განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
190100117002084282
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-421 -17

(№021010817003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორები - ქეთევან სონიძე, ხატია ხაჩიძე,დაცვის მხარე: ადვოკატები - მაგული კორძაია, ლოტბერდ კუპატაძე, კობა კობიაშვილი,1. ბრალდებული: გ----------–---ი;

პირადი ნომერი: 1----------;

დაბადებული: 19.05.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლევი;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრაციის მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფ. ქ--------------ი;

ფაქტობრივი საცხ. მისამართი: ქ. გარდაბანი, ა----–-----–--------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” და მე-6 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

2. ბრალდებული: ე-–------–---ი;

პირადი ნომერი: 1----------;

დაბადებული: 19.11.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: არასრული საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრაცია და ფაქტობრივი საცხ. მისამართი: ქ. გარდაბანი, ს----–-------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

თარჯიმანი: ელვინ თაღიევი,სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:

 

1.1. გ----------–---ის მიმართ: ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა გ----------–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისი შარვლის ჯიბეში შეინახა 1,6119 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი", რასაც თან ატარებდა 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00 საათზე, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში, გულუას ქუჩა N1-ში მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება.

 

1.2. ე-–------–---ის მიმართ: ე-–------–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავისი შარვლის ჯიბეში შეინახა 9,2407 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი", რასაც თან ატარებდა 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00 საათზე, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქ თბილისში, გულუას ქუჩა N1-ში მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული ნივთიერება.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ე-–------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, 2017 წლის 01 აგვისტოს თურქეთიდან ბრუნდებოდა საქართველოში, რა დროსაც მისი სიმამრის ძმამ, გ----------–---მა დაურეკა და სთხოვა, რომ ბათუმიდან მასთან პაკეტს გამოატანდნენ და ჩამოეტანა. მისი თხოვნით ბათუმში შეხვდა ახალგაზრდა ბიჭს, რომელმაც გადასცა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო სპორტული ტანსაცმელი და თეთრი დაფასოებული პატარა პაკეტები. პაკეტებზე მიხვდა, რომ ეს იყო ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ზუსტად რა სახეობის, არ იცოდა. დაახლოებით 19 საათზე ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურზე შეთანხმებისამებრ დახვდა გ----------–---ი, რომელსაც გადასცა გზავნილი. მის საყვედურზე, რატომ გარია ამ საქმეში, გ----------–---მა დაამშვიდა და ნაწილი ნარკოტიკული ნივთიერებისა მას დაუტოვა. ნაწილი წაიღო თვითონ, მისი თქმით, სხვისთვის გადასაცემად. დაკავებისას გ----------–---ი გაქცევას შეეცადა. ტაქსის მძღოლს, რომელიც იმყოფებოდა "მერსედესის" ფირმის ა/მანქანით, არ იცნობს (იხ.სხდომის ოქმი).

2.2. 2017 წლის 01 აგვისტოს ე-–------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, გულიას №1-ში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა მწვანე გამჭვირვალე პოლიეთილენის ,,პარკები” დაფასოებული პატარა ზომის პაკეტებად, ე.წ. ,,ჩეკები” (ტ.1. ს.ფ. 10-13).

 

2.3. 2017 წლის 01 აგვისტოს გ----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, გულიას №1-ში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული 19 ცალი ცელოფნის პატარა პაკეტით, ე.წ. ,,ჩეკები” (ტ.1. ს.ფ. 46-49).

 

2.4. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2017 წლის 02 აგვისტოს, ქიმიური ექსპერტიზის №1357/სქ-№1522/ქრ დასკვნის თანახმად, გ----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 19 (ცხრამეტ) ცალად დაფასოებული: თერმულად დამუშავებული მოთეთრო ფერის პოლიეთილენის 19 ცალ ნაჭერში შეფუთული, თეთრი ქაღალდის ნაჭრებში გადახვეული, კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით - 5,6959 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 1,6119 გრამის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 196-201).

 

აღნიშნული დასკვნის სინამდვილე დაადასტურეს ექსპერტებმა სოფო ცქვიტაიამ და ნანა ლომსაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.

 

2.5. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2017 წლის 02 აგვისტოს, ქიმიური ექსპერტიზის №1356/სქ-№1521/ქრ დასკვნის თანახმად, ე-–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 104 (ას ოთხ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით - 33,24, გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცვლ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 9,2407 გრამს (ტ.1. ს.ფ. 205-213).

 

აღნიშნული დასკვნის სინამდვილე დაადასტურეს ექსპერტებმა სოფო ცქვიტაიამ და თამარ უბილავამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს ასევე გამომძიებლებმა ბ-–-----------მ, ბ----------–--ემ, ხ-----------–-–---–მა, მ--–------------–---–მა, ტ----------–---მა, თ----------------მა და ნ-----------–---ემ, სასამართლო სხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნები მ-------–----ა და ა---------–------------ი, ასევე გამოკვლეული იქნა სს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და დათვალიერებული იქნა საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება.

 

3. დაცვის მხარის მტკიცებულებები:

3.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ განმარტა, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს, დილის 08:00 საათზე იმყოფებოდა სახლში, ქ. გარდაბანში, რა დროსაც დაურეკა მისი ძმის სიძემ - ე-–------–---მა და სთხოვა, რომ თურქეთიდან ბრუნდებოდა და დახვედროდა ორთაჭალაში 15:00 საათისთვის. იგი ნ-----------–--ის ტაქსით წავიდა თბილისში ე-–------–---ის დასახვედრად. ე-–------–---ი მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, მასთან მისვლამდე, პოლიციელებმა დააკავეს. დაახლოებით 2-3 მ-ში დაინახა, რომ ე-–---ს ჩანთიდან რაღაცეები ამოუღეს, მაგრამ რა, არ იცის. იმის გამო, რომ შარს არ გადაყროდა, ე-–------–---ის დაკავების შემდეგ გაიქცა, თუმცა პოლიციელებმა მაინც დააკავეს. მისივე განმარტებით, არ იცოდა ე-–---ს რა ჩამოჰქონდა. პოლიციელებს ნარკოტიკის ჩადებაც კი არ უცდიათ, ისე გააფორმეს, რომ თითქოს მას ნარკოტიკი ჰქონდა. (იხ.სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ტაქსის მძღოლი ნ-----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ გ----------–---ს იცნობს როგორც კლიენტს. ტაქსიზე მუშაობს 20 წელია. ჰყავს "მერსედესის" ფირმის ა/მანქანა. 2017 წლის 1 აგვისტოს დაურეკა გ----------–---მა და უთხრა, თბილისში წაყვანა სთხოვა. გ---ის მითითებით ორთაჭალაში, სადგურში შევიდა, გ---მა უთხრა რომ იქ დალოდებოდა. დაახლოებით 10-15 წუთში გამოვიდა გ----------–---ი მეორე მამაკაცთან ერთად, რომლებიც ერთად მივიდნენ მანქანასთან, თუმცა მათი შეხვედრა არ დაუნახავს, ვინაიდან მისი თვალთახედვის არეში არ მომხდარა მათი შეხვედრა. მეორე მამაკაცმა მოიხსნა ჩანთა და საბარგულში ჩადო. იმ წუთში ორი ადამიანი გაჩნდა. გ---ი გაიქცა, მეორე ბიჭი კი დააკავეს. პოლიციელებმა გ---იც დააკავეს (იხ.სხდომის ოქმი).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.’’ გ----------–---ი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენით, ცვლილება შევიდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის განაჩენში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით. 2013 წლის 05 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 06 წლით და 09 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------–---ი არის ნასამართლევი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რომელმაც კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ქმედება.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ----------–---მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 1,6119 გრამი, ე-–------–---მა - 9,2407, რასაც უკანონოდ ინახავდნენ პირადად და ამოღებული იქნა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ქ. თბილისში 2017 წლის 01 აგვისტოს. რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს გ----------–---ის განმარტებას, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ე-–------–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ჩამოიტანა ბათუმიდან თბილისში გ----------–---ის მითითებით. ამავე დროს საქმეში არსებული გ----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების ნ-----------–---ის, ბ-–-----------ს, ხ-----------–-–---–ის, მ--–------------–---–ის, ტ----------–---ის, თ----------------ის და ა---------–------------ის ჩვენებით, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, უტყუარად დადასტურებულია, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა გ----------–---მა შარვლის ჯიბეში შეინახა 1,6119 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი", რასაც თან ატარებდა 2017 წლის 01 აგვისტოს, 19:00 საათზე, რაც მისგან ამოღებული იქნა პირადი ჩხრეკისას.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

6.1. ე-–------–---ის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

6.2. გ----------–---ის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით და ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, პროპორციულად, ე-–------–---ს და გ----------–---ს უნდა დაენიშნოთ სასჯელის ისეთი ზომა, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ რესოციალიზაციას.

 

8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ე-–------–---ს და გ----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- გ----------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, 1,6119 გრამი და ე-–------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, წონით 9,2407 (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში) - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ე-–------–---ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დამტენით, პასპორტი და ტყავის საფულე უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს (გარდა პასპორტისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში);

- გ----------–---ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში);

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20-21, 81-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

გ----------–---ს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად: 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

3. გ----------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. გ----------–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

5. ე-–------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.

 

ე-–------–---ს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად: 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

7. ე-–------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

8. ე-–------–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს - 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- გ----------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, 1,6119 გრამი და ე-–------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, წონით 9,2407 (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- ე-–------–---ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დამტენით, პასპორტი და ტყავის საფულე დაუბრუნდეს მფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს(გარდა პასპორტისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში);

 

- გ----------–---ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში);

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი