გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160210017002098663
N 2/905-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
მოსარჩელე - თამარი სულთანიშვილი პ/ნ (10001008650)
წარმომადგენელი - ირმა ბესალაშვილი
მოპასუხე - სს ,,RMG COPPER’’
წარმომადგენელი - ირაკლი შატაკიშვილი
დავის საგანი -ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გაუქმება და თამარ სულთანიშვილის აღდგენა სს ,,RMG COPPER’’ -ის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მოპასუხეს მიერ განაცდურის( 1900 ლარის ოდენობით ყოველთვიურად) ანაზღაურება 2016 წლის 14 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე თამარი სულთანიშვილი პ/ნ (10001008650) 1984 წლის 4 სექტემბრიდან მუშაობდა სს ,,RMG COPPER’’-ში. 1996 წლის 16 სექტემბრიდან იგი იყო კადრების განყოფილების უფროსი, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. მისი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1900 ლარს.
თამარ სულთანიშვილს 2016 წლის 14 ოქტომბერს საწარმომ შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. მოსარჩელის თქმით მოპასუხე მხარემ არ გადასცა ბრძანება გათავისუფლების შესახებ და ამასთანავე თამარ სულთანიშვილს სამსახურში გამოძახებას დაპირდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სს ,,RMG COPPER’’ -ის ადმინისტრაციას, რადგან ეცნობებინათ მისთვის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, გათავისუფლების შემთხვევაში გადაეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა მას არ მიუღია პასუხი.
2.1. მოპასუხე სს ,,RMG COPPER’’ -ის პოზიცია
მოპასუხე სს ,,RMG COPPER’’ -ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან შრომითი ურთიერთობები მოსარჩელესთან შეწყდა კანონიერი საფუძვლით.(იხ. შესაგებელი ს.ფ. 56-66)
მოპასუხე აღნიშნავს რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, რასაც მოსარჩელეც ადასტურებს. აქედან გამომდინარე დასაქმებულს თამარი სულთანიშვილს, თუ დააინტერესებდა დამატებითი ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ, მას კანონის დადგენილი ვადის ფარგლებში უნდა ემოქმედა. კერძოდ მოეთხოვა წერილობითი დასაბუთება დამსაქმებლისგან 30 კალენდარული დღის ვადაში მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ასევე კანონით დადგენილ ვადებში აღეძრა სარჩელი სასამართლოში. თუმცა მოსარჩელე თამარი სულთანიშვილის წარმომადგენელმა კომპანიას მიმართა 2017 წლის 8 აგვისტოს, გათავისუფლებიდან 10 თვის შემდეგ, შესაბამისად წერილობითი მიმართვა დარჩა რეაგირების გარეშე, რადგან არსებული მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
2017 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, გათავისუფლებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რაც ასევე მოთხოვნის უარყოფის საფუძველია ხანდაზმულობის მოტივით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თამარი სულთანიშვილი 1984 წლის 4 სექტემბრიდან მუშაობდა სს ,,RMG COPPER’’-ში(სს მადნეული). 1996 წლის 16 სექტემბრიდან იგი იყო კადრების განყოფილების უფროსი, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან მუშაობდა მთავარ სპეციალისტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი).
- თამარ სულთანიშვილის პირადი საქმე.
3.1.2. თამარ სულთანიშვილის ანაზღაურება სს ,,RMG COPPER’’-ში გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 1900 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.3. თამარ სულთანიშვილს 2016 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება შპს ,,ჯორჯიან ექსპრესი’’-ს მეშვეობით, საიდანაც ირკვეოდა, რომ წინამდებარე წერილობითი გაფრთხილებიდან 3(სამი) კალენდარული დღის გასვლისთანავე, შრომითი ურთიერთობა მასს და სს ,,RMG COPPER’’-ს შორის წყდებოდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინასწარი გაფრთხილება.
- შპს ,,ჯორჯიანექსპრესის“ მიმართვა გზავნილის ჩაბარების შესახებ.
3.1.4. 2017 წლის 2 აგვისტოს თამარ სულთანიშვილის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სს ,,RMG COPPER’’-ს და მოითხოვა თამარ სულთანიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.31).
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.5. თამარ სულთანიშვილმა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა 2017 წლის 5 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი თავს სს ,,RMG COPPER’’-იდან არ თვლიდა გათავისუფლებულად, რადგანაც არ ჩაბარებია გათავისუფლების შესახებ ბრძანება. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას იმის თაობაზე, რომ თამარ სულთანიშვილი გათავისუფლებული იყო სს ,,RMG COPPER’’-იდან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წინასწარი გაფრთხილების წერილის ჩაბარებიდან 3(სამი) კალენდარული დღის გასვლისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარე თავადვე ადასტურებს, რომ იგი 2016 წლის ოქტომბრიდან სს ,,RMG COPPER’’-ში აღარ გამოცხადებულა სისტემატიურად და მას არც ანაზღაურება მიუღია. შესაბამისად მისთვის განჭვრეტადი იყო, რომ მასსა და მოპასუხე კომპანიას შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო. რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობაში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თამარ სულთანიშვილის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 144-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 , 37-ე, 38-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიუზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირება.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი კი ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს წერილობითი დასაბუთების მითებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექისი 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად თამარ სულთანიშვილს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ჩაბარდა 2016 წლის 10 ოქტომბერს. საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული რეგულაციიის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება დაეწყო გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, რაც მას არ გაუკეთებია. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუკი პირმა დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოპასუხემ სამართლებრივი აქტივობა დაიწყო 2017 წლის 2 აგვისტოს, მან აღნიშნული განმარტა იმ მიზეზით, რომ იგი მოპასუხე კომპანიისაგან ელოდა სამსახურში აღდგენას. მოსარჩელის აღნიშნული მოლოდინი კი ვერ დაუკავშირდება სასარჩელო ხანდზმულობის ვადების ათვლის გარემოებებს.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
საქართველოს სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები - სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 865 ლარი, შესაბამისად მას ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 764 ლარი, ხოლო 100 ლარი, რომელიც დაკავშირებულია ბრძანების ბათილად ცნობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. თამარ სულთანიშვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;
2.თამარ სულთანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 764 ლარი, (,,საქართველოს ბანკი“ გადახდის თარიღი 2017 წლის 20 სექტემბერი, საგადასახადო დავალება N45, სახაზინო კოდი 300093150, ბანკის კოდი TRESGE22) ხოლო 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (ბოლნისი სულხან-საბას 113) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეა ლეონიძე