განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
820100116001612892
დავის ტიპი
373 1
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100116001612892

№1-374/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ჯ--- ბ-----ე

ადვოკატი - პ----- შ----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173130916002 საქმე

 

ბრალდებულ ჯ--- ბ-----ის მიმართ,მამის სახელი: ზ-------;

დაბადებული: 02.03.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო,პირადი ნომერი: 6----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უმაღლესი;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

მისამართი: ქ. ბათუმი, ი---------- ქუჩა №20, ბინის №5.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ცრუ დასმენა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ--- ბ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2. ჯ--- ბ-----ემ 2016 წლის 13 სექტემბერს, ქ. ბათუმში ინსარიძის ქუჩიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ჯ--- ბ-----ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შსს სსიპ ,,112-ის“ ოპერატიული მართვის სამსახურს და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია კახაბრის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის და მისი ცემის შესახებ. ამავე შეტყობინებაზე გამოცხადებულ საქართველოს შსსაპატრულო პოლიციის მუშაკებს კი მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დ----- და მ------ ქ-------ეებმა ჩაიდინეს მისი ცემა, ხოლო ხ------- ქ-------ე დაემუქრა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ჯ--- ბ-----ეს 2016 წლის 13 სექტემბერს არ ჩაუდენია დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს:მათ შორის შსს სსიპ ,,112-ის“ ოპერატიული მართვის სამსახურში შესულ შეტყობინებას, მოწმეების ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლეთა ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, და მიიჩნია, რომ ჯ--- ბ-----ის ქმედებას ბრალდების მხარემ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5 პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცრუ დასმენის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს უდანაშაულო პირის დასმენას დანაშაულის ჩადენაში. ხოლო ცემა, დანაშაულია იმ შემთხვევაში, როდესაც მას მოჰყვა დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ისევე როგორც მუქარა,სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ჯ--- ბ-----ეს კი ასეთი შეტყობინება არ განუხორციელებია, უფრო მეტიც მან მოწმის სახით პირველივე გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი არავის არ უცემია და მას არავინ არ დამუქრებია.

 

შესაბამისად ჯ--- ბ-----ეს დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა არ განუხორციელებია.

 

6 ამას გარდა სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ჯ--- ბ-----ემ განახორციელა ცრუ დასმენა დანაშაულის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა და ცრუ შეტყობინება.

 

ცრუ დასმენა არის კონკრეტული პირის მხილება იმაში, რაც მას არ ჩაუდენია (დაბრალება, დაბეზღება), რათა იგი მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მართალია, კანონში უშუალოდ მითითებული არ არის დანაშაულის მიზანზე, მაგრამ თავად ცრუ დასმენის არსიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ამ დანაშაულის მიზანია უდანაშაულო პირის მიცემა პასუხისგებაში1. ცრუ დასმენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გაცხადება, რომ ჩადენილია დანაშაული, არამედ უნდა იყოს მითითება იმაზეც, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არავის დასმენა არ მომხდარა. ამიტომაც უთითებს კანონი, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს ,,დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას” ე.ი ვინმეს ყალბად დასმენას, ტყუილად დადანაშაულებას, უსაფუძვლოდ მხილებას, რომ თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

ცრუ შეტყობინება კი არის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და მცდარია, მაგალითად, შეტყობინება ქმედების შესახებ, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა და მოგონილია სხვადასხვა მიზნით. სწორედ ამას ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, - პირმა მოიგონა ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ (თითქოს მას ცემენ ), რაც სინამდვილეში არ მომხდარა და განახორციელა ცრუ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრ 112-ში.

 

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი კი ითვალისწინებს ერთადერთ შემთხვევას, რა დროსაც ცრუ შეტყობინება ითვლება დანაშაულად და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით გათვალისწინებული - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება. ამრიგად, თავად სისხლის სამართლის კოდექსი მიჯნავს ერთმანეთისაგან ამ ორ ტერმინს: ,,ცრუ დასმენას” და ,,ცრუ შეტყობინებას”, და მათში სრულიად მართებულად სხვადასხვა შინაარსს დებს. პირველში (ცრუ დასმენაში) იგულისხმება კონკრეტული პირის დასმენა დანაშაულის ჩადენაში , ხოლო მეორეში (ცრუ შეტყობინებაში) იგულისხმება რაიმე მცდარი, ყალბი, ცრუ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის დანაშაულის შესახებ (მაგალითად, მოხდა მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა), მათგან მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ერთს - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას აცხადებს დანაშაულად.

 

სასამართლოს ჯ--- ბ-----ის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე №212აპ-17, რა დროსაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია არა ცრუ დასმენა, არამედ ცრუ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრ 112-ში, რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება (მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება წარმოადგენს დასჯად ქმედებას). საინფორმაციო ცენტრ 112-ის სერვისის არამიზნობრივად გამოყენება (კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ პირობებში) წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გადაცდომას და მისთვის შესაბამისი სახდელია დაწესებული.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯ--- ბ-----ის მხრიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა საინფორმაციო ცენტრ 112-ის სერვისის არამიზნობრივად გამოყენებას, რაც შეიძლება წარმოადგენდეს სამართალდარღვევას და არა სისხლის სამართლის დანაშაულს.

 

7.სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულ ჯ--- ბ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარისაგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის გამო.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

11.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში.

 

12. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს;

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

 

14. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- ბ-----ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ბრალდებული ჯ--- ზ-------ს ძე ბ-----ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

 

2.გაუქმდეს ბრალდებულ ჯ--- ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გირაო.

 

3.გამართლებულ ჯ--- ბ-----ეს განემარტოს რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი