გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2018
საქმის ნომერი
340210117001835837
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210117001835837

საქმე #2/161-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.04.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - თუ----------------ვა

წარმომადგენელი - ირ----------–---–ი

მოპასუხე - ფა---------------ვი, აბ----–-----------ვი, ამ--------------------ვა

წარმომადგენელი - სო------------–-ა

დავის საგანი: ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შემდეგი ნივთების დაბრუნება: 1) მექანიკური საკერავი მანქანა ,,ზინგერი“ -ღირებულებით 400 ლარი; 2) ორკამერიანი მაცივარი ,,ბეკო“- ღირებულებით 600 ლარი; 3) ყავისფერი ხის კომოდი - ღირებულებით 160 ლარი; 4) ხის ჩუქურთმიანი საწოლი 2 ცალი - საერთო ღირებულებით 300 ლარი; 5) ორსაწოლიანი გადასაფარებელი ,,პუხის“ - ღირებულებით 100 ლარი; 6) მიკროტალღური ღუმელი - ღირებულებით 90 ლარი; 7) უთო ,,ტეფალის“- ღირებულებით 55 ლარი; 8) 4 ცალი თეთრეულის კომპლექტი ,,ტაჩის“- საერთო ღირებულებით 140 ლარი; 9) ორი კომპლექტი ლოგინი (ლეიბი, ბალიში, საბანი) - საერთო ღირებულებით 200 ლარი; 10) ორსაწოლიანი საძინებლის მატყლის ლეიბი - ღირებულებით 120 ლარი; 11) ორსაწოლიანი საძინებლის საბანი ვარდისფერი - ღირებულებით 80 ლარი; 12) სკივრი ყავისფერი - ღირებულებით 100 ლარი; 13) ქვაბების კომპლექტი ,,ტეფალის“, 5 ნაწილიანი - ღირებულებით 110 ლარი; 14) გაზქურა სამსანათურიანი - ღირებულებით 80 ლარი; 15) საძინებლის გადასაფარებელი კრემისფერი მაქმანებით, ფარდა და ბალიშისპირი (კომპლექტი) - ღირებულებით 120 ლარი; 16) ტელევიზორის მაგიდა მინის კარით - ღირებულებით 130 ლარი; 17) რძის სათქვეფი მექანიკური კომბაინი - ღირებულებით 130 ლარი; 18) შინდისფერი ფარდა 6 ცალი, ყვავილებიანი - საერთო ღირებულებით 150 ლარი; 19) დანა-ჩანგლის ნაკრები ოქროსფერი - ღირებულებით 160 ლარი; 20) სარკე ოქროსფერი რგოლით - ღირებულებით 50 ლარი; 21) DVD - ღირებულებით 90 ლარი; 22) აბაჟური (ე.წ. ნავთის ლამფა)- ღირებულებით 25 ლარი; 23) აბაზანის პირსახოცი 6 ცალი - საერთო ღირებულებით 90 ლარი; 24) აბაზანის ხელსახოცი 6 ცალი - საერთო ღირებულებით 42 ლარი; 25) სურათების ალბომი - ღირებულებით 16 ლარი; 26) წითელი ფერის მულინის შლეიფი - ღირებულებით 80 ლარი; 27) 4 კომპლექტი ჩაის ფაიფურის სერვიზი - ღირებულებით 110 ლარი; 28) სამგზავრო ჩანთა წითელი ფერის - ღირებულებით 270 ლარი; 29) 12 წლის მეწველი ძროხა, წველადობა შეადგენს 9-10 ლიტრს- ღირებულებით 1300 ლარი (იხ. 07.07.2017 წლის სხდომის ოქმი 11:21:00-11:21:45 სთ) ; 29) ბრილიანტის საყურე ე.წ. ,,ბახჩა“ 16 თვლით სინჯი 583 - ღირებულებით 1700 ლარი; 30) ბრილიანტის საყურე რომბის ფორმის, 14 თვლით, სინჯი 583 - ღირებულებით 1200 ლარი; 31) ოქროს საყურე, ბლის ფორმის, სინჯი 583, 6 გრამიანი - ღირებულებით 320 ლარი; 32) ოქროს ბეჭედი რომბის, 7.5 გრამიანი, სინჯი 583 - ღირებულებით 370 ლარი; 33) ოქროს რგოლი ბრილიანტის თვლით - ღირებულებით 640 ლარი; 34) ოქროს ბეჭედი, ოვალური ფორმის წითელი ლალის თვლით, სინჯი 583 - ღირებულებით 400 ლარი;35) ოქროს ყელსაბამი, გრეხილი, 20 გრამი, სინჯი 583 - ღირებულებით 1800 ლარი; 36) ოქროს ყელსაბამი 45 გრამიანი, სინჯი 583 - ღირებულებით 4500 ლარი; 37) ოქროს ყელსაბამი ,,ვერსაჩე“ 22 გრამი, სინჯი 583 - ღირებულებით 2200 ლარი; 38) ოქროს ყელსაბამი 40 გრამიანი, სინჯი 583 - ღირებულებით 3800 ლარი; 39) ოქროს სამაჯური, რგოლი, ყვითელი ორნამენტებით, 12 გრამიანი, სინჯი 583 - ღირებულებით 750 ლარი; 40) ოქროს სამაჯური ,,ვერსაჩე“ 9 გრამიანი, სინჯი 583 - ღირებულებით 550 ლარი; 41) ოქროს საყურე 4 გრამიანი, თეთრი საფირის თვალით ე.წ. ,,წულპანი“ სინჯი 583 - ღირებულებით 300 ლარი; 42) ოქროს ბეჭედი საფირის თვალით, 3 გრამიანი, სინჯი 585 - ღირებულებით 120 ლარი; 43) 7 ცალი გრძელმკლავიანი კაბა - ღირებულებით 160 ლარი; 44) 9 ცალი ზაფხულის კაბა, 4 ცალი მაისური ქალის (ე.წ. ბლუსკა), 5 ცალი მაისური, 4 ცალი ქვედაბოლო (ე.წ. იუბკა), 5 ცალი ფეხსაცმელი, 3 ცალი სანდალი - 260 ლარი; 45) 3 ცალი ტყავის ქურთუკი - ღირებულებით 200 ლარი; 3 ცალი ქურთუკი - დუტის ღირებულებით 60 ლარი, ყავისფერი პლაშის 75 ლარი, შინდისფერი 70 ლარი; 46) საკაბე - აბრეშუმის 25 ლარი, ოქროსფერი 30 ლარი, წითელი ყვავილებით 20 ლარი; 47) შავი ტყავის ჩექმა - ღირებულებით 80 ლარი.

1.2. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მომენტში დასაბრუნებელი ნივთები არ აღმოჩნდება მოპასუხეებთან თუ----------------ვს გადაუხადონ 25 178 ლარი;

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: თუ----------------ვა 2009 წლის 25 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფა---------------ვთან. თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი რუ--–--- და ამ--- მ--------ები შეეძინათ. მეუღლეები დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში წავიდნენ, სადაც მოსარჩელის მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. საქართველოში 2014 წელს დაბრუნდნენ და მოპასუხე ფა---------------ვის მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. ფა---------------ვი მოსარჩელეს სისტემატიურად შეურაცხყოფას აყენებდა და აიძულებდა, რომ მოსარჩელის მშობლებს ოჯახის რჩენისთვის თანხა გამოეგზავნათ. გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მოსარჩელე 2015 წელს დაშორდა მეუღლეს და შვილებთან ერთად საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადავიდა. დაქორწინების დროს მოსარჩელეს მშობლებმა ავეჯი და სხვადასხვა ნივთები აჩუქეს. აგრეთვე, ჰქონდა მშობლებისგან ქორწინებამდე ნაჩუქარი სამკაულებიც, რომლებიც მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. მეუღლესთან დაშორების დროს ეს ნივთები მოპასუხეების საცხოვრებელ სახლში ინახებოდა. მოსარჩელემ მოპასუხეებს ნივთების დაბრუნება რამოდენიმეჯერ სთხოვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა და დავის გადაწყვეტაში პოლიციაც ჩაერია, მაგრამ მოსარჩელემ მოპასუხეებთან დატოვებული ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1 მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოსარჩლეს მათ სახლში არასდროს მიუტანია. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოპასუხეებს არ აქვთ. (იხ. სასამართლოს 07.07.2017 წლის სხდომის ოქმი 10:16:19-10:16:22 სთ)

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე თუ----------------ვა და მოპასუხე ფა---------------ვი 2009 წლის 25 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 59-67);

- ქორწინების მოქმობა (ს.ფ. 20);

 

3.1.2. მოსარჩელე თუ----------------ვა და მოპასუხე ფა---------------ვი ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთს ფედერაციაში წავიდნენ. მეუღლეები საქართველოში 2014 წლის ბოლოს დაბრუნდნენ და ფა---------------ვის მშობლებთან აბ----–-----------ვთან და ამ--------------------ვასთან ერთად ლა----------------ნის სოფელი გ------–-ში ცხოვრობდნენ. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოპასუხე აბ----–-----------ვის სახელზე ირიცხება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 59-67);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 07.07.2017 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. თუ----------------ვა და ფა---------------ვი ერთმანეთს 2015 წლის დეკემბრის თვეში დაშორდნენ. მოსარჩელე შვილებთან ერთად ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 07.07.2017 წლის და 27.03.2018 წლის სხდომის ოქმები);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მეუღლესთან დაშორების დროს სარჩელით მოთხოვნილი ნივთები მოპასუხეების სახლში ინახებოდა და ეს ნივთები მოპასუხეების მფლობელობაშია.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სადავო ფაქტების დადგენა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დადგინდეს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოსარჩელეს საკუთრებაში ჰქონდა და მეორეს მხრივ, რომ 2015 წლის დეკემბერში, როდესაც მოსარჩელემ არასრულწლოვან შვილებთან ერთად მეუღლის საცხოვრებელი სახლიდან წამოვიდა, ნივთები მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში დატოვა და მოპასუხეების მფლობელობაშია.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვით, როგორც წესი მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა მას, ვინც უარყოფს. სწორედ ამიტომ, როგორც ნივთების კუთვნილების, აგრეთვე მათი მოპასუხეების მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადასტურების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია. ამ გარემოებების დადგენის მიზნით კი სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმედ გუ-–-----------------ვა, ელ-------------ი, მა-–-----------------ვა და თე-–-–-----------ა დაიკითხა.

მოწმე გუ-–-----------------ვამ განმარტა, რომ თუ----------------ვა მისი შვილიშვილია. ქორწილის დღეს მოსარჩელეს მშობლებმა ტანსაცმლის საკერავი მანქანა, მაცივარი, რძის სათქვეფი მექანიკური მანქანა, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, პატარა კომოდი, ორი ხელი მატლის ლეიბი, საბანი, ორი საწოლი, 4 ჩაის სერვიზი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, ხალიჩა, კედლის ხალიჩა, 6 ხელი ფანჯრის ფარდები, უთო, ოქროსფერი სარკე, აბაჟური (ლამფა), სამი წლის ძროხა და 2000 აშშ დოლარი გადასცეს; მოსარჩელეს ქორწინებამდე მამამისის ნაყიდი ოქროს 4 ძეწკვი, 4 საყურე, სამი ბეჭედი და ორი ცალი ხელის სამაჯური ჰქონდა. ქორწილში ფა---------------ვმა მოსარჩელეს ერთი საყურე და ერთი ბეჭედი აჩუქა; მოწმემ განმარტა, რომ მოპასუხე ფა---------------ვი თუ----------------ვას ხშირად სცემდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა; მანვე განმარტა, რომ თუ----------------ვასთან ვერ მიდიოდნენ, რადგან მოპასუხეები მათ ოჯახში მისვლის უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ ოჯახიდან წასვლის დღესაც ვერ მივიდნენ მასთან და მოსარჩელეს გასაცილებლად გზაში შეხვდნენ, სწორედ მაშინ გაიგო, რომ თუ--------ა ოქროს ნივთები ვერ წამოიღო, რადგან მისი განმარტებით ნივთები იქ არ დახვდა სადაც ინახავდა; მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელე ოქროებს კარადაში ინახავდა, რომლის საკეტიც რამოდენიმეჯერ გაუტეხეს და ამიტომ მისი გამოცვლა მოუწია. ბოლოს საკეტი გურჯაანში დაამზადებინეს; მოწმის განმარტებით ქორწინების დღეს გადაცემული ნივთები მოსარჩელეს სახლიდან არ წამოუღია და ყველაფერი მეუღლის სახლში დატოვა. შემდგომ განმარტა, რომ ოქროს ნივთებს თუ-------ი კი არ ინახავდა არამედ მას ეს ნივთები მოპასუხეებმა ჩამოართვეს და ისინი ინახავდნენ. მეუღლემ მობილურიც კი ჩამოართვა და გაუყიდა. სასამართლოს შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ არ იცის კონკრეტულად რომელმა მოპასუხემ ჩამოართვა მოსარჩელეს ოქროს ნივთები, რადგან მოსარჩელე მათთან არ მიდიოდა და ვერც თვითონაც მიდიოდნენ მის ოჯახში (იხ. სასამართლოს 09.03.2018 წლის სხდომის ოქმი 10:40:37-10:41:13 სთ; 10:44:22-10:44:26 სთ; 10:48:02-10:48:44 სთ; 10:50:55-10:51:41 სთ; 10:52:37-10:54:04 სთ; 10:54:19-10:55:29.სთ).

მოწმე ელ-------------მა განმარტა, რომ თუ----------------ვას ქორწინებამდე ჰქონდა ოქროს ნივთები და ქორწინების დღეს სარეცხი მანქანა, საკერავი მანქანა, ლოგინები და ბევრი სხვა ნივთი აჩუქეს, თუმცა ყველა ნივთს ვერ ჩამოთვლის, რადგან არ იცის და ასეთი საკითხი უფრო ქალებისთვის არის ცნობილი. არც ის იცის სახლიდან წასვლისას თუ--------ა წაიღო თუ არა ოქროს ნივთები.

მოწმე მა-–-----------------ვამ განმარტა, რომ თუ----------------ვა მისი მაზლის შვილია, ხოლო მოპასუხეები მეუღლის მხრიდან ნათესავები არიან. ქორწილის დღეს მოსარჩელეს აჩუქეს მაცივარი, DVD, ტელევიზორის მაგიდა, კარადა, ტანსაცმლის საკერავი მაქნანა, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტეფალის ქვაბები, სკივრი, ხის საწოლები ორი ხელი საბანი და ლეიბი, ხალიჩა, გადასაფარებელი, 6 ფარდა. მოსარჩელეს ჰქპნდა მამის ნაყიდი ოქროს სამი ბეჭედი, ორი სამაჯური, 4 ძეწკვი, 4 საყურე. ქორწინების დღეს აჩუქეს 3 წლის ძროხა, ჭურჭელი, ლოგინის თეთრეული, ჩანგლები, კოვზები, პირსახოცები, ჩაის სერვიზი. ერთი საყურე და ერთი ბეჭედი მეუღლემ მისცა. 2015 წელს, როცა მოსარჩელემ დატოვა მოპასუხეების სახლი და რუსეთში წავიდა, წაიღო მხოლოდ ის რაც ეცვა და ბავშვები წაიყვანა. მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელის თხოვნით ფა---------------ვთან და მის მშობლებთან მივიდნენ მოსარჩელის კუთვნილი ნივთების წამოსაღებად, მაგრამ მოპასუხეებმა ნივთების წამოღების საშუალება არ მისცეს და ამის გამო კონფლიქტიც მოუხდათ. მოწმემ განმარტა, რომ მოპასუხეები თუ----------------ვას სამკაულების ტარებას უშლიდნენ. მეუღლის ოჯახი მათთან მისვლის უფლებას არ აძლევდა და თავადაც ვერ მიდიოდნენ მათ ოჯახში. სასამართლოს შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ არ არის მისთვის ცნობილი ქორწილში გადაცემული ძროხა ცოცხალია თუ არა და მოპასუხეებს სახლში ჰყავთ თუ არა, რადგან მათ ოჯახებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. მანვე განმარტა, რომ თუ----------------ვას და ფა---------------ვის ქორწინება 2005 წელს მოხდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ. ფა---------------ვი მხოლოდ ერთხელ სამი თვით წავიდა რუსეთში. დანარჩენი დრო ცოლ-ქმარი საქართველოში იყვნენ (იხ. სასამართლოს 09.03.2018 წლის სხდომის ოქმი 11:17:28-11:17:38 სთ; 11:18:01-11:18:40 სთ; 11:19:25-11:20:31 სთ; 11:20:35-11:23:21 სთ)

მოწმე თე-–-–-----------ამ განმარტა, რომ თუ----------------ვას ქორწილში აჩუქეს შემდეგი ნივთები - მაცივარი, საკერავი მანქანა, ღუმელი, გაზქურა, ორი საწოლი, მატყლის 2 ლეიბი და საბანი, ტეფალის 5 ქვაბი, ფანჯრის 6 ფარდა, 4 ცალი პირსახოცი და ხელსახოცი, ლოგინის თეთრეული 4 ხელი, კრემისფერი გადასაფარებელი, კარადა, DVD, ლამფა, კომოდი, ჩანგლების და კოვზების კრებული, ხალიჩა, სარკე, წითელი ჩანთა ტანსაცმლით სავსე, რძის მექანიკური კომბაინი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა შუშებიანი, პატარა სკივრი, რომელშიც ოქროს ინახავდა, დიდი სკივრი, რომელშიც ბევრი მატერია იდო. მოსარჩელეს მამის ნაყიდი 4 ოქროს საყურე, 4 ძეწკვი, ორი სამაჯური და სამი ბეჭედი ჰქონდა. ქორწილში მეუღლემ საყურე და ბეჭედი აჩუქა. მოწმემ განმარტა, რომ მეუღლე სამკაულების ტარების უფლებას არ აძლევდა და ოქროს პატარა სკივრში ინახავდა (იხ. სასამართლოს 27.03.2018 წლის სხდომის ოქმი).

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებით ვერ დადასტურდა, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს, როდესაც მოსარჩელე თუ----------------ვამ დატოვა საცხოვრებელი სახლი და შვილებთან ერთად რუსეთის ფედერაციაში წავიდა, სარჩელით მოთხოვნილი ნივთები მოპასუხეების საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ჩვენებით მათ თუ----------------ვას ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. გუ-–-----------------ვამ და მა-–-----------------ვამ განმარტეს, რომ მოპასუხეების ოჯახთან ურთიერთობა (მისვლა-მოსვლა) არ ჰქონდათ, რადგან მოპასუხეები თუ----------------ვას უშლიდნენ მათთან ურთიერთობას და ვერც თვითონ მიდიოდნენ მის სახლში. შესაბამისად, მათთვის უცნობია 2009 წელს ნაჩუქარი ნივთები 2015 წელსაც მოპასუხეების საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული თუ არა. უფრო მეტიც, მათი განმარტებებით შეუძლებელია დადგინდეს ეს ნივთები ისევ არსებობს თუ არა და რა მდგომარეობაშია. მოწმე მა-–-----------------ვამ სასამართლოს შეკითხვაზე განმარტა, რომ არ იცის 3 წლის ძროხა, რომელიც მოსარჩელეს აჩუქეს და რომლის დაბრუნებასაც მოსარჩელე ითხოვს, ცოცხალია თუ არა და არც ის იცის მეუღლეების დაშორების დროს იყო თუ არა იგი ოჯახის მფლობელობაში. მოწმე ელ-------------მა განმარტა, რომ ზუსტად ვერ ჩამოთვლის იმ ნივთებს, რაც მოსარჩელეს აჩუქეს, რადგან ასეთი საკითხებში მამაკაცები ნაკლებად ერევიან და ეს უფრო ქალებისთვის არის ცნობილი. შესაბამისად, ამ უკანასკნელის ჩვენებით ვერც გადაცემული ნივთების დადგენა მოხერხდება და ვერც ის დადგინდება - იყო თუ არა ეს ნივთები მოპასუხეებთან, როდესაც მოსარჩელემ მათი საცხოვრებელი სახლი დატოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწმის ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და იგი, მსგავსად სხვა მტკიცებულებისა, სასამართლოსთვის სავალდებულო ხასიათის მატარებელი არ არის. სასამართლო მოწმის ჩვენებას აფასებს სანდოობის და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ მოწმის განმარტება იყოს თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს მხარის მიერ სარჩელში თუ შესაგებელში მითითებულ გარემოებებთან.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენება დამაჯერებლობას მოკლებულია და ამავდროულად ზოგ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებთან. კერძოდ, მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხესთან 2009 წელს იქორწინა და ქორწინების შემდგომ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდნენ, საიდანაც 2014 წლის ბოლოს დაბრუნდნენ. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა ეს გარემოება და განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ორივე შვილი რუსეთის ფედერაციაში დაიბადა და ბავშვები რუსეთის მოქალაქეები არიან (იხ. სასამართლოს 27.03.2018 წლის სხდომის ოქმი 16:03:39-16:03:44 სთ). ამდენად, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ქორწინებიდან თითქმის ხუთი წელი (2009-2014) რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდნენ. მოწმე მა-–-----------------ვამ კი განმარტა, რომ ქორწინება 2005 წელს მოხდა და თუ----------------ვა და ფა---------------ვი დაცილებამდე საქართველოში ცხოვრობდნენ. ფა---------------ვი მხოლოდ ერთხელ და ისიც სამი თვით წავიდა რუსეთში. დანარჩენი დრო ცოლ-ქმარი საქართველოში ცხოვრობდნენ. ამდენად, მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებთან. დამაჯერებლობას მოკლებულია მოწმე გუ-–-----------------ვას ჩვენება, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სასამართლოს სხდომაზე ჯერ განმარტა, რომ მოსარჩელე ოქროს კარადაში ინახავდა, რომლის საკეტის შეცვლად დაზიანების გამო რამოდენიმეჯერ მოუწია, შემდგომ კი განმარტა, რომ ოქროს ნივთები მოსარჩელეს არ ჰქონდა, ისინი მოპასუხეებმა ჩამოართვეს და თავად ინახავდნენ. თუმცა კონკრეტულად ვინ ჩამოართვა ოქროს ნივთები და ვინ ინახავდა არ იცის, რადგან თუაზვან მ--------ა მათთან არ მიდიოდა და ვერც თვითონაც მიდიოდნენ მის ოჯახში. ვერც თე-–-–-----------ას და ელ-------------ას ჩვენებებით შეიძლება იმის დადგენა, რომ სადავო ნივთები მოპასუხეების მფლობელობაშია, რადგან მათ ასეთი განმარტება სასამართლოსთვის არ მიუციათ. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მოწმეები მოპასუხეების ოჯახში არ მიდიოდნენ და ამდენად, მათთვის ობიექტურად ვერ იქნება ცნობილი სადავო ნივთების არსებობა და მათი მდგომარეობა.

რაც შეეხება ფა---------------ვის გამოკითხვის ოქმს, სასამართლოს ვერ დაეთანხმება მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, რომ გამოკითხვისას ფა---------------ვმა აღიარა სადავო ნივთები რომ მის მფლობელობაშია. ოქმის შინაარსი არ იძლევა ამგვარი განმარტების საშუალებას. ოქმის თანახმად, ფა---------------ვის განმარტებით მასთან თუ----------------ვას კუთვნილი თეთრეული და წვრილმანი ნივთები ინახება. ამდენად, ოქმში არ არის მითითებული კონკრეტულად რა ნივთებია მოპასუხის მფლობელობაში და ამიტომ იგი ვერ გახდება სადავო ფაქტობრივი გარემოების მოსარჩელის სასარგებლოდ დადგენის რელევანტური მტკიცებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ჩვენებები (სასამართლოს 2018 წლის 03 მარტის და 27 მარტის სხდომის ოქმები).

- გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 80);

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ქონება, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეიძენს, მიიჩნევა ორივე მეუღლის თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხება საკუთრების უფლება. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი ქონება უძრავია თუ მოძრავი და ექვემდებარება იგი სავალდებულო რეგისტრაციას თუ არა. ყველა შემთხვევაში, ქონებას, რომელსაც მხარეები თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. ის ქონება კი რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე ეკუთვნოდა ან ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიიღო, ამ უკანასკნელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქორწინებამდე და ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებული ქონების დაბრუნება ან მისი ღირებულების გადახდევინების დაკისრება წარმოადგენდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნაჩუქარი ქონება, რომელიც მისი ინდივიდუალური საკუთრებაა, მოპასუხეების უნანონო მფლობელობაშია და ამიტომ მათი დაბრუნება უნდა მოხდეს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თავისი ბუნებით ვინდიკაციური სარჩელია და მისი გადაწყვეტა იმ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს, რომელიც მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას ანიჭებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამასთან, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთების არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ ამ მხარის პოზიციის მართებულობას, თუმცა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტი, რომლის თანახმად, სასამართლო ადგენს ამ მტკიცებულებათა სანდოობას, იურიდიულ ძალას და ამ გზით განსაზღვრავს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2015 წლის დეკემბერში, როდესაც მან დატოვა მეუღლის ოჯახი და რუსეთის ფედერაციაში წავიდა, კუთვნილი ნივთები მოპასუხეების სახლში დარჩა და მიუხედავად მოთხოვნისა, ნივთების დაბრუნებაზე მოპასუხეები უარს აცხადებენ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია სამივე პირობის ერთდროულად არსებობა. ამასთან მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ სადავო ნივთები მოპასუხე მხარის მფლობელობაშია. საქმის განხილვის შედეგად მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოსარჩელემ 2015 წელს მოპასუხეების სახლში დატოვა. შესაბამისად, ვერ დადგინდა, რომ მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ ნივთებს. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის თანხა 755 ლარის ოდენობით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეებზე საპროცესო ხარჯის გადახდევინების დაკისრების საფუძველი.

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით, მოპასუხე აბ----–-----------ვს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა----------------ნი სოფელი გ------–-, საკადასტრო კოდი №54---------5 გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა; მოპასუხე ფა---------------ვს კი აეკრძალა მის სახელზე რიცხული ავტომანქანების - FORD TRANSIT 100GL, 2.5D, გ/წ 1991, სახელმწიფო ნომერი J------, VAZ 2107 გ/წ 1985, სახელმწიფო ნომერი L------ გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული განჩინების ძალაში დატოვების საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე, 1991-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე თუ----------------ვას სარჩელი მოპასუხეების ფა---------------ვის, აბ----–-----------ვის და ამ--- თარღივერდიევას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხე აბ----–-----------ვს (პირადი №2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა----------------ნი სოფელი გ------–-, საკადასტრო კოდი 54---------5 გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა; მოპასუხე ფა---------------ვს (პირადი №2----------) აეკრძალა მის სახელზე რიცხული ავტომანქანების - FORD TRANSIT 100GL, 2.5D, გ/წ 1991, სახელმწიფო ნომერი J------, VAZ 2107 გ/წ 1985, სახელმწიფო ნომერი L------ გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე