გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №280310018002287511 (3/1-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - დი-----------–---–-ვა
მოპასუხეები: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
2.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილება
განყოფილების წარმომადგენელი - მა----------ია
დავის საგანი - გაუცემელი პენსიის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის გაუცემელი პენსიის გადახდის დაკისრება.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი იგი 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით დანიშნული იყო ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრად, რის გამო შეუჩერდა პენსია იმ მოტივით, რომ მოსარჩელე კომისიაში ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რასაც დი-----------–---–-ვა არ ეთანხმება და ითხოვს ნოემბრის თვეში გაუცემელი პენსიის მიღებას.
ბუღალტრის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მოსარჩელემ ვერ მიიღო აგრეთვე დეკემბრის თვის პენსიაც, რისი მიღების მოთხოვნაც ასევე გააჩნია მოსარჩელეს. იგი მიიჩნევს, რომ მის მიმართ არსებული ორი თვის დავალიანება შეადგენს ჯამში 374 ლარს (იხ. სარჩელი, 02.04.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოსარჩელე დი-----------–---–-ვა იღებდა ყოველთვიურ პენსიას 187 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 23 აგვისტოს №00-----7 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასზედ, რომ დი-----------–---–-ვა დაინიშნოს ბუღალტრად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 23 აგვისტოდან.
მითითებული განკარგულება საფუძვლად დაედო დი-----------–---–-ვასა და №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის 2017 წლის 23 აგვისტოს №69/1 შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც დამსაქმებელმა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიამ მოსარჩელე დი-----------–---–-ვა მიიღო საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესასრულებლად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 23 აგვისტოდან სცკ-ში საფინანსო ანგარიშების წარდგენამდე (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლი 53, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განკარგულება (ს.ფ. 38);
-შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 39);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2.2.დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დი-----------–---–-ვა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის უფლებამოსილებას ახორციელებდა, როგორც საჯარო მოსამსახურე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-განკარგულება (ს.ფ. 38);
-შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 39);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2.3.2017 წლის 01 ნოემბრიდან დი-----------–---–-ვას პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე შეუწყდა პენსიის მიღება საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. ამასთან, მოსარჩელე დი-----------–---–-ვა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის საჯარო საქმიანობას ასრულებდა 2017 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ ვერ მიიღო 2017 წლის ნოემბრის თვის პენსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-განკარგულება (ს.ფ. 38);
-შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 39);
-პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 54);
-საოლქო საარჩევნო კომისიის 01.11.2017 წლის №79 წერილი (ს.ფ. 55);
-29.12.2017 წლის და 05.01.2018 წლის წერილები (ს.ფ. 13-16);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2.4.საჯარო - საბუღალტრო საქმიანობის პერიოდის ამოწურვის შემდგომ, დი-----------–---–-ვამ მოპასუხეს მიმართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით 2017 წლის დეკემბრის თვეში, რის გამოც მასზე არ გაიცა იმავე წლის დეკემბრის თვის პენსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 02.04.2018 წლის სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; პენსიის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოსაკვლევია გარემოება, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე შრომით ხელშეკრულების საფუძველზე №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო მოსამსახურეს, რაც არსებითი საკითხია მოსარჩელისათვის მიუღებელი პენსიის ასანაზღაურებლად.
სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებიდან სასამართლო უპირველესად მოიხმობს პენსიის შესახებ საქართველოს კანონს, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ - ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში, ამასთან, კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
აღნიშნული ნორმატიული აქტი ერთმანეთისაგან განსხვავებს პენსიაზე უფლების წარმოშობისა და პენსიის დანიშვნის ცნებებს. კერძოდ, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, თუმცა იმისათვის, რომ პირმა მიიღოს პენსია მან, კანონის მე-13 და მე-14 მუხლების მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება უნდა წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად კომპეტენტურ ორგანოში, რომელიც პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
აღსანიშნავია კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა მასზედ, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო დანიშნული პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, თანახმად იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა.
მოსარჩელე თვლის, რომ მისთვის მოპასუხის მხრიდან პენსიის მიცემაზე უარის თქმას საფუძველი არ გააჩნია, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი საქმიანობა არ უნდა იქნეს გაგებული საჯარო საქმიანობად, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს იმავე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ აღნიშნული ნორმის მოხმობა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არ არის სწორი. რამდენადაც დავა დაკავშირებულია მოსარჩელის საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ ორგანოში - №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმიანობასთან, აუცილებელია სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიის მარეგულირებელი ნორმების ხილვა.
საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით განისაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტი იქნე აკონკრეტებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
სწორედ ასეთი ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესთან 2017 წლის 23 აგვისტოს.
ყურადსაღებია, რომ მითითებულ შრომითი ხელშეკრულებასთან დაკავშრებით კანონმდებლის მხრიდან ნორმები რეგლამენტირებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში (ამ კანონის პირველი–124-ე მუხლები, 125-ე მუხლის მე-2 და მე-5–მე-9 პუნქტები ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან), სახელდობრ, კანონის მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო იმავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია ის პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
აღნიშნული სამართლებრივი მსჯელობის გადატანა სადავო ფაქტობრივი გარემოებების სივრცეში იძლევა დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ მოსარჩელე საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბუღალტრად მუშაობის პერიოდში სწორედაც, რომ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მას მოპასუხისაგან მართებულად ეთქვა უარი 2017 წლის ნოემბრის თვის პენსიის გაცემაზე.
6.2.რაც შეეხება დეკემბრის თვის პენსიას, დადგენილია, რომ მოსარჩელეს 01.11.2017 წლიდან შეუწყდა პენსიის მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
პენსიის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყვეტილი პენსიის ავტომატურ რეჟიმში აღდგენის საფუძველს და აღდგენისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა მიმართოს განცხადებით კომპეტენტურ ორგანოს იმავე კანონის მე-5 თავით გათვალისწინებული წესით, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელებულია დეკემბრის თვეში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, თუ კომპეტენტური ორგანო დააკამყოფილებს განცხადებას პენსიის დანიშვნის თაობაზე, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მოსარჩელე არ დავობს, რომ მან სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2017 წლის დეკემბრის თვეში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მითითებული ნორმიდან გამომდინარე, 2017 წლის დეკემბრის თვის პენსია არ ეკუთვნის.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითებია სასამართლოს, თუ კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მხრიდან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის სოციალური ქარტია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით) სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს. შესაბამისად, სოციალური დაცვის სფეროში ექცევა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აღძრული სარჩელები, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მათზე არ გადაიხდება. სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დი-----------–---–-ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ჩხოროწყუ, გობეჩიას ქ. №1).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა