გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
010210017001853371
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210017001853371

#2/835-2017წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომისმდივანი - თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ტ-----ლ გ--------ე

მოპასუხე - თ-ა ს--------ე

წარმომადგენელი - კ----ე ნ----–------ე

დავისსაგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ-ა ს--------ისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ 2250 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 20 მაისის #1003825516 განცხადებისა და #2000542016 ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თ-ა ს--------ეს გაუწია ბიოლოგიური საექსპერტო მომსახურება, რომლის ღირებულება შესაბამისი ტარიფის მიხედვით შეადგენდა 2250 ლარს.

 

მოპასუხე თ-ა ს--------ემ არ გადაიხადა გაწეული მომსახურების საფასური და მისი დავალიანება შეადგენს 2250 ლარს (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მატერიალური საშუალება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გაადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა მიჩნეული.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 20 მაისს თ-ა ს--------ემ #1003825516 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ორ შვილზე მამობის დადგენის მიზნით. იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ #2000542016 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა გაწეული მომსახურება დადგენილი ტარიფებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 20.05.2016 წლის#1003825516 განცხადება;

- საექსპერტო მომსახურების შესახებ #2000542016 ხელშეკრულება;

 

3.2.2. სადავო პერიოდში ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #225 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის #171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მომსახურების ტარიფებით.ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული იქნა საექსპერტო მომსახურება - სატარიფო კოდებით:

ა) 402 - ბიომასალის არსებობის დადგენა - ღირებულება 10 ლარი;

ბ) 408 - დნმ-ის ანალიზით ბიოლოგიური მშობლობის დადგენა ერთი ფიზიკური პირის მიმართ - 1600 ლარი;

გ) 412 - დნმ-ის ექსტრაქცია - 50 ლარი;

დ) 416 - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ერთი ობიექტი - 200 ლარი;

ე) 418 - კაპილარული ელექტროფორეზი ერთი ობიექტი - 260 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2010 წლის 20 აგვისტოს #225 დადგენილება;

 

3.2.3. 2016 წლის 30 ივნისს მომზადდა #003796316 ექსპერტის დასკვნა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 2250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს N003796316 დასკვნა;

- მიღება-ჩაბარების აქტი #3003814316;

 

3.2.4. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხემ ბიუროში წარმოადგინა #1007956916 განცხადება, რომლითაც მოითხოვა საექსპერტო მომსახურების ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლება. 2016 წლის 18 ოქტომბრის #5005685416 წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ დასკვნის საფასურზე შეღავათები არ ვრცელდებოდა. თ-ა ს--------ეს საექსპერტო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 13.10.2016 წლის #1007956916 განცხადება;

- 18.10.2016 წლის #5005685416 წერილით;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე და 633-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა სასამართლომ შეამოწმა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ 2016 წლის 20 მაისს თ-ა ს--------ემ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. იმავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში,დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულდა ჯეროვად, დათქმულ დროში. შესაბამისად, თ-ა ს--------ე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მისი პოზიცია, მატერიალური საშუალების არარსებობის გამო, მომსახურების საფასურის გადახდაზე უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლოა და სასამართლოს მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244ე, 248-250-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე თ-ა ს--------ეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს 2250.00 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე თ-ა ს--------ეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი