1.5. 01.08.2017წ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა შპს ,,უ---------–-ს’’ დირექტორს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა იყო 2017 წლის 27 ივლისი, ვინაიდან სამუშაოები არ არის დასრულებული, ხელშეკრულების თანახმად შპს ,,უ---------–ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც შეადგენს 501.57 ლარს.
3.1.6. 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,უ---------–მა’’ გადააცილა 24 დღით.
3.1.7. 2017 წლის 13 სექტემბერს ბ----------ს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და შპს ,,უ---------–-ს’’ დირექტორს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 29.05.2017წ. N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------–-, ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 167193 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.
3.1.8. 2017 წლის 23 ოქტომბერს შპს ,,უ---------–-ს’’ დირექტორმა მიმართა ბ----------ს მუნიციპალიტეტს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% ოდნეობით, არის ძალიან მაღალი, რაც გამოიწვევს მიმწოდებლის ფინანსურ გაკოტრებას. რის გამოც ითხოვა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და პირგასამტეხლოს 0.02%-ით განსაზღვრა.
3.1.9. შპს ,,უ---------–-ს’’ მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა 12037.68 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 12037,68 ლარით ნაკლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 17-02/07 წერილი;
- 12.07.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- ბ----------ს მუნიციპალიტეტის 01.08.2017წ. N02/5729 მიმართვა;
- შპს ,,უ---------–-ს’’ 23.10.2017წ. N17-20/10 წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება 0.02%-მდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 12037.68 ლარს, რაც არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 16.3 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ ვერ მოხდა დროულად ელექტრო ენერგიის გათიშვა, რამაც გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 16.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.3% უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და ვადაგადაცილებულ დღეთა შესამამისად უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და ბ----------ს მუნიციპალიტეტის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის გადახდა შპს ,,უ---------–-ს’’ სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2017 წლის 29 მაისს თვითმმართევლი ერთეული ბ----------ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,უ---------–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------–- ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 167193 ლარით. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით - 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 29.05.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,უ---------–მა’’ გადააცილა 24 დღით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის 29.05.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პიერგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება 0.02%-მდე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 12037.68 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 16.3. პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. დაკსრებული პირგასამტეხლო არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების 16.3 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.3% უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და ვადაგადაცილებულ დღეთა (24 დღე) შესაბამისად უნდა განისაზღვროს 2006.316 ლარი.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ....... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგარმ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო კოდექსის 47-ემუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ‘‘...ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას ... დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 562 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300.94 ლარის გადახდა. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 225 ლარი. ასევე მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 449.42 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,უ---------–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.3% შემცირდეს 0.05 პროცენტამდე და შესაბამისად პირგასამტეხლოდ განისაზღვროს 2006.316 ლარი.
1.2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 10031.364 ლარის გადახდა.
2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,უ---------–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300.94 ლარის გადახდა, ასევე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 449.42 ლარის გადახდა.
3. შპს ,,უ---------–ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 29.12.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 562 ლარიდან 225 ლარის.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი