გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
080210116001631452
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210116001631452

N2/2977-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს ,,GTI”;

წარმომადგენელი - დ--ით მ--–--ია;

მოპასუხე - ჯ---ლ გ---უა;

მოპასუხე - მ----- ზ----უა (არ გამოცხადდა);

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს - ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2151 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1172 ლარი, პროცენტი - 504 ლარი და ჯარიმა - 235 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო 240 ლარი).

1.2. მოპასუხეებს - ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 5 დეკემბრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1172 ლარზე სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 207,91ლარს.

1.3. მოპასუხეებს ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 150 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის -50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 აპრილს ჯ---ლ გ---უამ განცხადებით მიმართა შპს „GTI“-ის და მოითხოვა სესხი, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო 1200 ლარი, სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში - 17,74%, იგი უნდა დაფარულიყო 14 აპრილიდან ყოველდღიურად, დღეში 24 ლარის გადახდით და უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 23 ივნისს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარის ოდენობით. სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული ვალდებულება იკისრა თავდებმა მ----- ზ----უამ. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს თანხის დაკისრება მოპასუხეებზე.

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმა არიან გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა 1172 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ჯ---ლ გ---უამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილს შპს ,, GTI“ და ჯ---ლ გ---უას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება Nბ139, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 71 დღის ვადით. სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან, ანუ 2016 წლის 14 აპრილიდან, დღეში 24 ლარის გადახდით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - დღეში 1 ლარი.

 

იმავე დღეს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სესხის ხელშეკრულებაშივე 3.1. მუხლით გათვალისიწინებული იქნა მ----- ზ----უას სოლიდარული თავდებობა, მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხი ხელშეკრულება Nბ139 (ს.ფ 17-18);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 19-20)

- სალაროს გასავლის ორდერი (იხ.ს.ფ. 16);

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილს მ----- ზ----უამ დადო ხელწერილი, რომლის მიხედვითაც გამოთქვა თანხმობა სესხის დაფარვამდე არ გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი მე-8 ლეგიონის დას. კორპუსი 2;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ 21);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას ერიცხებათ შემდეგი დ--ალიანება: სესხი ძირითადი თანხა - 1172 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 504 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 235 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო 240 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 28);

3.1.4. დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან ხდებოდა ხელშეკრულების პირობების და ვადების დარღვევა. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა და ვალდებულება არ შესრულებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან აკავშირებდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო მაღალია და ის მოსარჩელის გამდიდრებას ემსახურება, ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეთა ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის შემცირების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილს შპს ,, GTI“ და ჯ---ლ გ---უას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება Nბ139, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 71 დღის ვადით. სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან, ანუ 2016 წლის 14 აპრილიდან, დღეში 24 ლარის გადახდით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - დღეში 1 ლარი.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

თავად მოპასუხე მხარეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა თავისი ვალდებულება არ შეასრულეს და სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნებიათ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ძირითადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ----- ზ----უამ შპს ,,GTI“-ს წინაშე იკისრა ჯ---ლ გ---უას ვალდებულებების სოლიდარულად შესრულება. ჯ---ლ გ---უამ ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს გაუჩნდა თავდები პირის მიმართ მოთხოვნის უფლება. მ----- ზ----უა, როგორც სოლიდარულად ვალდებული პირი ვალდებული არის მოსარჩელის წინაშე და მან ჯ---ლ გ---უასთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, კი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით წარმოშობილია 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით.

დადგენილია, რომ მოპასუხე მ----- ზ----უამ როგორც თავდებმა პირმა, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ,,გამსესხებელსა“ და ,,მსესხებელს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, რაც გამოიხატება ,,გამსესხებლისათვის“ ფულადი თანხის გადახდაში.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისთვის. ამასთან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთ

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითად თანხასთან შედარებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 475 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.

6.5. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ სესხზე დარიცხული სარგებლის ოდენობა 2016 წლის შემდეგ შეიცვალა (შემცირდა), ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოსარჩელე მიიღებდა იგივე შემოსავალს, რასაც წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზეც ნაწილობრივ საფუძვლიანია და მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით სულ უნდა დაეკისროთ 150 ლარის გადახდა, თვეში 50 ლარზე გაანგარიშებით.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 150 ლარის და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 12,62 ლარის გადახდა; ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,GTI”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხეებს ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1876 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1172 ლარი, პროცენტი - 504 ლარი და ჯარიმა - 200 ლარი).

1.2. მოპასუხეებს ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 5 დეკემბრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1172 ლარზე აღსრულებამდე (არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის 50 ლარის, სულ 150 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს ჯ---ლ გ---უას და მ----- ზ----უას შპს ,,GTI”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი - სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 150 ლარის და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 12,62 ლარის გადახდა;

1.4. შპს ,,GTI”-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 26,98 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ,,GTI”-ის 2016 წლის 2 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 60,40, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე