გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2018
საქმის ნომერი
080210016001361106
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ფსაქმე №2/880-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.03.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - გივი ა-----ე, ილია ჯ------ე

წარმომადგენელი - მინდია ა-–--–-–---–ი

მოპასუხე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - გ--------–------

დავის საგანი - პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნოტარიუს ა------------------ის მიერ 07.05.2014წ. №140453775 გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა. კერძოდ: სესხზე პროცენტი შემცირდეს 5630.95.00 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო 60.000.00 ლარით.

საბოლოოდ აღსასრულებელი მოცულობა განისაზღვროს, პროცენტი - 3455.15 ლარით, პირგასამტეხლო - 3668.09 ლარით.

 

1.2. მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 27 სექტემბერს სს ,,ს----------–--------ს’’ გივი ა-----ეს და ილია ჯ------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 200.000.00 (ორასი ათასი) აშშ დოლარზე. 2013 წლის 30 სექტემბერს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გივი ა-----ეზე თითქოსდა გაიცა სესხი 165.000 ლარის ოდენობით შემდეგი მიზნობრიობით: 140000 ლარით რეფინანსირება შპს ,,ბეტონსერვისის’’ სესხის; 18640 ლარით რეფინანსირება გივი ა-----ის სესხის; 3860 ლარით, რეფინანსირება გივი ა-----ის ამექს საკრედიტო ბარათის; 2500 ლარი რეფინანსირება გივი ა-----ის საგადასახადო ვალდებულების. ამდენად, გივი ა-----ის სახელზე რეალურად ნაღდი თანხა არ გაცემულა, არამედ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, უნდა მომხდარიყო სხვა ვალდებულებების რეფინანსირება. შესაბამისად აღნიშნული ვალდებულებების რეფინანსირება წარმოადგენდა ხელშეკრულების საგანს. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება რომ წარმოშობილიყო ბანკს უნდა მოეხდინა თითქოსდა გივი ა-----ეზე გაცემული სესხით სხვა ვალდებულებების შესრულება, რომელიც ასევე სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ არსებობდა. 2013 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ბარათით აღებული ვალდებულება ბანკს არ შეუსრულებია, არ მომხდარა გივი ა-----ეზე თითქოსდა გაცემული თანხის (სესხის) მიზნობრიობის განხორციელება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან არ არსებობდა შპს ,,ბეტონსერვისსა’’ და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის ვალდებულება. ამასთან, არც სხვა დანარჩენების რეფინანსირება მომხდარა. სს ,,ს----------–--------მა’’ 2014 წლის 07 მაისს მიმართა ნოტარიუსს, მიიღო სააღსრულებო ფურცელი და 2014 წლის 19 მაისს მიმართა კერძო აღმასრულებელს: დავით ზაქარიაძეს აღსრულების მოთხოვნით. ნოტარიუს ა------------------ის მიერ 07.05.2014წ №140453775 გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გივი ა-----ეს - სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 165000 ლარის გადახდა, საპროცენტო სარგებელი 9086 ლარი და 63668 ლარი პირგასამტეხლო. აღნიშნული ფორმულირებიდან ნათლად ჩანს, რომ ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები გაწერა კრედიტორის მითითებით ისე, რომ არც გადაუმოწმებია მათი ნამდვილობა. 1.9086.1 პროცენტი საერთოდ ხელშეკრულების მაქსიმალური მონაცემებით, რომ დაანგარიშდეს, ჯამი ვერ გამოვა, კერძოდ: კრედიტი გაცემული იყო 4 თვით და პროცენტული სარგებელი შეადგენდა 8272.59 ლარს და მიიღება 3455.15 ლარი და არა 5630.95 ლარი, როგორც ამას მოპასუხე მიუთითებს. 2. მოსარჩელე შეუსაბამოდ დიდ პირგასამტეხლოს ანგარიშობს სამ თვეზე, გივი ა-----ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2014 წლის იანვარს, ხოლო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2014 წლის 07 მაისს, ამდენად ვალდებულების დარღვევიდან გასულია სამი თვე და 7 დღე და სწორედ ამ პერიოდზე მოპასუხემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 63.668.00 ლარის დარიცხვა, რაც არამც თუ აშკარად შეუსაბამოა, არამედ ზეაღმატებული საურავია ვალდებულების დარღვევის გამო, რომელიც სასამართლომ უნდა მოიყვანოს გონივრულ შესაბამისობაში.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. სს ,,ს----------–--------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუს ა------------------ის მიერ კანონიერად, საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ზუსტად არის მითითებული ვალდებულების მოცულობა და მასში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოა.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 2014 წლის 7 მაისს, ნოტარიუსმა ა------------------ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი შემდეგი შინაარსით: დოკუმენტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, წარმოადგენს სანოტარო აქტს:

1) იპოთეკის ხელშეკრულება №ჩAH000024877 (დამოწმებული 27.09.2013წ. ნოტარიუს ა------------------ის მიერ, რეგისტრირებული რეესტრში: №131025671).

2) იპოთეკის ხელშეკრულება №ჩAH000024879 (დამოწმებული 27.09.2013წ. ნოტარიუს ა------------------ის მიერ, რეგისტრირებული რეესტრში: №131025157).

3)იპოთეკის ხელშეკრულება № ჩAH000024884 (დამოწმებული 27.09.2013წ. ნოტარიუს ა------------------ის მიერ, რეგისტრირებული რეესტრში: №131025076).

4) იპოთეკის ხელშეკრულება № ჩAH000024882 (დამოწმებული 27.09.2013წ. ნოტარიუს ა------------------ის მიერ, რეგისტრირებული რეესტრში №131025511).

კრედიტორის ვინაობა: სს ,,ს----------–--------ი’’;საიდენტიფიკაციო კოდი 204378869; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა; სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი №069/5-07; რეგისტრირებული კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ.\

მოვალის ვინაობა: გივი ა-----ე (პ/ნ 2----------; მისამართი: თერჯოლა, სოფელი ღვანკითი).

მტკიცებულება: სააღსრულებო ფურცელი (ტ.1. ს.ფ. 1-3);

 

3.2.2. 2013 წლის 27 სექტემბერს გივი ა-----ეს, ილია ჯ------ესა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის მიხედვით გაიცა სესხი 200.000 აშშ დოლარის ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით; სესხის ვადა - 120 თვე; საპროცენტო სარგებელი კრედიტით საკრედიტო ხაზით და ოფერდრაფტით სარგებლობაზე: მინიმუმ 0.5 %-დან მაქსიმუმ 48%-მდე; დოკუმენტალურ ოპერაციებზე: მინიმუმ 0.5%-დან 48%-მდე.

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ (ტ.1.ს.ფ.19-20).

 

3.2.3. 2013 წლის 30 სექტემბერს სს ,,ს----------–--------სა’’ და გივი ა-----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულებაზე სრულად გავრცელდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისი დებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა პირობები. კრედიტი გაიცა 4 თვის ვადით 165000 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი: წლიური 15%, კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო:0.5%.

მტკიცებულება:

- საკრედიტო ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ.21-23).

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი. (ტ.1.ს.ფ. 24).

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. (ტ.1.ს.ფ.25-27).

 

3.2.4. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია სესხზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირება. რაც გამომდინარეობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლება - მოვალეობებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიჩნია, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 420-ე, 427-ე, 623-625-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ, მოვალე გივი ა-----ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლო მოკლედ განმარტავს, სესხის პროცენტის შინაარსს. კერძოდ - პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა.

საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა.

 

ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით და იგი სამართლებრივად იზიარებს ძირითადი ვალდებულების პირობებს. (ვალდებულების არსებობა-შეწყვეტა, ხანდაზმულობა და ა.შ.)

 

ამასთან, სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მყარი (ფიქსირებული) ან ცვალებადი (ინდექსირებული).

 

6.7. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს სესხისათვის. ამასთან, სესხზე დარიცხული პროცენტი შესაბამისობაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ნაკისრ ვალდებულებასთან და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ბანკი, როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, სწორედ სესხისათვის პროცენტი, სარგებელი წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის კვლავწარმოების ეკონომიკურ საფუძველს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაკოტრდება და შეწყვეტს ფუნქციონირებას.

 

-დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე (მოსარჩელე) გივი ა-----ეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. აღნიშნულის გამო ბანკმა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვა აღსრულების დაწყება, ხოლო ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც დაკისრებული პროცენტის ნაწილში, ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.

 

6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

6.9.სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა.

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

6.10.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ,,აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

6.11.საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

6.12. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს რადგან დადგენილია, რომ კრედიტი გაცემული იყო 4 თვით (საკრედიტო ხელშეკრულების 4.3 პუნქტი. ტ.1. ს.ფ.6). მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 63.668,09 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვილი პირგასამტეხლო - 63668,09 ლარი, ხელშეკრულების დარღვევის დროის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალია, რადგან დადგენილია, რომ გივი ა-----ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2014 წლის 30 იანვარს, ხოლო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2014 წლის 07 მაისს, ამდენად ვალდებულების დარღვევიდან გასულია სამი თვე და 7 დღე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო 63. 668,09 ლარი უნდა შემცირდეს 53. 668.09 ლარით და პირგასამტეხლო განისაზღვროს 10.000 (ათი ათასი) ლარით, რაც სასამართლოს რწმენით, სამართლიანი და გონივრულია. ამასთან, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს ა------------------ის მიერ 2014 წლის 07 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში.

 

6.13.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1969.00 ლარი. სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციით უნდა განაწილდეს სახ. ბაჟი. კერძოდ: მოპასუხე სს ,,ს----------–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 1610.04 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი.

 

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 358.96 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

8.2.მოცემულ საქმეზე 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნაწილობრივ შეჩერდა ნოტარიუს ა------------------ის მიერ 07.05.2014წ. №140453775 გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A14036025 საქმეზე.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გივი ა-----ის და ილია ჯ------ის წარმომადგენელის მინდია ა-–--–-–---–ის სარჩელი.

 

2. ნოტარიუს ა------------------ის მიერ 07.05.2014წ. №140453775 გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და პირგასამტეხლო განისაზღვროს 10.000.00 (ათი ათასი) ლარით.

 

3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 1610.04 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 358.96 ლარი ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე