გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2018
საქმის ნომერი
140210017002019407
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017002019407

საქმე №2/1083-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ საძაგლიშვილი

 

მოსარჩელე - სს „ვ-----------------------“

წარმომადგენელი - თ------–--–--–---–ი

მოპასუხე - ვ------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ლ---------------------ე

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ვ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება მდებარე გორის რაიონის სოფელი ზერტში, საკადასტრო კოდით №66.53.02.199 და საცხოვრებელი სახლი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს „ვ-----------------------ს“.

 

მოსარჩელის განმარტება:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 12 ივნისიდან უძრავი ნივთი, მდებარე გორის რაიონი სოფელი ზერტში, საკადასტრო კოდით 66.53.02199 ირიცხება სს „ვ-----------------------ს“ საკუთრებაში. აღნიშნულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობს ყოფილი მესაკუთრე ვ------------–---–ი, რომელსაც სს „ვ-----------------------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით ჰქონდა დატვირთული უძრავი ნივთი და რომელიც 2015 წლის 03 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე „სს „ვ-----------------------ს“ გადაეცა საკუთრებაში.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ვ------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ მას სურვილი აქვს მიაღწიოს შეთანხმებას ბანკთან საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვასთან დაკავშირებით და დღესაც თანახმაა მოურიგდეს მხარეს მისაღებ პირობებზე (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონის სოფელ ზერტში, საკადასტრო კოდით №66.53.02.199, მოპასუხე ვ------------–---–ის მფლობელობაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გორის რაიონის სოფელ ზერტში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №66.53.02.199 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს „ვ-----------------------ს“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 17 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.2. სადავო ბინას მოპასუხე ფლობს უკანონოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სს „ვ-----------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე ვ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სს „ვ-----------------------ს“ კუთვნილი გორის რაიონის სოფელ ზერტში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №66.53.02.199 და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მის მესაკუთრეს სს „ვ-----------------------ს“.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გორის რაიონის სოფელ ზერტში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №66.53.02.199 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს „ვ-----------------------ს“ სახელზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.

 

სასამართლომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს ეკისრებოდა, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და მის მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და აგრეთვე სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ თავადვე დაადასტურა, რომ სადავო ქონება აუქციონის გზით შეიძინა სს „ვ-----------------------მ“.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სს „ვ-----------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 ლარი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინრბით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „ვ-----------------------ს“ სარჩელი მოპასუხე ვ------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ვ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება მდებარე გორის რაიონის სოფელ ზერტში (ს/კ: №66.53.02.199) და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს „ვ-----------------------ს“.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. მოპასუხე ვ------------–---–ს მოსარჩელე სს „ვ-----------------------ს“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 120 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი