განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-418-17
(№021280717001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი დავით მუხიაშვილი,ბრალდებული ე-–-----------------ი, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–---------–--.
ადვოკატი: შ----- გელაშვილი,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით ე-–-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ე-–-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 06 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
1.2. 2017 წლის 28 ივლისს დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ე-–-----------------მა, ქ.რუსთავიდან სოფელ ა------–-აში სამგზავროდ იქირავა შ-----------–---–ის ა/მანქანა „ო---–----------“ სახ. სარეგ. N-----------, მიიყვანა ის სოფელ ა------–-ის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით თავს დაესხა შ-----------–---–ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა მას ფულადი თანხა100 ლარის ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
2017 წლის 28 ივლისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N021280717001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ბრალდებულმა ე-–-----------------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა საქმის განხილვის დროს აღნიშნა, რომ მან ნამდვილად იმგზავრა შ-----------–---–ის მანქანით რუსთავიდან, მაგრამ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია.
დაზარალებულმა შ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს მსუბუქი ავტომობილი და მუშაობს ტაქსოპარკში მძღოლად. 2017 წლის 27 ივლისს საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე მორიგეობდა, დაახლოებით ღამის 3-4 საათის შუალედში გაჩერდა ყავის დასალევად მ----------------–--ესა და ა-------------–---თან ერთად, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ორი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცი და ერთმა მათგანმა ჰკითხა რამდენი უნდა გადაეხადათ სოფელ ა------–-აში წასასვლელად. მათ უპასუხეს, რომ მგზავრობა ღირდა 5 ლარი. მანქანის გადაყენების დროს (რაც ყავის გამყიდველმა სთხოვა) ბიჭებმა უთხრეს, რომ უნდოდათ გაჩიანში წასვლა და ჩასხდნენ მანქანაში. ორი მამაკაციდან ერთი იყო ბრალდებული ე-–-----------------ი. მგზავრობის დროს გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ ფული და ბრალდებული რეკავდა თითქოსდა მის ძმასთან, ასევე უთხრა, რომ რადგან ამდენ ხანს იარა, ფულს აუცილებლად გადაუხდიდა და დეიდასთან მისვლა სთხოვა. მოხვდნენ მისთვის უცნობ ადგილას, ორჯერ შევიდა ჩიხში და უკან გამოვიდა. ერთ ადგილას, სადაც მანქანის სავალი გზა არ იყო, ბრალდებულმა მისი თანმხლები ბიჭი გააგზავნა ფულის მოსატანად, ის დაბრუნდა და თქვა, რომ დეიდა თვითონ მოვიდოდა და ფულს მოიტანდა, მეორედ კიდევ გააგზავნა და არც ამჯერად მოვიდა ვინმე. ბრალდებულთან რუსულ ენაზე საუბრობდა. ბოლოს მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, უთხრა ბრალდებულს, რომ აღარ სურდა ფულის გადახდა და მანქანა დაქოქა, ამ დროს მიუახლოვდა ე-–-----------------ი, დანა მიადო, დაუწყო გინება, ერთი ხელი პერანგის ჯიბეზე მოკიდა და ფულის მიცემა სთხოვა. მან წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა იგი ემუქრებოდა, მოგკლავ, დასაკარგი არაფერი მაქვსო, ამ დროს ტკივილიც იგრძნო და წინააღმდეგობა აღარ გაუწია. ფული მას პერანგის მარჯვენა ჯიბეში ედო, ბრალდებულმა წაართვა და თანმხლებ პირთან ერთად ფეხით სავალ გზაზე გაიქცა. საძახისით სთხოვა მეგობრებს დახმარება და შემდეგ შეატყობინა პოლიციას. ბრალდებულმა დანა მკერდის არეში მიაბჯინა და მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა, დანის ტარი არ დაუნახავს, მხოლოდ პირი ჩანდა. ხოლო ფული, რომელიც წაართვა იყო 100 ლარის ოდენობით.
დაზარალებულის ჩვენების შემოწმების მიზნით, 2017 წლის 28 ივლისის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მონაწილეები გავიდნენ ქ.რუსთავში, მ----------------------------- მიმდებარედ მდებარე, გაზგასამართ სადგურ ,,ს----------------–------------ის“ ტერიტორიაზე. შ------–---–მა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები მიიყვანა აღნიშნული გაზგასამართი სადგურის წინ განთავსებული ჯიხურის გვერდით და მიუთითა ის ადგილი სადაც ის იდგა თავის თანამშრომლებთან ჯიხურის გვერდით და სვამდა ყავას. აღნიშნულმა პიროვნებამ ასევე მიუთითა იქვე ჯიხურის წინ ცოტა გვერდით, სადაც მას ედგა მისი კუთვნილი ,,ო---–---------ას“ მარკის ა/მანქანა, სადაც ჩასვა ორი ახალგაზრდა ბიჭი და წაიყვანა გარდაბნის რაიონის სოფელ ა------–-ის მიმართულებით. აღნიშნულმა პიროვნებამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები წაიყვანა გარდაბნის რაიონის სოფელ ა------–-აში და სოფლის ცენტრალური გზის გვერდით მარჯვენა მხარეს მიუთითა ერთ-ერთ შესახვევზე, სადაც მისმა მგზავრმა, რომელსაც ერქვა ელთუნი შეახვევინა ავტომანქანა და მალევე უკან გამოაყვანინა. აღნიშნულმა პიროვნებამ ასევე სოფლის ცენტრალური გზის გავლით დაახლოებით 100 მეტრში აჩვენა კიდევ ერთ სოფლის ორღობეში შესასვლელი, შესახვევი სადაც აღნიშნულმა მგზავრმა შეახვევინა ა/მანქანით. შ------–---–მა ორღობის გავლით დაახლოებით ცენტრალური სოფლის გზიდან 300 მეტრში მიიყვანა სოფლის ორღობის ერთ სახლთან და აჩვენა ის ადგილი, სადაც მას ა/მანქანა გააჩერებინა ზემოაღნიშნულმა მგზავრმა და დანის მუქარით გადასცა ფულადი თანხა და მის თანმხლებ პირთან ერთად ა/მანქანიდან ჩამოვიდა და მიიმალა.
მოწმე მ--------–----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 29 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით შ-----------–---–ს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 28 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით: შ-----------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი. ამომცნობმა პირმა ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: შ-----------–---–მა ამოსაცნობ პირებს შორის მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველ ადგილზე მდგომი ე-–-----------------ი ამოიცნო საშუალოზე ოდნავ დაბალი სიმაღლით, შავგვრემანი მომრგვალო პირისახით, სახეზე შავი თხელი წვერით, ამოპარსული ყვრიმალებზე ლოყებზე და ცხვირთან ულვაშის ადგილას, მსხვილი ტუჩებით, საშუალო ოდნავ სქელი ცხვირით, შავი დაბალი თმით შავი მორკალური წარბებით, მუქი თვალებით, განიერი კისრით და ფიზიკური სრული მონაცემების ვიზუალით, შ-----------–---–მა აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილი რიგით მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი პირი ნამდვილად არის ის პიროვნება რომელმაც მას ამ/წლის 28 ივლისს ადრე დილით სოფ. აღთაკლიაში დანის მუქარით გამოსძალა ფულადი თანხა.
საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ის მძღოლები, რომლებიც დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდნენ სასტუმრო რუსთავის მ/ტერიტორიაზე მდებარე გაზგასამართ სადგურთან.
მოწმე ა-------------–---მა სასამართლო სხდომაზე დადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, შ-----------–---–ის მანქანაში ჩაჯდა ორი მამაკაცი და სთხოვეს მას გაჩიანში წაყვანა. წასვლიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, შ-----მ დაიძახა საძახისით, რომ დააყაჩაღეს და ითხოვდა შველას. მ----------------–--ესთან ერთად მიაგნო მას, იგი წელსზემოთ შიშველი იდგა მთავარ გზაზე და გზას ვერ იგნებდა. მ----------------–--ემ დამატებით განმარტა, რომ შ-----მ შეხვედრისას უთხრა, რომ თავდამხმელებმა მას 100 ლარი წაართვეს. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მონაწილეობა მიიღეს პირის ამოცნობაში და წარდგენილი პირებიდან ამოიცნეს ბრალდებული ე-–-----------------ი.
2017 წლის 28 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით: ა-------------–---ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი. ამომცნობმა პირმა ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ა-------------–---მა ამოსაცნობ პირებს შორის მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე ადგილზე მდგომი ე-–-----------------ი ამოიცნო საშუალოზე ოდნავ დაბალი სიმაღლით, შავგვრემანი მომრგვალო პირისახით, სახეზე შავი თხელი წვერით, ამოპარსული ყვრიმალებზე ლოყებზე და ცხვირთან ულვაშის ადგილას, მსხვილი ტუჩებით, საშუალო ოდნავ სქელი ცხვირით , შავი დაბალი თმით შავი მორკალური წარბებით, მუქი თვალებით, განიერი კისრით და ფიზიკური სრული მონაცემების ვიზუალით.
2017 წლის 28 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით მ----------------–--ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი ამომცნობმა პირმა ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ამოსაცნობ პირებს შორის მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მესამე ადგილზე მდგომი ე-–-----------------ი ამოიცნო საშუალოზე ოდნავ დაბალი სიმაღლით, შავგვრემანი მომრგვალო პირისახით, სახეზე შავი თხელი წვერით, ამოპარსული ყვრიმალებზე ლოყებზე და ცხვირთან ულვაშის ადგილას, მსხვილი ტუჩებით, საშუალო ოდნავ სქელი ცხვირით, შავი დაბალი თმით შავი მორკალური წარბებით, მუქი თვალებით, განიერი კისრით და ფიზიკური სრული მონაცემების ვიზუალით.
მოწმე ბ--------------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი ამოცნობაში მონაწილეობა. მისი განმარტებით ამომცნობმა პირებმა სამი მამაკაციდან ამოიცნეს ბრალდებული ე-–-----------------ი.
მოწმე ლ-------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ე-–-----------------თან ერთად იმყოფებოდა ქ.რუსთავში და დაახლოებით ღამის 2-3 საათისთვის ჩასხდნენ ტაქსში და უნდა დაბრუნებულიყვნენ სოფელში. მგზავრობის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ელთუნმა მანქანა გააჩერებინა და ფული ბიძაშვილისთვის უნდა გამოერთვა, თუმცა სახლში ეძინათ და ფული ვერ იშოვეს. ტაქსის მძღოლს წასვლა უნდოდა, ამ დროს ელთუნმა ბრალდებულს დანა მიადო და ფული სთხოვა. მძღოლი შეშინებული იყო, ყვიროდა, მისცა თუ არა ფული არ იცის. დანას შავი ტარი ჰქონდა და სად ინახავდა ბრალდებული მას მისთვის უცნობია.
მოწმე გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ”მარკეტის” მფლობელი. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი აქვს, ერთ-ერთი მდებარეობს ქ.რუსთავში, მ----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია რამდენიმე ვიდეო-სათვალთვალო კამერა. გამომძიებელს განჩინების საფუძველზე გადასცა კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები.
2017 წლის 28 ივლისს დათვალიერებული იქნა შ-----------–---–ის ავტომანქანა ”ო---–----------”, სახ.ნომრით N-------, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი; მოწმე - შ-----------–---–ი, უფროსი ექსპერტი - გ---–---------ე; ექსპერტი - მ-------------–--ე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 3 ქილა სუნის ნიმუში, მოწითალო პერანგი მონახევი ჯიბით, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, 8 ცალი ბიოლოგიური ჩხირი, ანაწმენდებით. ა/მანქანის დათვალიერების შესახებ მოწმის სახით დაიკითხა ვ-–-------–---–ი.
სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა დაზარალებულის მოწითალო ფერის პერანგი, რომელიც ამოღებულ იქნა ა/მანქანის დათვალიერების შედეგად. პერანგის წინა მხარე არის მნიშვნელოვნად დაზიანებული. მოხეული აქვს წინა მარჯვენა ჯიბე და ღილების შესაკრავი პეტლების კანტი.
ი-----–--–-------მ განმარტა, რომ ბრალდებულისაგან აიღო ნერწყვის და ხელის ანაწმენდების ნიმუშები, ხოლო მოწმე ნ-----–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შ-----------–---–ის ა/მანქანიდან აიღო სუნის ნიმუშები, რომელიც მოათავსა სპეციალურ ჭურჭელში და დალუქულ მდგომარეობაში გადასცა გამომძიებელს. მოწმე რ-----–------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პიროვნება ვისგანაც აიღო სუნის ნიმუში, ოქმის მიხედვით არის ე-–-----------------ი.
მოწმე ბ----------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 9 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ სისხლის სამართლის N021280717001 საქმეზე, მოქალაქე შ-----------–---–ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ო---–---------ა“ სახ. N----------ის წინა მარჯვენა, უკანა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლის წინ რეზინის ფეხსაფენის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ე-–-----------------ისაგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის. ბ-----------------ემ დამატებით განმარტა, რომ მანქანებიდან აღებული ნიმუშები მოთავსდა ცალკე ქილებში და გამოკვლევის დროს იდება სხვა სახის ნიმუშებთან ერთად. 6 ქილიდან ერთი სუნის ნიმუში ეკუთვნის ბრალდებულს და სამსახურებრივი ძაღლი ირჩევს ქილას ნიმუშების სამჯერ წარდგენის შემდეგ. ამ შემთხვევაში ძაღლმა სამივე შემთხვევაში მიუთითა ერთსადაიმავე ქილაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასკვნა არის კატეგორიული.
მოწმე ნ------------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 22 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ავტომობილის ,,O---“ სახ. სახ N V-------- უკანა სავარძლის მარცხენა და მარჯვენა ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის არსებული ლურჯი ფერის და მუქი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ე-–-----------------ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით. ავტომობილის უკანა სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ე-–-----------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოები, რაც იყო აღმოჩენილი სავარძლებზე, დადგენა იმისა რომ ამ კონკრეტული ჯინსის შარვლიდან არის გადასული თუ არა, ვერ დგინდება.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საჯაროდ წაიკითხა მოწმე ფ---------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ 2017 წლის 27 ივლისს საღამოს 11 საათისთვი იმყოფებოდა ე-–-----------------ის სახლში. შემდეგ იგი გავიდა სახლიდან, თუმცა მარტო იყო თუ სხვა პირთან ერთად მას არ დაუნახავს. ე-–-----------------ს ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და მოკლესახელოებიანი მუქი ფერის მაისური.
2017 წლის 17 აგვისტოს DVD დისკის დათვალიერების ოქმისა და ამავე დისკის სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად, ირკვევა, რომ დათვალიერებული იქნა, ქ.რუსთავში მ--------------------------ის მ/ტ განთავსებული სავაჭრო ჯიხურ შპს ,,დ---------------დის“ მეპატრონე გ-----------------–---–იდან გამოთხოვილი 2017 წლის 28 ივლისი 02 სთ და 00 წუთიდან 05 სთ და 00 წუთის შუალედში აღნიშნული ჯიხურის ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე აღბეჭდილია სავაჭრო ჯიხურის წინ როგორ ჩერდება სავარაუდოდ ,,ო---–----------სა“ და მერსედესის მარკის ა/მანქანები ტაქსის ტრაფარეტებით და ა/მანქანებთან ყავას მიირთმევენ სავარაუდოდ ა/მანქანის მძღოლები, ჩანაწერში ასევე აღბეჭდილია, თუ როგორ უახლოვდება ჯიხურს და იქ მდგომ ზ/აღნიშნული ა/მანქანის მძღოლებს ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი არის სახეზე წვერიანი და მარცხენა მაჰა შეხვეული აქვს თეთრი სახვევით და აღნიშნული პიროვნება საუბარში ერთვება ა/მანქანის მძღოლებთან, საუბრის შემდეგ 03 სთ და 47 წუთზე ახალგაზრდები ჯდებიან ,,ფერის ზაფირას“მარკის ავტომანქანაში და მიდიან. ასევე ანალოგიური ზ. აღნიშნული ფაქტია აღბეჭდილი ჯიხურის სათვალთვალო 2 წინა კამერის ჩანაწერში, ჯიხურის წინ ჩერდება ზ/აღნიშნული ორი ა/მანქანა ტაქსის ტრაფარეტებით, იქედან გადმოსული მძღოლები ჯიხურში ყიდულობენ ყავას და იქვე ა/მანქანასთან სვავენ, რამოდენიმე წუთში ჯიხურთან მიდის ორი ზ/აღნიშნული ახალგაზრდა ბიჭი და ყიდულობენ სასმელს სავარაუდოდ ,,ბუმს“ და უახლოვდებიან იქვე ჯიხურის გვერდით მდგარ ზ/აღნიშნულ მძღოლებს, მძღოლებთან საუბარში ერთვება ხელშეხვეული წვერიანი ახალგაზრდა ბიჭი, ხოლო მეორე ახალგაზრდა ბიჭი ცოტა მოშორებით დგას მათგან, საუბრის შემდეგ ისინი ჯდებიან ,,ო---–----------ს“ მარკის ტაქსში და გადიან აღნიშნული ტერიტორიიდან.
