გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002208347
№2/4897-2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - შპს „ემ------------ი“
წარმომადგენელი- თა--------–--–---–ი
მოპასუხე - გი-----ი ცი------ე
დავის საგანი - სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გი-----ი ცი------ეს შპს ,,ემ------------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1350 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა-450 ლარი, სარგებელი -135 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა-20 ლარი, პირგასამტეხლო -745 ლარი.
1.2. გი-----ი ცი------ეს გადასახდელად დაეკისროს 42 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი;
2. მოპასუხის პოზიცია
გი-----ი ცი------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 450 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან, განმარტა, რომ მოთხოვნილი სარგებელი, პროცენტი და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება. ასევე, არ დაეთანხმა სარჩელს იურიდიული მომსახურების დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ემ------------სა“ და გი-----ი ცი------ეს შორის, 2016 წლის 15 ივლისს, გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N393367, რომლის საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაცემული იქნა სესხი 450 ლარის ოდენობით, 2016 წლის 29 აგვისტომდე.
3.1.2. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი 135 ლარი დაებრუნებინა 45 დღის ვადაში.
3.1.3. სესხის ხელშეკრულების 7.4 მუხლის მიეხედვით, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.
3.1.4. სესხის ხელშეკრულების 7.5 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, სესხის თანხაზე წყდება სარგებლის დარიცხვა, გარდა ხელშეკრულების 7.4 მუხლით განსაზღვრული ჯარიმისა, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლო 1.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.5. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 30 აგვისტოს.
3.1.6. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისი დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 450 ლარის ოდენობით.
3.1.7. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 745 ლარი, რომელიც, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, შეადგენს 110 დღის ვადაგადაცილებისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოს(450X1.5%=6.75,745/6.75=110).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. მოპასუხე სადავოდ ხდის ჯარიმის/სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 29 აგვისტომდე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების, ერთჯერადი ჯარიმისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 15 ივლისს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N393367.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივლისს მოპასუხემ, 2016 წლის 29 აგვისტომდე პერიოდით, ისესხა 450 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი -135 ლარი. უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხის დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას 450 ლარს, ამასთან, მას მიაჩნია, რომ სესხის ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა, სარგებელი და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 450 ლარის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 450 ლარის დასაკისრებლად.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის (ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი რედაქციით) პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პროცენტი არის სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისათვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლიანი ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა ვადის განმავლობაში.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სასესხო ვალდებულება ითვალისწინებდა სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლის 135 ლარის გადახდის ვალდებულებას, რაც მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების გაფორმებისას. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს არგუმენტირებული შეცილება არ წარმოუდგენია.
6.7. ასევე, მართლზომიერად მიაჩნია სასამართლოს მოპასუხეზე ერთჯერადი ჯარიმის - 20 ლარის დაკისრება. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ჯარიმის დარიცხვის შესაძლებლობას. ხელშეკრულებით ჯარიმა განმარტებულია, როგორც ერთჯერადი გადასახადი, რომელიც ეკისრება მსესხებელს სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში. მოპასუხემ, სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, ნებაყოფლობით იკისრა სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, ერთჯერადი ჯარიმი გადახდის ვალდებულება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სახელშეკრულებო ნების თავისუფლება და მხარეთა ავტონომია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს არგუმენტირებული შეცილება არ წარმოუდგენია.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად, შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება პირგასამტეხლოს დარიცხვაზე უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.
6.10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტით. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 450 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 745 ლარი, რომელიც 60%-თ აღემატება სესხის ძირითადი თანხის ოდენობას, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.
სასამართლო ამ მიმართებით ითვალისწინებს, ასევე, იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის განმარტებით, იგი უმუშევარია და არ გააჩნია შემოსავლის წყარო. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად, მითუმეტეს, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია ვალდებულების დარღვევიდან წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, ხოლო მოპასუხე მხარის განმარტებით იგი არაერთგზის შეეცადა მოსარჩელე ორგანიზაციაში მიეღწია თანხის განაწილვადებაზე შეთანხმებას, რაც გულისხმობს, რომ იგი ვალდებულების შესრულების მიმართ არ იჩენდა არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
6.11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოითხოვილია 110 დღის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო (450X1.5% = 6.75, 745/6.75=110). სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული რაოდენობა იქნება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%, რაც ჯამში შეადგენს 110*(450*0.07%)=34,65 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ძირითად თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილი უნდა იქნეს იმ ოდენობით, რაც შეესაბამება მის მიზანს და საქმის გარემოებებს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი ცნო 450 ლარის ნაწილში, ხოლო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 135 ლარის სარგებლისა და 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმის ნაწილში, ხოლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოპასუხეს დააკისრა 34,65 ლარი. რის გამოც, მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განაწილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ.
7.2. რაც შეეხება, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
7.3. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგნის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 42 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, რომელიც გაწეულია მოსარჩელის მიერ და დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 2591-ე, 264-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ემ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გი-----ი ცი------ეს დაეკისროს შპს „ემ------------ის სასარგებლოდ“ სესხის ძირი თანხა 450 ლარი, სარგებელი-135ლარი, ერთჯერადი ჯარიმა -20 ლარი და პირგასამტეხლო - 34.65 ლარი;
3. მოპასუხე გი-----ი ცი------ეს შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხე გი-----ი ცი------ეს შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების თანხა 42 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე