გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210116001536673
№2/3226-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.03.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - შპს „მ---ა“
წარმომადგენელი - ა-----------ე, ნ-------------ე
მოპასუხე - სს „მ-----ო ბ------ი“
წარმომადგენელი - ა-----------–--ე, ო-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. სს „მ-----ო ბ------ისათვის“, შეძენილი პროდუქციის ღირებულების - 143 000.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება შპს ”მ---ას“ სასარგებლოდ.
1.2. სს „მ-----ო ბ------ისათვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება შპს ”მ---ას“ სასარგებლოდ, თვეში 1787.5 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრდან - 11.10.2016 წლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შპს „მ---ამ“ სს „მ-----ო ბ------ს“ სხვადასხვა პერიოდში მიაწოდა საერთო ჯამში 393 670.00 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 250 670.00 ლარი. შესაბამისად, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 143 000.00 ლარს. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ დაკარგა სარგებელი, დავალიანების წლიური 15 %-ის - 21450 ლარის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1787.5 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შპს „მ---ასაგან“ რეალურად შეიძინა 311 706.00 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც ანაზღაურებული აქვს 249 850.00 ლარი, შესაბამისად, მისი დავალიანება შეადგენს 61 856 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,მ---ას“ სამეწარმეო საქმიანობის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო და სამშენებლო მექანიკური საშუალებებისა და ტექნიკური მოწყობილობების სათადარიგო ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით შპს „მ---ას“ გააჩნია სარემონტო, საამქრო და სავაჭრო დაწესებულება, მდებარე - ქ. ბათუმში, ფ------------–--–ის გამზირ №--ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სარჩელი - ტომი 1; ს. ფ. 1-15;
- დაზუსტებული სარჩელი - ტომი 2; ს. ფ. 3-17;
3.1.2. მოპასუხე სს ,,მ-----ო ბ------ის“ საქმიანობის საგანია სამშენებლო პროდუქციის წარმოება და სამშენებლო საქმიანობა. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მოპასუხე კომპანია მოსარჩელისაგან პერიოდულად იძენდა სათადარიგო ნაწილებს.
მხარეებს შორის ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელისაგან იძენდა სხვადასხვა სახის პროდუქციას და საქონლის მიღების შემდეგ ახორციელებდა ანგარიშსწორებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შესაგებელი - ტომი 1, ს. ფ. 250-260; ტომი 2, ს. ფ. 24-34;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა საქმიანი ურთიერთობის პერიოდში, (რაც მოცემული დავის ფარგლებში მოიცავს 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდს) შპს „მ---ამ“ სს „მ-----ო ბ------ს“ ზეპირი გარიგების საფუძველზე მიაწოდა 393 670.00 ლარის ღირებულების საქონელი,საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 250 670.00 ლარი. შეძენილი საქონლის ღირებულება 143 000.00 ლარის ოდენობით სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ასათვის“ ანაზღაურებული არ აქვს.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოცემული დავის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 143 000 ლარის ღირებულების პროდუქციის მოპასუხისათვის რეალურად მიწოდების ფაქტი. ამასთან, ვინაიდან მოპასუხე 143 000 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას სცნობს ნაწილობრივ, 61 856 ლარის დაკისრების ნაწილში, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა მოსარჩელე შპს „მ---ამ“ მოპასუხე სს „მ-----ო ბ------ს“ რეალურად მიაწოდა თუ არა 81 144.00 ლარის ღირებულების პროდუქცია.
სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მხარეთა საქმიანი ურთიერთობის ამსახველი მასალების - სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების, საგადახდო დავალებების, სალარო აპარატის ქვითრების ურთიერთშეჯერებით შეფასებითა და ანალიზით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 393 670.00 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 250 670.00 ლარი. შეძენილი საქონლის ღირებულება 143 000.00 ლარის ოდენობით სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ასათვის“ დღემდე ანაზღაურებული არ აქვს.
სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა შემდეგ მტკიცებულებათა კვლევის საფუძველზე:
მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის შინაარსი მეტყველებს და ეს გარემოება სადავო არ არის, რომ სს „მ-----ო ბ------ი“ შპს „მ---ას“ კუთვნილ სავაჭრო დაწესებულებაში (ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზ. #-) საჭიროების მიხედვით პერიოდულად იძენდა სხვადასხვა სახის საქონელს, ძირითადად ღირებულების შემდეგში ანაზღაურების პირობით, რაზეაც ფორმდებოდა საგადასახადო დოკუმენტაცია - სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების სახით. ამ დოკუმენტებში ფიქსირებული საბუღალტრო მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოპასუხე პერიოდულად ახდენდა შეძენილი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულების ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებისას მყიდველს (სს „მ-----ო ბ------ს“) დამატებით მიეწოდებოდა სალარო აპარატის ქვითარიც.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე, (რასაც ეთანხმება და სადავოდ არ მიიჩნევს მოპასუხე) სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის საგნის ყოველი შეძენისას გამყიდველი შპს „მ---ა“ ადგენდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ფორმას, რომელშიაც მიეთითებოდა ყველა აუცილებელი ინფორმაცია რეალიზებულ საქონელთან დაკავშირებით, მისი სახეობის, ოდენობის, ფასის, სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილე მხარეების საიდენტიფიკაციო მონაცემების, საქონლის გადაადგილების მარშუტის, ღირებულების შემდგომში ანაზღაურების ფორმის და სხვა მონაცემების მითითებით. გამყიდველის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადების ელექტრონული ფორმატით მიღების შემდეგ მყიდველი სს „მ-----ო ბ------ი“ ამავე სასაქონლო ზედნადების მე-18 გრაფაში ჩანაწერის შეტანით ადასტურებდა, რომ მან მიიღო შეძენილი საქონელი, დადასტურების თარიღის მითითებით. მითითებული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე გამყიდველი ადგენდა საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, სადაც მიეთითებოდა შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი და ინფორმაცია მიწოდებული საქონლის შესახებ. საგადასახადო ანგარიშფაქტურების ელექტრონული ფორმატით მიწოდების შემდეგ, მყიდველი უზრუნველყოფდა მათ დადასტურებას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილია სადავო პერიოდის, კერძოდ, 15.10.2015 წლიდან 04.10.2016 წლამდე პერიოდის საქმიანი ურთიერთობის ამსახველი მასალები, მათ შორის მოსარჩელე მხარის მიერ წარმოებული საქონელბრუნვის სააღრიცხვო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები (მათ შორის დაუდასტურებელი), ასევე საგადახდო დავალებები, სალარო აპარატის ქვითრები), რომელთა ერთობლიობაში შეფასებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ გამოიწერა სასაქონლო ზედნადებები და მისი შესატყვისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები ჯამში 393 670.00 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებაზე.
მოპასუხე მხარე ფაქტობრივად ადასტურებს ამ გარემოებას. მართალია, ის მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში გამოიწერა ანგარიშფაქტურები 393 975 ლარზე, მაგრამ დადგენილია, რომ ეს ღირებულება მოიცავს უარყოფილ საგადასახადო ანგარიშფაქტურას 250 ლარის ღირებულების საქონელზე და ასევე, 04.10.2016 წელს გამოწერილ ანგარიშფაქტურას, 55 ლარის ღირებულების პროდუქციაზე, რაც ანაზღაურებულია და დავის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ის მხედველობაში მიღებული ვერ იქნება. (393 975 – 250 – 55 = 393 670)
მოსარჩელე მხარის განმარტებითა და მის მიერ წარმოდგენილი ცხრილით თანხების ბრუნვის შესახებ (ტომი 1. ს. ფ. 230-231) დგინდება, რომ შპს „მ-----ო ბ------მა“ შპს „მ---ას“ 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორების გზით აუნაზღაურა შეძენილი საქონლის ღირებულება ჯამში 250 670.00 ლარის ოდენობით. ამ გარემოებას სრულად ადასტურებს მოპასუხე მხარეც. მართალია მოპასუხე მიუთითებს, რომ მან მოსარჩელეს აუნაზღაურა მიღებული პროდუქციის ღირებულება - 250 725 ლარის ოდენობით, მაგრამ მის მიერ მითითებული ეს თანხა მოიცავს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ 55 ლარს, რომელიც გადახდილია 2016 წლის 18 ოქტომბერს, ანუ ის სცილდება სადავო პერიოდს და მხედველობაში ვერ მიიღება (250 725-55=250 670).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო, მართებულად მიიჩნევს, მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ მან მოპასუხეს მიაწოდა 393 670.00 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც აუნაზღაურდა 250 670.00 ლარი, ხოლო აუნაზღაურებელი პროდუქციის ღირებულება შეადგენს 143 000.00 ლარს. ამდენად, მხარეთა შორის სადავო იყო 143 000 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი. (393 670 – 250 660 = 143 000)
აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სცნო სარჩელი მოთხოვნა 61 856 ლარის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, მხარეთა შორის სადავოა 81 144 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდებისა და ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის მართლზომიერება.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ გამოიწერა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები ჯამში 393 670.00 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებაზე. (ტომი 2; ს. ფ. 74 – 276). ასევე დადგენლია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში ყველა შემთხვევაში დაადასტურა საქონლის მიღების ფაქტი შპს „მ---ასაგან“, ჯამში ღირებულებით 393 670 ლარი, თუმცა მან არ დაადასტურა სასაქონლო ზედნადებების შესატყვისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების ნაწილი - 83 288.50 ლარის ღირებულების ფარგლებში. კერძოდ, მოპასუხემ არ დაადასტურა სადავო პერიოდში გამოწერილი ანგარიშფაქტურები ნომრებით:
1. ეა 70 3943012 – 30 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი ელ 0256406156; (ტომი 2 ს. ფ. 104-105)
2. ეა 70 3439042 - 157.50 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0257090396; (ტომი 2 ს. ფ. 102-103)
3. ეა 70 3943015 - 65 ლარის ღირებულების საქონელზე, (შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი ელ 0256408089; (ტომი 2 ს. ფ. 100-101)
4. ეა 70 3943056 - 500 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 025760470; (ტომი 2 ს. ფ. 98-99)
5. ეა 70 3925850 - 300 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0255259950; (ტომი 2 ს. ფ. 96-97)
6. ეა 70 4016663 - 17 960 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0250165523; (ტომი 2 ს. ფ. 93-95)
7. ეა 70 4016662 – 21 657 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0249940053; (ტომი 2 ს. ფ. 88-91)
8. ეა 70 4016664 - 26 441.89 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0250165566; (ტომი 2 ს. ფ. 83-87)
9. ეა 70 4016666 – 12 392.20 ლარის ღირებულების საქონელზე, (შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0250165676; (ტომი 2 ს. ფ. 76-82)
10. ეა 70 4016665 – 2 965 ლარის ღირებულების საქონელზე, (შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0250165585; (ტომი 2 ს. ფ. 74-75)
11. ეა 70 4059809 - 160 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0265262730; (ტომი 1, ს. ფ. 285-287)
12. ეა 70 4059872 - 660 ლარის ღირებულების საქონელზე, შესატყვისი სასაქონლო ზედნადების ნომერი - ელ 0265498135; (ტომი 1, ს. ფ. 282-284)
მოპასუხე მხარის მტკიცებით, მან მითითებული ანგარიშფაქტურები არ დაადასტურა იმ მიზეზით, რომ მათში აღრიცხული საქონელი მოსარჩელისაგან რეალურად მიღებული არ აქვს, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ დაადასტურა 160 და 660 ლარის ღირებულების საქონლის მიღების ფაქტი (საგადასახადო ანგარიშფაქტურები - #ეა 70 4059809 და #ეა 70 4059872 - ტომი 1, ს. ფ. 282, 285), თუმცა მოპასუხისვე მიერ წარმოდგენილი სალარო აპარატის ქვითრებით (ტომი 1, ს. ფ. 263) და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით (ტომი 1, ს. ფ. 284, 287) ირკვევა, რომ დაუდასტურებელი ანგარიშფაქტურებით გათვალისწინებული საქონელი სს „მ-----ო ბ------მა“ რეალურად მიიღო მოსარჩელის სავაჭრო დაწესებულებაში და ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა მიღებული საქონლის ღირებულებაც - 160 ლარისა და 660 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით, მათ შორის იმ ზედნადებებით, რაც შეესატყვისება ზემოთ მითითებულ დაუდასტურებელ საგადასახდო ანგარიშფაქტურებს, (რომლებიც გაწერილია სწორედ ამ ზედნადებების საფუძველზე) მყიდველის მიერ ყველა შემთხვევაში ელექტრონულად დადასტურებულია საქონლის მიღების ფაქტი, მიღების თარიღისა და ზუსტი დროს მითითებით. (იხ. სასაქონლო ზედნადებები). მაგალითად, მოპასუხემ არ დაადასტურა საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა 70 4016663 - 17 960 ლარის ღირებულების საქონლის მიღებაზე, თუმცა ამავე საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი სასაქონლო ზედნადებით, რომელიც გამოწერილია 18.07.2016 წელს, მოპასუხის მიერ დადასტურებულია ამ საქონლის მიღების ფაქტი 2016 წლის 26 ივლისისათვის. აღსანიშნავია, რომ სადავო 12 ანგარიშფაქტურის შესატყვისი სასაქონლო ზედნადებებით ანალოგიურადაა დადასტურებული მოპასუხის მიერ ჯამში 83 288.50 ლარის ღირებულების საქონლის მიღების ფაქტი. (ტომი 2, ს. ფ. 74-105).
ამდენად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს რეალურად მიაწოდა 393 670.00 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 250 670.00 ლარი. შეძენილი საქონლის ღირებულება 143 000.00 ლარის ოდენობით კი სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---სათვის“ ანაზღაურებული არ აქვს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები - ტომი 2. ს. ფ. 74 – 276;
- შპს „მ---ას“ სალარო აპარატის ქვითრები - ტომი 1, ს. ფ. 263;
- საგადახდო დავალებები (გადამხდელი - სს „მ-----ო ბ------ი“, მიმღები შპს „მ---ა“) - ტომი 1, ს. ფ. 264-273;
- სს „მ-----ო ბ------ის“ მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების ნუსხა - ტომი 1. ს. ფ. 274-475;
- თანხის ბრუნვის ნუსხა - ტომი 1, ს. ფ. 230-231;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „მ---ას“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „მ-----ო ბ------ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317, 327-ე, 477-ე, 361-ე, 341-ე, 408-ე, 411-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
მოსარჩელე შპს „მ---ა“ მოითხოვს მოპასუხისათვის 143 000.00 ლარის ანაზღაურების დაკისრებას, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მიწოდებული საქონლის აუნაზღაურებელ ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობასთან და შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ამასთან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხართა შორის არსებობდა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივ გარიგებათა რიცხვს, რომლის ფარგლებში ხელშემკვრელი ერთი მხარე გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას კონტრაჰენტს - მყიდველს საკუთრებაში გადასცეს საქონელი (ნასყიდობის საგანი), ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს გამყიდველს შეძენილი ნივთის ღირებულება.
ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ გამყიდველმა - შპს „მ---ამ“ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია. რაც შეეხება მოპასუხეს, მან დაარღვია ხელშეკრულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების ვალდებულება
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს მიაწოდა 393 670.00 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 250 670.00 ლარი. შეძენილი საქონლის ღირებულება 143 000.00 ლარის ოდენობით კი სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ასათვის“ ანაზღაურებული არ აქვს. (გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად, ნასყიდობის საგნის აუნაზღაურებელი ღირებულების -143 000.00 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, დავალიანების თანხის (143 000 ლარის) წლიური 15%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1787.5 ლარს, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (11.10.2016 წლიდან) დავალიანების სრულად დაფარვამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი პრინციპულად ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც შეიძლება არსებობდეს მიუღებელი შემოსავლის სახითაც. მიუღებელია შემოსავალი, რომელსაც მხარე მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და ვერ მიიღო კონტრაჰენტის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ ყურადღება უნდა გამახვილდეს - რამდენად იყო მოსალოდენელი მისი მიღება. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, სასამართლოს შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი და იკვეთებოდეს, რომ ამგვარი შემოსავლის მიღება რეალურად შესაძლებელი იყო.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ევალებოდა გარკვეული ოდენობით თანხის გადახდა მოსარჩელისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულის თვისობრიობის გათვალისწინებით, მას ყოველთვის შეუძლია მოგების მოტანა თანხის სწორად დაბანდებისა და სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. შესაბამისად, სასამართლო, გონივრული განსჯის ფარგლებში მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს რეალურად შეეძლო, მოპასუხისაგან მისაღები 143 000.00 ლარის კომერციულ ბანკში ანაბარზე განთავსების გზით მიეღო შემოსავალი ამ თანხაზე სარგებლის სახით დარიცხული წლიური 9%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 12 870.00 ლარს (ყოველთვიურად 1072.50 ლარს). დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 4 ოქტომბრამდე შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს სარჩელის აღძვრის დროიდან 11.10.2016 წლიდან, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს გონივრულ ფარგლებში - დავალიანების წლიური 9 %-ის ანაზღაურების დაკისრებით დავალიანების დაფარვამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 1873 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა. ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მითითებული ნორმების შესაბამისად, განსახილველ სარჩელზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 207350.00 ლარს. (143000 + 1787.5X36). შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს, რაც გადახდილია მოსარჩელე მხარის მიერ სრულად.
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 87.58%-ით. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად შეადგენს 4379 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ 61856.00 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილის შესატყვისი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1491.48 ლარი უნდა განახევრდეს, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს 745.74 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3633.26 ლარის ანაზღაურება. 745.74 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. 621 ლარი კი, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 450 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 300 ლარი, ხოლო 150 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია იურიდიული მომსახურებისათვის 5700 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადახდო დავალების სახით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის არსის გათვალისწინებით სსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის 2%-ის ფარგლებში, რაც შეადგენს 3632.20 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.10.2016 წლის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სს „მ-----ო ბ------ს“ (ს/კ 445464970) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული - ქ. ბათუმში, წერეთლის შეს N2-ში მდებარე უძრავი ქონების - (ს/კ 05.35.28.143) და ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, წერეთლის შეს N2-ში მდებარე უძრავი ქონების - (ს/კ 05.35.28.148) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „მ---ას“ სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ას“ სასარგებლოდ დაეკისროს შეძენილი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება 143 000.00 ლარის ოდენობით.
1.2. სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ას“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, დავალიანების - 143 000.00 ლარის წლიური 9%-ის ოდენობით, (რაც შეადგენს 12 870.00 ლარს), სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 11.10.2016 წლიდან დავალიანების სრულად ანაზღაურებამდე.
2. სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3783.26 ლარის ოდენობით.
3. სს „მ-----ო ბ------ს“ შპს „მ---ას“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 3632.20 ლარის ოდენობით.
4. შპს „მ---ას“ (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 10.10.2016 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4290.00 ლარის ნაწილი - 745.74 ლარის ოდენობით. (გადამხდელი ბანკი - სს „პ-------------------“, ID 449217701, მიმღები - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი - 300693150); შპს „მ---ას“ (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 10.10.2016 წელს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (გადამხდელი ბანკი - სს „პ-------------------“, ID 449217735, მიმღები - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი - 300693150); შპს „მ---ას“ (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 10.10.2016 წელს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (გადამხდელი ბანკი - სს „პ-------------------“, ID 449217769, მიმღები - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი - 300693150);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი