გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002166800
2-4296/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 იანვარი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ირაკლი შავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე
მოსარჩელე: მ--- მ------–--ლი
წარმომადგენელი: მ------ ჟ-------
მოპასუხე: ა------ ფ------–-ვა
წარმომადგენელი: ნ---- დ-----ძე
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადასახდელად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ--- მ------–--ლი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ა------ ფ------–-ვას მისი არასრულწლოვანი შვილის - ა--------- ფ------–-ვას სასარგებლოდ ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
1.1. 2013 წლის 30 ივნისიდან მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ა------ ფ------–-ვასთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ა--------- ფ------–-ვა დაბადებული 2014 წლის 2---------. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ მხარეებმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ უცხოეთში სამუშაოდ, თან წაიყვანს შვილი ა--------- ფ------–-ვა, მოპასუხემ უცხოეთში ყოფნის დროს მიატოვა მოსარჩელე და შვილი, აღნიშნულის შემდგომ მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს შერიგებაა, რაც უშედეგოდ დასრულდა. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე წლების მანძილზე შვილზე არ ზრუნავს და თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას.
1.2. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს გააჩნია სამსახური, აქვს მცირე ბიზნესი, ტაქსაობს და ეკონომიკურ სიდუხჭირეს არ განიცდის, მოპასუხე შეძლებს ყოველთვიურად ბავშვის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 250 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოპასუხე ყოველთვის ზრუნავდა თავის შვილზე, ჯერ კიდევ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის დროს მოსარჩელე არ აძლევდა საშუალებას მოენახულებინა თავისი შვილი, ამჟამად ბავშვი იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში დედასთან ერთად. ა------ ფ------–-ვას აქვს დეპორტი, რის გამოც ვერ ახერხებს თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. მოპასუხის განმარტებით არ გააჩნია არანაირი მცირე ბიზნესი, მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დროგამოშვებით ნათხოვარი ავტომანქანით ტაქსაობა.
2.1. მოპასუხე ა------ ფ------–-ვას ყავს მეორე შვილი ს----–- ფ------–-ვა რომელიც არის არასრულწლოვანი და იმყოფება მოპასუხის კმაყოფაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ა--------- ფ------–-ვა დაბადებულუი 2014 წლის 2---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; მხარეთა განმარტებები.
3.1.2. მოპასუხე ა------ ფ------–-ვას ყავს მეორე შვილი ს----–- ფ------–-ვა, რომელიც არის მამის კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები;
3.1.3. მოსარჩელე და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ და ბავშვი ა--------- ფ------–-ვა იმყოფება დედასთან მ--- მ------–--ლთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მხარეთა შორის მთავარი სადაო საკითხია მოპასუხის შემოსავალი. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოპასუხეს აქვს მცირე ბიზნესი, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და გარკვეული შემოსავლების მიღება. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ დროგამოშვებით ტაქსაობს ნათხოვარი ავტომანქანით.
3.2.2. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ, მეორე შვილი ს----–- ფ------–-ვა არის მოპასუხე ა------ ფ------–-ვას კმაყოფაზე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს გააჩნია გარკვეული სახის შემოსავალი.
3.2.3 სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს გააჩნია საკმარისი შემოსავალი, რომ, ყოველთვიურად შვილისათვის გადაიხადოს ალიმენტი 250 ლარის ოდენობით.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.5. მოსარჩელემ, მოპასუხის შემოსავალის დასადასტურებლად მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
3.2.6. საქართველოს სსკ-ის 354-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებების მოპოვებაში. ასეთი რამ განპირობებულია ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული საქმეთა თავისებურებებით. ალიმენტი, შვილის რჩენისა და აღზრდისათვის გათვალისწინებული თანხაა და მისი ოდენობის დადგენა მოსარჩელესთან ერთად სასამართლოს ვალდებულებაცაა. ამიტომ მოსარჩელესთან ერთად სასამართლომაც უნდა იზრუნოს მოპასუხის შემოსავალის დადგენის მტკიცებულებების მოპოვებაში. სწორედ მტკიცებულებების ანალიზითაა შესაძლებელი გონივრულად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა. მოსარჩელემ სასამართლოს მიუთითა, რომ მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა მოსარჩელისათვის უცნობია, კონკრეტულად სად და რა სამუშაოებს ასრულებს მოპასუხე, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დამატებით მოიპოვოს მტკიცებულებები მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით.
3.2.7. ამდენად ა------ ფ------–-ვას შემოსავალი ვერ დადგინდა. თუმცა მას გააჩნია გარკვეული სახის შემოსავალი, რაც დადასტურებულია, როგორც შესაგებელში მითითებული გარემოებით, ასევე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, რომ მოპასუხის კმაყოფაზე არის მოპასუხის შვილი ს----–- ფ------–-ვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
ა) სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
ბ) დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად: ,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა, მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი - ა--------- ფ------–-ვა დაბადებული 2014 წლის 2---------. ბავშვი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მ--- მ------–--ლთან. მიუხედავად იმისა, რომ ა------ ფ------–-ვა არ ცხოვრობს მ--- მ------–--ლთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას მ--- მ------–--ლს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები. კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 250 ლარით. მოპასუხე კი თვლის, რომ მას არ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, რადგან არ გააჩნია შესაბამისი სახსრები. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დადგინდა მოპასუხის შემოსავლების ოდენობა, მასზე ალიმენტის სახით თითოეულ 250 ლარის ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრება არ არის გონივრული, რადგან უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ მოპასუხეს ასევე ყავს მეორე შვილი, რომელიც იმყოფება მოპასუხის კმაყოფაზე, მისი შემოსავალიდან გამომდინარე ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს 250 ლარის ალიმენტის სახით გადახდას.
ალიმენტის საკითხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობაც, მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 140 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ ბავშვზე 140 ლარი არაა საკმარისი არასრულწლოვანი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის, მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 140 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის ა--------- ფ------–-ვას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 140 ლარის გადახდა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2017 წლის წლის 10 ნოემბერს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის წლის 10 ნოემბრიდან.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ალიმენტის ნაწილში მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 140 ლარის გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადახდეს სახ. ბაჟის სახით 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე,2591-ე, 352-356-ე, 364-ე, 367-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--- მ------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ა------ ფ------–-ვას, არასრულწლოვანი შვილის ა--------- ფ------–-ვას პ/ნ 01150054649 (დაბადებული 2014 წლის 28 მარტი) რჩენისათვის ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 140 ლარის ოდენობით.
3. ალიმენტის გადახდის ვადის ათვლა დაიწყოს სარჩელის შემოტანის მომენტიდან 2017 წლის 10 ნოემბრიდან.
4. ა------ ფ------–-ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირაკლი შავაძე