გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050310017002129349
N3/197-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.03.2018 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: ვ----–--------იკი
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი: ნ------------–ვილი, მ------ ი--–---–-
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 ივლისის N042517003955 გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის N01/239942/გ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მონაცემების რეგისტრაცია თავის დროზე განხორციელდა არასწორად მითითებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ვ----–----------კის დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები, კერძოდ მამის გრაფაში მითითებული მონაცემები ამოირიცხა, ასევე გაკეთდა მითითება, რომ გვარად უნდა მიეთითოს დუმბაძე.
3.2. ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით ვინაიდან არ მოიძებნა და არ არსებობს ვ----–--------იკის მშობლების ქორწინების მოწმობა ვრცელდება წესი, რომელიც მოქმედებს ქორწინებაში არ მყოფი პირების მიმართ და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა მოსარჩელის დაბადების მოწმობაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ,,დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.''
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ,,დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.''
ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად ,,თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.''
მოცემულ შემთხვევაში აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, პირიქით დაბადების მოწმობაში არსებული მონაცემების გაუქმება ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და უფლებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაეკისროს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ვ----–----------კის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 13 ივლისის N042517003955 გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის N01/239942/გ გადაწყვეტილება.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე