გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002184631
N2/1132-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - ირ-------–-ა (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - მზ---------–---–ი (არ გამოცხადდა)
მოპასუხეები: დი----------–---–ი, გი-------------–---–ი
წარმომადგენელი - ვა-–--------------ე
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დი----------–---–ისა და გი-------------–---–ისათვის მოსარჩელე ირ-------–-ას სასარგებლოდ სოლიდარულად 2400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12);
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 01 აგვისტოს, ირ-------–-ამ დი----------–---–სა და გი-------------–---–ს ასესხა 1500 აშშ დოლარი, ძირითად თანხაზე თვეში 20%-ის სარგებლის დარიცხვით. თანხის გადაცემა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. მოპასუხეებმა გადაიხადეს მხოლოდ ერთი თვის პროცენტი 300 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით, მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ რამოდენიმე თვის პროცენტი, თუმცა წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა 2016 წლის სექტემბრის თვიდან - 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდის პროცენტის, ანუ 8 თვის პროცენტის გადახდა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12).
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ თანახმა არიან გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა 1500 აშშ დოლარი და დამატებით 500 აშშ დოლარი, ხოლო 300 აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვთ. მოპასუხეებმა მოითხოვეს პროცენტის გადახდისგან გათავისუფლება, ვიანიდან, არის ძალიან მაღალი და ამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ (იხ. შესაგებელი ს.ფ. 26-34).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი 800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (იხ. 22.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:58:24).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 01 აგვისტოს, მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ირ-------–-ამ მოპასუხეებს დი----------–---–სა და გი-------------–---–ს ასესხა 1500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სარგებლით, თვეში 20%-ის დარიცხვით. თანხის მიცემა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
სესხის ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყონებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16);
3.1.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სესხი გაცემული იქნა სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხეთა მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 1 თვის სარგებელი 300 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის სექტემბრის თვიდან მათ სარგებელი აღარ გადაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ადგენს უდავო და სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. უდავოდ მიიჩნევა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მიუთითა ერთ-ერთმა მხარემ და რომლის საწინააღმდეგო მოსაზრებაც მეორე მხარეს არ გამოუთქვამს. ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს, დამატებითი მტკიცებულების წარდგენას არ საჭიროებს (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას სარგებლის სახით დარიცხული თანხა 2400 აშშ დოლარის ოდენობით მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, (იხ. 22.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:58:24);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ-------–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 463-465-ე, 623-625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 01 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას. რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ, რომ მოსარჩელე მხარემ გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ სესხის წერილობით ხელშეკრულებაზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2016 წლის 01 აგვისტოს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოპასუხეებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ სესხის სარგებელი, გადაცემული თანხის 20%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 300 აშშ დოლარს. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის სარგებელი არ იქნა გადახდილი. მოპასუხეები სადავოდ ხდიან სარგებლის ოდენობას და უთითებენ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი სარგებელი არის ძალიან მაღალი და მოითხოვენ მის შემცირებას. მოპასუხე დი----------–---–ის მითითებით, სესხი სარგებლის დარიცხვის პირობით გაიცა, თუმცა ყოველთვიური სარგებელი 20% არის ძალიან მაღალი და ისინი თანახმა არიან სარგებლის სახით გადაიხადონ თვეში 10%, ხოლო მოთხოვნილი თანხიდან 2400 აშშ დოლარიდან 800 აშშ დოლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა აღნიშნულ განმარტებას და მიაჩნია, რომ მათ სრულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის გადახდა, რაც გათვალისწინებული იქნა მხარეთა შეთანხმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ირ-------–-ას მოთხოვნა, 2016 წლის სექტემბრის თვიდან - 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით სარგებლის სახით 2400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ერთად ისესხეს თანხა მოსარჩელისაგან და მთლიანი ვალდებულის შესრულებაში მათი წილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა თანხის გადახდაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, 800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რაც მთლიანი მოთხოვნის 33%-ს შეადგენს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 195 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი ამ ნაწილში ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კერძოდ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 32,07 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 212,33 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი იქნა 35 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 35 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ირ-------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს დი----------–---–სა და გი-------------–---–ს მოსარჩელე ირ-------–-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 01 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანების გადახდა 2400 აშშ დოლარის ოდენობით.
3. მოპასუხეებს დი----------–---–სა და გი-------------–---–ს მოსარჩელე ირ-------–-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 212,33 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეებს დი----------–---–სა და გი-------------–---–ს მოსარჩელე ირ-------–-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 35 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
5. მოსარჩელე ირ-------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს 195 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 32,07 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: BAGAGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2017 წლის 22 ნოემბრის №56 საგადახდო დავალება).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე