გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
010210017001882397
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017001882397

N2/1207-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამქთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

წარმომადგენელი - რ------------–---–ი

მოპასუხე - ნ--ი ან----ე

წარმომადგენელი - მა----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ--ი ან----ისათვის სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ 2250 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ნ--ი ან----ე, ბსუ-ს რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით, ჩაირიცხა სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე. მხარეთა შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად, სტუდენტმა იკისრა ვალდებულება, რომ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსს, ბსუ-ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებს, გადაიხდიდა სწავლის საფასურს. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა 2007-2008 საასწავლო წლისა და 2008-2009 წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური - 2250 ლარის ოდენობით, რის გამოც ბსუ-ის რექტორის 08.08.2014 წლის #01-09/315 ბრძანებით ნ--ი ან----ეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ--ი ან----ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არ მიუღია მომსახურება, რაც მას სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობდა. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოება დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ნ--ი ან----ე ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, განათლების ფაკულტეტზე, საბაზო და საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სამაგისტრო განყოფილების პირველ კურსზე. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნ--ი ან----ეს შორის დადებული ზეპირი გარიგების მიხედვით, უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება სტუდენტი უზრუნველეყო ხარისხიანი პროფესიული უმაღლესი განათლებით, ხოლო ნ--ი ან----ემ იკისრა სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 04.03.2008 წლის №3-370 ბრძანება;

 

3.2.2. მოპასუხე ნ--ი ან----ეზე, როგორც სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტზე, დაირიცხა სწავლის საფასური, რამაც 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 წლის პირველი სემესტრის ჩათვლით, შეადგინა 2250 ლარი. ნ--ი ან----ეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება სწავლის საფასურის დარიცხვის შესახებ და განესაზღვრა ვადა დავალიანების ასანაზღაურებლად, თუმცა მოპასუხეს მასზე დარიცხული სწავლის საფასური დღემდე ანაზღაურებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი ბსუ-ის რექტორის 05.06.2009 წლის №3-255-ე ბრძანებიდან;

- წერილობითი შეტყობინება;

 

3.2.3. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2007 წლის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბუს-ის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით განისაზღვრა სტუდენტის ვალდებულება უზრუნველეყო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის დაფარვა დადგენილი წესითა და ვადებით. კერძოდ, სტუდენტს დაეკისრა ვალდებულება სასწავლო წლის განმავლობაში გადაეხადა სწავლის საფასური სემესტრულად, ორ ეტაპად, პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში სწავლის საფასურის 50%-ის ჩარიცხვით, ხოლო მეორე სემესტრისათვის სწავლის წლიური საფასურის 50%-ის არაუგვიანეს მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში ჩარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ბუს-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2007 წლის №13 გადაწყვეტილება;

- ბუს-ის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი;

 

3.2.3. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, განათლების ფაკულტეტის საბაზო და საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალისტ ნ--ი ან----ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, ხოლო სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 8 აგვისტოს №01-09/315 ბრძანებით ნ--ი ან----ეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მდგომარეობით დარიცხული სწავლის საფასურის - 2250 ლარის გადაუხდელობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ბუს-ის რექტორის 08.08.2014 წლის №03-09/556 ბრძანება;

 

3.2.4. ნ--ი ან----ის მიმართ 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მდგომარეობით დარიცხული სწავლის საფასურის -2250 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტმა სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 11 აპრილს, მოთხოვნის წარმოშობიდან შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი;

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2007 წლის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბუს-ის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მიხედვით, სტუდენტი ნ--ი ან----ე, უნივერსიტეტიდან შესაბამისი მომსახურების მიღების შემთხვევაში, ვალდებული იყო 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური გადაეხადა თითოეული სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს ამ პერიოდიდან. ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მოცემულ შემთხვევაში, შეადგენს სამ წელს, უნივერსიტეტს სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება გააჩნდა სამი წლის განმავლობაში. მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე კი, გასულია სამ წელზე მეტი დრო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 630-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სტუდენტი უზრუნველეყო ხარისხიანი პროფესიული უმაღლესი განათლებით, ხოლო სტუდენტმა იკისრა ვალდებულება, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებულ მოვალეობები, დაწესებულების შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბსუ-ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემულ აქტები - მათ შორის სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2007 წლის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბუს-ის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესით“ დადგენილი ვალდებულებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუმცა, მიუხედავად, აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორს აძლევს, როგორც ძირითადი დავალიანების, ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, მაგრამ მისი შესრულება დამოკიდებულია მოპასუხის ნებაზე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 144.1-ე მუხლის თანახამად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უარს ამბობს ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რასაც სასამართლო იზიარებს. კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც გულისხმობს ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს თავისი მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილება კანონით გათვალისწინებული საშუალებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის არსებობა უფლების რეალურად განხორციელების გარანტიაა. ხანდაზმულობის ვადით შესაძლებელი ხდება უფლების დაცვა ამავე უფლების დაცვის აქტუალობისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა კანონით განსაზღვრული ის პერიოდია, როდესაც მოთხოვნის შესაბამისი მტკიცების განხორციელება ობიექტურად შესაძლებელია, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნისა და შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულება რეალურად მოპოვებადია. ამდენად, მოთხოვნის უსასრულოდ დაცვის (დაკმაყოფილების) შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუნდაც, მოთხოვნის მართლზომიერების პირობებში. ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, რომელიც არსებობდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ანუ, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ვითარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 23.10.2007 წლის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბუს-ის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მიხედვით, ნ--ი ან----ე, უნივერსიტეტიდან შესაბამისი მომსახურების მიღების შემთხვევაში, ვალდებული იყო 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური გადაეხადა თითოეული სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს ამ პერიოდიდან. ანუ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოთხოვნა სწავლის საფასურის ანაზღაურების შესახებ დაეყენებინა კერ კიდევ 2008-2009 წლებიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნ--ი ან----ის მიმართ დარიცხული სწავლის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მომართა 2017 წლის 11 აპრილს, მოთხოვნის წარმოშობიდან ცხრა წლის შემდეგ, ანუ, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დარღვევით.

 

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული არ ყოფილა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სწავლის საფასურის გადახდევინების საკითხები რეგულირდებოდა უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით. შესაბამისად, უნივერსიტეტისთვის იმთავითვე იყო ცნობილი ინფორმაცია ფინ--სური დავალიანების მქონე სტუდენტების შესახებ და მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოთხოვნის უფლება სტუდენტის მიმართ მას წარმოეშვა 2007-2008 სასწავლო წლის თითოეული სემესტრისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. მან კი სასამართლოს მომართა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, რადგან გასულია მოთხოვნის, როგორც სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარჩელო მოთხოვნა ნ--ი ან----ის მიმართ ხანდაზმულია, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი ნ--ი ან----ის მიმართ სწავლის საფასურის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი