განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
150100118002339852
დავის ტიპი
126 1
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100118002339852

1/18-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული ვ----- მ-------ის ძე ქ-----------ი, დაბადებული 19---–-–---------–--ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----------ში;

ადვოკატი: ზაზა ზარიძე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----------ში ვ----- ქ-----------სა და ლ----- მ--------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა მათ შორის ჩხუბში, რა დროსაც ვ----- ქ-----------მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ----- მ--------ს. აღნიშნულის შედეგად ლ----- მ--------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. 2018 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----------ში ვ----- ქ-----------სა და ლ----- მ--------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე (ვალთან დაკავშირებით) მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა მათ შორის ჩხუბში, რა დროსაც ვ----- ქ-----------მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ----- მ--------ს.

მტკიცებულებები: დაზარალებულის (ლ----- მ--------ის) და მოწმის ჩვენება; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.

2.1.2. აღნიშნულის შედეგად ლ----- მ--------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებები: დაზარალებულის (ლ----- მ--------ის) ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ----- ქ-----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულ ლ----- მ--------ის ჩვენება, მოწმის მ----- მ--------ის ჩვენება, ბრალდებულ ვ----- ქ-----------ის აღიარებითი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლ----- მ--------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ----- ქ-----------ის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----- ქ-----------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----------ში ვ----- ქ-----------სა და ლ----- მ--------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა მათ შორის ჩხუბში, რა დროსაც ვ----- ქ-----------მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ----- მ--------ს. აღნიშნულის შედეგად ლ----- მ--------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ვ----- ქ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

4.2. დაცვის მხარის განმარტებით ბრალდებულს ჰყავს ოჯახი - მეუღლე და 3 არასრულწლოვანი შვილი, რასაც სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარე.

4.3. დაზარალებული ბრალდებულთან არ არის შერიგებული. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება, ამასთან განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია.

4.4. დაზარალებული არის ასაკოვანი კაცი (70 წლის) და ბრალდებულის დედის ძმაა.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმის მინიმალურ ოდენობა, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად. ბრალდებულს ჰყავს ოჯახი - მეუღლე და 3 არასრულწლოვანი შვილი და ოჯახის სარჩენად სამუშაოდ დადის საზღვარგარეთ, ვინაიდან ახალქალაქში სამუშაო ადგილი არა აქვს და არც შემოსავალი არა აქვს.

მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე. ბრალდებული არ არის ნასამართლევი. შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. 4.1. და 4.2..) მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს შეეფარდოს ჯარიმა, თუმცა 4.3. და 4.4. გარემოების ანუ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, (სცემა ხანში შესული კაცი, რაც საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედებაა) ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმზე მეტი - 2000 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა, ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში უფრო დიდი ჯარიმა ან სხვა მკაცრი სასჯელი ზიანს მიაყენებს ბრალდებულის ოჯახს, კერძოდ არასრულწლოვან შვილებს, ხოლო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმა სავსებით აკმაყოფილებს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ----- ქ-----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

2. ვ----- ქ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ვ----- ქ-----------ის მიმართ შერჩეული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით აზატ ს-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: მიწის ნაკვეთი, ფართობი 5000.00 კვ.მ, მდებარე ახალქალაქის რაიონის სოფელ კ-----------ში, დადებული ყადაღა გაუქმდეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე არარატ ესოიან