გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2018
საქმის ნომერი
190210118002257832
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/103-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 მარტი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ს----------------------ი"

წარმომადგენელი მარინა ხაჩიძე

მოპასუხეები ი/მ მ----- ჭ-----ე

დავის საგანი მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი/მ მ----- ჭ-----ისათვის 2417.52 ლარის დაკისრება;

1.2. ი/მ მ----- ჭ-----ისათვის ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 24.17 ლარის დაკისრება 2015 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები

 

ი/მ მ----- ჭ-----ე არის ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარს 2013 წლიდან. 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხის მიერ გადაუხდელია 2417.52 ლარი. მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო მოსარჩელე განიცდის ზიანს. თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში მიღებულ თანხას განათავსებდა საბანკო დეპოზიტზე, სადაც მიიღებდა შემოსავალს წლიური 12%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად 24.17 ლარს შეადგენს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის გადაიხადოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური, თუმცა თანხის ერთდროულად გადახდა არ შეუძლია და მოითხოვა მისი განაწილვადება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ბუნებრივი აირის საფასურის გარდა სხვა თანხის გადახდის ვალდებულება არა აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი/მ მ----- ჭ-----ე 2013 წლიდან არის შპს ს----------------------ის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი. მისი სააბონენტო ნომერია 471868. იგი ბუნებრივ გაზს მოიხმარდა პურის საცხობში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სააბონენტო ბარათი (ს.ფ. 16-21)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 49-68)

 

3.1.2. ი/მ მ----- ჭ-----ის მიერ გადაუხდელია 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური ჯამურად 2417.52 ლარის ოდენობით. .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სააბონენტო ბარათი (ს.ფ. 24.)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 49-68)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოხმარებულ ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა და ზიანის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად, 1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. 2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

ამ დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. 2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. 3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

ი.მ მ----- ჭ-----ე შპს „ს----------------------ისაგან“ იღებდა ბუნებრივ აირს, რის გამოც მათ შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრება მიღებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ბუებრივი გაზის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ბუნებრივიმ ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი აირის საფასური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ მ----- ჭ-----ისათვის ბუნებრივი აირის საფასურის დაკისრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ ცნო მოსარჩელის ეს მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მ----- ჭ-----ისათვის 2417.52 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ მოსარჩელის განმარტებით, იგი მიღებულ თანხას განათავსებდა საბანკო დეპოზიტზე საიდანაც შემოსავლის სახით მიიღებდა წლიურ 12% სარგებელს.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც კრედიტორმა ვერ მიიღო მის მიმართ ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ სარგებლის გადახდა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა სესხის ხელშეკრულების შესრულებით მიღებული თანხის ბრუნვაში გამოყენების შედეგად.

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია ფულადი ვალდებულების დაკისრება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფული გამოირჩევა სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რის გამოც ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა და შეუძლია შესძინოს მის მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალის საბანკო პროცენტის სახით.

 

ამდენად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა ყოველთვის ზიანის მომტანია კრედიტორისათვის, რადგან იგი ვერ იღებს იმ სარგებელს, რომლის მიღების შესაძლებლობა ფულის საბანკო დეპოზოტზე განთავსების შედეგად ექნებოდა.

 

ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანის შემთხვევაში, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას ( უზენაესი სასამართლოს, 2014 წლის 4 მარტის განჩინება, საქმე №ას-992-950-2013).

 

მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის არსებობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოპასუხეს არა აქვს შესრულებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ დავა შეეხება სამეწარმეო იურიდიული პირის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელის საქმიანობის სამეწარმეო შინაარსის გამო მოსარჩელე ამ თანხას კომერციული დანიშნულებით გამოიყენებდა, მაგალითად განათავსებდა საბანკო დეპოზიტზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.

 

მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-929-869-2017) განმარტავს, რომ „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარაგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვრის მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.

 

ფულადი ვალდებულების დარღვევა მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალურ დანაკლისს წარმოშობს, რადგან კრედიტორს არ ეძლევა შესაძლებლობა თანხა კომერციული მიზნისათვის გამოიყენოს, განათავსოს ბანკში დეპოზიტზე.

 

მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად საბანკო პროცენტის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ამ ოდენობით დაკისრებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მოპასუხის ფულადი ვალდებულება გამომდინარეობს მიწოდებული ბუნებრივი აირის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რის გამოც კრედიტორის უმთავრესი ინტერესია მიიღოს მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური და მიღებული თანხა კვლავ ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულების შესრულების გაუმჯობესებას მოახმაროს, მაგალითად გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და ა.შ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი საბანკო პროცენტის დაკისრება სადაო ფულადი ვალდებულების სამართლებრივი ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რადგან სადაო ვადლებულებითი ურთიერთობაში მთავარი ვალდებულებაა ბუნებრივი აირის მიწოდება და ამის სანაცვლოდ ბუნებრივი აირის საფასურის მიღება. ამის გათვალისწინებით, საბანკო დეპოზიტზე ტანხის განტავსების შედეგად მიუღებელი საბანკო პროცენტის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრება სადაო ვალდებულების ხასიათიდან არ გამომდინარეობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევიდან 2015 წლის ნოემბრიდან გასულია ხანგრძლივი დრო, 2 წელზე მეტი ვადა, მოპასუხეს ზიანის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავალი, რაც შეადგენს წლიურ 12%ს, ყოველთვიურად 24,17 ლარს, რაც წლის განმავლობაში არის 290,4 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა დაკისრებული თანხის განწილვადების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოპასუხე თანხის გადახდის განწილვადებას მოითხოვს იმის გამო, რომ ცნობილია დააარალებულად პურის საცხობის გაქურდვის გამო და აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაავადებულია დიაბეტით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სამახსოვრო დიაბეტის მკურნალობის პერიოდში დიეტის შესახებ, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა წარმოდგენილი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომლის გამოც გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს მისი აღსრულების წესი, რომ მოპასუხეს არა აქვს დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდის შესაძლებლობა მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომაროების ან სხვა ვითარების გამო. მოპასუხის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე არ მიუთითებს მის მიერ 2018 წლის 7 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულება, რადგან სესხის დანიშნულებად მითითებულია მცირე ბიზნეს კრედიტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 3287,64 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 2707,92 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 83%. ამდენად, უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 83% 124,5 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ ცნო მოთხოვა 2417,52 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 2707,92 ლარის 89%, ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 124,5 ლარის 89% არის 110, 80 ლარი, რომლის გადახდისგან გათვაიუფლებულნი არიან მხარეები და სახელმწიფო ბიუეჯტიდნა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს ს----------------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 13,7 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ს----------------------ის“ სარჩელი;

1.1. ი/მ მ----- ჭ-----ეს დაეკისროს შპს „ს----------------------ისათვის“ 2417,52 ლარის გადახდა;

1.2. ი/მ მ----- ჭ-----ეს დაეკისროს შპს „ს----------------------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად 290,04 ლარის გადახდა;

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ ;

 

2. ი/მ მ----- ჭ-----ეს დაეკისროს შპს „ს----------------------ისათვის“ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 13,7 ლარის გადახდა;

 

3. შპს „ს----------------------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 11 იანვარს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 110,80 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150. ანგარიშის ნომერი TRESGE22. (საგადახდო დავალება N638 და 637);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი