განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2018
საქმის ნომერი
010100117002037275
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002037275

საქმე №1-676/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ლ---------------ის

ადვოკატის - ბ------------ის

ბრალდებულის - კ------- ბ-------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171190717004 საქმე:

 

ბრალდებულ კ------- ბ-------–---–ის მიმართ

მამის სახელი: კ-----–-

დაბადებული: 22.12.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თ--------–---------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------–---------–--------------–----

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. კ------- ბ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ხუთ ცალ აბს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის მარილს“. ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 48 ცალი აბი და აბის ნატეხები, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,3996 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 19 ივლისს, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების კვეთაში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა :

 

2. მოწმე გ------ ტ------–--ემ, ბათუმის საქალაქო სამმართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქე კ------- ბ-------–---–ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, შემდეგ კი დაიკითხა მოწმის სახით.

 

3. საქმეში წარმოდგენილია გ------ ტ------–--ის ოპერატიული პატაკი პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილისადმი, სადაც მითითებულია იგივე ინფორმაცია.

 

4. გამომძიებელმა ზ----- მ-------–-–---–მა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ კ------- ბ-------–---–ს თან უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, თანამშრომლებთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარა კ------- ბ-------–---–ს. პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები რ-----------ე და მ------- ზ----ე, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტი რომან ბერიძე. ჩხრეკის დაწყებამდე ბ-------–---–ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, შემდეგ კი ჩაუტარა ჩხრეკა. ჩრეკის დაწყებამდე მიცემულ წინადადებაზე - წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ბ-------–---–მა ნებაყოფლობით წარუდგინა სხვადასხვა ფერის საჰაერო ბუშტის სამი ცალი შენაფუთი, თითოეულის გახსნისას, შიგ აღმოჩნდა აბები და აბის ნატეხები. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა. ექსპერტმა მოახდინა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ფოტოგადაღება.

 

5. მოწმე მ------- ზ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 19 ივლისს მათ განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მაიაკოვსკის ქუჩაზე მყოფ კ------- ბ-------–---–ს თან აქვს ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელ ზ----- მ-------–-–---–თან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-----------ესთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც ნამდვილად აღმოჩნდა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირი, რომელსაც წარუდგინეს თავი, გამომძიებელმა გააცნო პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გამოტანილი დადგენილება, ჩხრეკის ჩატარებაზე ბ-------–---–მა თანხმობა განაცხადა, წინადადებაზე - წარმოედგინა კანონსაწინაღმდეგო ნივთები, ნებაყოფლობით წარუდგინა სხვადასხვა ფერის საჰაერო ბუშტის სამი შენაფუთი, თითოეულის გახსნისას შიგ აღმოჩნდა სხვადასხვა რაოდენობის აბები, ასევე აბის ნატეხები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე. ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტმა მოახდინა პირადი ჩხრეკის პროცესის ფოტოგადაღება.

 

6. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება პირად ჩხრეკაში მონაწილე რ-----------ის მიერ საქმის არსებითი განხილვის მიცემული ჩვენებით.

 

7. ექსპერტ-კრიმინალისტმა რომან ბერიძემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო კ------- ბ-------–---–ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება -პირად ჩხრეკაში გამომძიებელ მ-------–-–---–თან და პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად. მისი თანდასწრებით მოხდა ბ-------–---–ის მიერ გამომძიებლისთვის ფერადი ბუშტების შენაფუთების წარდგენა, თითოეულში კი გახსნისას აღმოჩნდა თეთრი ფერის აბები და აბის ნატეხები. ფოტო-აპარატით იღებდა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობას.

 

8. 2017 წლის 19 ივლისს შედგენილი, კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, კ------- ბ-------–---–მა თეთრი ფერის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო და ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს სამი ცალი შენაფუთი, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა ფერის ბუშტისგან დამზადებულ ფუთას. ლურჯი ფერის შენაფუთში მოთავსებული იყო ვერცხლისფერ პარკში დაფასოებული 20 ცალი აბი წარწერით “SUBOXONE”. წითელი ფერის შენაფუთში ასევე მოთავსებული იყო ვერცხლისფერ პაკეტში დაფასოებული 27 ცალი აბი, წარწერით “SUBOXONE”, ხოლო მწვანე ფერის შენაფუთში აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ხუთი ცალი თეთრი ფერის აბი, იმავე ბუშტში მოთავსებული იყო თეთრი ფერის ბუშტი, რომელშიც აღმოჩნდა ვერცხლისფერ ქაღალდში შეფუთული თეთრი ფერის ექვსკუთხა აბი, წარწერით N8 და აბების ნამტვრევები. იმავე ბუშტში გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა აბის ნამტვრევები. აღნიშნული ნივთები ადგილზევე დაილუქა. პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის კ------- ბ-------–---–მა ხელი მოაწერეს ჩხრეკის ოქმს, რაიმე შენიშვნა ან განცხადება ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა.

 

9. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 20 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №ქ/310 დასკვნით დასტურდება, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 48 ცალი აბი და აბის ნატეხები შეიცავს - 0,3996 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. 5 ცალ აბში ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს - 0,125 გრამს.

 

10. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა შორენა მუხაშავრიამ.

 

11. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური გამოკვლევის N901974 დასკვნის თანახმად, კ------- ბ-------–---–ს ნარკოლოგიური გამოკვლევისას დაუდგინდა "ოპიუმის" ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

12. ბრალდებულმა კ------- ბ-------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც პირადი ჩხრეკისას წარუდგინა გამომძიებელს. თუმცა, მისი განმარტებით, მის პირად ჩხრეკაში მონაწილე პირები არ იყვნენ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან ჩხრეკის ოქმში და დაიკითხნენ საქმის არსებითი განხილვისას.

 

13. ბრალდებულის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

14. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

15. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა მოეპოვებინათ და სასამართლოს წინაშე წარედგინათ მტკიცებულებები, რომლითაც დაარწმუნებდნენ სასამართლოს საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

16. სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა საგამოძიებო მოქმედების ოქმებში მითითებული პირების მონაწილეობას ამ მოქმედებებში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით კი არ არსებობს მითითებულ გარემოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირადი ჩხრეკის ოქმის ფოტო-ილუსტრაციაზე, სადაც ნათლად ჩანს ჩხრეკის მომენტები, თავად ბრალდებულის მიერ შესრულებული მოქმედებები ჩხრეკის პროცესში, მის გვერდით მდგარი პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც სწორედ საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული პირები არიან. შესაბამისად, ბრალდებულის განმარტება, რომლის მიხედვით მისი პირადი ჩხრეკა სხვა პირებმა განახორციელეს და არა საგამოძიებო მოქმედების ოქმში დაფიქსირებულმა პოლიციელებმა, არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით.

 

17. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

18. ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

19. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და „მეტადონი" (მარილი) შეტანილია ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ ისინი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მათი შეძენა, შენახვა საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.

 

20. ასეთი ნებართვა ბრალდებულ კ------- ბ-------–---–ს არ ჰქონია.

 

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------- ბ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და „მეტადონი" (მარილი).

 

ქმედების ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით :

 

22. კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, კ------- ბ-------–---–ისგან ამოღებულ იქნა სამი ცალი შენაფუთი, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა ფერის ბუშტისგან დამზადებულ ფუთებს. ლურჯი ფერის შენაფუთში მოთავსებული იყო ვერცხლისფერ პარკში დაფასოებული 20 ცალი აბი წარწერით “SUBOXONE”. წითელი ფერის შენაფუთში ასევე მოთავსებული იყო ვერცხლისფერ პაკეტში დაფასოებული 27 ცალი აბი, წარწერით “SUBOXONE”, ხოლო მწვანე ფერის შენაფუთში აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ხუთი ცალი თეთრი ფერის აბი, იმავე ბუშტში მოთავსებული იყო თეთრი ფერის ბუშტი, რომელშიც აღმოჩნდა ვერცხლისფერ ქარალდში შეფუთული თეთრი ფერის ექვსკუთხა აბი, წარწერით N8 და აბების ნამტვრევები. იმავე ბუშტში გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა აბის ნამტვრევები.

 

23. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების - ზ----- მ-------–-–---–ის, მ------- ზ----ის, რ-----------ის, რომან ბერიძის ზემოთ უკვე განხილული ჩვენებებით დასტურდება პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

24. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 20 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №ქ/310 დასკვნით ირკვევა, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 48 ცალი აბი და აბის ნატეხები შეიცავს 0,3996 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. 5 ცალ აბში, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს - 0,125 გრამს.

 

25. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ შეტანილია №29 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ „ბუპრენორფინი“ 0,3996 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო "მეთადონი", რომელიც ნუსხაში მითითებული N94 რეგისტრაციით, 0,125 გრამის ოდენობით ქმნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას;

 

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------- ბ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

 

27. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

28. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

29. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

30. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

31. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

32. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ------- ბ-------–---–ის ბრალდების დადასტურება.

 

33. "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

35. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

36. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

37. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

38. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

39. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

41. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ------- ბ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,3996 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“ და 0,125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მათადონი" (მარილი), რაც 2017 წლის 19 ივლისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა მისგან ამოღებული, ამდენად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

42. კ------- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

43. კ------- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

44. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

45. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

46. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

47. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

48. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

49. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

50. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაებია ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დადებითი დახასიათება.

 

51. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ.

 

52. სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იყოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალიისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

53. საქმეში წარმოდგენილი ნასამართლობის ცნობის, განაჩენის, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობის თანახმად, კ------- ბ-------–---–ი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით, სასჯელი შემცირდა 8 წლამდე. პენიტენციური დაწესებულებიდან ბ-------–---–ი გათავისუფლდა 2012 წლის 28 დეკემბერს. შესაბამისად, 2017 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, ნასამართლობა გაქარწყლებული არ ყოფილა. სასამართლოს არ წარდგენია ინფორმაცია არც ნასამართლობის მოხსნის თაობაზე.

 

54. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------- ბ-------–---–ს, სასჯელად უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

55. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------- ბ-------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

56. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

57. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა, მამაკაცის ჯინსის შარვალი, პერანგი, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - უნდა დაუბრუნდეს კ------- ბ-------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები და აბების ნატეხები, რომლებიც შეიცავს 0,3996 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინს" და 0,125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "მეთადონს" და დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მთავარ სამმართველოში, უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: კ------- კ-----–-ს ძე ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.

 

აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2015 წლის 19 ივლისიდან.

 

კ------- ბ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცებები - კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა, მამაკაცის ჯინსის შარვალი, პერანგი, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კ------- ბ-------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები და აბების ნატეხები, რომლებიც შეიცავს 0,3996 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინს" და 0,125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "მეთადონს" (მარილი) და დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მთავარ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი