განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340100117001870677
საქმე №1/88-17
გამამართლებელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
28 მარტი, 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი სოფიკო ბერიძე
განხილვის ფორმა - დახურული სხდომა
ბრალმდებელი: გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი თი-------------–--ლი;
ბრალდებული: გი-------------რი - დაბადებული 2000 წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გურჯაანის რაიონი სოფელი----------, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი------------------;
ბრალდებულის ადვოკატი: ლა-–-------–-–--ლი;
ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი: დედა - ნა-----------რი;
იურიდიული კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გი-------------რმა, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
1.2. ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის თებერვლის თვის დაუდგენელ რიცხვში, გი-------------რმა, ზა----------–--ლთან და ელ----------–---–--ლთან ერთად უკანონოდ შეაღწია გურჯაანის რაიონის სოფელ-----------ში მდებარე ხა-------------–--ლის საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებსა და ავეჯს, რომელიც შემდეგ მოწმე გი--------------ის კუთვნილი ა/მანქანით გადაიტანეს ქ. თბილისში მდებარე გუ-–-------------ძის სარეალიზაციო პუნქტში, რითაც დაზარალებულს მიადგა 2 190 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად ვერ დადასტურდა გი-------------რის მხრიდან, სხვისი მოძრავი ნივთების ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2.2. საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველსაყოფად ფუძემდებლური მნიშვნელობის არის მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა. მხარეებს უფლება აქვთ, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად ისარგებლონ სისხლის საპროცესო სამართლებრივი უფლებებით, რაც დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების გაცნობის, მოსამართლის წინაშე თანასწორ პირობებში გამოკვლევის შესაძლებლობაში გამოიხატება. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ (და ეს პოზიცია დაცვის მხარემ არსებითი განხილვის სხდომაზეც დაადასტურა), რომ არ იდავებდნენ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღარ მოხდებოდა მათი გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ (მტკიცებულებებსა და გარემოებებს) პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა;
2.3. მხარეთა მიერ შეთანხმებული ფაქტობრივი გარემოებებით (კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ლე-------------ძის პატაკი, მოწმეების: ხა-------------–--ლის, ლე-------------ძის, გი--------------ის, გი---------–--------–--ლის, გუ-–-------------ძის, ნო-------------–--ლისა და გი--------------ის გამოკითხვის ოქმები, ხა-------------–--ლის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი და ამოღებული თითის ანაბეჭდები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, გუ-–-------------ძის სარეალიზაციო პუნქტში ჩატარებული ამოღების ოქმი და ამოღებული 2 ცალი საწოლი ლეიბებით, ხის კომოდი და მაგიდა, ამოღებული ნივთების ამოცნობის ოქმები, ზა----------–--ლისა და გი-------------რის ამოცნობის ოქმები, ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) არ დასტურდება, რომ გი-------------რმა ჩაიდინა ინკრიმინირებული დანაშაული, ანუ ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, კერძოდ, სასამართლოში მხარეებმა მათი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად დამოუკიდებლად წარმოადგინეს კონკრეტული მტკიცებულებები და ამასთან, მათ თანაბრად მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, სამართალწარმოების ყველა ეტაპის გათვალისწინებით;
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, იმავე პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული პრინცი ავალდებულებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და თავისუფლების სასარგებლოდ;
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას;
4.3. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ 42-ე პუნქტის თანახმად, ბავშვი რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წაყენებულ ბრალდებაში მისი დამნაშავედ ცნობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ბრალდებების დამტკიცება ხდება გონივრული ეჭვის ფარგლებს მიღმა;
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულმა მტკიცებულებათა ერთობლიობამ ობიექტური პირი უნდა დაარწმუნოს პირის ბრალეულობაში;
4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეულის ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; &41);
4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84);
4.7. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, №25424/09, 12/07/2013, §93), ევროპულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში;
4.8. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი იმ ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ბრალად ედება მისი დარღვევა ან ბრალეულადაა მიჩნეული მის დარღვევაში, ისეთ მოპყრობაზე, რომელიც ხელს უწყობს ბავშვში ღირსების და პიროვნული მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებს ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას და რომლის დროსაც გათვალისწინებულია ბავშვის ასაკი და სასურველია ხელი შეუწყონ მის რეინტეგრაციას და მის მიერ საზოგადოებაში სასარგებლო როლის შესრულებას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად, ამ მიზნებით და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ: (ბ) ყოველ ბავშვს, რომელმაც, როგორც მიჩნეულია, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალად ედება მისი დარღვევა, ჰქონდეს, სულ ცოტა, შემდეგი გარანტიები უდანაშაულობის პრეზუმპცია, სანამ მისი ბრალი კანონის თანახმად არ დამტკიცდება;
4.9. ბრალდების მხარე გი-------------რს ბრალად უყენებს, რომ მან ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტი). აღნიშნული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე;
4.10. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან - დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს გი-------------რის ხა-------------–--ლის კუთვნილ სახლში (გურჯაანის რაიონი, სოფელი მუკუზანი) ყოფნის ფაქტს. სახლში ყოფნისა და ნივთების გამოტანის ფაქტს გი-------------რიც აღიარებს თავის დასკვნით და საბოლოო სიტყვებში, თუმცა იქვე განმარტავს, რომ როგორც მას ელ----------–---–--ლმა უთხრა, ეს სახლი იყო ბებიამისის და ნივთებიც, რომლებიც გამოჰქონდა, ასევე იყო მისი ბებიის. გი-------------რი მას მხოლოდ ეხმარებოდა ამ ნივთების სახლიდან გამოტანასა და სარეალიზაციო პუნქტამდე მიტანაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამიტომ, სასამართლო გააანალიზებს მხოლოდ იმ გარემოებას, იცოდა თუ არა გი-------------რმა, რომ იგი სჩადიოდა დანაშაულს (ქურდობა) და ამოძრავებდა თუ არა მას დანაშაულის მოტივი და მიზანი. განსახილველ საქმეში არ მოიპოვება ისეთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ბრალდებულმა იცოდა ქურდობის შესახებ და, მეტიც, რომ ჰქონდა მოტივი და მიზანი, მონაწილეობა მიეღო წინასწარ განზრახულ (ჩაფიქრებულ), ჯგუფურ დანაშაულში - ქურდობაში. ბრალდებული პროკურატურის ვერსიას უპირისპირებს კვალიფიციურ არგუმენტს, რომელიც არყევს და ეჭვი შეაქვს ამ ვერსიის სისწორეში. ამიტომ, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებული იყო დანაშაულის ადგილას და ფაქტობრივი ქმედებით მონაწილეობას იღებდა დანაშაულის ჩადენაში, არ კამარა დანაშაულის შერაცხვისათვის. ვერსია არგუმენტად რომ იქცეს, იგი გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული, ურთიერთდაკავშირებული და დამაჯერებელი (სარწმუნო) მტკიცებულებებით;
4.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, რის გამოც დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულ გი-------------რის სასარგებლოდ, კერძოდ, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში;
5. აღკვეთის ღონისძიების ბედის გადაწყვეტა:
5.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განჩინებით, რითაც მოხდა იმავე სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვა, სასამართლომ საბოლოო აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრა უფრო მსუბუქი ღონისძიება, კერძოდ, პირადი თავდებობა დაეკისრა სა-–--------------–-ძეს (პ/ნ 3----------) და ოთ-------------ს (პ/ნ 1----------);
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია – აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. აქ უპირველესად და უმთავრესად იგულისხმება გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა;
5.3. ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, აღკვეთის ღონისძიების შემდგომი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და მისი არსებობა გაუმართლებელია, რის გამოც 2017 წლის 03 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს;
6. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, კერძოდ, 2018 წლის 28 მარტის სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდა და ისინი დაუბრუნდა დაზარალებულს იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც გამოეყო გი-------------რის სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ნივთმტკიცებათა ბედი აღარ საჭიროებს გადაწყვეტას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებითა და აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე-260-ე, 269-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი-------------რი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2. გი-------------რის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - სა-–--------------–-ძისა და ოთ-------------ის პირადი თავდებობა გაუქმდეს;
3. გი-------------რს განემარტოს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), განაჩენის გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24);
მოსამართლე: /დევი დევიძე/