მოწმე ი-----–-------------მ, გ----------------–---–მა, ნ-----–------------ემ, ვ-–-------–---–მა, კ---------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ნორმის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ქმედება დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან და პირის ს/ს პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტის დროს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნივთის დაუფლების ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ე-–-----------------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა დანის გამოყენებით, თავის მხრივ დაცვის მხარეს არ უარყვია, რომ ბრალდებულმა ნამდვილად იმგზავრა შ-----------–---–ის ტაქსით რუსთავიდან გარდაბნამდე. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 27 ივლისს, ე-–-----------------ი, ლ-------------------თან ერთად, იმყოფებოდა ქ.რუსთავში და გარდაბნის რაიონის სოფელ ა------–-აში გასამგზავრებლად იქირავა შ-----------–---–ის კუთვნილი ტაქსი. მგზავრობისას, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, იგი თავს დაესხა შ-----------–---–ს და გასტაცა მას ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. ე-–-----------------ის მიერ დანის გამოყენება დასტურდება, როგორც დაზარალებულ შ-----------–---–ის ჩვენებით, ისე შემთხვევის თვითმხილველი მოწმე ლ-------------------ის ჩვენებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, შ-----------–---–ს დაზიანება აღენიშნება სწორედ იმ ადგილას, სადაც უთითებს თავად დაზარალებული (ბრალდებულმა დანა მიადო მკერდის მიდამოში და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, იგრძნო ტკივილი). დასკვნაში მითითებულია, რომ დაზარალებულს დაზიანება მიყენებული აქვს მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზარალებულის მიმართ, ფულის მოთხოვნის მიზნით, ჩადენილი ძალადობა ასევე დასტურდება შემთხვევის დღეს ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის პერანგის დათვალიერების შედეგად. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ფული ჯიბეში ედო და ბრალდებულმა ერთი ხელი სწორედ ჯიბეზე წაავლო. პერანგის დაზიანების ლოკალიზაციისა და მდგომარეობის მიხედვით ასევე დგინდება, რომ იგი დაზიანდა წინააღმდეგობის გაწევის შედეგად, შესაბამისად პერანგის მდგომარეობა და დაზარალებულისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება შეესაბამება დაზარალებულისა და ლ-------------------ის ჩვენებებს და უტყურად დგინდება, რომ ე-–-----------------ი თავს დაესხა შ-----------–---–ს. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ დანა არ არის ამოღებული და ასევე საქმის მასალებით არ ირკვევა ჰქონდა თუ არა ე-–-----------------ს იგი საერთოდ, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ზ/აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს. ბრალდებული არ არის დაკავებული შემთხვევის ადგილზე და არც დანაშაულის ჩადენამდე იყო შესაძლებელი მისი შემოწმება. დანის გამოყენება არ დასტურდება მხოლოდ მისი ამოღებით ან მისი ტარების დადგენით. შესაძლებელია პირს ჰქონდეს დანა და არც გამოიყენოს დანაშაულის ჩადენის დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდა თუ არა ადგილი დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარას უნდა დადგინდეს მისი გამოყენების შედეგად არსებული ნიშნებით და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულია ე-–-----------------ის მიერ შ-----------–---–ზე განხორციელებული თავდასხმა დანის გამოყენებით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე-–-----------------მა განხორციელებული ქმედით - ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ე-–-----------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც ე-–-----------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ე-–-----------------ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ე-–-----------------მა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წელის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, ამასთან სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ე-–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: ე-–-----------------ის ტანსაცმელი, მოწითალო პერანგი, უნდა დაუბრუნდეს მათ მფლობელებს; დაქტილოფირები მიკრონაწილაკებით, 3 ქილა სუნის კვალი, ბრალდებულის სუნი კვალი, 4 ცალი დაქტილოფირი, 8 ცალი ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით, ე-–-----------------ის ნეწყვის ნიმუში და ხელის ანაწმენდები, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო 1 ცალი DVD დისკი, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წელის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2 წელი თ/ა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ე-–-----------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.
3. ე-–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: ე-–-----------------ის ტანსაცმელი, მოწითალო პერანგი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს;
დაქტილოფირები მიკრონაწილაკებით, 3 ქილა სუნის კვალი, ბრალდებულის სუნი კვალი, 4 ცალი დაქტილოფირი, 8 ცალი ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით, ე-–-----------------ის ნეწყვის ნიმუში და ხელის ანაწმენდები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება საქართველოს შსს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში).
1 ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე