გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
140210017001806064
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001806064

საქმე №2/275-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი 2018 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე მ--ა ა---–---–ი

წარმომადგენელი ნ--ო მ------–---–ი

მოპასუხე ბ----ა ჩ-----ე

წარმომადგენელი ს---ო მ--–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე ბ----ა ჩ-----ეს მოსარჩელე მ--ა ა---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 22.10.2014 ხელშეკრულებისა და 14.11.2014 ხელწერილის საფუძველზე სესხის ძირითად თანხების, ჯამში 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადახა (იხ. 15.02.2018 სხდ. ოქმი) ;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ბ----ა ჩ-----ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს, ხოლო 22.10.2014 წლის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა და არც ამ ხელშკრულებაში მითითებული თანხა მიუღია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 11.10.2014 წლის ხელშეკრულების საფუძველზე თავდაპირველად ბ----ა ჩ-----ემ შპს „ჩემი მომავლისგან“ მიიღო 400 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგში 500 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა კიდეც 14.11.2014 წლის ხელწერილით.

 

3.1.2 29.10.2016 წელს შპს „ჩემს მომავალს და მ--ა ა---–---–ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ჩემმა მომავალმა“ მ--ა ანიშვილს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნები, მათ შორის ბ----ა ჩ-----ის მიმართ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1 სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფატქობრივ გარემოებას მასზედ, რომ ერთის მხრივ შპს "ჩემი მომავალი" და მეორეს მხრივ მოქალაქე ბ----ა ჩ-----ეს 22.10.2014 წ. დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც "მსესხებელმა" ბ----ა ჩ-----ემ სესხის სახით მიიღო თანხა 500 შშ დოლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა, ისევე როგორც 14.11.2014 წ. ხელწერილში მითითებული სესხის თანხა 500 აშშ დოლარი მოპასუხის მიერ დღემდე დაბრუნებული არ არის.

 

3.2.3 მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, ის გარემოება, რომ მასსა და შპს "ჩემს მამოვალს" შორის არ დადებულა 22.10.2014 წლის სესხის ხელშეკრულება. საქმის სასამართლო განხილვისას მოპასუხე ბ----ა ჩ-----ემ უართიერთსაწინააღმდეგო განმარტებები მისცა სასამართლოს ხსენებულ ხელშეკრულებაზე მის ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამასთან, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ღნიშნული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის უარმყოფელი რაიმე სახის მტკიცებულება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე,მე-400, 623-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაო საპროცესო მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესათვის თანხის გადახდის დაკისრება სესხის სამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა სესხად აღებული თანხა ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად.

 

სასამართლო 14.11.2014 წლის სესხის ხელწერილთან დაკავშირებით განმარტავს, რომ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ ვალის აღიარებიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობა მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც 14.11.2014 წლის ისე 22.10.2014 წლის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები ბ----ა ჩ-----ეს, მოსარჩელე მ--ა ა---–---–ისათვის არ გადაუხდია.

 

ამდენად, მ--ა ა---–---–ს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოეშვა ბ----ა ჩ-----ისგან 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ მასსა და შპს "ჩემს მომავალს" შორის 22.10.2014 სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე დაუყენებია შუამდგომლობა ექსპერიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც მოპასუხემ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სადავო გახადა ხელშეკრულების 2.2 და 6.1 პუქნტებში დაფიქსირებული მისი ხელმოწერის ნამდვილობა, ხოლო სასამართლოსათვის მიცემული განმარტებით დაადასტურა აღნიშნული ხელშეკრულების ბოლოს მსესხებლის გრაფაში მისი ხელმოწერის ნამდვილობა (იხ. 15.02.2018 წ. სხდ. ოქმი) .

 

სასამართლო მხარეთა განმარტებებისა და საქმეში წაროდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული განხილვის შედეგად დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს "ჩემს მომავალსა" და ბ----ა ჩ-----ეს შორის 22.10.2014 წ. დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ, როგორც მსესხებელმა, სესხის სახით მიიღო თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის მიხედვით, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთმითითებული გარემოების დადასტურებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მხარეთა შორის ხელშეკრულების არარსებობისა და ამ ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--ა ა---–---–ს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით, ჯამში 980 ლარი.

 

სსსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე იტყვის უარს მოსარჩელე სარჩელზე, მხარეები მთლიანდ თავისფლებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რომ მ--ა ა---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, როგორც მთავარ სხდომამდე, ისე არსებითი განხილვისას და საბოლოოდ მოითხოვა 1000 აშშ დოლარის გადახდა, რაც სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 79.40 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 880.95 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადახდილად უნდა დარჩეს 20.05 ლარი (ე.ი სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟიდან - 980 ლარიდან ბიუჯეტში გადახდილად უნდა დარჩეს მოპასუხისათვის დაკისრებული 79.40 ლარისა და 20.05 ლარის ჯამური ოდენობა, სულ 99.45 ლარი ) .

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე ბ----ა ჩ-----ეს მოსარჩელე მ--ა ა---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ბ----ა ჩ-----ეს მოსარჩელე მ--ა ა---–---–ი სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 79.40 (სამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე მ--ა ა---–---–ს (პ/ნ 59001000956) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 08 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 953 (ცხრაასორმოცდაცამეტი) ლარიდან 880.55 (რვაასოთხმოცი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე